აივ/შიდსი სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს - მნიშვნელოვანი ფაქტები ვირუსის შესახებ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

1 დეკემბერს მთელ მსოფლიოში აივ/შიდსთან ბრძოლის დღეს აღინიშნება. აღნიშნული დღე 1988 წლის შემდეგ აღინიშნება და მისი მიზანი აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ამ დღის აღნიშვნა პირველად 1988 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი, წლების განმავლობაში, 1 დეკემბრის აღნიშვნაში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო. მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მედია ამ დღეს იყენებენ სხვადასხვა აქციისა და ღონისძიების ჩასატარებლად, რათა ამაღლდეს ცნობიერება ვირუსის შესახებ, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა წლების განმავლობაში და ჯერჯერობით, მისგან სრულად განკურნება ვერ ხდება. თუმცა, მკურნალობის შემთხვევაში, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეს წლების წინ იყო, თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით.

რა არის აივ?

აივ არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ეს არის ვირუსი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და რომლის ეპიდემიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსმა აშშ-ში აფრიკიდან შეაღწია მაშინ, როცა მისი არსებობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ. კერძოდ, აფრიკიდან აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აქტიურად ხდებოდა სისხლის იმპორტი სამედიცინო მიზნებისთვის და შესაძლოა, მათი ნაწილი სწორედ აივ-ის მატარებელი იყო.

როგორ მოქმედებს აივ?

ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში იწყებს "გააქტიურებას", რა დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს გაციების მსგავსი სიმპტომები - ცხელება, სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და სხვ. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი აღმოჩენა ანალიზის საშუალებით შეუძლებელია და ამას ჰქვია ე.წ. ფანჯრის პერიოდი. როდესაც პირველი სიმპტომები ჩნდება, ექიმთა ნაწილი, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული აივ ინფექციის მოქმედების სპეციფიკაში, გამოვლენილ სიმპტომებს ამსგავსებს ინფექციურ მონონუკლეოზს. აღნიშნული სიმპტომები 2-3 კვირაში დღეში ქრება. ეს სიმპტომები არის პირველადი რეაქცია ორგანიზმში აივ ინფექციის შეჭრაზე და ის, შეიძლება, განსხვავებული იყოს და სიმპტომების გარეშეც წარიმართოს. შესაბამისად, ადამიანთა დიდი ნაწილი ვერც კი მიხვდება, რომ დაინფიცირდა. აივ ინფექციის პირველადი სიმპტომებიც ხშირად ერევათ მსუბუქ გაციებაში და ყურადღებას არ აქცევენ.

აივ ინფექცია ორგანიზმში როცა იჭრება, მისი მთავარი სამიზნე ხდება სისხლის CD4+ უჯრედები, რომლებსაც მარტივად "იმუნიტეტის უჯრედებს" ეძახიან. აივ აზიანებს CD4+ უჯრედებს, სახლდება მათში და იწყებს გამრავლებას, რაც დროთა განმავლობაში ამ უჯრედების კვდომას იწვევს. აღნიშნული უჯრედების კვდომა კი შესაბამისად ნიშნავს ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტებას.

ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის სისხლში CD4+ უჯრედების რაოდენობა არის 600-დან 1200 ერთეულამდე მმ3-ში. როდესაც დაინფიცრების შემდეგ CD4+ ლიმფოციტები კვდება, წლების განმავლობაში სისხლში პირდაპირპროპორციულად იზრდება ვირუსის უჯრედების რაოდენობა და ის მილიონებს აღწევს. როდესაც დაინფიცირების შემდეგ სისხლში CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა 500-ს ჩამოცდება, ამ დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება, რათა ვირუსის რაოდენობა შემცირდეს, იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობა კი აღდგეს.

რა არის შიდსი?

შიდსი არის იგივე შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. აივ ვირუსით დაინფიცირება იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შიდსი. შიდსი აღნიშნავს აივ-ით დაინფიცირების შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აივ ინფექცია იწვევს ორგანიზმში ე.წ. იმუნიტეტის უჯრედების კვდომას. პროცესი რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ინფიცირებიდან დაახლოებით 5-7 წლის შემდეგ (ეს პერიოდი დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე), CD4+ უჯრედების რაოდენობა მმ3 სისხლში ჩამოდის 200-ზე დაბლა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებულია და შესაძლოა, ნებისმიერი დაავადება მარტივად განვითარდეს, მათ შორის სიმსივნეები. როდესაც იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად ჩნდება მსგავსი დაავადებები, სწორედ ამ მდგომარეობას ეძახიან შიდსს. შესაბამისად, არასწორია თავიდანვე იმის თქმა, რომ ვისაც აივ ინფექცია აქვს, მას აქვს შიდსი. შიდსი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა, რომელიც იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ადამიანმა თავისი დიაგნოზი არ იცის და არ მკურნალობს.

