დღეს აშშ პრეზიდენტს აირჩევს — მოკლე გზამკვლევი
დღეს, 3 ნოემბერს აშშ-ის მოსახლეობამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ამერიკის პრეზიდენტს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება მსოფლიოს გლობალურ საკითხებზე — ომზე, პანდემიაზე და კლიმატის ცვლილებაზე.
საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ვინ იქნება აშშ-ის პირველი პირი, რადგან სწორედ ეს ქვეყანაა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.
ამ და სხვა მიზეზების გამო, ამერიკის პრეზიდენტის არჩევა სცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს და ხდება საერთაშორისო მოვლენა. On.ge-მ შეაგროვა ინფორმაცია როგორც აშშ-ის საარჩევნო სისტემის, ასევე, კანდიდატების შესახებ.
ვინ არიან კანდიდატები
ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში ორი პარტია — რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები დომინირებენ. პრეზიდენტიც სწორედ ამ რომელიმე პარტიის კანდიდატი ხდება.
რესპუბლიკელები კონსერვატიული ძალაა აშშ-ში. მათი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც იმედოვნებს, რომ ძალაუფლების სათავეში კიდევ ოთხი წლით დარჩება.
რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთი ძველია ქვეყანაში. სხვაგვარად მას Grand Old Party-ის, ანუ ნაცნობ, ძველ პარტიას უწოდებენ. აშშ-ის ისტორიაში მათი პარტიიდან 19 პირი გამხდარა პრეზიდენტი, მათ შორის აბრაამ ლინკოლნი, თეოდორ რუზველტი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში უფროსი და ჯორჯ ბუში უმცროსი.
რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, დემოკრატიული პარტია უფრო მეტად ლიბერალურია. მათი კანდიდატი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში იყო სენატორი.
ამ პარტიიდან პრეზიდენტი სულ 16 ადამიანი გამხდარა. ყოფილ პრეზიდენტს შორის არიან ვუდრო ვილსონი, ფრანკლინ რუზველტი, ჰარი ტრუმენი, ჯონ კენედი, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.
ამჟამად ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი 70 წელს გადაშორებულია. მეორე ვადის დაწყებისას ტრამპი 74 წლის იქნება. ხოლო თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, ის 78 წლის იქნება და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტიც გახდება.
როგორ განისაზღვრება გამარჯვებული
ამერიკაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. საბოლოოდ მას ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეების ხმის მიცემას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამომრჩეველთა კოლეგიაში 538 წარმომადგენელია და მათი იქ ყოფნა შტატების მიხედვით განისაზღვრება. იმისათვის, რომ საბოლოოდ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას კოლეგიის სულ მცირე 270-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.
თითოეულ შტატს კოლეგიაში იმდენივე წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში შტატიდან ორი სენატორი და კონგრესმენების გარკვეული რაოდენობა შედის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტი, 55 ხმა ამომრჩეველთა კოლეგიაში კალიფორნიის შტატს აქვს — კონგრესში მას ორი სენატორი და 53 კონგრესმენი წარმოადგენს. ყველაზე ცოტა, 3 ხმით წარმოდგენილია მონტანა, ალასკა, ვერმონტი, დელავერი და ა.შ.
წევრების შერჩევა თითოეულ შტატში პარტიის ყრილობაზე ან პარტიის ხელმძღვანელობის დონეზე წყდება. ძირითადად წევრების სახით გვევლინებიან სენატორები, კონგრესმენები, პოპულარული პოლიტიკოსები ან ისინი, ვინც კანდიდატთან ახლოს არიან.
კოლეგიას აქვს როგორც პლუსები, ისე მინუსები, თუმცა აღნიშნულ საარჩევნო სისტემას ამერიკაში დიდი ნდობა და პატივისცემა აქვს, რადგან მისი ისტორიული ფესვები ჯერ კიდევ აშშ-ის დაფუძნებიდან მოდის.
ძირითადად კოლეგია ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგს ასახავს. თუმცა ბოლო ხუთი არჩევნებიდან ორში, კოლეგიაში განსხვავებული შედეგი დგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნები არა ეროვნულ, არამედ შტატების დონეზე მიმდინარეობს.
ყველა შტატში ორის გარდა მოქმედებს პრინციპი "გამარჯვებული იღებს ყველაფერს". შედეგად, კანდიდატს, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა დააგროვა, კოლეგიის ყველა ხმა მიაქვს.
შტატების უმრავლესობაში კონკრეტული პოლიტიკური კუთვნილებაა ჩამოყალიბებული და ძირითადად ერთი პარტიის კანდიდატს აძლევს ხმას. მაგალითად მიიჩნევა, რომ კალიფორნია დემოკრატების შტატია.
სწორედ ამის გამო, კანდიდატები ძირითადად მობილიზებული არიან ისეთ შტატებზე, სადაც თანაბარი შანსები აქვთ. სწორედ ეს შტატებია გადამწყვეტიც და მათ სხვანაირად მერყევებსაც უწოდებენ. მაგალითად, ასეთი შტატებია ფლორიდა და ოჰაიო.
ჰილარი კლინტონის მაგალითი აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ყოველთვის არ ხდება კანდიდატი, რომელმაც ეროვნულ დონეზე ხმების უმრავლესობა დააგროვა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰილარი კლინტომა დონალდ ტრამპზე 3 მილიონით მეტი ხმა მიიღო, ძირითადად იმის გამო, რომ მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ისეთ შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და კალიფორნია. საბოლოოდ, კი ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმები ტრამპის სასარგებლოდ გადანაწილდა — 306 ხმა 232-ის წინააღმდეგ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ რესპუბლიკელმა კანდიდატმა რამდენიმე გადამწყვეტ შტატში გაიმარჯვა.
მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევენ?
მთელი ყურადღება ახლა ტრამპსა და ბაიდენზეა მიჯაჭვული, თუმცა ამერიკელი ამომრჩეველი კონგრესის წევრებსაც ირჩევს.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრებს ორი წლის ვადით ირჩევენ, ხოლო სენატორებს ექვსი წლის ვადით. სენატორები სამ ჯგუფად იყოფიან, შესაბამისად, მესამედის გადარჩევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება.
ამ ეტაპზე ამომრჩეველმა 435 კონგრესმენი და 33 სენატორი უნდა აირჩიოს.
დემოკრატიულ პარტიას წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა უკვე აქვს. ისინი შეეცდებიან კონტროლი შეინარჩუნონ და ამავდროულად, სენატში მოიპოვონ უმრავლესობა.
რესპუბლიკელებისთვის კი მნიშვნელოვანი გაიმტკიცონ უმრავლესობა სენატში და გადაწონონ დემოკრატები წარმომადგენლობით პალატაში.
როდის გავიგებთ შედეგებს?
ხმების დათვლას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, თუმცა უკვე დილით ნათელი ხდება, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს.
ამავე დროს, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წელს საბოლოო შედეგის გასაგებად ბევრად მეტი დრო იქნება საჭირო, რადგან ფოსტით იმაზე მეტმა ადამინმა მისცა ხმა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმას უშუალოდ არჩევნების დღეს აძლევს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ალტერნატიული საშუალებები უფრო პოპულარული გახდა. ყველა შტატში სხვადასხვანაირი წესი მოქმედებს. ამჟამად, დაახლოებით 97 მილიონ ამერიკელს ხმა ფოსტით უკვე მიცემული აქვს.
ბოლო შემთხვევა, როცა გამარჯვებულის ვინაობა საარჩევნო უბნებიდან რამდენიმე საათში არ გახდა ცნობილი, 2000 წელს მოხდა. მაშინ კანდიდატებს ერთი თვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინი მოუწიათ.
რესპუბლიკელების კანდიდატ ჯორჯ ბუშ უმცროსსა და დემოკრატ კანდიდატ ალბერტ გორის გამარჯვების მთავარი ბატალია ფლორიდას შტატზე გავიდა, სადაც მათ შორის სხვაობა რამდენიმე ასეული ხმა იყო. ამას სასამართლოში ხმების გადათვლა და სასამართლო პროცესები მოჰყვა, საბოლოოდ კი პროცესში უზენაესი სასამართლო ჩაერთო. გამარჯვებულად ბუში გამოცხადდა — მან ფლორიდის 25-ვე ხმა წაიღო და კოლეგიაში საჭირო 271 ხმა დააგროვა. ალბერტ გორმა კი, რომელმაც ეროვნულ დონეზე ხმების უმრავლესობა მოიპოვა, დამარცხება აღიარა.
როდის გახდება გამარჯვებული პრეზიდენტი?
თუ არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, ის ტრამპს მაშინვე არ ჩაანაცვლებს, რადგან კანონი გარდამავალ პერიოდს ადგენს. თუმცა ამ ხნის განმავლობაში მას ახალი მინისტრთა კაბინეტისა და პირველი გეგმების ჩამოყალიბების საშუალება ეძლევა.
ახალი პრეზიდენტ ოფიციალურად თავის უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციაზე შეუდგება.
კომენტარები