2020 წელი ბიზნესსექტორისათვის გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გამოდგა. კოვიდპანდემიით შექმნილი სიტუაცია ეკონომიკის ცალკეულ სფეროებს განსაკუთრებით მძიმედ დააწვა, ამიტომ, კომპანებს მცირე დროში მოუწიათ გარემოებების შესაბამისად ადაპტაცია, რაც არაერთ შემთხვევაში წარმატებული გამოდგა.

სირთულეებთან გამკლავების წარმატებული მაგალითია ის ხუთი ბრენდი, რომელიც წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია ადაპტაციის საუკეთესო მაგალითის ნომინაციაში. ეს კატეგორია სპეციალურ ამ წლისთვის დაემატა კონკურსს, რომელიც უკვე მეხუთედ იმართება და წარმატებულ კომპანიებს დეკემბრის მიწურულს თავს უყრის. 5 ნომინაცია და 25 ფინალისტი — ასეთია წლევანდელი "ბიზნესმოსავალი", გამარჯვებულების ვინაობას კი ძალიან მალე შევიტყობთ.

მანამდე გაგაცნობთ ნომინანტებს ადაპტაციის საუკეთესო მაგალისთვის: როგორ უცვალეს სახე საკუთარ საქმიანობას ან პროდუქტს, რა გზით უმკლავდებიან შეზღუდვებით არსებულ რეალობას და რას აპირებენ უჩვეულო წლის შემდეგ 2021-ში — ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებს On.ge ესაუბრა.

სპილოუ

ფოტო: Spilow • სპილოუ / Facebook

ცელქი ბავშვებისთვის შექმნილი სამოსის მწარმოებელი ბრენდი, სპილოუ, 2016 წელს დააფუძნა სამმა მეგობარმა და იგი პანდემიამდე მხოლოდ საბავშვო ტანსაცმლის წარმოებით იყო დაკავებული. ე.წ. პირველი ტალღის დაწყების შემდეგ, როცა კომპანიის მაღაზიამ მუშაობა შეაჩერა, ამოქმედდა ონლაინგაყიდვების პლატფორმა, რომელიც მანამდე არცთუ აქტიური იყო, თუმცა კარანტინის პერიოდში იგი პროდუქციის რეალიზების ერთადერთ საშუალებად იქცა.

ამ დროს კომპანიაში დაფიქრდნენ, რისი გაკეთება შეეძლოთ ახლადშექმნილი გარემოებების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისთვის გაუჩნდათ იდეა, ეწარმოებინათ მრავალჯერადი პირბადეები, თავდაპირველად, საქმის დაწყებისგან თავს იკავებდნენ, რადგან არსებობდა დაუზუსტებელი ინფორმაცია არასამედიცინო პირბადეების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

თუმცა, მას შემდეგ, რაც დადასტურა, რომ მნიშვნელოვანი იყო სასუნთქი გზების ნებისმიერი საშუალებით დაცვა, ამასთან, ერთჯერადი სამედიცინო ნიღბები გარემოს დამაბინძურებელ საშუალებებად იქცნენ, სპილოუმ მრავალჯერადი პირბადეების წარმოებაც გადაწყვიტა.

"ლოქდაუნის პერიოდში დავიწყეთ მრავალჯერადი პირბადეების შექმნა იმ სამკერვალო ნარჩენებიდან, რაც ჩვენი წარმოებული პროდუქციიდან გვქონდა", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, სოფო ჩხაიძე, — "მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი პროდუქტი 100 პროცენტით ნატურალური ბამბის ქსოვილისგან იქმნება, შესაბამისად, პირბადეების შესაქმნელადაც იგივე ქსოვილი გამოვიყენეთ".

სპილოუმ წარმოებული პირბადეების რეალიზება თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პროდუქტმა ლონდონში მცხოვრები ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარინკა ღარიბაშვილი, დააინტერესა, პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის იდეაც გაჩნდა.

