წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი ფორმსაჟორული სიტუაციისა, თიბისის წარმატებული პროექტი, ბიზნესდაჯილდოება, უკვე მეხუთედ გაიმართება. კონკურსი წლის მიწურულს წარმატებულ ბიზნესებს უყრის თავს და ხუთ ნომინაციაში ავლენს გამარჯვებულს. წელს სხვადასხვა ნომინაციაში 25 ფინალისტია წარმოდგენილი, კონკურენცია კი საკმაოდ მწვავეა.

საუკეთესო ინოვაციის ნომინაცია ერთ-ერთია, რომლისკენაც ყოველწლიურად განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი — ამ კატეგორიის ნომინანტები წელს ის კომპანიები არიან, რომლებიც პანდემიით დაპაუზებულ მსოფლიოში მნიშვნელოვანი სიახლის შემოტანას ცდილობენ.

გასულ წელს ამ ნომინაციაში ბრენდმა "ველიმ" გაიმარჯვა. კომპანიის განცხადებით, ტიტულის მოპოვება კომპანიისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა და ამის შემდეგ ბრენდის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექნება თუ არა მსგავსი ეფექტი კონკურსში მონაწილეობას წლევანდელი ნომინანტებისთვის — Payze, BioCure, irnero, e-space და caru — ამას დეკემბრის ბოლოს, გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ გავიგებთ; თუმცა მანამდე ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, რატომ გადაწყვიტეს კომპანიებმა მასშტაბურ ბიზნესკონკურსში მონაწილეობის მიღება და, მათი აზრით, რატომ იმსახურებენ საუკეთესო ინოვაციად დასახელებას.

PAYZE

ფოტო: Payze • ფეიზი / Facebook

2019 წელს დაფუძნებული კომპანია ფეიზი ინტერნეტკომერციისთვის "ყველაზე მძლავრ და მოქნილ საშუალებებს" ქმნის. ბრენდმა საქმიანობა წელს, აგვისტოში დაიწყო და მოკლე ხანში მოახერხა მომხმარებლის დაინტერესება და მათთვის გამორჩეული პროდუქტის შეთავაზება. იმ პლატფორმის შექმნის საჭიროება, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს ონლაინგადახდებს უმარტივებს, ფეიზის წარმომადგენლის, გიორგი წურწუმიას თქმით, ახალმა საჭიროებებმა განაპირობა.

"მიგვაჩნია, რომ ბაზარს მეტად ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ", — აღნიშნავს გიორგი, — "ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანებს მივეცით საშუალება, ბევრი ფუნქციონალი ჩაეშენებინათ მომსახურებაში. ამასთან, ციფრულად ფულის მიღების საშუალება მივეცით არაერთ ისეთ კომპანიას და ინდმეწარმეს, რომელიც მთიან რეგიონებში ეწევა საქმიანობას; გუდის ყველის მწარმოებლებიდან — მეღვინეებამდე".

რადგან სფერო, რომელშიც კომპანია მუშაობს, დინამიკურობით გამოირჩევა, გიორგის თქმით, ისინი შექმნილი ფუნქციონალებით არ კმაყოფილდებიან და მიღებული გამოხმაურების საფუძველზე მომსახურების გაუმჯობესებას და დახვეწას მუდმივად ცდილობენ. ამასთან, ისინი ტექნოლოგიური რესურსით, მზად არიან, სფეროს სამომავლო გამოწვევებსაც უპასუხონ.

BIOCURE

ფოტო: BioCure / Facebook

2019 წლის მაისში დაფუძნებულ კომპანიას, ბაიოქიურს, გარდა ინოვაციური იდეისა, საკუთარი დაპატენტებული საშუალება — ნავთობ ნახშიროწყალბადების რემედიაციის ბიოტექნოლოგია — გააჩნია.

"როცა ნავთობი იღვრება, მას ჯერ მექანიკურად წმენდენ, თუმცა, ბოლომდე გაწმენდა შეუძლებელია, რის გამოც ნავთობი იწოვება ნიადაგში და ჟონავს წყალშიც", — ხსნის ბაიოქიურის წარმომადგენელი, თემო რუხაია, — "ამ პირველი ეტაპის, ანუ სწრაფი გამწენდის შემდეგ, იწყება რემედიაციის სტადია, როდესაც ნავთობი არამექანიკური ტექნოლოგიით იშლება, რათა ბუნებაში აღარ იყოს და არ ჰქონდეს მომწავლელი ეფექტი".

ამგვარად, შექმნილი ტექნოლოგია მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ემსახურება — მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მცირე რაოდენობას, თუკი სასმელ წყალში არ მოხვდა, განსაკუთრებული ეფექტი არ აქვს, იგი მაინც საზიანოა გარემოსთვის. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდაა შექმნილი ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები, როგორიც ბიორემედიაციაა — როდესაც პროცესი ბაქტერიების საშუალებით წარიმართება.

"არსებობს ორი ტექნოლოგია — ან სხვადასხვა მინერალებით აძლიერებენ ადგილობრივ ბაქტერიებს, რომ მათ ნავთობის 'შეჭმა' შეძლონ, ან უკვე არსებული ნავთობის მჭამელი ბაქტერიებით ამუშავებენ ტერიტორიას", — განაგრძობს თემო, — "მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა ეფექტურობით. რაც შეეხება ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიას, იგი ასევე ბიორემედიაციაა, თუმცა მას უნიაკალური მიდგომა გააჩნია — ყოველ ჯერზე ჩვენ გამოვყოფთ ადგილობრივ ნავთობის მჭამელ ბაქტერიებს, რომელთა მეშვეობითაც ტერიტორიის დასამუშავებელი ბიოსუსტენცია იქმნება. სწორედ ეს ზრდის პროცესის ეფექტურობას".

ეფექტურობაზე მეტყველებს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები — როგორც თემო აღნიშნავს, საქართველოში 20 მათგანი შეიქმნა და ყველა შემთხვევაში პროცესი 100-პროცენტიანი ეფექტურობით დასრულდა, მაშინ, როცა კონკურენტი ტექნოლოგიების მაჩვენებელი, დაახლოებით, 30 პროცენტია.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღების უმთავრესი მოტივაციაც ეფექტური ტექნოლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და კომპანიის სახელის დამკვიდრება იყო, თუმცა დასახული მიზნის შესრულება — კონკურსში გამარჯვება — ბრენდს კიდევ უფრო ფართო გზას გაუხსნის საკუთარი საქმიანობის სფეროში.

IRNERO

ფოტო: Irnero ირნერო / Facebook

ტექნოლოგიური ბრენდი ირნერო, რომლის დამფუძნებელიც ლუკა პაჭკორიაა, უკვე ორი წელია, არსებობს და, კომპანიის განცხადებით, დროის დაზოგვითა და უსაფრთხო გარემოს შექმნით, მომხმარებელს "რუტინულ საზრუნავს უმარტივებს". ირნერო სმარტ სისტემების შემქმნელია და, ბაიოქიურის მსგავსად, ფლობს რამდენიმე ტექნოლოგიის პატენტს. უკვე შექმნილი პროდუქტებიდან კი გამორჩეულია თვითცვლადი ფილტრის მქონე სავენტილაციო სისტემა, რომელიც ფანჯრის გაღების გარეშე, შესაბამისად, ტემპერატურის ცვლილების გარეშეც, ახერხებს სივრცის განიავებას. ასევე — თვითმწმენდი ჭკვიანი ფანჯარა — რომლის წარსადგენადაც კომპანია სილიკონ ველიში მიიწვიეს.

პანდემიით შექმნილი გამოწვევები კომპანიისთვის ახალი პროდუქტების შექმნის ინსპირაციადაც იქცა.

"ჩვენი ბოლო ინოვაცია გახლავთ სადეზინფექციო რობოტი 'ოსუმი', რომლის შექმნის იდეაც კოვიდპანდემიის გამო ჩაისახა, რამდენიმე თვეში კი შეიქმნა უნიკალური თვისებების მქონე მოწყობილობა, რომელიც შიდა სივრცეების დეზინფიცირებასა და სტერილიზაციას აკეთებს. იგი მალევე დაიტესტა ლუგარის ლაბორატორიაშიც", — აღნიშნავს ირნეროს წარმომადგენელი მარიდეა გელაშვილი, — "ჩვენი გუნდის მიზანია, ქართული ინოვაციური მოწყობილობა მასობრივად ჩართოს სამიზნე ჯგუფის საქმიანობაში, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. ვფიქრობთ ინოვაცია თავისი უნიკალური მიდგომითა და მოქნილი სერვისით მსოფლიო ბაზარზეც დიდ ინტერესს დაიმსახურებს და ამ მიმართულებით საქართველოს სახელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს".

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის განსაკუთრებით საამაყოა ბიზნესდაჯილდოების კონკურსის ფინალში ყოფნა. ამასთან, არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში სამედიცინო სფეროს მომუშავეების დახმარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კომპანია მარათონში ჩაერთო — ამგვარად, ბრენდი იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში მათ მიერ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიის ცნობადობა გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, დაავადებების პრევენციას შეუწყობს ხელს.