შიდსის დიაგნოზის დასმა სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. შესაძლოა, აივ/შიდსის აღმოჩენისას, ადამიანის იმუნური სისტემა იმდენად იყოს დასუსტებული, რომ დაუსვან შიდსის კლინიკური დიაგნოზი (მაგალითდ, CD4+ უჯრედების მოცულობა თუ 200-ზე დაბალია). თუმცა, ხშირად, ასეთ სიტუაციაში, სხვა, თანმდევი დაავადებები განვითარებული არ არის. თუ შიდსის დიაგნოზის დასმისას პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, მისი იმუნური სისტემა ჯანსაღდება, ე.წ. იმუნური უჯრედების რაოდენობა იზრდება, სისხლში კი ვირუსის ოდენობა მცირდება. გარკვეული პერიოდის მერე სისხლში ვირუსი ნულის ნიშნულზე ჩამოდის, იმუნიტეტი კი ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ნორმას უბრუნდება და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, სხვა, არაინფიცირებული ადამიანების მსგავსია. თუმცა, შიდსის კლინიკური დიაგნოზი, რომელიც თავიდანვე დაესვა ადამიანს, არ იცვლება - ასეთია თანამედროვე სამედიცინო მიდგომა. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება - ცხოვრების ჯანსაღი წესი და აივ/შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების სიცოცხლის ბოლომდე მიღებაა (ჯერჯერობით, სანამ მედიცინა ამ ვირუსისგან განკურნებას შეძლებს). ამგვარად, სწორად მართვის შემთხვევაში, აივ/შიდსი იქცევა ქრონიკულ მართვად დაავდებას, ადამიანები კი ამ დიაგნოზით ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას.

როგორ ხდება აივ/შიდსის მკურნალობა?

აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, თუმცა, შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება, მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ/შიდსი გადაიქცა მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად, ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ის არ აზიანებს მას. მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუ მათი სიკვდილის მიზეზი რომელიმე სხვა დაავადება, ან უბედური შემთხვევა არ გახდა.

რაც უფრო ადრე იქნება დასმული აივ/შიდსის დიაგნოზი, მით უფრო მარტივად და ეფექტიანად მოხდება მასთან გამკლავება. დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მკურნალობა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს, დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში 1, 2, ან 3 აბის მიღებას, რომელსაც თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.

მედიკამენტი კლავს აივ-ის უჯრედებს, შესაბამისად, მცირდება მათი რაოდენობა. მათი მოსპობის პარალელურად გამრავლებას იწყებენ CD4+ უჯრედები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას ნიშნავს. თუ ადამიანი იცავს ექიმის რეკომენდაციებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანის სისხლში ვირუსის რაოდენობა 0-ს უტოლდება, იმუნური უჯრედების რაოდენობა კი უბრუნდება ჯანმრთელ მდგომარეობას (600-დან 1200-მდე ერთეული მმ3 სისხლში).

სისხლში ვირუსის ნულამდე შემცირება ნიშნავს თუ არა განკურნებას?

მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსი როცა ჩამოსცდება 40-ს, ეს ნიშნავს, რომ ის არის "შეუმჩნეველი" (undetectable). მისი რაოდენობა შესაძლოა ნულსაც კი გაუტლოდეს. ამ დროს სისხლში, სპერმაში, საშვილოსნოსა და საშოს სეკრეტში აივ-ის უჯრედები არ ფიქსირდება. თუმცა, ის რჩება ადამიანის ძვლის ტვინში. ასეთ მდგომარეობაში დაუცველი სექსუალური კავშირის დროს, აივ დადებითი პირიდან პარტნიორზე ვირუსის გადაცემის რისკი, თეორიულად, მხოლოდ 4 პროცენტია. ამ დროს ექიმი პაციენტსა და მის პარტნიორს რთავს ნებას, ბუნებრივი გზით იყოლიონ შვილი, თუმცა, აფრთხილებს ვირუსის გადაცემის 4 პროცენტიანი რისკის შესახებ. საქართველოს შიდსის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, მათ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთ დროს ინფიცირებული პირიდან მის პარტნიორს ვირუსი გადაეცა. შიდსის ცენტრს აქვს შემთხვევები, როცა პირი დაორსულდა აივ დადებითი პარტნიორისგან, რომლის სისხლში ვირუსის რაოდენობა 0 იყო, თუმცა, არც მას და არც ბავშვს, აივ ინფექცია არ გადასცემია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აივ ინფიცირებული პარტნიორთან მუდმივად დაუცველი სექსით დაკავდეს. უმთავრესი რეკომენდაცია აივ დადებითი პირებისთვის არის ის, რომ მათმა სექსუალურმა პარტნიორმა აუცილებლად უნდა იცოდეს მათი აივ სტატუსის შესახებ და აუცილებელია სექსი პრეზერვატივის გამოყენებით. თუ პირმა სექსუალურ პარტნიორთან დამალა, რომ ის აივ-ის მატარებელია და ის დააინფიცირა, ეს არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

თუ სისხლში აივ-ის უჯრედები ნულამდე შემცირდა, უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა?

