ამაზონის დამაარსებელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა კაცმა, ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ 16 ორგანიზაციას, რომელიც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ იბრძვის, 791 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს ჯგუფები გარემოს დაცვისთვის მუშაობენ და კლიმატის ცვლილების საფრთხეზე ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ. ამ ჯგუფებში შედიან მეცნიერები, აქტივისტები არასამთავრობოები და ა.შ.

ბეზოსმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის ჯამში 10 მილიარდ დოლარს გამოყოფდა. ეს დაფინანსება პირველია ამ გრანტის ფარგლებში, რომელზეც ამაზონის მფლობელმა საჯაროდ განაცხადა.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავ ჭკვიან ადამიანთან და ჯგუფთან მქონდა კომუნიკაცია. მათ საკუთარი ცხოვრება შესწირეს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას და გავიაზრე, რა გავლენა აქვს ამ პროცესს ჩვენს ცხოვრებაზე. შთაგონებული ვარ და მიხარია, რომ მათი დახმარება შემიძლია", — დაწერა ბეზოსმა ინსტაგრამის პოსტში.

ბეზოსის გრანტს იღებენ როგორც დიდი ორგანიზაციები და ჯგუფები, ასევე ლაბორატორიებიც. მათ შორისაა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ბუნების მსოფლიო ფონდიც.

"ახლა სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ, მკვეთრი ცვლილებები უნდა გავატაროთ და დედამიწას გადავარჩენთ", — აცხადებს ბეზოსი.

ფოტო: PA Images

ბლუმბერგის ბოლო ცნობებით, ჯეფ ბეზოსის ქონება 184 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის წარსულში ხშირად გააკრიტიკეს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ნაკლები ჩართულობის გამო, კრიტიკოსებს შორის იყვნენ ამაზონის თანამშრომლებიც, რომლებმაც 2019 წელს ბეზოსს საჯარო წერილით მიმართეს და კომპანიის მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

ბეზოსის პარალელურად, ამაზონმა განაცხადა, რომ ახალ პროექტში ერთვება, რომელიც 2025 წლისთვის მსოფლიოს განახლებად ენერგიაზე სრულად გადასვლას, ხოლო 2040 წლისთვის ნახშირბადის მოხმარების ამოღებას გულისხმობს. კომპანია 100 მილიონ დოლარს გამოყოფს ტყეების აღსადგენად და ასევე, მიტანის სერვისში 100 ათას ელექტრომობილს ამატებს.