ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ. წელს, უკვე მეხუთედ, დეკემბრის თვის მიწურულს 5 ნომინაციაში დასახელდებიან წლის საუკეთესო კომპანიები.

იმის გათვალისწინებით, რომ ფინალისტების უმეტესობისთვის, ისევე, როგორც გასული წლის გამარჯვებულებისთვის, პრესტიჟულ ბიზნესკონკურსში მონაწილეობის მოტივაცია მეტწილად ცნობადობის ამაღლებას უკავშირდება, გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ ერთგვარ პრიზზე ამახვილებენ ყურადღებას გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიის წლევანდელი ნომინანტებიც, თუმცა მათთვის პოპულარობის მოპოვება უფრო მეტს უკავშირდება, ვიდრე მხოლოდ ბრენდის სახელის საზოგადოებაში დამკვიდრებაა — გასული წლის გამარჯვებული, Plastic Watcher, ამის ნათელი მაგალითია, რადგან მათთვის, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი იყო პლატფორმის გამოყენება მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროთ. წელსაც, კომპანიები, რომელთათვისაც საკუთარი CSR კამპანია წარმატების ტრამპლინად იქცა, არამატერიალური სარგებლის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას. კონკრეტულად რა საჭიროებაზეა საუბარი, რა სოციალურ-კულტურული საქმიანობით არიან ისინი დაკავებულნი და როგორი მოლოდინები აქვთ როგორც ბიზნესდაჯილდოების ფინალის, ასევე ახალი წლისგან — ამ თემებზე გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის წლევანდელ ნომინანტებს On.ge ესაუბრა.

ვინტილატორი

ფოტო: ვინტილატორი / Facebook

ვინტაჟური მაღაზია ვინტილატორი 2017 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მიზნად მომხმარებლისთვის ორიგინალური ნივთების შეთავაზება და, როგორც კომპანიის დამფუძნებელი, შოკო ჩაჩუა აღნიშნავს, "მდგრადი მოდის სადარაჯოზე ყოფნა" დაისახა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებაში ნივთების მეორეული და მესამეული გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

"ჩვენი ბრენდი ძალიან აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებულია", — ამბობს შოკო, — "იმისათვის, რომ სოციალური მეწარმეობისადმი დამოკიდებულება და საზოგადოებრივი აზრი შეცვლილიყო, გასული ორი წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა განვახორციელეთ. მათ შორის იყო ვინტაჟური ფესტივალები, რომლის ფარგლებშიც ბრენდების განვითარებას ვუწყობდით ხელს, ვუწევდით მენტორობას და სხვა".

როგორც შოკო აცხადებს, კომპანიას სოციალური მეწარმეობის საკუთარი ხედვა აქვს და ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიხარულო იყო მათთვის, როდესაც ბიზნესდაჯილდოების ნომინაციებს შორის გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაც აღმოაჩინეს. ადამიანთა ნაწილს ჰგონია, რომ სოციალური მეწარმეობა ფილანთროპიული ტიპისაა და არ შეიძლება იყოს ბიზნესი, თუმცა ვინტილატორს მტკიცედ სწამს, მსგავსი საქმიანობა "სწორ საწყისებზე დაფუძნებული ბიზნესია".

"ჩაფიქრებული გვქონდა და ყოველთვის გვსურდა ისეთი პროექტის განხორციელება, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას მეორეული და მესამეული გამოყენების შესახებ რჩევებსა და გამოცდილებას გავუზიარებდით", — აგრძელებს შოკო, — "პანდემიის პერიოდში ამ ყველაფრის დაგეგმვა მოვახერხეთ და ცოტა ხნის წინ დავიწყეთ პროექტი 'შეაკეთე'. მის ფარგლებში ნარჩენებისგან ვქმნით ახალ ნივთებს, სამოსს, აქსესუარებს და ა.შ. ამავდროულად, გვაქვს გადაცემა ფორმულაზე, სადაც მწვანე და ეკომეგობრული ბრენდები მაყურებელს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებენ, როგორ შეაკეთონ და შექმნან ახალი ნივთები. სწორედ ამ უკანასკნელი პროექტის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ 'გვქონდა უფლება', სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში გვეცადა ბედი — ანუ გვქონდა იმდენი საქმე გაკეთებული, რომელთა შესახებაც თამამად საუბარი შეგვეძლო".