სისხლში ვირუსი როდესაც მიაღწევს ე.წ. პასიურ მდგომარეობას და გაუტოლდება 0-ს, მკურნალობა არ უნდა შეწყდეს. თუ მკურნალობა შეწყდება და პაციენტი არ დალევს ექიმის მიერ დანიშნულ წამალს, ვირუსი ძვლის ტვინიდან გაძლიერებულად იწყებს გამრავლებას და ხდება მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული, რაც შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს. სწორედ ამიტომ, აივ ინფიცირებულთათვის მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების შესრულება - ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და წამლის განსაზღვრულ დროს მიღება.

რა ღირს აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. თუ მას აღმოაჩნდა აივ ინფექცია, მას ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებსა, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.

როგორ გადაეცემა აივ/შიდსი?

აივ/შიდსის გადაცემის მხოლოდ სამი გზა არსებობს:

  1. დაუცველი სექსუალური კავშირი;
  2. სისხლით (არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოები, ნემსი, ინფიცირებული სისხლის გადასხმა);
  3. ვერტიკალური - ინფიცირებული დედიდან შვილზე;

აივ/შიდსი არ გადადის საერთო აბაზანა-ტუალეტისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის გამოყენებით, ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, დაცული სექსით, ჰაერ-წვეთოვანი გზით.

როგორია სტატისტიკა?

2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 1989 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია 6 065 აივ დადებითი პირი, მათგან 4 508 მამაკაცია, 1 557 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3 399 პაციენტს, 1 201 გარდაიცვალა.

2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა. მკურნალობაზეა 3 550 (მათ შორის აფხაზეთში - 401) პაციენტი.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში აივ/შიდსის მატარებელია 36,7 მილიონი ადამიანი. ვირუსის აღმოჩენიდან დღემდე დაახლოებით ამდენივე ადამიანია დაღუპული ამ მიზეზით.

თუ აივ/შიდსი სასიკვდილო დიაგნოზს არ ნიშნავს, სიკვდილიანობის სტატისტიკა რატომ არის მაღალი?

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის აღმოჩენიდან დღემდე, იმ პირთა დაახლოებით ნახევარი, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, დაიღუპა, აივ/შიდსი სასიკვდილო დიაგნოზს არ ნიშნავს და ამას მოწმობს ბოლო წლების სტატისტიკა, კვლევები და პრაქტიკული მაგალითებიც.

ოფიციალური სტატისტიკით, ყოველწლიურად სტაბილურად მცირდება აივ/შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ამ მაჩვენებლის პიკი აღინიშნა 2005 წელს, როდესაც გარდაიცვალა 2 მილიონი ადამიანი. 2015 წელს ეს რიცხვი 45 პროცენტით შემცირდა 1,1 მილიონამდე. ეს განაპირობა ანტირეტროვირუსული თერაპიის, მოვლისა და მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებამ, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ანტირეტროვირუსული თერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწყო შემცირება. აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში სიკვდილიანობის რიცხვი სტაბილურია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერ კიდევ 10, ან 20 წლის წინ, აივ/შიდსით დაინფიცირება მოსალოდნელ სიკვდილს ნიშნავდა, რადგან არ არსებობდა მედიკამენტები, რომლებიც უზრუნველყოფდა სისხლში აივ ვირუსის განულებას, ხოლო სამკურნალო პრეპარატები ათასობით დოლარი ღირდა, რისი ყიდვის საშუალებაც, აივ ინფიცირებულებს არ ჰქონდათ. ამჟამად აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატების ხარისხი და ხელმისაწვდომობა რადიკალურადაა გაუმჯობესებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოსა და კიდევ არაერთ ქვეყანაში, მკურნალობა უფასოა. ეს კი რა თქმა უნდა ამცირებს გამოწვეულ ზიანს.

შიდსით სიკვდილიანობა, ძირითადად, გამოწვეულია დაგვიანებული დიაგნოსტირებითა და მკურნალობით.

როდის და რატომ უნდა გავიკეთოთ აივ/შიდსის ანალიზი?