მარინკას დახმარებით იპოვეს კომპანიაც, რომელმაც სპილოუ ამაზონზე, როგორც ბრენდი, დაარეგისტრირა. ექსპორტზე გაშვებული პირველი მცირე ნაკადის შემდეგ კი გაზრდილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად კიდევ ორჯერ გაიგზავნა — ბოლოს ნოემბრის თვეში 17 ათასი ცალი. ამასთან, თავდაპირველად მხოლოდ 5 სახეობის პირბადე იქმნებოდა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, ახლა კი ვარიაცია 20-მდე გაიზარდა.

როგორც აღმოჩნდა, ქართული წარმოების პირბადემ მომხმარებლებში მოწონება დაიმსახურა, რადგან ამაზონზე ამ დროისათვის ბრენდის შეფასება 4,5 ვარსკვლავია. მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც მაღალია, გაზრდილი კორპორატიული შეკვეთების რიცხვიც.

ამაზონზე კი ცოტა ხანში სპილოუს ბესტსელერი — დინოჟაკეტი — გამოჩნდება, რომელთანაც, როგორც სოფო აღნიშნავს, მათი კომპანია ასოცირდება.

მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის საშუალებით ექსპორტზე გასვლა წარმატების ტრამპლინად იქცა, რადგან, როგორც სოფო აფასებს, "რაც უნდა გასაკვირი, იყოს სპილოუსთვის 2020 წარმატებული წელი გამოდგა", რაც მისივე თქმით, მათი ადაპტაციის ასევე წარმატებული მცდელობითაა განპირობებული. სწორედ ეს იქცა მოტივაციად, ბედი ეცადათ კონკურსში, სადაც ღირსეულ კონკურენტებთან ერთად ასპარეზობა მოუწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მოლოდინი, რასაკვირველია, გამარჯვებაა, ისინი მაინც კმაყოფილები არიან ამ დრომდე მიღებული გამოცდილებით.

2020-ის წარმატებულმა საქმიანობამ განსაზღვრა 2021 წლის გეგმებიც:

"სამომავლოდ, გვსურს, გავაძლიეროთ ექსპორტის მიმართულება", — დასძენს სოფო, — "მთავარი პროდუქტი, პირველ რიგში, ჩვენი 'დინოჟაკეტები', შემდგომ კი ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენს პარტნიორებთან და სხვადასხვა ფესტივალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს".

ჟუჟუნა

ფოტო: ჟუჟუნა • Jujuna / Facebook

ღვინის სამშობლოში "მეინსტრიმულ ალკოჰოლურ" სასმელებს შორის ღვინის ყოფნა იყო იდეა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის გაზაფხულზე ბრენდი ჟუჟუნა შეიქმნა, მომდევნო ერთი წელი კი პირველი პროდუქტის სათანადო მომზადებას დასჭირდა. მიუხედავად არცთუ ხანგრძლივი მზადებისა, შედეგი წარმატებული გამოდგა, რადგან ჟუჟუნას გუნდი გამოცდილი ადამიანებით იყო შექმნილი — ისინი მანამდეც მუშაობდნენ ღვინის წარმოების სფეროში.

რადგან, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, ღვინის ფორმა არ პასუხობდა თანამედროვე კულტურის იმ მოთხოვნებს, რომელიც დღესდღეობით ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება, საჭირო იყო მომხმარებლისთვის მისი სახეცვლილი ფორმით მიწოდება. ამგვარად შეიქმნა ჭიქაში ჩამოსასხმელი ღვინო, რომლის რეალიზებაც ახალგაზრდების საყვარელ და პოპულარულ ობიექტებზე ხდებოდა. საკუთარი ბარი ჰქონდა განთავსებული ჟუჟუნას ფართომასშტაბიან ფესტივალებზეც, ეს ყველაფერი ბრენდს საკუთარ მომხმარებელთან ახლო ურთიერთობის და მათი ინტერესების თუ მოთხოვნების შესწავლის შესაძლებობას აძლევდა.

რეალიზების ყველანაირი არხი შეწყდა, როცა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის გამო ხალხმრავალი ობიექტები დაიკეტა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, დროულად ადაპტირებულიყო კომპანია ახალ რეალობასთან და არ დაეკარგა კავშირი საკუთარ მომხმარებელთან. ამისთვის, თავდაპირველად, მიტანის სერვისებით რეალიზება გადაწყდა — შეკვეთის მიღებისთანავე ხდებოდა ღვინის შუშის ბოთლში ჩამოსხმა და შეფუთვაში კოქტეილების ინგრედიენტებთან ერთად იგზავნებოდა მომხმარებელთან.

