მეგობრების საპილოტე ეპიზოდის (The One Where Monica Gets a Roommate) პირველ 3 წუთში მაყურებელი ეცნობა რეიჩელ გრინს — პერსონაჟს, რომლის როლსაც მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ასრულებს. საქორწინო კაბაში გამოწყობილი რეიჩელი, რომელმაც პირდაპირ საკურთხეველთან მიატოვა ორთოდონტი საქმრო, სახელად ბერი, ყველასთვის უკვე კარგად ცნობილ გამოგონილ კაფე Central Perk-ში შეიჭრება.

ის თავის პოტენციურ მომავალს — ოჯახის შექმნა 24 წლის ასაკში იმ კაცთან ერთად, რომელიც არ უყვარს — გაურბის და დიდ ქალაქში ახალ, ალტერნატიულ ცხოვრებას ეძებს. მოგვიანებით კი ამავე სერიაში თავისი საშუალო სკოლის მეგობრის, მონიკა გელერის სამზარეულოში ზის და სხვა იქ მყოფები აქეზებენ, მამამისის მიცემული საკრედიტო ბარათები დაჭრას. ეს მომენტი რეიჩელის ოჯახთან კავშირის გაწყვეტის სიმბოლოა, რადგან იგი ახალ ცხოვრებას ნიუ-იორკში მონიკასთან, ფიბისთან, ჩენდლერთან, ჯოუისა და როსთან ერთად იწყებს. "კეთილი იყოს შენი ფეხი რეალურ სამყაროში", — ეუბნება მონიკა, ­— "ბანძი ადგილია, მაგრამ შეგიყვარდება".

სერიალის ამ პირველი ეპიზოდის პრემიერა 1994 წლის სექტემბერში შედგა და მეგობრებმა თავიდანვე ზუსტად აცნობეს მაყურებელს, თუ რაზე იქნებოდა შოუ. ქორწინებები ჩაიშალა (ან როსის შემთხვევაში, დაწყებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ დასრულდა), მშობლებს ჩამოშორდნენ. ადამიანები, რომელთა იმედიც ამ პერსონაჟებს ყოველი კვირის განმავლობაში უნდა ჰქონოდათ, მხოლოდ თავად იყვნენ ერთმანეთისთვის. ეს ექვსი ოცდარამდენიღაცა წლის მოსულელო ახალგაზრდა ურთიერთობებში, კარიერასა და ცხოვრებაში გარკვევას ცდილობდა. მართალია, ზუსტად არც იცოდნენ, ცხოვრებაში საით ჰქონდათ გეზი აღებული, მაგრამ ამაზე ძალიანაც არ ღელავდნენ.

სერიალში სხვადასხვა დროს მრავალი ცნობილი პიროვნება გამოჩნდა, მათ შორის ბილი კრისტალი და რობინ უილიამსი, რომლებიც ახლომახლო ფილმს იღებდნენ, როცა სთხოვეს, რომ შოუში მონაწილეობა მიეღოთ.

ფოტო: Alamy

ამ ყველაფრის ეკრანზე გამოჩენამდე ერთი წლით ადრე, 1993-ში, მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა ერთი სამეგობროს შესახებ შოუს იდეა ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ ტელევიზიას, NBC-ის წარუდგენს, რომელიც იმ პერიოდში ახალგაზრდა, ურბანული აუდიტორიისთვის მიმზიდველ პროექტს ეძებდა. მწერალი და პოპკულტურის მკვლევარი საულ აუსტერლიცი თავის წიგნში ჯერ კიდევ მეგობრები სერიალის ისტორიის "ექსპერტიზას" გვთავაზობს. იგი წერს, რომ NBC-ის ისეთი შოუს პოვნა სურდა, რომელიც 1989 წელს გამოსული სიტკომის საინფელდი (Seinfeld) წარმატებას გაიმეორებდა და ამავდროულად ნიუიორკელი მეგობრების კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა. 90-იანების დასაწყისში გამოსული პოპულარული სიტკომები, იქნება ეს როზანა (Roseanne), სავსე სახლი (Full House) თუ ბელ-ეირის ახალი პრინცი (The Fresh Prince of Bel Air), ისევ ოჯახზე, ცოლქმრულ ცხოვრებაზე იყო კონცენტრირებული. საინფელდის სიუჟეტური ქარგა კვლავ იშვიათობას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ზაფხულს Fox-ზე ახალი სერიალის მარტოხელის ცხოვრება (Living Single) პრემიერა შედგა, რომელიც ბრუკლინ ბრაუნსტოუნში მცხოვრები შავკანიანი მეგობრების ისტორიას მოგვითხრობდა. აშკარა იყო, რომ მაყურებელს მოსწონდა და უფრო მეტ საერთოს ხედავდა სატელევიზიო შოუებში, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებას ასახავდა: ისინი ხომ მეგობრებთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე ოჯახის წევრებთან.