შოკო ამბობს, რომ, თუმცაღა ისინი ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, კომპანიისთვის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, როცა ფინალისტთა შორის ვინტილატორიც მოხვდა. ამით კონკურსში მონაწილეობა კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებად იქცა, რადგან ნომინანტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი, როგორც თიბისის, ასევე პროექტის პარტნიორი კომპანიების მხრიდანაც. ეს, როგორც შოკო აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, როგორც ვინტილატორისთვის, ასევე იმ მიზნისთვის, რომელსაც ბრენდი ემსახურება.

2020-ის კომპანიაზე მოხდენილ გავლენაზე საუბრისას, ვინტილატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ, მართალია, იგი ბრენდის ისტორიაში საუკეთესო წელი არ ყოფილა, რადგან გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა იყო "ნათელი წერტილებიც".

"ამ პერიოდმა მოგვცა დრო საფიქრალად და ისეთი პროექტების დასაგეგმად, როგორიც 'შეაკეთეა', ამასთან, მაინც ჩვენ შევძელით, ისეთი მოდელის შექმნა, რომლის საშუალებითაც აღვადგენთ ძველებურ თარგებსა და სამოსის მოხმარების კულტურას. ამავდროულად, ნელ-ნელა გამოვიმუშავეთ ონლაინსივრცეში ადაპტაციის უნარიც, ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს იყო სწავლის, განვითარებაზე მუშაობის და სამომავლო გეგმების დასახვის წელიწადი, სიახლეები კი შეეხება, როგორც პროექტს 'შეაკეთე', ასევე ვინტაჟურ ფესტივალებსა და ონლაინგაყიდვებს", — დასძენს შოკო.

ჩიკატაი

ფოტო: ჩიკატაი / Facebook

2017 წელს დაფუძნდა ბრენდი ჩიკატაიც, რომელიც ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, მელოდიებით ქმნის ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული მასალებით დამზადებულ მუსიკალურ სათამაშოებს.

"ჩიკატაი არის წერო რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და, შესაბამისად, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს", — ასე იწყებს ბრენდის ჩვენთვის გაცნობას კომპანიის წარმომადგენელი, თამარ ბუიღლიშვილი, — "ჩვენი სლოგანი არის 'პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია'; ჩვენი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან ზღვის ბინადარია. ეს სულაც არ არის შემთხვევითი — ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს — სწორად ეს არის ჩიკატაის მამოძრავებელი ძალა".

შექმნიდან დღემდე ბრენდი მუდმივად ვითარდება და აუმჯობესებს წარმოებულ პროდუქტს. თამარის თქმით, სწორედ ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დღეს ჩიკატაი ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი სიტუაციისა, კომპანიას წინსვლა არც 2020-ში შეუწყვეტია.

"წელს ჩიკატაი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის — გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი — გახდა", — აღნიშნავს თამარი, — "დავამატეთ ახალი ხაზი, რომელიც ჩვენი მეგობარი ბრენდის, სფილოუს, კაბებიდან მორჩენილი ნაჭრებით იქმნება. ეს პროექტი საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ძალიან ცოტაა, რისი გაკეთებაც გარემოს დასაცავად შეგვიძლია, თუმცა, ვფიქრობთ, ეს პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია. რაც უფრო გავიზრდებით, მით მეტად გაიზრდება ჩვენი წვლილი მდგრადი წარმოების განვითარების კუთხით".

საინტერესოა ისიც, რომ ბუნების მსოფლიო ფონდის პროექტის მხარდასაჭერად შეიქმნა საქველმოქმედო პროდუქტი — სათამაშო ქურციკი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკებისთვის მონიტორინგის საყელურების შეძენას ხმარდება.WWF-ის პროექტი სწორედ ქურციკების პოპულაციის აღდგენას ემსახურება საქართველოში, სადაც ისინი თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გადაშენდნენ.