წარმატებული ადაპტაციის მიუხედავად, მნიშვნელოვანი იყო ზაფხულის თვეებში შემსუბუქებული შეზღუდვების პირობებში მუშაობა, როცა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაყიდვებით თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.

"რადგან კარანტინის პერიოდში ვერ ვიაქტიურეთ, ზაფხულში, როცა კაფე-ბარები გაიხსნა, გაყიდვებმაც მოიმატა", — აღნიშნავს გიორგი, — "შესაბამისად, მოგვეცა იმისი ფინანსური საშუალება, დაგვეწყო პროდუქტის ახლებური გზით შეთავაზება. ამ დროისათვის სწორედ ამ საქმით ვართ დაკავებულნი — ღვინის 250-მილილიტრიან ბოთლებში ქარხნული ჩამოსხმით ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც თაროებზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოჩნდება".

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილიც ახალ ნომინაციას უკავშირდებოდა, რადგან კომპანიების უმეტესობის მსგავსად, როგორც გიორგი ამბობს, არც მათთვის ყოფილა ადაპტაცია არჩევანი. როცა ამის საჭიროება დადგა, ყოყმანის დრო არ იყო, რადგან ბრენდის შემოსავალი მთლიანად იყო დამოკიდებული შეზღუდვებამდე არსებულ გარემოზე. შესაბამისად, კვლავაც გუნდის გამოცდილებაზე დაყრდნობით ციფრული არხების ათვისება გადაწყდა, რაც წარმატებული მცდელობა გამოდგა — ჟუჟუნა გაიცნეს იმ ადამიანებმაც გაიცნეს, ვინც სხვადასხვა ობიექტებზე განთავსებულ მის ბარებს მანამდე არ სტუმრობდა. გიორგის შეფასებით, სწორედ კარანტინში მომხმარებელთან დამყარებული აქტიური კომუნიკაცია იქცა კაფე-ბარების გახსნის მერე ბრენდის წარმატების საფუძვლად, შემდგომში მეორე ტალღისთვის კიდევ უფრო მასშტაბური მომზადების წინაპირობად.

"პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა გარემოებები გაკოტრებას და გაქრობას გვიქადდა, დიდი ნახტომი გავაკეთეთ", — დასძენს გიორგი, — "თუკი მანამდე მხოლოდ რამდენიმე ობიექტზე და 70-მდე რესტორანში ვიყავით წარმოდგენილი, ახლა უკვე ჩვენი პროდუქცია 300-დან 500-მდე მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი".

2021 წლისთვის ჟუჟუნას გეგმები ორ ძირითად მიზანს უკავშირდება — რადგან საცალო ვაჭრობაში კომპანიის პროდუქცია წლის ბოლო დღეებში გამოჩნდება, მომავალში ბრენდს მოუწევს საქართველოს ბაზრის ათვისებაც, რაც, როგორც გიორგი ამბობს, მათთვისაც უჩვეულო გამოცდილებაა. ამავდროულად, ბოთლში ჩამოსხმული ღვინო კომპანიას ექსპორტზე გასვლის საშუალებასაც აძლევს, რაც ასევე შედის სამომავლო გეგმებში.

8000 მოსავალი

ფოტო: 8000 მოსავალი / Facebook

ღვინის მწარმოებელი კომპანია 8000 მოსავალი 2016 წელს დაფუძნდა, მას შემდეგ კი კომპანიამ სამი მაღაზია გახსნა, თუმცა პანდემიის პერიოდში საქმიანობამ ონლაინსივრცეში შექმნილ პლატფორმაზე გადაინაცვლა. კომპანიის დამფუძნებლის, ირაკლი ჩხაიძის თქმით, მათი ყოველდღიური საქმიანობის მიზანია "უფრო მეტ ადამიანს გაასინჯონ და შეაყვარონ კარგი ქართული ღვინო".

"ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი — ერთგვარი ქვაკუთხედი — არის ის, რომ ღვინო, რომელსაც ვყიდით, საგანგებოდ შერჩეულია", — აღნიშნავს ირაკლი, — "ჩვენ ვიწვევთ დამოუკიდებელ სადეგუსტაციო კომისიას, რომელიც თვეში, დაახლოებით, 100 ახალ ღვინოს სინჯავს. მათი შეფასების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი ღვინის რეალიზება უნდა მოხდეს".

დღესდღეობით კომპანიის, დაახლოებით, 340 მომწოდებელი მეღვინეობა ჰყავს და შთამბეჭდავი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი — შექმნილი აქვს 1 000-მდე განსხვავებული პროდუქტი.

ბიზნესკომპანიების უმეტესობის მსგავსად, 8000 მოსავალიც პანდემიის პირობებში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რომელთაგან უპირველესი ადამიანური რესურსის — ერთგული თანამშრომლების — შენარჩუნება იყო, რასაც, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ბრენდი დიდი კომპანია არაა, როგორც ირაკლი აღნიშნავს, წარმატებით გაართვეს თავი. ამასთან, კომპანიის თვითმიზანი იყო, დახმარებოდა იმ მცირე თუ ინდუსტრიულ მეწარმეებს, რომელთა პროდუქციასაც თავად იღებდა. ირაკლის თქმით, ინდუსტრიული კომპანიების უმეტესობა კახეთშია თავმოყრილი, თუმცა საოჯახო მეურნეობები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია; მათთვის კი ამ ორ მიმწოდებელს შორის არანაირი განსხვავება არაა, რადგან 8000 მოსავლისთვის მთავარი პროდუქციის ხარისხია. ეს ორი ფაქტორი იქცა კომპანიისთვის მოტივაციად, ბედი ეცადა ბიზნესდაჯილდოებაში. ფინალისტობა კი, ცხადია, დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული, რადგან კონკურსში გამარჯვება ბრენდისათვის ცნობადობის გაზრდასთან ერთად მომხმარებელში რეპუტაციის მოხვეჭასაც ნიშნავს.

რაც შეეხება 2020-ში შექმნილ სხვა სირთულეებს, ირაკლი აღნიშნავს, რომ ეს წელი მათთვის, როგორც საკუთარი მაღაზიის და ბარის მქონე საცალო ვაჭრობის კომპანიისთვის, "გაურკვევლობით" სავსე იყო. როგორ ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, ობიექტის დახურვა და გახსნა მარტივი პროცესი არაა და მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, შემართების და განვითარებისკენ სწრაფვის მიუხედავად, არ არსებობს დაზუსტებული გეგმები 2021 წლისთვისაც.

მაღალი ხარისხის ქართული ღვინის საქართველოს მცხოვრებებისა და ტურისტების ხელმისაწვდომად ქცევაა ის იდეა, რომელიც კომპანიას აერთიანებს, შესაბამისად, სამომავლო გეგმებიც ამ მიზანს უკავშირდება. ამასთან, 8000 მოსავალს სურს, გასცდეს დედაქალაქს და საკუთარი საქმიანობა რეგიონებშიც დაიწყოს.

ISF GEORGIA

ფოტო: ISF GEORGIA / Enterpreneur

"ყველაფერი დაიწყო ჩემი და ჩემი პარტნიორის, კახა გაგნიძის ოცნებით, ინოვაცია და ინკლუზია დაგვენერგა მოდის ინდუსტრიაში", — იწყებს საკუთარი ბრენდის გაცნობას კომპანიის დამფუძნებელი, განო მელითაური, — "ერთადერთი ვართ ევროპაში, რომელიც ჩემს სამეცნიერო კვლევაზე "ფერების მიმღებლობა" დაყრდნობით უნიკალურ თერაპიულ სამოსს ქმნის და უარს ამბობს სრულიად შავ ლუქზე. ISF GEORGIA საქართველოში პირველი სამედიცინო ეკიპირების და დამცავი აქსესუარების ბრენდ ალიკაპის შემქმნელია".