აი, რისთვის არიან მეგობრები

სიტკომზე მუშაობის დაწყებისას დიდი ხანი არ იყო გასული, რაც მისი შემქმნელები, კაუფმანი და კრეინი, ლოს-ანჯელესში გადავიდნენ და თავიანთი სამეგობრო წრე ნიუ-იორკში დატოვეს. კაუფმანი ლოსანჯელესურ კაფეში შესვლისას გაქუცულ და ერთმანეთისთვის შეუფერებელ დივნებზე მსხდომ მეგობრების ჯგუფებს გადააწყდა და იდეაც აქედან დაიბადა. მათ შოუ ასე წარადგინეს: "ის მოგვითხრობს მეგობრობაზე, რადგან, როცა მარტოხელა ხარ და დიდ ქალაქში ცხოვრობ, შენი ოჯახი შენი სამეგობროა.“

მეგობრები ხშირად ერთად ატარებდნენ ისეთ ტიპურ საოჯახო დღესასწაულებს, როგორებიც მადლიერების დღე და შობაა.

ფოტო: Alamy

სერიალში თავიდანვე ცხადად გამოჩნდა, თუ რატომ სჭირდებოდათ ერთმანეთი ამ ექვს მეგობარს: მეორე ეპიზოდში ფიბი დედამისის თვითმკვლელობაზე საუბრობს, რეიჩელი კი აღმოაჩენს, რომ მისი მშობლები განქორწინებას აპირებენ. როცა გელერების დედ-მამა მათთან სტუმრად მიდის, როსს ქებას არ აკლებენ, მაგრამ მუდმივად აკნინებენ მონიკას ("ვკითხულობ იმ ქალების შესახებ, რომელთაც ერთიანად ყველაფერის მიღწევა უნდათ და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ჰარმონიკას ეს პრობლემა არ აქვს", — ამბობს მონიკას მამა); მოგვიანებით სერიალში ჯოუი აღმოაჩენს, რომ მამამისი დედამისს ღალატობს, ჩენდლერი კი მეგობრებს გამოუტყდება, რომ მას მშობლებმა განქორწინების შესახებ მადლიერების დღის სადილზე განუცხადეს, როცა ის ჯერ კიდევ ცხრა წლის იყო.

სერიაში, როცა მადლიერების დღეს ერთად პირველად აღნიშნავენ, რა დროსაც ექვსივეს ცალ-ცალკე ჩაუფლავდება გეგმა და ბოლოს მონიკას ბინაში ყველის ტოსტთან ერთად მოუწევთ დღესასწაულის გატარება, ერთი რამ ნათელი ხდება: ოჯახი ქაოსური და არამყარია, მეგობრების იმედი კი ყოველთვის შეიძლება გქონდეს. "ეს დიდად არც არავის უნდოდა (მადლიერების დღის ერთად გატარება),“ — ამბობს ჯოუი. მიუხედავად ამისა, იმ დღის შემდეგ ისინი ყოველთვის ერთად გაატარებენ ამ დღესასწაულს.

მეგობრების სიუჟეტის ბევრი ელემენტი არარეალური იყო — თუნდაც ის, რომ უმუშევარი ზრდასრულები მანჰეტენზე, გრინვიჩ ვილიჯის უბანში, უზარმაზარ ბინებში ცხოვრობდნენ — თუმცა, მეგობრებისგან ალტერნატიული ოჯახის შექმნის იდეა იყო სწორედ ის, რამაც მაყურებელში გამოძახილი ჰპოვა. იმის გამო, რომ 80-იანების ამერიკაში განქორწინების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია, მათი უმეტესობა, ვინც 90-იან წლებში მიუკაკუნა ზრდასრულობას, დანგრეული ოჯახებიდან მოდიოდა და თავადაც ერიდებოდა ქორწინებას. ამის შედეგად ოჯახის შექმნის საშუალო ასაკი ყოველ წელს იზრდებოდა.

სრულწლოვანების მიღწევა

"მეგობრებს ფონად გასდევს მშობლებთან დაკავშირებული რთული ურთიერთობები, რაც ერთგვარად ასახავს სრულწლოვანების მიღწევის პროცესს და ეს ბუნებრივად იზიდავს მაყურებელს“, — ამბობს ნილ ეუენი, ვინჩესტერის უნივერსიტეტის მედიისა და კინოს სკოლის უფროსი ლექტორი. მისივე თქმით, "როცა ასაკი გემატებათ და ზრდასრულები ხდებით, მშობლებთან პრობლემები მეტად გექმნებათ, დახმარებისთვის კი მეგობრებს მიმართავთ. ეს უნივერსალური მოცემულობაა".

მეშვიდე სეზონის ფინალი მოულოდნელი აღმოჩენით დაგვირგვინდა.

ფოტო: Alamy

ოცდარამდენიღაცა წლის მეგობრები გახანგრძლივებულ მოზარდობაში ცხოვრობდნენ — ისინი უკვე საკმარისად დიდები იყვნენ თავიანთ ოჯახებთან საცხოვრებლად, თუმცა ზედმეტად ახალგაზრდები, რომ საკუთარი ოჯახები შეექმნათ. ამ ხარვეზს სწორედ მეგობრები ავსებდნენ, როგორც ეკრანზე, ისე — რეალურ ცხოვრებაში. ცუდი ურთიერთობების, ხანმოკლე რომანების, უხეირო კარიერული ნაბიჯების, ქორწილების, განქორწინებების, ბავშვების შეძენისა და აღმზრდელობითი შეცდომების მიუხედავად, მეგობრების ექვს პერსონაჟს ყოველთვის ჰქონდა ერთმანეთის იმედი. მართალია, ზოგჯერ რომელიმე წყვილის ურთიერთობა პლატონურიდან რომანტიკულში გადაიზრდებოდა ხოლმე და მერე ისევ უკან — პლატონურში (ვითომ, მართლა ისვენებდნენ ისინი ურთიერთობისგან?), მაგრამ მაინც.

მეგობრობა, როგორც ახალი ოჯახის იდეა, არ იყო ერთადერთი საშუალება, რომლითაც შოუ იმდროინდელი ოჯახური ცხოვრების ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. ათი სეზონის განმავლობაში სერიალის სიუჟეტმა მოგვითხრო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ერთისა და იმავე სქესის წყვილების ქორწინება, უშვილობა, ბავშვის აყვანა, სუროგაცია და მარტოხელა მშობლობა. თუმცა, სერიალი ყოველთვის საუკეთესო გზას როდი ირჩევდა აღნიშნულის საჩვენებლად და ბევრი რამ დაიწერა კიდეც გარკვეულ საკითხებზე, განსაკუთრებით კი შოუში ჩენდლერის ტრანსგენდერი მამის რეპრეზენტაციაზე. ცოტა ხნის წინ კაუფმანმა თქვა, რომ სიტკომის ტრანსფობიური ხუმრობები და ჰელენას პერსონაჟის სახე, რომელსაც კეტლინ ტერნერი ასრულებს, ის ასპექტია, რომლის შეცვლასაც ყველაზე მეტად ისურვებდა, დროში უკან დაბრუნება რომ შეეძლოს.

სერიალმა მოახერხა, ერთდროულად ყოფილიყო პროგრესული და რეგრესულიც. ყველასთვის ცნობილია, რომ რამდენიმე რასობრივად განსხვავებული წყვილის ისტორიის მიუხედავად, შოუს პერსონაჟებს იდენტობების მრავალფეროვნება აკლდა. სერიალში ძალიან ხშირად ჰომოსექსუალობას მხოლოდ იმიტომ ახსენებდნენ, რომ მაყურებელს გაეცინა, თუმცა მეგობრები მაინც პირველი ამერიკული სიტკომი იყო, სადაც ერთისა და იმავე სქესის წყვილების ქორწილი აჩვენეს და თანაც რეალურ ცხოვრებაში გეი უფლებათა აქტივისტის ქენდის გრინვიჩის მონაწილეობით.

ნორმატიულობის აგრესიულად გადმოცემის მიუხედავად, სერიალმა შეძლო, ამავე ნორმატიულობის სპექტრის გაფართოება.

საულ აუსტერლიცი

სერიალი პრობლემურ საკითხებზე ყურადღებას უტაქტოდ, მაგრამ მაინც ამახვილებს. "მეგობრები საინტერესოა იმით, რომ ის კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს განსხვავებული გზებით ეხმაურება, თუმცა ამ ყველაფერს მსუბუქი კომედიით ნიღბავს", — ამბობს ეუენი. მისივე თქმით, ამის საშუალებით "სერიალმა მსგავსი თემების განხილვა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახადა ხელმისაწვდომი".

როგორც ეუენი ამბობს, ამ სიტკომს არასდროს გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები, თუმცა არც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ იქნებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო. აუსტერლიცი კი ამტკიცებს, რომ სწორედ იმის გამო, მეგობრები პოზიციის დაფიქსირებისას ყოველთვის თავშეკავებული რომ იყო და ზედმეტად არასოდეს სცდებოდა ფარგლებს, თუნდაც მსგავსი რეპრეზენტაციები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. "ნორმატიულობის აგრესიულად გადმოცემის მიუხედავად, სერიალმა შეძლო, ამავე ნორმატიულობის სპექტრის გაფართოება იქამდე, რომ ლესბოსელი წყვილის ქორწილი მისი ნაწილი გამხდარიყო", — ამბობს მწერალი საულ აუსტერლიცი.

რეიჩელისა და როსის მერყევი ურთიერთობა სერიალში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ფოტო: Alamy

მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებმა ოჯახის, როგორც იდეის, საზღვრები გააფართოვა, ტრადიციულმა ღირებულებებმა მაინც გადაწონა ეს მცდელობები და საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც — 2004 წელს გამოსულ ფინალურ ეპიზოდში რეიჩელი საკუთარ კარიერას როსთან დაბრუნების და მათი შვილის ერთად აღზრდის სანაცვლოდ თმობს. მონიკასა და ჩენდლერს შვილები აჰყავთ, რომლებზეც ასე ოცნებობდნენ და საცხოვრებლად გარეუბანში გადადიან, ფიბი კი მაიკზე ქორწინდება. მხოლოდ ჯოუი რჩება მარტოხელა, რაც ამ შოუს ახალი სფინ-ოფ სერიალის გადაღების ხელსაყრელ მიზეზს უტოვებს, რომელიც ჯოუის შემდგომ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

მეგობრების ერთი ჯგუფის შეგნებულად დაშლის მიუხედავად, მოგვიანებით უფრო მეტი ახალი სამეგობრო შეიქმნა: როგორ შევხვდი დედაშენს, დიდი აფეთქების თეორია, ბედნიერი დასასრულები, ახალი გოგო... — უამრავი შოუ გამოჩნდა, რომლებსაც თითქოს მეგობრების ატმოსფერო ჰქონდა, მაგრამ იმავე წარმატების გამეორება ვერასდროს შეძლეს. დღესაც კი, სერიალის ფინალიდან 16 წლის შემდეგ, მან მილენიალებსა და თინეიჯერებში ახალი აუდიტორია შეიძინა, 2018 წლის მონაცემების მიხედვით კი, ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული სერიალი იყო.

ახალგაზრდა მაყურებლებისთვის შეიძლება რთული იყოს იმ სამყაროს წარმოდგენა, სადაც მეგობრები დროს ყოველდღე ერთად ატარებენ... უფრო კონკრეტულად, რეალურ ცხოვრებაში არიან ერთად. ეუენის აზრით, მეგობრები ჩვენს შფოთვებსა და ერთმანეთთან გაუცხოების შეგრძნებას ეხმიანება: "ის გვთავაზობს ისეთი ცხოვრების წარმოდგენას, სადაც მეგობრებთან ერთად შეგიძლია უბრალოდ საათობით იჯდე და არაფერზე იდარდო".

მეგობრებთან ერთად საათების გატარება ისე, რომ მობილურის გამო ყურადღება არავის გაეფანტოს, სანატრელი გახდა — მართალია, ეს აზრი ცოტათი დამთრგუნველია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მარადიულ ჭეშმარიტებას ასახავს მეგობრები: უმეტესობა ჩვენგანს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც მეგობრებთან ერთად ყოფნის გარდა სხვა არაფრის კეთება გვინდება.

2019 წელს Tribeca TV Festival-ზე მეგობრების 25-ე იუბილესთან დაკავშირებულ ჩვენებისას მარტა კაუფმანმა სერიალის გაგრძელება გამორიცხა: "ეს არის შოუ თქვენი ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ, როცა თქვენი ოჯახი თქვენი მეგობრები არიან და როდესაც თავად ქმნით ოჯახს, ეს უკვე ყველაფერს ცვლის.” თუმცა კაუფმანმა ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება იყვნენ ახლა პერსონაჟები: "საბოლოოდ, როსსა და რეიჩელს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ — მაგრამ [მათი შვილი] ემა ფსიქოლოგთან დადის". ვითომ ამის მიზეზი მშობლებთან აწეწილი ურთიერთობაა? იმედი ვიქონიოთ, რომ მას კარგი მეგობრები ჰყავს, რომლებიც გვერდში დაუდგებიან.