რაც შეეხება ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობას, ეს, თამარის თქმით, კვლავ უკავშირდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ამჯერად — ბიზნესის განვითარების პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის როლის შესახებ. ფინალში მოხვედრა კომპანიისთვის უკვე ნიშნავს საკუთარი მესიჯის გამართლებას, რომ "პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია"

სამომავლოდ, იცვლება ჩიკატაის ფოკუსირებული საკითხი, ამავდროულად, მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება 2021 წლისთვისაც.

"არსებობის პირველი სამი წელი ჩვენ მოვახმარეთ ბრენდის იდენტობის შექმნას, მისი გაძლიერებითა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით ვიყავით დაკავებული მთელი ეს პერიოდი", — აღნიშნავს თამარი, — "მომავალი წლიდან მთელი რესურსი მიმართული იქნება წარმოების გაზრდაზე და საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე".

მომავალი წლიდან განხორციელდება სიახლეც, რომელზეც ბრენდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა — ნოემბრის თვიდან ნაწილობრივ დაიწყო, 2021 წლიდან კი მთლიანად ჩანაცვლდება ქსოვილები 100 პროცენტით ორგანული, სერტიფიცირებული ქსოვილით, რაც, ცხადია, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზეც აისახება.

ჰირო

ფოტო: Hiro / Facebook

ორი კომპანიის თანამშრომლობით შექმნილი ჰირო, რომელიც დასაქმების პლატფორმაა, "მარტივად და ეფექტურად" აკავშირებს ერთმანეთს დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს. პლატფორმაზე განთავსებულია ინფორმაცია მოქმედი ვაკანსიების, ტრენინგების, ტენდერებისა და მოხალისეობრივი სამუშაოების შესახებ. ჰიროს ინოვაციური და მუდმივად განვითარებადი ფუნქციონალი კი დასაქმების მაძიებელთა გენერირებულ ბაზას ქმნის, რომელიც სხვადასხვა დამსაქმებელ კომპანიებს მიეწოდებათ. ამასთან, ჰირო იყენებს სოციალური მედიის პლატფორმებსაც, რათა დასაქმების მსურველების საჭიროებები და სურვილები შეისწავლოს.

კომპანიის წარმომადგენლის, თაკო მესხიძის თქმით, მათი წარმატების ფორმულა გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია, რადგან ჰიროს შექმნისას უკვე არსებობდა გამოცდილება ამ სფეროში. გუნდის წარმომადგენლები ითავსებენ მენტორის ფუნქციასაც და ტრენინგებს სთავაზობენ იმ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთანაც ჰირო თანამშრომლობს.

"დაახლოებით, ერთი წელია, რაც ჰირო შეიქმნა, თუმცა უკვე აქტიურად ვართ ჩართული მიმდინარე კამპანიებში", — აღნიშნავს თაკო, — "ამდენად, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც წარმატებასთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. გრძელვადიან გეგმებში ვაპირებთ არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებასაც".

სოციალური საჭიროებების გათვალისწინებით, ჰირომ განახორციელა არაერთი პროექტი. მათ შორის, 2020 წლის გაზაფხულზე, როცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ბიზნესსექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჰირო მათ უსასყიდლო მომსახურებას სთავაზობდა. შეთავაზებით ამ დრომდე ისარგებლა 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა.

ჰირომ იზრუნა პანდემიის გამო სამსახურდაკარგულ ადამიანებზეც და შექმნა ბაზა, სადაც მომხმარებლებს სურვილისამებრ შეეძლოთ დარეგისტრირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება — დაკარგული სამსახურის, სასურველი შეთავაზებებისა და შესაძლოა თანამშრომლობის შესახებ. მიღებული ინფორმაცია კვლავაც უსასყიდლოდ მიეწოდებოდა ჰიროს პარტნიორ კომპანიებს, რომელთა მზარდი რიცხვიც უკვე 1 000-ს აჭარბებს. ბრენდი მომხმარებლებს ასევე სთავაზობდა ეფექტური რეზიუმეს შექმნაში დახმარებას და გასაუბრების ტექნიკების ტრენინგებს. რეზიუმეს გენერირება მსურველებს ჰიროს ვებგვერდიდანაც შეუძლიათ, სადაც შესაბამისი ფორმა თანამედროვე სტანდარტებისა და კომპანიების მოთხოვნების მიხედვით არის შექმნილი. მსგავსი შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ დედაქალაქის მკვიდრებს არ შეუძლიათ, ჰირო ტრენინგებსა და პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო მასალების შექმნაში დახმარებას რეგიონის მცხოვრებებსაც სთავაზობს.

ბრენდს ყურადღების მიღმა არ დარჩენია მოწყვლადი ჯგუფებიც და მათთვის ინკლუზიური შეთავაზების შექმნაზეც თავად იზრუნა.

"საქართველოში შშმ პირების დასაქმების არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, მათი უმეტესობა კი სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სისტემურ გამოწვევებს უკავშირდება", — ამბობს თაკო, — "ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი კვალიფიკაცია და არასათანადო განათლებაა. სწორედ ამიტომ პარტნიორ კომპანიებთან ერთად შშმ პირებისათვის შევქმენით კვლავაც უსასყიდლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, მომხმარებელს ვთავაზობთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ და კარიერული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებელ ტრენინგებს, მეორე მხრივ კი ვცდილობთ კომპანიებში ცნობიერების ამაღლებას, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია მათი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდეს, თუნდაც დისტანციურად, ხელი შევუწყოთ ამის განხორციელებაში".

ლიდერი

ფოტო: Leader / Facebook

სამკერვალო საწარმო ლიდერი, რომელიც ლიდერქიდსის სახელით აწარმოებს პროდუქციას, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაზეა ორიენტირებული, თუმცა, ამასთანავე, ახორციელებს სოციალურ პროექტებსა და ცდილობს, წარმოებულ სამოსს განსხვავებული დატვირთვაც შესძინოს — ლიდერის სამოსზე დატანილი ნაქარგები ბავშვის კოგნიტური და სოციალური უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს. ამჟამად ბრენდი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარმოებითაა დაკავებული და პარტნიორებთან თანამშრომლობით აპირებს პროდუქციის საექსპორტო ბაზარზე გატანასაც.

"დაარსების დღიდან ჩვენ ქალებს შორის გაზიარების საკითხებზეც ვმუშაობთ", — აღნიშნავს ლიდერის წარმომადგენელი, ნინო გიორგაძე, — "ამიტომ ჩვენ ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლადის ჯგუფის წევრ ქალებს, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებიდან, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ქალებსა და მარტოხელა დედებს ვასწავლით ჭრა-კერვას, როგორც პროფესიას, მეორე მხრივ კი ხელს ვუწყობთ მათში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას — ვასწავლით ფონდების მოძიებას, როგორ დაიწყონ ბიზნესსაქმიანობა, რათა გახდნენ თვითდასაქმებულები და კონკურენტუნარიანები".

გარდა ამ საქმიანობისა, ბრენდი საკუთარი შემოსავლის 5 პროცენტს მუდმივად საქველმოქმედო საქმიანობაში ხარჯავს, რომელიც, როგორც ნინო აღნიშნავს, შესაძლოა, უშუალოდ სამკერვალო საქმეს არ უკავშირდებოდეს, თუმცა მიმართულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების დასახმარებლად.

ამასთან, ლიდერი რეგიონში პირველია, რომელმაც ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება დაიწყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების საწარმოებლად. მათ შორისაა, ნაჭრის ტომრები, რომელიც, თავის მხრივ, პოლიეთილენის მოხმარებას ამცირებს. საბოლოო ჯამში, ამ ნივთების წარმოებისას კვლავაც მცირდება სამკერვალო ნარჩენები.

ლიდერი 2019 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონკურსში, ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის, ერთ-ერთი პრიზიორი გახდა, რაც ნინოს თქმით, მათთვის განსაკუთრებით საამაყოა. ბრენდს ასევე აქვს ხელი მოწერილი გაეროს გლობალურ შეთანხმებაზე და წევრია ქალთა გაძლიერების 7 პრინციპისა. ლიდერი ასევე აქტიურად იყო ჩართული გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიაშიც, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობა განახორციელა. კომპანიის რწმენით, კერძო სექტორს განსაკუთრებული როლი აკისრია გენდერული ძალადობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ლიდერს გააზრებული აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს, როგორც ნინო ამბობს, ბიზნესსექტორი, ლოგიკურ შეზღუდვებში აღმოჩნდა, მათ მაინც მოახერხეს სოციალური პროექტების გაგრძელება და ახალ გარემოებებთან ადაპტაცია. ამის მაგალითია პირბადეების წარმოების დაწყება, რომელთა დიდი ნაწილიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 16 სოფელში მცხოვრებ რისკჯგუფში მყოფ მოსახლეობას დაურიგდა. ლიდერმა ამ სოფლებში, სადაც ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, პირბადეების შესაბამისი ქსოვილით თავად დამზადება ასევე შეასწავლა იმ ადამიანებს, რომელთაც ამის სურვილი ჰქონდათ, რათა საკუთარი ახლობლებისთვის ვირუსისგან თავდასაცავი საშუალების შექმნა შეძლებოდათ.

ბიზნესდაჯილდოებაზე საუბრისას, ნინო ამბობს, რომ მათთვის "დიდი პატივია ფინალში, ღირსეული ნომინანტების გვერდით ყოფნა".

"მისასალმებელია და სასურველია, საქართველოში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბევრი კერძო კომპანია არსებობდეს", — აცხადებს ნინო, — "მეორე მხრივ, ძალიან კარგს საქმეს აკეთებს თიბისი ბიზნესისათვის, იმიტომ, რომ იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც სოციალური საქმიანობითაც არიან დაკავებულნი, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ყველა ნომინაციაში ბრენდების მხარდაჭერას აქვს ის ეფექტი, რომ შეცვალოს ბიზნესის ეკოსისტემა, როგორც რეგიონებში, ასევე მთლიანად ქვეყანაში".

ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ლიდერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საექსპორტო ბაზარზე გასვლას გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ პარტნიორებთან. ბრენდს ასევე აქვს იმედი, რომ 2021 წელს მონაწილეობის მიღებას შეძლებენ სხვადასხვა გამოფენებშიც, რაც, წელს, ცხადია, შეუძლებელი იყო.

"ჩვენი გაძლიერება და გაზრდა ნიშნავს, რომ ჩვენი სოციალური პროექტების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათი განვითარება პირდაპირპროპორციულია ჩვენი შემოსავლის ზრდისა", — დასძენს ნინო.

BIRDING CAUCASUS

ფოტო: Birding Caucasus / Facebook

2017 წელს დაფუძნებული კომპანია, ბირდინგ კაუკასუსი, ფრინველებზე დაკვირვებითა და ტურების ორგანიზებითაა დაკავებული. იგი, მეტწილად, ევროპულ ბაზარზე მუშაობს და შესაბამის სერვისს ტურისტებს სთავაზობს. ბრენდი ოთხივე სეზონზე მუშაობს და აქტიურადაა დაკავებული ამიერკავკასიის რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებითა და ენდემის ველური ბუნების პოპულარიზებით.

გასული წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ მოგზაურობის შეზღუდვაც გამოიწვია, ბირდინგ კაუკასუსის საქმიანობა, რასაკვირველია, დიდწილად, შეჩერდა, შესაბამისად, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის წინადადებაზე დათანხმება, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ალექსანდრე რუხაია ამბობს, ყოყმანთან დაკავშირებული არ ყოფილა.

"ცხადია, გვაქვს შემართება და გამარჯვება გაგვიხარდება, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია, როდესაც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტეთ", — ამბობს ალექსანდრე.

2020 წლით შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა, ტურისტული სფეროს უმეტესი წარმომადგენლის მსგავსად, განსაკუთრებით დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ბრენდისთვის. გარდა ცალკეული მცირე ღონისძიებებისა, რომელიც ზაფხულში გაიმართა, სფეროს არ ჰქონია ხელშეწყობა, შესაბამისად, ბიზნესდაჯილდოებას ალექსანდრე პოზიტიურ მოვლენად აფასებს, რომელიც საშუალებას აძლევს, ფაქტობრივად, გაჩერებული სფეროს წარმომადგენელს, ერთგვარად "გული გაადაყოლოს".

მიუხედავად სირთულეებისა, გასული თვეების განმავლობაში ბირდინგ კაუკასუსს მიეცა დრო, რომ სამომავლო გეგმებზე ემუშავა, თუმცა, მათი განხორციელება კვლავაც ეპიდსიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული.