შიდსი ჩახუტებით არ გადადის, არც კოცნით და არც ხელის ჩამორთმევით — ეს მარტივი ჭეშმარიტება თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ დღემდე, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გარიყულია იმის გამო, რომ აივ დადებითია.

სტიგმა

თანასწორობის მოძრაობა ერთ-ერთია იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომელიც საკუთარ ბენეფიციარებს (ლგბტქ თემს) აივ ინფექციის პრევენციის მიზნით უფასო და ანონიმურ, სწრაფ ტესტებს სთავაზობს. ორგანიზაციის ბენეფიცირებისთვის ხელმისაწვდომია უფასო ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურებაც.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით, რათა ლგბტ თემში გაიზარდოს ინფორმირებულობა აივ/შიდსზე.

On.ge თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელ დირექტორს, დავით კახაბერს აივ/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სახელმწფო სერვისებზე ესაუბრა. კახაბერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა აივ ინფექცია/შიდსზე წლებთან ერთად უფრო და უფრო იზრდება, სტიგმა ჯერ კიდევ არსებობს.

ფოტო: დავით კახაბერის ფეისბუქ გვერდიდი

"უკვე იმ ეპოქაში ვართ, რომ არათუ ხელის ჩამორთმევით და კოცნით, არამედ სექსითაც არ გადადის აივ ინფექცია. საქართველოში გვაქვს უფასო პროგრამა, რომელიც, პრაქტიკულად, დამატებით თავდაცვით საშუალებას სთავაზობს ადამიანს იმისთვის, რომ არ ინფიცირდეს. არიან წყვილები, სადაც ერთი პარტნიორი შეიძლება აივ დადებითი იყოს, მერე — უარყოფითი და არანაირი პრობლემა არ იქმნება", — ამბობს დავით კახაბერი.

იგი საუბრობს თვითსტიგმაზეც, რომელიც აივ დადებით ადამიანებს აქვთ.

"ადამიანები არ ამჟღავნებენ თავის აივ სტატუსს, რაც ბუნებრივიცაა, იმ გარემოდან გამომდინარე, რომელშიც ვცხოვრობთ. როცა საზოგადოება გეუბნება, რომ ავადმყოფი ხარ, რაღაც მომენტში, შეიძლება, შენც დაიჯერო ეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ზოგადად, მედიცინა ამბობს, რომ აივ-ი არის ქრონიკული, მართვადი დაავადება. ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი", — ამბობს კახაბერი.

არაინფორმირებულობა

სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მიაჩნია სტიგმის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად თანადგომას სოციალურ მუშაკს, ალექსანდრე ღვინიაშვილს. ორგანიზაციას, რომელსაც ღვინიაშვილი წარმოადგენს აივ/შიდსის პრევენციის მიმართულებით არაერთი პროექტი განუხრციელებია და საკუთარ ბენეფიციარებს სთავზობს როგორც უფასო ტესტირებას, ისე აივ-ის პრევენციისთვის საჭირო სხვა საშუალებებს, კონსულტირებასა და ფსიქოლოგის მომსახურებას.

ფოტო: თანასწორობის მოძრაობა

ღვინიაშვილის შეფასებით, თავდაპირველად აივ/შიდსზე სტიგმა გაჩნდა იმის გამო, რომ ამ დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან საზოგადოებაში ისედაც მარგნალური ჯგუფები (სექსმუშაკი ქალები, ინექციური ნარკომომხმარებელები და MSM ჯგუფი).

"თავიდან აივ/შიდსი მხოლოდ ჰომოსექსუალური ქცევის მქონდე ადამინების დაავადებად ითვლებოდა. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ყველა ადამიანს, ამ კუთხთ სტიგმა შედარებით შემცირდა", — ამბობს ღვინიაშვილი.

სოციალური მუშაკის აზრით, იმ სტერეოტიპის გაჩენის მიზეზი, რომ აივ/შიდსი მხოლოდ კონკრეტული სოციალური ჯგუფების დაავადებაა, შესაძლოა ისიც იყოს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პრევენციული სერვისები მხოლოდ ამ ჯგუფებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

"გარკვეული აივ სერვსები, მაგალითად, ტესტირება, ასე ფართოდ ხელმისაწვდომი თავიდან უფრო იყო ინექციური ნარკომომხარებლებისთვის. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტად გაჩნდა საყოველთაო, უფასო სერვისები ქვეყანაში, ინექციური ნარკომომხმარებლების მონაცემები და მაგალითად, ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს გადაცემის რისკები თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს", — ამბობს ღვინიაშვილი.

მართლაც, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებული აივ-ის შემთხვევების 49,2% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგადაა გადაცემული. შემთხვევების 36,3% ინექციურ ნარკომანიას უკავშირდება, ჰომოსექსუალური გზით კი მხოლოდ 12,2%-ია გადაცემული.

ფოტო: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

გლობალური ფონდი

2002 წელს, გაეროს ბაზაზე შეიქმნა გლობალური ფონდი, რომლის მიზანი მსოფლიოში შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლაა. 2003 წლიდან დღემდე, სწორედ ამ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება აივ/შიდსთან ბრძოლის პოლიტიკა საქართველოშიც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სწორედ გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაინერგა ქვეყანაში აივ/შიდსის პრევენციის მეთოდები, გაძლიერდა მკურნალობის მეთოდები, გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისები და ა.შ.

გლობალური ფონდი, მსოფლიო ბანკთან ერთად, მუდმივად აფასებს ქვეყნების ეკონომიკურ თუ სხვა სახის შესაძლებლობებს აღნიშნულ ინფექციებთან საბრძოლველად. თუ ქვეყანას შეუძლია თავად აიღოს პასუხისმგებლობა ამ ინფექციების მართვაზე, ფონდი თანდათან ამცირებს დაფინანსებას და საბოლოოდ, სრულად წყვეტს, რათა რესურსი სხვა, უფრო მეტი საჭიროების მქონე ქვეყნებში ჩადოს.

NCDC-ს გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერის, ქეთევან სტვილიას ინფორმაციით, 2015 წლიდან საქართველო გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ხუთი წელია ქვეყანა ცდილობს თანდათან გადაიბაროს ის პროგრამები, რომლებიც იქამდე გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/ასოციაცია ჰერა XXI

"გარდამავალი პერიოდი დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო პირველი რიგის ანტირეტროვირუსული მედიკამნტების დაფინანსება. ეს პროცესი ატარებს ეტაპობრივ ხასიათს, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს პროგრამების გადაბარება [...] 2017 წლიდან პროცენტულად მზარდია მეორე რიგის დაფინანსება. ამავე წელს, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა სრულად გადაიბარა სახელმწიფომ; 2019 წლიდან მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადავიბარეთ. ასევე, 2019 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ პილოტური პროგრამა, ზიანის შემცირების შპრიცისა და ნემსის პროგრამის ნაწილი, სადაც სახელმწიფომ გადაიბარა აივ ინფექცია/შიდსის ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების კომპონენტი", — ამბობს On.ge-სთან საუბარში სტვილია.

ქეთევან სტვილიას ინფორმაციით, მხოლოდ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი პროგრამებისთვის გლობალურმა ფონდმა საქართველოსთვის 15,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო და დაახლოებით ამდენივე გამოიყოფა 2023-2025 წლებშიც.

შიდსი და კორონავირუსი

დავით კახაბერი ვარაუდობს, რომ კოვიდპანდემიის გამო გადაბარების პროცესი, შესაძლოა, შეფერხდეს.

"კოვიდმა დიდწილად დააზარალა სახელმწიფო ეკონომიკა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ვეღარ მოახერხოს სხვა რაღაცებზე თანხების გამოყოფა. [...] რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსის, ბევრი კვლევა ჩატარდა და ჯერჯერობით არც ერთი არ ამბობს იმას, რომ აივ-ი არის დამატებითი პრობლემა კოვიდინფიცირების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საუბარია იმ აივ დადებით ადამიანებზე, ვინც მკურნალობს და ვისი იმუნური სისტემაც ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაშია", — განმარტავს კახაბერი.

კოვიდპანდემიის გამო შექმნილ გარკვეულ პრობლემებზე საუბრობს NCDC-ის წარმომადგენელიც. ქეთევან სტვილიას თქმით, მკურნალობის პროგრამებს შეფერხება, ფაქტობრივად, არ ჰქონია, თუმცა, გართულდა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

"მაქსიმალურად იქნა ჩართული რესურსები, მათ შორის, მობილური ბრიგადები, ბინაზე პაციენტისთვის წამლის მიტანა, ბინაზე სისხლის ნიმუშის აღება, რომ მოხდეს მკურნალობის მონიტორინგი [...] რაც შეეხება პრევენციის პროგრამებს, აქ იყო შეფერხება "ლოქდაუნის" პერიოდში, როდესაც გადაადგილებაც იყო შეზღუდული. ამ დროს გაჭირდა მაღალი რისკის პირების მოძიება და მათთვის სერვისების მიწოდება", — ამბობს სტვილია.

მისი თქმით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად, შეიქმნა თვითტესტირების პლატფორმა — მაღალი რისკის მქონე ჯგუუფებს შეუძლია გამოიწერონ ტესტები და დამოუკიდებლად გადაიმოწმონ საკუთარი აივ-სტატუსი.

ქეთევან სტვილია ამბობს, რომ კლინიკურად დადასტურებული აივ-ის თითოეული შემთხვევის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, 2015 წლიდან საქართველო შეუერთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ სტრატეგიას, რომლის მიხედვით, აივ-ის მკურნალობას ორმაგი სარგებელი აქვს.

"როცა პაციენტი გადადის მკურნალობაზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. გარდა ამისა, ამას აქვს პრევენციული ეფექტი ზოგადად, მოსახლებისთვის, იმიტომ, რომ მკურნალობაზე მყოფი ადამიანი არ არის გადამდები სხვებისთვის", — ამბობს სტვილია.

ფოტო: თანასწორობის მოძრაობა

უარი მკურნალობაზე

მკურნალობს თუ არა ყველა ადამიანი, ვისაც აივ/შიდსი კლინიკურად აქვს დადასტურებული? სტვილიას ინფორმაციით, სახელმწიფო ყველა ოფიციალურად დადასტურებულ აივ დადებით ადამიანს სთავაზობს მკურნალობის პროგრამაში ჩართვას, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, მათი დაახლოებით 20% უარს ამბობს მკურნალობაზე.

ალექსანდრე ღვინიაშვილი, რომელსაც უშუალოდ მუშაობს აივ დადებით ადამიანებთან, საუბრობს იმ მიზეზებზე, რატომ შეიძლება ამბობდნენ ისინი უარს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ სამკურნალო პროგრამაზე.

"ადრე ერთდროულად რამდენიმე აბის დალევა შეიძლება ყოფილიყო საჭირო, ასევე, საჭირო იყო ხოლმე, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაელიათ. ეს გარკვეულ პრობლემებს, ალბათ, ქმნიდა. თუმცა, დღესდღეობით აივ დადებით ადამიანებს უწევთ დღეში მხოლოდ ერთი მედიკამენტის მიღება.

ასევე, ჩემი გამოცდილებით, პრობლემაა ის, რომ გარკვეული მედიკამენტები შეიძლება ადამიანზე ახდენდეს უკუჩვენებას. ხშირად, ამ უკუჩვენების გამო ადამიანები უარს ამბობდნენ მკურნალობაზე. ამ შემთხვევაშიც, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია შეცვალოს მედიკამენტი, რისი საშუალებაც ქეყანაში არსებობს და ისევ უფასოდ მიიღოს, უბრალოდ სხვა ჯგუფის მედიკამენტი. შესაძლოა, ეს უკუჩვენებები გაგრძელდეს გარკვეული დრო და მერე გავიდეს, მაგრამ, არის ხოლმე ესეც დამაბრკოლებელი — ადამიანებს ცოტა უჭირთ ამ დროის დაყოვნება", — ამბობს თანადგომის სოციალური მუშაკი.

გამოწვევები

ქეთევან სტვილია გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან კატეგორიებად ყოფს. მისი თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა აივ/შიდსის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის.

"კორონავირუსის გამო, დღის წერისგში დადგა ისეთი გამოწვევები, რომლებიც აქამდე ჩვენს ბენეფიციარებში ნაკლებად იყო დაფიქსირებული, მათ შორის, სოციალური მხარე. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში საცხოვრისის პრობლემა დაუდგა ზოგს, ზოგს საკვების, ჰიგიენური საშუალებების. ახლა მიმდინარეობს მათი საჭიროებების კვლევა და ამის საფუძველზე ვაპირებთ შესაბამისი სერვისების მიწოდებას", — ამბობს ის.

სტვილიას ინფორმაციით, სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო, გლობალურმა ფონდმა წელს დამატებით 1 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის.

სამომავლო გამოწვევად სტვილიას სახელმწიფოს მიერ გლობალური ფონდის პროგრამების გადაბარება მიაჩნია. მისი თქმით, გამოწვევები არსებობს როგორც ფინანსური და სისტემური, ასევე ეპიდვითარების კუთხით.

"მომავალი წლის პირველი ექვსი თვე მაინც უნდა დავუთმოთ იმას, რომ პროგრამები, რომლებიც ეტაპობრვად გადადის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში, შესაბამისად იყო მორგებული რეგულაციებს. არის გარკვეული პროგნოზული სირთულეები, მედიკამენტების ან პრევენციის საშუალებების მხრივ. თვითონ მიმწოდებლები გვეუნებიან, რომ ხედავენ გარკვეულ რისკებს — მოგეხსენებათ მსოფლიოში წარმოებაც შემცირებულია როგორც მედიკამენტების, ისე პრვეენციის საშუალებელების. გართულებულია ტრანსპორტირებაც, მაგრამ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, წინასწარ ვიჭერთ თადარიგს, რომ ასეთი სირთულეები სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ", — აცხადებს ქეთევან სტვილია.

დავით კახაბერის თქმით, მთავარი გამოწვევა რისკ-ჯგუფებთან კომუნიკაცია და პრევენციაა.