CARU

ფოტო: Caru • ქარუ / Facebook

ქარუ უკვე ორი წელია, ავტომობილების მფლობელებს ცხოვრებას უადვილებს. სერვისი ავტომობილის მფლობელებს ავტოსაქმეში გარკვეულ პროფესიონალებთან აკავშირებს, რომლებიც, შესაბამისად, მანქანის გაკეთებაში ეხმარებიან მათ.

"მომხმარებლის მანქანა ჩვენს ასისტენტს მიჰყავს შესაბამის კერძო ხელოსანთან, რომელიც მას პრობლემის არსს და მისი მოგვარების ღირებულებას ეტყვის", — ხსნის ქარუს დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე, — "ამის შემდეგ, ავტომფლობელის სურვილის შემთხვევაში, ხელოსანი მანქანას გააკეთებს, ჩვენი ასისტენტი კი მას კვლავ დროულად დაუბრუნებს მომხმარებელს".

გარდა დროის და ენერგიის დაზოგვისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქარუ იძლევა გარანტიის პირობას — გამოყოფილი საგარანტიო თანხით მომხმარებელს, პრობლემის კვლავ არსებობის შემთხვევაში, გადახდილი ღირებულება უნაზღაურდება.

ნიკას თქმით, ქარუ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობას იმსახურებდა, რადგან მათი რწმენით იგი ნამდვილად ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, რომლის მნიშვნელობაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა.

E-SPACE

ფოტო: ი-სპეის • E-Space / Facebook

2016 წელს დაფუძნებული კომპანია ი-სპეისი მიზნად ისახავს საქართველოში ეკომეგობრული ტექნოლოგიების განვითარებას. ბრენდმა ქვეყანაში ინოვაციური პროდუქტები დანერგა: ელექტრომობილების დამტენები, შესაბამისი ქსელი, აპლიკაცია და მისით შექმნილი ბიზნესმოდული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროგრამული უზრუნველყოფის სამივე ნაწილი საქართველოში დაიწერა, 4-წლიანი მოღვაწეობის შედეგად კი არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში ყველაზე მზარდი ქსელი ჩამოყალიბდა.

ი-სპეისის შექმნისას ქვეყანაში 5 ელექტრომობილი იყო, საჯარო დამტენების რაოდენობა კი — მხოლოდ ორი. ამ ხნის განმავლობაში ეკომეგობრული ტრანსპორტის რიცხვი 2 500-მდე, საჯარო დამტენების კი — 80-მდე გაიზარდა, რის საშუალებითაც ნახშირორჟანგის გამოყოფა გარემოში, დაახლოებით, 500 ტონით შემცირდა.

"თავდაპირველად იყო მხოლოდ დამტენები, ხოლო როგორც კი ქსელმა დაიწყო ზრდა, შემდეგი ეტაპი მათი მართვის მოდულის შექმნა გახდა", — ამბობს ი-სპეისის წარმომადგენელი, ანა ჩხარტიშვილი, — "აღსანიშნავია ის, რომ ეს მოდული თავისი შინაარსით არის უნიკალური და მსგავსი საქართველოში მანამდე არ დაწერილა. შემდეგ გამოვუშვით აპლიკაცია, რომელიც ძირითად ფუნქციებს ასრულებდა. წელს კი, აგვისტოში განახლებული აპლიკაციით, ჩვენს მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილის დამტენების პოვნა, მისი სტატუსის შემოწმება და საკუთარი ტრანსპორტის დატენვა შეუძლიათ".

ამასთან, როგორც ანა აღნიშნავს, ელექტრომობილის მფლობელთათვის პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა "ფავორიტი დამტენების სიის" შექმნის და სხვადასხვაგვარი გადახდის მეთოდების შესაძლებლობამ. გარდა ამისა, სატესტო რეჟიმში არსებული ბიზნესმოდული, შესაბამისი ბილინგ სისტემით, ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს აპლიკაციაში ჩართვის და მომხმარებლებისთვის დამუხტვის სერვისის მისთვის სასურველი ტარიფით შეთავაზების შესაძლებლობას აძლევს.

იმის გათვალისწინებით, რომ ი-სპეისის საქმიანობა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული, კომპანიისთვის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება საკუთარი ეკოსაქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას ნიშნავს.

"ღირსეულ ფინალისტებს შორის ვართ და ყველა მათგანს ვუსურვებთ წარმატებებს, თუმცა გამარჯვების მოლოდინები, რასაკვირველია, დიდია", — დასძენს ანა, — "აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებით, კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რაც ჯილდოს სახით არის დაწესებული. ამასთან, გვექნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ ეკომეგობრული ბიზნესი საქართველოში, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ქალაქების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც".