თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები უკვე ცნობილია. ხუთ ნომინაციაში 25 ქართული ბრენდი იბრძოლებს გამარჯვებისა და სპეციალური პრიზის მოპოვებისთვის, რომელიც, ტრადიციულად, პრიზიორის ასარჩევია: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია ან პროგრამული უზრუნველყოფა.

თუმცა, როგორც ამას გასული წლების გამარჯვებულები აღნიშნავენ, სტარტაპებისთვის პრიზზე მნიშვნელოვანი ცნობადობის მოპოვებაა, რადგან დინამიკურ ბაზარზე მომხმარებელს ხშირად შეუმჩნეველი რჩება ახალი ბრენდები, რომელთა წარმატებასაც, მეტწილად, სწორედ ცნობადობა განსაზღვრავს.

ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ კონკურსში საუკეთესო სტარტაპის ნომინაციის ფინალისტებს შორის 5 ქართული კომპანიაა: CityPay.IO, SpaceFarms, Ehotelspace, შენeat და ბილიკი. მათი უმეტესობის საქმიანობა მიმდინარე წელს დაიწყო, ამდენად კომპანიებს უჩვეულო გამოწვევებთან გამკლავება უწევთ, თუმცა ზოგიერთისთვის შექმნილი პირობები ხელმწყობ ფაქტორადაც კი იქცა.

ბრენდების შექმნის იდეაზე, ამჟამინდელ საქმიანობასა და ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაციაზე On.ge კომპანიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

შენEAT

ფოტო: შენEat / Facebook

მეტად კრეატიული სახელის მიღმა არანაკლებ კრეატიული იდეაა. 2020 წლის ივლისში დაფუძნებულმა კომპანიამ საქმიანობა სექტემბრიდან დაიწყო. ბრენდი მომხმარებელს მზა პროდუქტის ბინაზე მიტანას და კულინარიული იდეების განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს. მიუხედავად საქმიანობის მოკლე პერიოდისა, მათ უკვე მოახერხეს მომხმარებლის კმაყოფილების მოპოვება. მსგავსი მომსახურების შექმნის იდეა დამფუძნებლებს, დაახლოებით, ორი წლის გაუჩნდათ, თუმცა იგი მხოლოდ სადღესასწაულო კერძებს მოიცავდა. ამდენად, პანდემიამ ბრენდს უბიძგა, საქმიანობა მოდიფიცირებული პროდუქტით დაეწყო.

"ჩვენი საქმიანობის მიზანი და ძირითადი პროდუქტი არის მომხმარებლისთვის მომზადებული ინგრედიენტების და დეტალური რეცეპტის სახლში მიწოდება", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ირაკლი ხუნდაძე, — "ჩვენს ვებგვერდზე ამჟამად, დაახლოებით, 70-მდე კერძია განთავსებული, თუმცა გახსნისას 58 გვქონდა. შეკვეთის შემდეგ მომხმარებელს ვაწვდით გამზადებულ პროდუქტს კერძის მოსამზადებლად, ასევე დაცულია პროპორციები".

მსგავსი მომსახურება, როგორც ირაკლი აღნიშნავს, მომხმარებელს დროისა და ენერგიის დაზოგვით, კომფორტულ გარემოში შემოქმედებითი იდეების სისრულეში მოყვანაში ეხმარება. კომპანია ზრუნავს პატარა მზარეულებზეც — სპეციალურად ბავშვებისთვის არსებობს პიცის რეცეპტი და შესაბამისი პროდუქცია, რათა მათ დამოუკიდებლად და ხალისიანად შეძლოს კერძის მომზადება. ამასთან, მუდმივად მიმდინარეობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და გაზრდა, რათა ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებას მოერგოს.

რაც შეეხება ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მოტივაციას, ირაკლის თქმით, ბრენდის მომსახურების და შეთავაზებული პროდუქტის უნიკალურობამ უბიძგა მათ კონკურსში ჩართვისკენ.

