ოკეანის ყველაზე ღრმა და ცივი ადგილებიც კი დათბობას იწყებენ
ოკეანის ფსკერი დათბობას იწყებს.
28 სექტემბერს Geophysical Research Letters-ს მკვლევრებმა განუცხადეს, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე ოკეანის ფსკერზე დამაგრებულმა თერმომეტრებმა საშალო ტემპერატურის 0.2°C-ით ზრდა დააფიქსირეს. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ატროპოგენული ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება, რამაც ოკეანის ზედაპირზე წყლის ტემპერატურის შესამჩნევი მატება გამოიწვია. თუმცა, ვინაიდან ოკეანის ყველაზე მიუვალ და იდუმალ ადგილებზე ძალიან ცოტა ვიცით, ჩვენთვის ეს საკითხი ამ დროისთვის ცოტა გაუგებარია.
"ღრმა ოკეანე, დაახლოებით, 2000 მეტრზე დაბლა, კარგად შესწავლილი და დაკვირვებადი არ არის", - ამბობს კრის მაინენი, აშშ-ს ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ოკეანოგრაფი მაიამიში. ასეთ სიღრმეში ჩაღწევა იმდენად ძნელია, რომ აქ ტემპერატურას მკვლევრები, ძირითადად, მხოლოდ ათწლეულში ერთხელ ზომავენ ხოლმე. მაგრამ, მაინენის გუნდმა ფსკერის სენსორების საშუალებით 2009 წლიდან 2019 წლამდე მოახერხეს ტემპერატურის საათობრივად გაზომვა ოთხ სხვადასხვა ადგილას, არგენტინის აუზსა და ურუგვაის სანაპიროდან მოშრებით.
ტემპერატურული მონაცემების შესწავლის შედეგად, ორ ყველაზე ღრმა ლოკაციაზე გამოიკვეთა დათბობის აშკარა ტენდენცია. 4,540 მეტრზე დაბლა წყალი ბოლო ათ წელში 0.209° C-იდან 0.234° C-მდე გათბა, 4757 მეტრზე დაბლა კი 0.232°C-იდან 0.248°C-მდე. "აქ დათბობის პროცესი, რა თქმა უნდა, ბევრად ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ოკეანის ზედა ნაწილებში", - ამბობს მაინენი, მაგრამ ის ასევე აღნიშნავს, რომ ასეთ სიღრმეზე ტემპერატურის თუნდაც უმნიშვნელოდ მატებას ძალიან დიდი რაოდენობით სითბო სჭირდება.
"ზედმეტად ადრეა იმაზე მსჯელობა, თუ რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე: ადამიანის გარემოზე ზემოქმედებამ, თუ სითბოს ბუნებრივმა ცვალებადობამ", - ამბობს მაინენი. მეცნიერები აგრძელებენ ოკეანის ფსკერის მონიტორინგს. ისინი ოთხი ადგილიდან აღებულ მონაცემებს ერთმანეთს ადარებენ და იმედოვნებენ, რომ ეს მათ ამ საკითხის გარკვევაში დაეხმარება.
კომენტარები