კომპანიაში დღეს 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც. როგორც განო ამბობს, კონცეფციის თანახმად, შოურუმს ჰქონდა საკუთარი პროფესიონალური ფოტოსტუდია და ღია სამკერვალო, რომელიც გარდა სერიული "კომბინიზონას" ხაზისა, მომხმარებელს სთავაზობდა ადგილზე კერვის ინდივიდუალურ მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ "მომხმარებლის თვალწინ იქმნებოდა პროდუქტი, შეეძლოთ სერიულის საკუთარ ტანზე გადაკეტებაც და სხვა".

"ფოტოსტუდია საშუალებას აძლევდა მომხმარებელს მოერგოთ ჩვენი სამოსი და გადაეღოთ ლამაზი ფოტოები, ან შეღავათიანი ფასით დაეგეგმათ პროფესიონალური თემატური ფოტოსესია", — ამბობს განო, — "განსაკუთრებით პატარებისთვის აღმოჩნდა საინტერესო, რადგან 'კომბინიზონა' არის პირველი ფერადი, ინტერაქტიული საბავშვო ხაზის სამოსი, სადაც მოზარდები პოულობენ დისნეის და ზღაპრების გმირებს, საკარნავალო კოსტიუმებს და, უბრალოდ, ლამაზ ყოველდღიურ სამოსს".

განო ასევე აღნიშნავს, რომ ისინი საახაწლოდ ყოველთვის უშვებენ "ვინტაჟურ, ნახევრად ხელნაკეთ კაფსულა კოლექციას", რომელიც საგანგებოდ ამ დღესასწაულისთვის, ქსოვილების უმეტესობის ნარჩენებისგან მიღებით იქმნება, რადგან ბრენდისათვის მდგრადი მოდა ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

"ამაზე ჩვენი 2017 წლის კოლექციაც მეტყველებს", — დასძენს განო, — "სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2017 წლიდან დღემდე აქტიურად ვასაქმებთ პრობაციონერ ქალბატონებს, სოციალურად დაუცველებსა და 2019 წლიდან უკვე — შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინაიდან სიცოცხლის ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოგვეცა შანსი, ამიერკავკასიაში პირველებს დაგვეწყო ადაპტური სამოსის წარმოება".

ბრენდი დაინტერესებულია სოციალური პრობლემებითაც და მათ გადასაჭრელად აქტიურად იღწვის — იგი იბრძვის სელექციური აბორტის წინააღმდეგ, ასევე შექმნილი აქვს დედების კლუბი ორსული მომხმარებლებისთვის, შემოსავლის 30 პროცენტი კი მთლიანად ხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს. მაკჯორჯიას პროექტში გამარჯვებით კომპანიამ მოახერხა ეტლით მოსარგებლეთათვის ინოვაციური საწვიმრების დამზადებაც, რომელიც უსასყიდლოდ დაურიგდა შშმ პირებს.

პანდემია ნეგატიურად აისახა არა მხოლოდ საქმიანობაზე, არამედ ბრენდის უკვე დაგეგმილ აქტივობებზეც.

"ზუსტად მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი იდგა და უნდა წავსულიყავით პარიზში, ვინაიდან ორჯერ მიგვიწვიეს ტრანოის და მორდეშის შოურუმებზე პირველივე ლუქ-ბუქით, დაიწყო პანდემია", — ამბობს განო — "ჩვენს კომპანიაში თანამშრომლებს წამყვანი ადგილი უკავიათ, ჩვენი გუნდის წევრები სრულად იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, მათ შორის ბევრი შშმ პირი იყო და მათთვის საარსებო მინიმუმის წართმევა — კატასტროფის ტოლფასი ჩვენთვის. თუმცა, ვამაყობ, რომ ინოვაციური ფაბრიკის ამბიცია იყოს ერთი ნაბიჯით წინ — სრულად ამართლებდა ყველა დაინტერესებული მხარის იმედებს, თანაც ყოველთვის.