"უპირველესად, მოტივაცია იყო ის, რომ ჩვენს ბრენდს ახალი წამოწყებული აქვს საქმიანობა და სრულად შეესაბამებად სტარტაპს", — აღნიშნავს ირაკლი, — "ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს ანალოგი, ქართული ბაზრისთვის მაინც უნიკალური პროდუქტია, რადგან მომხმარებელს განსხვავებული ტიპის მომსახურება შევთავაზეთ".

ამჟამად პროდუქციის და რეცეპტის შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდიდან. არასრული ასორტიმენტი წარმოდგენილია moitane.ge-ზეც, თუმცა უკვე მიმდინარეობს მუშაობა აპლიკაციაზე, რომლის გაშვებაც მომავალი წლის თებერვლისთვის იგეგმება.

EHOTELSPACE

ფოტო: Ehotelspace / Facebook

2020 წელს დაფუძნდა მცირე და საშუალოს ზომის სასტუმროებისთვის შექმნილი ციფრული გაყიდვების მართვის პლატფორმა იჰოტელსფეისიც, თუმცა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ამასთან, კვლავ მიმდინარეობს სერვისის მოდიფიცირება და მათი უფრო დახვეწილი სახით შეთავაზება კლიენტებისთვის.

"ჩვენი პლატფორმის საშუალებით სასტუმროებს შესაძლებლობა აქვთ, თავადვე, უმცირესი დროის დანახარჯით, მარტივად შექმნან საკუთარი ვებგვერდი, პირდაპირი ჯავშნით, ონლაინჩატით და სხვადასხვა ჩენელმენეჯერის მეშვეობით", — ამბობს იჰოტელსფეისის წარმომადგენელი, დაჯი ლიპარტელიანი, — "ეს არის ის სახე, რომელიც პლატფორმას ამჟამად აქვს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვამატებთ ახალ სერვისებს, მაგალითად, თუკი ტურისტს 'ბუქინგით' მხოლოდ ოთახის დაჯავშნა შეეძლო, ჩვენს პლატფორმაზე მას პირდაპირ გადახდაც შეუძლია. ამასთან, სასტუმროებს არ აქვთ დაკისრებული საკომისიო გადასახადი, მათთვის გათვალისწინებულია მხოლოდ მომსახურების ყოველთვიური საფასური".

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დაჯი აღნიშნავს, რომ სერვისის მუდმივ განახლებასა და დახვეწასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალ მოდულზე, რომელიც ჯვარედინ გაყიდვებს მოიაზრებს.

"ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე თუ სასტუმროებს მხოლოდ შიდა სერვისების გაყიდვის საშუალება ჰქონდათ, როგორიცაა ოთახი, სპამომსახურება თუ სხვა, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, პლატფორმაზე განათავსოს გარეაქტივობები, იქნება ეს მოტოტური, საცხენოსნო ტური თუ ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული გარე მომსახურება ლოკაციის მიხედვით. ამის გაყიდვა სასტუმროებისთვის გულისხმობს დამატებით შემოსავალს, ასევე — მომხმარებლის ერთგულებას, რადგან მათ სერვისი უფრო გამარტივებული ფორმით მიეწოდებათ, ამ ყველაფრის თანმდევი კი, რასაკვირველია, განმეორებითი ჯავშნებიც იქნება", — დასძენს დაჯი.

რაც შეეხება იჰოტელსფეისის ბიზნესდაჯილდოებაში ჩართვის მიზეზს, დაჯი აღნიშნავს, რომ, რადგან ამჟამინდელი კრიზისული სიტუაცია განსაკუთრებით მწვავედ აისახა მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მდგომარეობაზე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მათი სერვისის შესახებ სასტუმროს ბევრმა მეპატრონემ იცოდეს:

"სწორედ ეს არის მოტივაცია — რომ გაიზარდოს ჩვენი ცნობადობა, ხმა მივაწვდინოთ ბევრ მომხმარებელს, ჩვენ შესახებ ინფორმაცია გავაცნოთ ქართულ, და არა მხოლოდ ქართულ, სასტუმროებს და, ამასთან, გამარჯვების შემთხვევაში, მიღებული პრიზებიც დიდად დაგვეხმარება სამომავლო წარმატების მიღწევაში".

ბილიკი

ფოტო: Biliki • ბილიკი / Facebook

გასული წლის სექტემბერში შეიქმნა მობილური აპლიკაცია და "მოგზაურობის სანდო გზამკვლევი" — ბილიკი — რომელიც მომხმარებელს ტურის დაგეგმვასა და უჩვეულო სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს. სპეციალურად შექმნილი ფუნქციონალი ტურისტებს მათი ინტერესებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით მარშრუტებს ოფლაინ რეჟიმშიც აწვდის. ინგლისურენოვან აპლიკაციას ამჟამად 4 000-ზე მეტი მომხმარებელი და 20-მდე ბიზნესპარტნიორი ჰყავს.

"ჩვენ ვქმნით თავისუფალ საბაზრო სივრცეს სადაც მოგზაურები შეძლებენ საკუთარი ტურების შექმნას და გაყიდვას", — ამბობს ბილიკის წარმომადგენელი, თორნიკე ცირამუა, — "2021 წლისთვის ვგეგმავთ ახალი ფუქნციონალის შემუშავებას რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ტურების შექმნის და გაყიდვის საშუალებას მისცემს. ასევე, 2022 წლიდან ვგეგმავთ ბულგარეთში, რუმინეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლას სადაც ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი სათავგადასავლო/სალაშქრო ვიზიტი ხორციელდება".

მაშინ, როცა პანდემიის პირობებში მსოფლიოში მოგზაურობა შეზღუდულია, ადამიანებს კი მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება უწევთ, მათ ხშირად აქვთ სურვილი, საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულონ ან გავიდნენ ბუნებაში სალაშქროდ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შედგენილი გზამკვლევი და ერთგვარი გიდი, რომელიც მოგზაურობას სასიამოვნოს გახდის. ასეთ პლატფორმად იქცა ბილიკი, რომლითაც უკვე ათასობით მოგზაურმა ისარგებლა და თორნიკეს თქმით, არაერთი მათგანი დაკარგვასაც კი გადაარჩინა.

"დღეს ბილიკი ეხმარება ქართველ მოგზაურებს უსაფრთხოდ მოგზაურობაში და აცნობს მათ კულტურისა თუ ბუნების ძეგლებს. საზღვრების გახსნის შემდეგ ბილიკი დაეხმარება უცხოელ მოგზაურებს საქართველოს აღმოჩენაში. იგი ასევე შექმნის შემოსავლის ახალ წყაროს ტურის შემქმნელებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური ეკონომიკური სირთულეების ფონზე", — დასძენს თორნიკე, — "ბილიკს აქვს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, რადგან ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც კი ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს პლატფორმა საკუთარი მარშრუტების შექმნისა და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ ბილიკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული ტურიზმის განვითარებაში".

SPACEFARMS

ფოტო: SpaceFarms

ტექნოლოგიების გამოყენებით ურბანული მეურნეობის შექმნის წარმატებული მაგალითი სფეისფარმსია, რომელმაც კომპანიის წარმომადგენლის, ტუსია ღარიბაშვილის თქმით, აგრომეურნეობაში ახალი და განსხვავებული ხედვა დანერგა.

150 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სივრცეში ავტომატიზებული მეურნეობას წელიწადის ოთხივე სეზონზე პესტიციდების გარეშე მოჰყავს ბოსტნეული. გარდა ნიადაგის დაზოგვისა, ინოვაციური მეთოდი კომპანიას საშუალებას აძლევს დაზოგოს სხვა რესურსებიც: წყლის და ელექტროენერგიის. ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება ეკოეფექტურიცაა და ემისიებისგან თავისუფალი.

