სასჯელი "ურჩობის" გამო თუ აუცილებლობა — კონსტიტუციონალისტები "ოცნების" დაანონსებულ კანონპროექტებს აკრიტიკებენ
11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. ქართულმა ოცნებამ, რომელიც ამ დროის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში მარტოა, უკვე დააანონსა ორი კანონპროექტი, რომელიც "ურჩობის" გამო ოპოზიციაზე "შურისძიებას" ჰგავს.
უკვე რამდენიმე კვირაა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია, მხარეები დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ პუნქტებზე აზრების დაახლოება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისთვის "პრინციპული საკითხები", როგორიცაა რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქართული ოცნებისთვის კვლავ წითელ ხაზად რჩება.
უცნობია, საბოლოოდ რას გადაწყვეტს ოპოზიცია, მაგრამ ვიცით რას აპირებს ქართული ოცნება. მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. მეტიც, კობახიძე შეგვპირდა, რომ დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.
On.ge ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე კონსტიტუციონალისტებს ესაუბრა და გაარკვია — შეესაბამება დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობას თუ ამის მოტივი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის "დასჯაა"?
კანონპროექტი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ
სხვადასხვა პარტიის არსებობა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის, მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის წინაპირობაა. ამის ფონზე, მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს. როგორც კონსტიტუციონალისტი, გიორგი მშვენიერაძე გვეუბნება, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პოლიტიკური მიუღებლობითაა განპირობებული.
"ძალიან საფრთხილოა, ზოგადად, პოლიტიკური პარტიებისთვის რაიმე რეგულაციის დაწესება, თუკი ეს მოტივირებულია პოლიტიკური დასჯის სურვილით. რეალურად, ირაკლის კობახიძის განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იყო მუქარა და გაფრთხილება, რომ დაისჯებით, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც ეს ქართულ ოცნებას უნდა. ძალიან საშიშია და ეს ფონი რომ მისდევს ამას, ორმაგად თვალსაჩინოს ხდის ხელისუფლების რეალურ მოტივებს", — გვითხრა მან.
მშვენიერაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკურ საქმიანობაზე შეზღუდვებს აწესებს, თუმცა პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის საფუძველი ეს ვერ გახდება.
"ვიღაც კონკრეტული ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებულია ან მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ან შეზღუდვის საფუძველი. დაახლოებით იგივე იქნებოდა, ნაციონალურ მოძრაობას 2011 წელს ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და მარტო ქართულ ოცნებას აეკრძალოს მისი ლიდერობით არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო. ეს წარმოუდგენელი ქმედება იქნებოდა დემოკრატიისთვის, მაშინაც და ახლაც", — აღნიშნა მშვენიერაძემ.
კონსტიტუციონალისტისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ვახტანგ ხმალაძის თქმით კი, გამომდინარე იქედან, რომ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქის პარტიის წევრობასა თუ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას კრძალავს, გაუგებარია, როგორ შეიძლება იყოს პარტიის ლიდერი პირი, რომელიც ამავე პარტიის წევრი არ არის.
"ფორმალურად, სააკაშვილი ვერ იქნება პარტიის ლიდერი, ვინაიდან კანონი კრძალავს პარტიის წევრობას და თუ პარტიის წევრი არ არის, რანაირად არის ლიდერი? თუმცა წინასაარჩევნო აგიტაციაში იგი მონაწილეობდა და საკმაოდ აქტიურადაც, მაგრამ ამას რა სანქცია შეიძლება მოჰყვეს, ეს არსად განსაზღვრული არ არის. ეს საკმაოდ გაურკვეველი საკითხია. როგორც ჩანს, კობახიძე ხედავს ამას და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას პარტიის გაუქმების საკითხი პირდაპირ არ დაუყენებია, მაგრამ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებით, ფაქტობრივად, პარტიაც იკრძალება.
"პარტიის უმთავრესი მიზანია ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. ამიტომ იგი ფიზიკურად არსებობდეს და აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ასეთი მოტივით, რომ მისი ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ამან არ მგონია გაუძლოს კონსტიტუციურ ნორმებს. რასაკვირველია, ამომრჩევლებს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად გვინდა ხელისუფლებაში ისეთი პარტია, რომლის ლიდერი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ეს ჩვენი, როგორც ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ეს არის არანორმალური და ჩემთვის გაუგებარი ვითარება", — გვითხრა ხმალაძემ.
რაც შეეხება კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილის მოსაზრებას, მისი თქმით, ეს უხეშად არღვევს როგორც ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრების, ისე მისი ამომრჩევლის კონსტიტუციურ უფლებებს. სისტემური კონსტიტუციური თვალსაზრისით კი, კონკურენტულობას უკარგავს არჩევნებს და აცლის მას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას.
"ამ ზომის პრაქტიკული განხორციელება გამოიწვევს საქართველოს სწრაფ დეგრადაციას ელექტორალური ავტორიტარული რეჟიმიდან (რომელიც ხასიათდება უსამართლო კონკურენციით, თუმცა კონკურენტული არჩევნებით, სადაც ძირითად ოპოზიციურ ძალებს აქვთ მონაწილეობის შესაძლებლობა) დახურულ ავტორიტარულ რეჟიმამდე (სადაც არჩევნები სრულად არაკონკურენტული და ფასადურია, იმდენად რამდენადაც მთავარ ოპოზიციურ ძალებს შეზღუდული აქვთ მათში მონაწილეობა)", — აცხადებს იგი.
როგორც ზედელაშვილი გვეუბნება, საარჩევნო პროცესიდან პოლიტიკური პარტიის გამორიცხვა ასეულ ათასობით მოქალაქის საარჩევნო უფლების მძიმე შეზღუდვაა. მისივე განმარტებით, პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ამის განხორციელება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა.
"ბატონი კობახიძის დასაბუთება, პოპულისტური პოლიტიკური რიტორიკის მიღმა, არ მოიცავს რაიმე დამაჯერებელ კონსტიტუციურ არგუმენტს იმის შესახებ, თუ რატომ არის კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნების აუცილებელი, გამოსადეგი და ნაკლებად მზღუდავი საშუალება პოლიტიკურ პარტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის შესაძლო გავლენის აღკვეთა პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის გზით. როდესაც სასწორის მეორე პინაზე დევს ასობით ათასი მოქალაქისთვის პოლიტიკური უფლებების წართმევა, ამ ზომის თანაზომიერების გამართლებას სჭირდება უცხადესი და უმწვავესი კონსტიტუციური საჭიროების, კონსტიტუციური წესრიგისადმი ეგზისტენციალური საფრთხის დამაჯერებელი დასაბუთება. ასეთი დასაბუთება კი არსად მოგვისმენია", — განაცხადა მან.
ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ ირაკლი კობახიძის არგუმენტებით, ეს შეზღუდვა ვერ გაუძლებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანაზომიერების შეფასებას, ამიტომ თუ ეს წინადადება კანონად იქცევა, საქართველოს სახელმწიფო საქმეს სტრასბურგში წააგებს.
პარტიების დაფინანსება
მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტაში სამართლებრივი ლოგიკა "ძალიან მარტივია". კერძოდ, მისი თქმით, პარტიები კონკრეტული ხმების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობისთვის იღებენ დაფინანსებას და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან.
ამას განსხვავებულად განმარტავენ კონსტიტუციონალისტები. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ დაფინანსება პარლამენტში შესვლის მანდატთან არ არის დაკავშირებული და სახელმწიფო აფინანსებს იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში რაღაც მინიმალურ მხარდაჭერას იღებენ. მისივე თქმით, დაფინანსება მათ ეძლევათ არა პარლამენტში მოპოვებული მანდატების პარალელურად, არამედ მიღებული ხმების პროპორციულად.
"აქამდე პარლამენტში შესვლის ზღურბლი იყო 5 პროცენტი, ხოლო დაფინანსების ზღურბლი — 3. 2024 წლის შემდეგ, დაფინანსების ზღურბლი იქნება 1% და პარლამენტში შესვლის ზღურბლი ისევ იქნება 5%. ანუ დაფინანსება მიბმულია არა პარლამენტში შესვლასზე, არამედ არჩევნების მონაწილეობაზე და ამ არჩევნებში გარკვეული პროცენტული მხარდაჭერის მიღებაზე. შესაბამისად, მექნება თუ არა მე პარლამენტის წევრის მანდატი, ეს არ შეიძლება განსაზღვრავდეს დაფინანსების მიღების უფლებას. მხოლოდ ამ 2020-24 წლების შუალედში ემთხვევა დაფინანსების ბარიერი საარჩევნოს და ორივე არის 1 პროცენტი", — განმარტა მან.
მისი აზრით, დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონი რომ მიიღონ, ის აუცილებლად გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი ალბათობით, სასამართლო ამ ნორმას მისი არაკონსტიტუციურობის გამო გააუქმებს.
იმავე პოზიციას იზიარებს გიორგი მშვენიერაძეც. მისი თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის გამო "დასჯას" ემსახურება.
"ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ არის ერთგვარი გასამრჯელო, იმისთვის რომ ისინი პარლამენტში არიან. ეს არის პოლიტიკური ცხოვრების წახალისება. ამიტომ აქ საუბარი იმაზე, რომ მე ახლა შევცვლი კანონს და მხოლოდ იმას მივცემ დაფინანსებას, ვინც პარლამენტში შემოდის, ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია დასჯის პარტიებს, რადგან არ იქცევიან ისე, როგორც მათ სურთ, რომ მოიქცნენ", — გვითხრა მშვენიერაძემ.
დავით ზედელაშვილი კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული პროცესის მომწესრიგებელი წესები, მათ შორის პარტიების დაფინანსება, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი იყოს და არ გამოიყენებოდეს როგორც სადამსჯელო ზომა ან უმრავლესობის მიერ უმცირესობის პოლიტიკური საქმიანობის კანონით შეზღუდვის მექანიზმი.
"პარტიების დაფინანსების საკითხი მიეკუთვნება საკანონმდებლო ორგანოს დისკრეციას. თუმცა ეს დისკრეცია უნდა განხორციელდეს კონსტიტუციის ფარგლებში. მოცემული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ერთპარტიული უმრავლესობა ბოროტად გამოიყენებს პარლამენტის კონსტიტუციურ დისკრეციას", — განაცხადა მან.
არცერთი ინიციატივა პარლამენტში ჯერ დარეგისტრირებული არ არის. თუმცა კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ამ პირობას შეასრულებს და თუ ეს ასე მოხდება, სავარაუდოა, რომ მალევე საზოგადოება საკონსტიტუციო სარჩელსაც იხილავს.
ამავე თემაზე:
კომენტარები