"მართლა შეუძლებელი შევძელით — ვაკონკრეტებ, რომ იმ მომენტისთვის ქვეყანაში არ არსებობდა არცერთი რეალური ბიზნესი, დაიხურნენ დიდი საწარმოები, არც რეალური პროდუქტი არსებობდა, სახელად დამცავი ქართული ეკიპირება — პირბადე კომბინიზონი და სხვა. არ არსებობდა ბიზნეს მოდელი, იურიდიული საფუძვლები, ლიცენზიის ფორმატი, მოქმედების წესები და სხვა".

ადაპტაციის ისეთი სახე, როდესაც ახალ რეალობაში შექმნილი გამოწვევების კვალდაკვალ ძველი ტრადიციებით გრძელდება საქმიანობა, ბრენდის ამოსავალ წერტილად იქცა 2020 წელს.

"ჩვენ მოვახერხეთ ზუსტად 3 სამუშაო დღეში სრული ბიზნეს მოდელის ისე გადაწყობა, რომ სრულიად ახალი პროდუქცია უმტკივნეულოდ, ყველა საჭირო ლიცენზიით და ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ჩაშვებულიყო წარმოებაში", — აღნიშნავს განო, — "ამასთან, სრულად აგვეღო სტერილიზაციაზე კონტროლი, შშმ პირების და არსებული გუნდის საარსებო სარგო არათუ შეგვენარჩუნებინა, არამედ გაგვეზარდა. მოგვეძებნა კომბინიზონას ახალი სიცოცხლე. ფაქტობრივად, 90-პროცენტიანი ზრდა გვეჩვენებინა დასაქმების და წარმადობის მხრივ".

ადაპტაციის პროცესის შედეგად გაფართოვდა წარმოებაც — დასაქმებული შშმ პირების რაოდენობა გაიზარდა 4-დან 10-მდე, გაიზარდა საწარმოს სივრცეც და დაინერგა უსაფრთხოების ევროპული სტანდარტიც. ბრენდის მიერ შექმნილი ასი ათასზე მეტი ნიღაბი კი უსასყიდლოდ დარიგდა.

"ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ, და იმით, რასაც არასოდეს გავაკეთებთ", — ამბობს განო, — "არასოდეს მოგვიტყუებია მომხმარებელი, ყოველთვის ვართ იქ, სადაც საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება იმ რესურსით, რაც გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ დამცავი ეკიპირების ექსპორტი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა. ფაქტობრივად, უარი ვთქვით ნახევრადდამცავი ნიღბების წარმოებაზე და ხარისხი იყო უპირველესი პრიორიტეტი ყველგან და ყოველთვის. ჩვენ ვლობირებთ ბედნიერებას და ვცდილობთ გავამარტივოთ ადამიანების ყოველდღიურობა ინოვაციური და ესთეტიკური გადაწყვეტილებებით, და ნებისმიერ ჩვენს პროდუქტს აქვს კონცეფცია, რომელიც სამყაროს და ადამიანების დროის, ჯანმრთელობის, რესურსების გაფრთხილებას ემსახურება".

ყველაფერი ეს ბრენდისათვის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაციად იქცა. როგორც განო აღნიშნავს, თიბისის მხარდაჭერა და ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა მათთვის სტიმულია, განსაკუთრებით — ადაპტაციის საუკეთესო მაგალითის ნომინაციაში, "რადგან 24/7 ზე შრომობდნენ 9 თვის განმავლობაში, რომ ადაპტაცია შემდგარიყო".

"გამარჯვება, ცხადია ყველას გვსურს, თუმცა ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ და რაც მთავარია ბევრი სიკეთის მოტანას ქვეყნისთვის".

რაც შეეხება 2020 წელს განხორციელებულ პროექტებს, მათ შორის გამორჩეული იყო საქართველოში პირველი "მოდის და ტანსაცმლის ანტერპრენერთა საერტაშორისო სკოლის" დაფუძნება, რომლის ფოკუსში ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის სამუშაო ძალის მობილიზება და დეფიციტის აღმოფხვრა იქნება.

წელს ბრენდმა ასევე დაიწყო შშმ პირთათვის ეტლების სავარძლების წარმოება, რომელიც ევროპულ ბაზარზეც გავა.