"მთავარ გამოწვევად რჩება ისევ პრევენცია. ეს დაავადება კონცენტრირებულია კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებში, კონრეტულ თემებში და ამ თემთან მუშაობა არის საკმაოდ რთული. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა, პირადი მონაცემების დაფიქსირება და ა.შ. იდეალურ ვარიანტში, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან მუშაობა იმისთვის, რომ არ დაკარგოს კავშირი, რომელიც ძალიან დიდი შრომის ფასად შევძელით და დავამყარეთ თემთან, ჩვენც და სხვა ორგანიზაციებმაც", — ამბობს კახაბერი.

მისი აზრით, აივ/შიდსთან ბრძოლის წარმატების საწინდარი სწორედ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობაა.

"ამ ეტაპზე იწყება შიდსის მკურნალობის პაკეტის გადახედვა და იქ ჩართულები ვართ. ასევე, არასამთავრობო სექტორი ჩართულია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, სადაც იქმნება შიდსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია. ჯერჯერობით, ეს კომუნიკაცია არსებობს ჩვენსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. იმედი მაქვს, რომ ეს შრომა წყალში არ ჩაიყრება და კომუნიკაცია შენარჩუნდება მომავალშიც", — განაცხადა მან.

სტიგმასთან ერთად, მთავარ გამოწვევად ტესტირებაზე დამყოლობას ასახელებს ალექსანდრე ღვინიაშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გარკვეულ პერიოდში ერთხელ გადავიმოწმოთ აივ სტატუსი.

"ზუსტად ამ სტიგმის გამო, ხშირად იკავებენ თავს ტესტის გაკეთებისგან. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ სჭირდებათ ტესტირება აივზე იმისთვის, რომ იცოდნენ საკუთარი აივ სტატუსი. განსაკუთარებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სარისკო ქცევა", — ამბობს ღვინიაშვილი.

ინფექციის დროული გამოვლენის მნიშვნელობას ხაზს უსვამს დავით კახაბერიც. მისი თქმით, რაც უფრო მალე გაიგებს ადამიანი დიაგნოზს, მით უფრო ნაკლებად იქნება მისი იმუნური სისტემა დაზიანებული.

"რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მიაკვლევს ადამიანი თავის დიაგნოზს, მით უფრო მარტივი იქნება ექიმებისთვის, რომ მოაგვარონ ეს პრობლემა. რეკომენდაციაა, რომ ექვს თვეში ერთხელ ადამიანმა შეიმოწმოს თავისი აივ სტატუსი", — აცხადებს დავით კახაბერი.

ქეთევან სტვილიას თქმით, ტესტირებასა და ზოგჯერ მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი საზოგადოებაში დამკვირდებყული სტიგმა, ჰომოფობია და დისკრიმინაციული განწყობებია. იგი მოუწოდებს მაღალი რისკის ჯგუფში მყოფებს, ისარგებლონ უფასო სახელმწიფო სერვისებით და ჰპირდება, რომ მათი კონფიდენციალობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

"თუ გვინდა, რომ შიდსის ეპიდემია დასრულდეს ქვეყანაში, როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ადამიანებს, რომლბიც თავს იკავებენ ტესტირებისაგან, ან იციან სკრინინგული ტესტის პასუხი, არ შეეშინიდეთ სამედიცინო დაწესებულებებამდე მისვლის", — აცხადებს ქეთევან სტვილია.

ფოტო: თანასწორობის მოძრაობა

აივ-ის გავრცელების სამი გზა არსებობს — სქესობრივი კონტაქტი, სისხლისმიერი (შესაძლოა გავრცელდეს საზიარო ნემსის, შპრიცის, არასტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტების, ტატუირების და ა.შ. გზით) და ე.წ. ვერტიკალური გზა, რაც გულისხმობს ინფექციის დედიდან შვილზე გადაცემას მუცლადყოფნის პეიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აივ-ით დაავადების რისკის ქვეშ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. პრევენციისთვის კი საჭიროა დაცული სქესობრივი კავშირი და სტერილური სამედიცინო თუ სხვა სახის ხელსაწყოების გამოყენება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი დეკემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებული იყო აივ-ით ინფიცირების 8 598 შემთხვევა, ამათგან 496 უშუალოდ 2020 წელს გამოვლინდა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. დადასტურებული შემთხვევებიდან აივ ინფექცია შიდსში გადაეზარდა 4 441 პაციენტს, ხოლო გარდაიცვალა 1 781.

ჯანმოს სტატისტიკით, აივ/შიდსის მატარებელმა ყოველმა მეხუთე ადამინმა, სამწუხაროდ, არ იცის საკუთარი სტატუსის შესახებ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი აივ დადებითი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს.

გაიგეთ მეტი: