მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან
ანთროპოგენური კლიმატის ცვლილება კაცობრიობის უდიდესი გამოწვევაა, რომელსაც დედამიწის ეკოსისტემებზე, ჩვენს ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე აქვს. თუმცა, უმოქმედობის შემთხვევაში, მომავალი კიდევ უფრო შემზარავად შეიძლება გამოიყურებოდეს.
თუ ყინულის დნობის და გლობალური ტემპერატურის მატების ტრენდი ამ ტემპით გაგრძელდება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საუკუნის ბოლოს ოკეანის დონე 0,8-2 მეტრით აიწევს. რაც სანაპირო ზოლების დატბორვას გამოიწვევს. ნავარაუდევია, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. მსოფლიოს უმეტეს ადგილებში კი, საკვები მარაგის 10-30%-ით შემცირება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
ზემოხსენებული პროექციების გამართლების შემთხვევაში, Stern-ის კომისიამ ივარაუდა, რომ გლობალური დათბობა მსოფლიოს მშპ-ის 5-დან 20%-მდე დაუჯდება. ხოლო კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ეფექტებით ყველაზე მეტად ის ქვეყნები და ის ადამიანები დაზარალდებიან, რომლებსაც ანთროპოგენულ კლიმატის ცვლილებაში ყველაზე ნაკლები წვლილი შეაქვთ.
შეიძლება იფიქროთ, რომ ზემოხსენებული პრობლემები საქართველოს ნაკლებად შეეხება, რადგან ჩვენ ქვეყანას სანაპირო ზოლი ოკეანესთან არ აქვს. თუმცა, ყინული მხოლოდ პოლუსებზე არ დნება. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო, მყინვარების უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფერი კარგად გამოიყურება, თანდათანობით, შეიძლება ეს შეიცვალოს.
მყინვარებზე დაკვირვება საქართველოშიც მიმდინარეობს და მკვლევრები ამბობენ, რომ კავკასიონის ყინულოვანი საფარი, რომელზეც მტკნარი წყლისა და ჰესების რესურსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, დნება.
ლევან ტიელიძე ქართველი გეოგრაფია, რომელიც, ამჟამად, ახალ ზელანდიაში მეორე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს. მან პროფესიული საქმიანობის დიდი ნაწილი კავკასიონის მყინვარებზე დაკვირვებას მიუძღვნა. ჩვენ მას გლობალურ დათბობაზე, ოკეანის დონის მატებასა და საქართველოში ყინულის ლღობაზე ვესაუბრეთ.
რატომაა პოლუსების ყინულოვანი საფარი მნიშვნელოვანი
"ოკეანის დონის სამი სანტიმეტრით მატება, თითქოს, საგანგაშოს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ თუ ამას გრძელვადიან ჭრილში განვიხილავთ, ეს რამდენიმე სანტიმეტრი უკვე მეტრები ხდება", — ამბობს ტიელიძე. "მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი სწორედ ზღვის დონიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლზე ცხოვრობს და ოკეანის დონის მატება მათ პირდაპირ პრობლემებს შეუქმნის".
ტიელიძის თქმით, პოლუსებზე არსებული ყინულოვანი საფარი "მსოფლიო ოკეანის დონეს არეგულირებს". ანტარქტიდის, გრენლანდიის და არქტიკული ყინულის საფარი მთლიანად რომ გადნეს, მსოფლიო ოკეანის დონე რამდენიმე ათეული მეტრით მაღალი იქნებოდა.
"ცნობისათვის, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში, სამტრედია ზღვის დონიდან სულ რაღაც 20-30 მეტრის ფარგლებში მდებარეობს და ცხადია, რომ ეს ტერიტორია მთლიანად შავი ზღვით იქნებოდა დაფარული".
ტიელიძის თქმით, ზღვის დონის გარდა, პოლუსებზე არსებული ყინულოვანი საფარი ჩვენ პლანეტაზე რეგიონულ კლიმატს ქმნის და მსოფლიო ჰაერის მასების ცირულაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
ტიელიძე ამბობს, რომ არსებული დაკვირვებით, თუ მიმდინარე ტრენდები გაგრძელდა, 2100 წლამდე დედამიწის ოკეანის დონე 2 მეტრით მოიმატებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ყინულოვანი საფარი გლობალურ კლიმატზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ყინულოვანი ზედაპირები მზიდან წამოსული დასხივების ნაწილს ირეკლავენ. ყინულის ლღობასთან ერთად, დედამიწაზე ნაკლები ამრეკლავი ზედაპირი რჩება, შესაბამისად დათბობის პროცესი ჩქარდება. კლიმატის მეცნიერები ამას "positive feedback"-ს ეძახიან.
ოკეანის დონის და გლობალური ტემპერატურის მატებას ბუნებრივ ეკოსისტემებზე სერიოზული გავლენა აქვს. ბევრი ქვეყნის ეკონომიკა კი, თავის მხრივ, ამ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. მაგალითად, Swiss Re Institute-ის ახალი დაზღვევის ინდექსის მიხედვით, გლობალური მშპ-ის ნახევარი, ანუ დაახლოებით 42 ტრილიონი დოლარი, ბუნებრივი სამყაროს რესურსებზე და მასთან ასოცირებულ სერვისებზე დგას.
კავკასიონის ცივი წარსული და ცხელი აწმყო
ტიელიძე ამბობს, რომ დედამიწის გეოლოგიურ წარსულში "იყო პერიოდები როდესაც დედამიწაზე ბევრად უფრო ცხელი კლიმატი იყო და პირიქით, იყო ბევრად უფრო ცივი პერიოდები, როდესაც მყინვარული საფარი კოლასალურ მასშტაბებს აღწევდა".
დაახლოებით 20 000 წლის წინ, დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 6-7 გრადუსით ნაკლები იყო. ამ პერიოდში კი კავკასიონის მყინვარებიც უფრო ფართო მასშტაბებს აღწევდა. ტიელიძისა და კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მაგალითად, ჭალაათის მყინვარზე, 1810 წლიდან 2018 წლამდე მყინვარის ფართობი 34%-ით შემცირდა, სიგრძეში კი 2 280 მეტრით დაიხია უკან.
ტიელიძის თქმით, ინვენტორული კვლევებით ირკვევა, რომ 1960-2014 წლებში კავკასიონზე, დაახლოებით, 300 მყინვარი მთლიანად გადნა და მყინვარების ფართობი დაახლოებით 500 კვ.კმ-ით შემცირდა, ხოლო "საქართველოში დაახლოებით 170 მყინვარი დადნა და ფართობი 200 კვადრატული კილომეტრით შემცირდა".
ტიელიძე ამბობს, რომ აღმოსავლეთ კავკასიონზე შექმნილი ვითარება "განსაკუთრებით საგანგაშოა, სადაც დნობის ტემპები ყველაზე მაღალია". მაგალითად, გერგეთის მყინვარმა, ბოლო 130 წლის განმავლობაში, თითქმის 3 კილომეტრით დაიხია უკან.
"ამ მყინვარების დნობა მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, მაგალითად, გალციალური ღვარცოფებისა და ყინულოვანი ზვავების გააქტიურებას მაღალ ზონებში", — ამბობს ტიელიძე. "მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური და საშიში გახდება".
ლევან ტიელიძემ ქართველ მეცნერთა საერთაშორისო საზოგადოების სიმპოზიუმზე, საქართველოში არსებული მყინვარების მდგომარეობაზე ისაუბრა, სადაც მან კავკასიონის ყინულის ლღობის დამანგრეველ შედეგებზეც ისაუბრა. მაგალითად, 2014 წელს, დევდორაკის სტიქიის გამო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და საქართველოს "სამხედრო გზა" ჩაიკეტა.
2019 წელს, სვანეთში, მყინვარ ლეხზირისა და მურყვამის სტიქიების შედეგად, გიგანტური ღვარცოფი წარმოიქმნა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მსგავს მოვლენებს სერიოზული გავლენა აქვს საქართველოს ენერგეტიკულ რესურსზეც.
ტიელიძის თქმით, "აუცილებელია, რომ წინასწარ იყოს კვლევები ჩატარებული, სანამ რაიმე სახის საინჟინრო ნაგებობის განთავსება გადაწყდება ამ მყინვარულ აუზში იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე მოსალოდნელია, მყინვარული სტიქიების კიდევ უფრო გააქტიურება. ეს არის ძალიან საფრთხილო, რადგან იგივე ჭალაათის შემთხვევაში წყალმიმღები განთავსებულია ორი მდინარის შესართავთან. თვითონ მესტია-ჭალა ჰესიც ორი მდინარის შესართავშია მოქცეული... ცოტა რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო არასწორი გათვლა".
ტიელიძის თქმით დარიალის ჰესის მშენებლობაც არავითარ შემთხვევაში არ იყო დასაშვები იმიტომ, რომ დევდორაკის მყინვარს ახასიათებს ყინულოვანი ზვავები, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აქ ჰესის არსებობას.
გლობალური დათბობა და მომავლის პასუხისმგებლობა
სათბურის აირების გლობალური ემისიების მხრივ, მსოფლიო მდგომარეობაში საქართველოს წილი ძალიან მცირეა. ხოლო კავკასიონის ყინულოვანი საფარის ლღობის პრობლემის მოგვარება, პრაქტიკულად, მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
"სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საქართველო ვერ ხვდება მაღალგანვითარებულ ქვეყანათა რიგებში, სადაც მეცნიერებასა და ინოვაციებს ბევრად მეტი ხელშეწყობა აქვს და გლაციოლოგიური შინაარსის კვლევებიც ბევრად მაღალ დონეზე მიმდინარეობს. მაგალითად, რომ შევადაროთ, შვეიცარიაში, ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტში მეცნიერთა ინიციატივით, ბოლო წლებია ალპების რამდენიმე მყინვარი თეთრი ზეწრებით იფარება, რაც დნობის პროცესს 50-დან 70%-მდე ამცირებს, ამისთვის კი მილიონობით ფრანკი იხარჯება. საქართველოში ამის გაკეთება, ჯერჯერობით, ალბათ, წარმოუდგენელია".
კავკასიონი თეთრ ზეწრებში რომც შევფუთოთ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა იქნება. მეცნიერები ქვეყნებს, პირველ რიგში, სათბურის აირების ემისიების შემცირებისკენ მოუწოდებენ. პარიზის შეთანხმება ერთ-ერთი ასეთი გლობალური თანამშრომლობის შედეგია.
პარიზის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნები ეცდებიან, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°C-ს არ გადაცდეს, უკეთეს ვარიანტში კი 1,5°C-ს. ტიელიძე ამბობს, რომ პარიზის შეთანხმებაზე დადებული პირობების შესრულება, კაცობრიობისთვის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
"ზოგადად ტემპერატურის მატება თავისთავად საგანგაშო ფაქტი შეიძლება არ იყოს, რადგან კაცობრიობის ისტორიაში უფრო ცხელი პერიოდებიც ყოფილა, თუმცა, ეს იყო დროში ხანგრძლივი ბუნებრივად ცხელი პერიოდები. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ტემპერატურის მნიშვნელოვანწილად ხელოვნურ მატებასთან, რაც უკვე საგანგაშოა. იმედია, რომ დიდი ინდუსტრიული ქვეყნები მომავალში მაინც შეამცირებენ გარემოში ადამიანთა უხეშ და არასწორ ჩარევას", - ამბობს ლევან ტიელიძე.
მთავარი სათბურის აირის ემისიების მიხედვით, გლობალური დათბობის მთავარი კონტრიბუტორები ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, რუსეთი და იაპონია არიან. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის შეთანხმებას ყველა ზემოხსენებულმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, ექსპერტები შიშობენ, რომ ემისიების შესამცირებლად და სასურველი შედეგების მისაღწევად ბევრი ქვეყანა საკმარისს არ აკეთებს.
მომდევნო რამდენიმე ათწლეული გლობალური კლიმატისთვის გადამწყვეტი იქნება. თუ პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, მსოფლიოს, პრაქტიკულად, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც საქართველო იქნება.
ლევან ტიელიძე, ცხადია, ერთადერთი არაა, ვინც ანთროპოგენული გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების დამანგერეველ ეფექტებზე საუბრობს. გლაციოლოგები, კლიმატის მეცნიერები, გეოლოგები და ზოგადად მეცნიერები მუდამ იმეორებენ, რომ ანთროპოგენული კლიმატის ცვლილება სერიოზული პრობლემაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით შეიძლება მოვახერხოთ.
კლიმატის ცვლილება ბოლო დროს პოლიტიკაშიც აქტიური განხილვის საგანია, რაც შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების პოლარიზაციას ედოს საფუძვლად. "კლიმატის ცვლილების სკეპტიციზმი", გლობალურ კოოპერაციას უშლის ხელს. არსებობს კონცენტრირებული მცდელობა, რომ კლიმატის მეცნიერების თანამედროვე მიგნებები დისკრედიტირებული იყოს.
შეიძლება, საქართველოში კლიმატის ცვლილების ეფექტები, დღეისათვის, უბრალო მოქალაქისთვის დიდად საგრძნობი არ არის, თუმცა, თუ კაცობრიობამ ამ პროცესის შესაჩერებლად არაფერი იღონა, დამანგრეველი შედეგებისთვის თვალის გასწორება, მსოფლიოსთან ერთად, საქართველოსაც მოუწევს.
კომენტარები