რაც უფრო ადრე გაიგებთ, რომ თქვენ ხართ აივ/ინფიცირებული, მით უფრო მარტივად შეძლებთ ვირუსთან გამკლავებასა და სრულფასოვან, ჯანსაღ ცხოვრებას. იმის გამო, რომ შიდსის სიმპტომები აივ-ით დაინფიცირებიდან მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ ვითარდება, ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ის ვირუსის მატარებელია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მან ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსით დააინფიციროს სხვა ადამიანი. იმისათვის, რომ დროულად, ჯანმრთელობის სერიოზულად დაზიანებამდე აღმოაჩინოთ ეს ვირუსი და გაუმკლავდეთ, საჭიროა გაიკეთოთ მარტივი, უფასო ანალიზი და დაიცვათ როგორც საკუთარი, ისე თქვენი სექსუალური პარტნიორისა და მომავალი შვილის ჯანმრთელობა. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა წყვილები ორსულობის შემდეგ იგებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი აივ ინფიცირებული ყოფილა, რის გამოც ვირუსი გადაედო როგორც მეორეს, ისე ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ბავშვს. თუ თქვენ წინასწარ გეცოდინებათ თქვენი აივ/სტატუსი, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მკურნალობის შედეგად გააჩინოთ ბავშვი, რომელიც არ იქნება ინფიცირებული, თუნდაც დედა იყოს აივ დადებითი.

აივ-ზე ტესტირება უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ:

  1. ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სექსი;
  2. გაქვთ ტატუირება, ან პირსინგი;
  3. ეჭვი შეგიტანიათ სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაში (მაგალითად, სტომატოლოგთან, ან სილამაზის სალონში ვიზიტისას);
  4. დასჭირვებიათ სისხლის დონაცია;
  5. თუ თქვენი პარტნიორი არის აივ დადებითი;

არის შემთხვევები, როცა წყვილები ერთმანეთს ენდობიან და აქვთ სექსი პრეზერვატივის გარეშე. დაუცველ სექსამდე აუცილებლად დაუსვით კითხვა თქვენს პარტნიორს, ბოლო პერიოდში გაკეთებული აქვს თუ არა აივ ტესტირება, რადგან მხოლოდ სიტყვები, რომ ის "სუფთაა", არაფერს არ ნიშნავს. შესაძლოა, მან თავადაც არ იცოდეს, რომ აივ-ის მატარებელია. ისევე როგორც შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ, დაინფიცირებული ხართ თუ არა აივ-ით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ წყვილი გადაწყვეტს ჰქონდეთ დაუცველი სექსი, გაიკეთონ ტესტირება აივ ინფექციასა და სხვა სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე, ან აირჩიონ სექსი პრეზერვატივით.

შეიძლება თუ არა მეც დავინფიცირდე აივ/შიდსით?

არსებობს ძალიან ბევრი სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება აივ/შიდსისა და ამ ვირუსის მატარებელი პირების მიმართ, რის გამოც მათი უმრავლესობა არჩევს, არ გაამხილოს თავისი დიაგნოზი.

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, აივ/შიდსი მხოლოდ ჰომოსექსუალებსა და ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს ემართებათ და თუ პირი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მიიჩნევს, რომ მისი დაინფიცირების რისკი არ არსებობს. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ არსებობს აივ/შიდსის გადაცემის არაერთი გზა და მათ შორის დაუცველი ჰომოსექსუალური სექსითა და ნარკოტიკის ინექციურად მიღების (ე.წ. შპრიცის გაცვლა) გზით ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი სულ უფრო იკლებს, ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის პრეცედენტები კი იზრდება. მაგალითად, საქართველოს შიდსის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული 44,7 პროცენტის შემთხვევაში, პირი აივ/შიდსით დაინფიცირდა სხვისი შპრიცის გამოყენების შედეგად, ხოლო 43,6 პროცენტი - დაუცველი ჰეტეროსექსუალური კავშირის.

დაუცველი ჰომოსექსუალური კავშირი, აივ/შიდსის გადაცემის მიზეზი მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევების 8,8 პროცენტში იყო. 1,6 პროცენტის შემთხვევაში ვირუსი დედიდან გადაეცა შვილს, 0,5 პროცენტი მოდის სისხლის გადასხმაზე, ხოლო 0,8 პროცენტის მიზეზი დაუდგენელია.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით საქართველოში.

ფოტო: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

სად შემიძლია აივ/შიდსზე ტესტირება?

კერძო კლინიკების გარდა, აივ/შიდსზე ტესტირება შესაძლებელია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში (ანალიზები, კონსულტაცია და მკურნალობა უფასოა), რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16.

შიდსის ცენტრს აქვს ფილიალები საქართველოს რეგიონებშიც, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.

მასალა მომზადებულია საქართველოს შიდსის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასალებზე დაყრდნობით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად,…