ჟენევის მოლაპარაკებების 51 რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

გარდა ამისა, ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე.

სამინისტროში ამბობენ, რომ განიხილეს რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის გაგრძელება, კიბერთავდასხმა და დეზინფორმაცია. გარდა ამისა, როგორც აღნიშნულია განცხადებაში, დაისვა უკანონო დაკავებების საკითხი და მოითხოვეს ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

"თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა", — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ვკითხულობთ, ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი. კიდევ ერთ მთავარ საკითხად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება დაისვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.