"ტრადიციულ მეურნეობასთან შედარებით, ჩვენ წყალს ვზოგავთ, დაახლოებით, 75-დან 80 პროცენტამდე. ასევე, ვიყენებთ LED განათებას, რომელიც ელექტროენერგიის დანახარჯს ამცირებს", — აღნიშნავს ტუსია.

სტარტაპის ნომინაციის ფინალისტობა სფეისფარმსისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, რადგან უპრეცედენტო მეთოდების გამოყენების დანერგვა სფეროში, სწორედ ამ კომპანიამ დაიწყო.

CITYPAY.IO

ფოტო: CityPay.io / Facebook

2019 წელს დაიწყო მუშაობა სითიფეიზეც — ინოვაციურ პლატფორმაზე, რომელიც ბაზარზე ციფრული გადახდის დანერგვას კომპანიებისთვის კრიპტოვალუტის ოფციის შეთავაზებით ცდილობს. სისტემა მოსახერხებელია მომხმარებლისთვისაც, რომელიც ბიზნესს უხდის კრიპტოვალუტით, თუმცა გადახდა, ბიზნესის სურვილის მიხედვით, შესაძლოა, მიღებული იქნას როგორც კრიპტოვალუტით, ასევე ლარში, ევროში ან დოლარში დაკონვერტირებული თანხით. როგორც სითიფეის წარმომადგენელი აღნიშნავს, კონვერტირება ფიქსირებული გაცვლითი კურსით ხდება, რათა პროცესი თანხითი დანაკარგების გარეშე განხორციელდეს.

რადგან კომპანიის მიერ შექმნილი და შეთავაზებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე უნიკალურია, საწყის ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენდა ხარისხიანი მომსახურების გაწევა, ასევე შესაბამისი კვალიფიციური კადრების მოძიება, თუმცა სითიფეიმ ამ სირთულეს თავი წარმატებით გაართვა, რაზეც მისი სერვისის პოპულარობა მეტყველებს.

აქამდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემის დახვეწაზე, თუმცა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა მარკეტინგის მიმართულებითაც დაიწყება.

"ამით საშუალება მოგვეცემა, დავაჩქაროთ ის პროცესი, რომლის სისრულეში მოყვანაც დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა — გავიდეთ გლობალურ ბაზარზე. გლობალურ ბაზარზე გასვლას კი თურქეთით ვიწყებთ, სადაც თანამშრომლობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს, რამდენიმე მათგანი კი უკვე სარგებლობს ჩვენი მომსახურებით", — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

თურქეთის ბაზრის ათვისება, სადაც კრიპტოსისტემა უკვე აქტიურად გამოიყენება, კომპანიას რეგიონში მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავებაში დაეხმარება, რაც ასევე შედის სამომავლო გეგმებში. ამასთან, სითიფეი ცდილობს, კრიპტოგადახდის საშუალებების შესახებ ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზეც აამაღლოს.

რაც შეეხება ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობით დაინტერესებას, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა; უპირველესად, მისი ორგანიზატორი ფინანსური სფეროს წარმომადგენელია, ამასთან, ეს არის ღონისძიება, რომელზეც წლის ბოლოს ყველა წარმატებული ბიზნესის წარმომადგენელი თავს იყრის, რაც სითიფეის, როგორც ბიზნესებზე გათვლილი პროდუქტის მწარმოებელს, კარგ შესაძლებლობას სთავაზობს. მესამე ფაქტორი კი კვლავაც სტარტაპის ცნობადობის გაზრდას უკავშირდება, რადგან ახლადშექმნილი ბრენდისათვის "ნებისმიერი აღიარება, მით უმეტეს ამდენად წარმატებული პროექტისგან, მნიშვნელოვანია".