"ასევე გვაქვს საოცარი სიახლე ქართველი ორსული ქალბატონებისთვის — შეზღუდვების გაუქმებისთანავე გავხსნით პირველ სპეციფიკურ საორსულე შოურუმს, სადაც 'კომბინიზონას დედის ხაზი' ექსკლუზიურად გაიყიდება და რაც უმნიშვნელოვანესია — დიზაინერული გადაწყვეტილებები ყველა საფასო სეგმენტისთვის იქნება გათვლილი", — დასძენს განო.

სამომავლოდ, დაიწყება მსოფლიო ინოვაციაც — ინტერაქტიული სამოსი ბავშვებისთვის, რომელიც სრულად მდგრადი მოდის იდეოლოგიას ეფუძნება და მოზარდების გართობასა და მენტალურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ფართოვდება "კომბინიზონას" ადაპტური ხაზის ასორტიმენტიც. ცალკე გაეშვება სორტული და ნახევრადსპორტული ქურთუკების უნისექს ხაზი.

"განსაკუთრებული სიახლე ქართველი არტისტებისთვის სხვადასხვა სფეროდან — გავხსენით ციფრული სააგენტო ედიტორიალი — რომელიც დამწყები ქართული ბრენდებისთვის პროფესიონალურ ლაინშიტს და პორტფოლიოს, ასევე ციფრულ სამყაროში ინტეგრაციას ხელმისაწვდომს გახდის", — ამბობს განო.

ქისა

ფოტო: ქისა / Facebook

2017 წელს დაფუძნდა კომპანია ქისა, რომელიც მაღალი ხარისხის ტყავისა და ნატისგან დამზადებულ ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებს, მომდევნო წელს კი ბაზარზე დამკვიდრება ონლაინარხებით დაიწყო. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, მოულოდნელი აღმოჩნდა პანდემიისგან შექმნილ გარემოებებთან გამკლავება, და, რადგანაც ტურისტული ბაზარი 2020-ში შეიზღუდა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ეკატერინე რამიშვილი ამბობს, ბრენდის საქმიანობამ ძირითადი გეზი კვლავ ონლაინგაყიდვებისაკენ და საექსპორტო წარმოებისაკენ აიღო.

"ამ პერიოდში დავამატეთ უამრავი პროდუქცია, რომელიც უცხოეთის სეგმენტზე იყო გათვლილი", — ამბობს ეკატერინე, — "დღესდღეობითაც წარმოდგენილი ვართ არაერთ უცხოურ პლატფორმაზე, ასევე ინსტაგრამზე, რომელიც აგრეთვე გამოიყენება პროდუქციის სარეალიზაციოდ".

საინტერესო კომპანიების გვერდით ყოფნის გათვალისწინებით, ბრენდი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტებს შორის ყოფნას არ მოელოდა, თუმცა მათთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ კომპანიის შექმნაზე და პროდუქციის წარმოება/რეალიზებაზე გაწეული შრომა დაფასდა. ეკატერინეს თქმით, მათ ფაქტობრივად, "ნულიდან დაიწყეს" საქმიანობა, დღესდღეობით კი უკვე 3 000 პროდუქცია გაყიდული საზღვარგარეთ, შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა ამ კონკურსის მხრიდან.

სხვა ნომინანტების მსგავსად, ადაპტაცია სურვილისდა მიუხედავად მოუხდა ქისასაც, რის გამოც ახალი სივრცის ათვისება გადაწყდა, სამომავლოდ კი — წელს დაწყებული საქმიანობის გაგრძელება და გაფართოება.

"2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ", — ამბობს ეკატერინე — "2020 წლის მიწურულს, ჩვენ შემოვიერთეთ დამატებითი სივრცე — ახალი თანამშრომლები — ამდენად, მართლაც რომ ადაპტაცია განვიცადეთ არსებულ ვითარებასთან, რადგან, სხვაგვარად ოპერირება შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, 2021 წელს ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად გავიდეთ საზღვარგარეთის ბაზარზე, რადგან, როგორც აღმოჩნდა, უცხოელებს, განსაკუთრებით კი ამერიკელებს, ძალიან უყვართ ქართული პროდუქცია და მისი ხარისხი. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა დიდია და ჩვენც ვგეგმავთ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ იგი".