პოლარიზება, რომელიც მედიის თითქმის ყველა სეგმენტში მატულობს — მედიამონიტორინგის შედეგები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

29 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე შეფასდა როგორც სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედიების მუშაობის ძირითადი მახასიათებლები, ასევე, რადიოსა და სოციალური მედიის მიმართულებები. ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, წლევანდელი კვლევა სწავლობდა იმასაც, როგორ იყენებენ ქართული მედიასაშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ ფეისბუქს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და რა სახის მედია კონტენტი ზიარდება ფეისბუქის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

ზოგადი შეფასება ასეთია — საარჩევნო პროცესის მედია გაშუქება მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება, პოლარიზება მედიის თითქმის ყველა სეგმენტში მატულობს. პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე. თუმცა ონლაინ მედიაზე აღნიშნული შეფასებები ნაკლებად გავრცელდა. ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული ონლაინ მედიაში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებს და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდება. მედიამონიტორინგი 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

სატელევიზიო მედია

ანგარიშის მიხედვით, ტელევიზიების ეთერებში პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო. მას მოსდევს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ქართული ოცნება ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა (51%).

დოკუმენტში წერია, რომ მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიმცირე სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში მეტად დაეხმარება.

მედიამონიტორინგის მიხედვით, წინა პერიოდთან შედარებით ეთიკური დარღვევების ფაქტების მატება შეიმჩნევა. დოკუმენტში წერია ისიც, რომ მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში პოლარიზების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. მკვეთრად გაიზარდა პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქებისა და დისკრედიტაციის ფაქტები, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად 5-მა განწყობილმა ტელევიზიამ გაზარდა ნეგატიური ტონი მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა სამონიტორნგო პერიოდთან შედარებით თითქმის არ გვხვდება გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უკომენტაროდ გაშუქება. მონიტორინგის წინაპერიოდის მსგავსად, საინფორმაციო გამოშვებებში ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალების ტირაჟირება ისევ დაფიქსირდა.

პირველი არხი

სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები აკვირდებოდნენ პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, მოამბე 21 საათზე და გადაცემა ახალი კვირას. პირველ არხზე ამ პერიოდის განმავლობაში მოამბეში ყველაზე მეტი დრო მთავრობასა და ქართულ ოცნებას დაეთმო. ყველაზე დადებითად გაშუქდა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. მისთვის დათმობილი დროის 29% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი გაშუქდა ენმ, მისთვის დათმობილი დროის 21% ნეგატიური იყო.

დოკუმენტში წერია, რომ მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, პრემიერმინისტრის და მთავრობის გაშუქების პოზიტიურმა ტონმა მოიმატა. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქების შემთხვევაში კი უარყოფითი ტონის ზრდა დაფიქსირდა.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას მეტწილად იცავდა ეთიკურ სტანდარტებს, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება სიღრმისეული, ექსკლუზიური მასალების ნაკლებობა.

კვლევის მიხედვით, მოამბის ეთერში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა შუქდება, თუმცა არხის საერთო-სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ ლოიალური უფროა, ვიდრე კრიტიკული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში აქტიურად შუქდება ქართული ოცნების დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ ქართუს საქმიანობა. მათივე თქმით, ეს ტენდენცია მონიტორინგის პირველ ეტაპზეც შეინიშნებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გახშირდა. ამის მაგალითად, მოჰყავთ ის, რომ 6 ოქტომბერს მოამბეში ორი სიუჟეტი მიეძღვნა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს.

ანგარიშის მიხედვით, სიუჟეტი სრულად დაეთმო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილის საჩუქარი ქვეყნის დედაქალაქისთვის. პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მთავრობისა და ქართული ოცნების წევრები მადლიერებას გამოხატავდნენ თავად ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. მათი თქმით, მეორე სიუჟეტში იმ კრიტიკული მოსაზრების გაშუქების ნაცვლად, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს, — მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, თუ "ვინ აკრიტიკებს" ივანიშვილს და რატომ არა აქვთ კრიტიკული აზრის გამომთქმელებს ამგვარი მოსაზრებების გამოთქმის უფლება. კვლევის თანახმად, ამასთან, მაყურებელს არ უხილავს დამოუკიდებელი ექსპერტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, შეიცავს თუ არა არჩევნებამდე 24 დღით ადრე მმართველის პარტიის თავმჯდომარისგან ამგვარი მრავალმილიონიანი ქონების ჩუქება მუნიციპალიტეტისთვის ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის რისკებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

მონიტორინგის მიხედვით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება მთავარის ეთერში, ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაეთმო. ყველაზე დადებითად ქართული ოცნება გაშუქდა პოზიტიური ტონით — 34%. ყველაზე უარყოფითად კი მთავრობა, მისთვის დათმობილი დროის 20% უარყოფითი ტონით.

დოკუმენტში მითითებულია, რომ მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში ქართული ოცნებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პოზიტიური ტონით გაშუქების მაჩვენებელმა მოიმატა. ასევე, გაიზარდა ცენტრალური მთავრობის გაშუქების უარყოფითი ტონიც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზიის ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება ანალიტიკური, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ზედაპირული გაშუქება. კვლევის თანახმად, აჭარის ტელევიზია გამოირჩევა ადგილობრივი პრობლემების გაშუქებით, მის ეთერში ხშირად ისმის მოქალაქეების ხმა. სიუჟეტებში რესპონდენტები ლაპარაკობენ გაჭირვებაზე, რომელიც უკავშირდება როგორც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, ისე ლარის კურსის გაუფასურებას და გაძვირებულ საკვებსა თუ მომსახურებას.

მედია მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რაც უფრო მეტად მწვავდებოდა ეპიდვითარება აჭარაში, მით უფრო დადებითი გახდა მაუწყებლის ტონი აჭარისა და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და შემცირდა ლაპარაკი კრიზისსა და სირთულეებზე აჭარის ჯანდაცვის სისტემაში და აქცენტი გადავიდა, როგორც აჭარის, ისე ცენტრალური მთავრობის განცხადებებსა და მოქმედებებზე. ანგარიშში, ასევე წერია, რომ აჭარის ტელევიზიის ეთერში ხშირად ჰყავდათ მოწვეული სტუმრები, მათ შორის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებს წარმომადგენლები. მათი თქმით, ჟურნალისტები სტუმრებს, უმეტესად, არ უწევდნენ ოპონირებას და არ უსვამდნენ კრიტიკულ კითხვებს. მაგალითისთვის მოჰყავთ, 7 სექტემბერს გადაცემაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ვრცელი ინტერვიუ, რა დროს, მისთვის კრიტიკული კითხვები არ დაუსვამთ. ანგარიში წერია, რომ სტუმარს მიეცა საშუალება, დადებით კონტექსტში წარმოეჩინა მთავრობის საქმიანობა და გაეკრიტიკებინა ოპოზიცია, მათ შორის, ენმ-ს მან "ნაციონალების კლასტერი" უწოდა.

იმედი

იმედის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ქრონიკას 8 საათზე და იმედის კვირას. ანგარიშის მიხედვით, იმედზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებასა და მთავრობას დაეთმო და ყველაზე დადებითად მთავრობა გაშუქდა დათმობილი დროის 50 %-ით, ქართული ოცნების გაშუქების დადებითმა ტონმა 30% შეადგინა. მათივე თქმით, ყველაზე უარყოფითად გაშუქდა მიხეილ სააკაშვილი (76%) და ნაციონალური მოძრაობა (67%). მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით მთავრობის დადებით ტონში გაშუქებამ 31%-ით მოიმატა. ასევე, მოიმატა ენმ-ს (23%) და მიხეილ სააკაშვილის (2%) უარყოფით ტონში გაშუქებამ.

მედიამონიტორინგის თანახმად, იმედი ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. ამავე მონიტორინგის მიხედვით, საინფორმაციო გადაცემებში მმართველი გუნდის აბსოლუტურად დადებითად წარმოჩენასთან ერთად, იმედის ერთ-ერთი მიზანი ოპოზიციის მაქსიმალური დისკრედიტაციაა. კვლევაში წერია, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის პათოსი თითქმის სრულად ემთხვევა ქართული ოცნებისა და ხელისუფლების რიტორიკას.

"ეს არის, მთავარი არის ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის უკან მობრუნებაზე, ეს არის არხის მისია", — ასე ხედავს ტელეკომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ლალიაშვილი იმედის მისიას. ამასთან, როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით ირკვევა, დირექტორი არა მხოლოდ ხელმძღვანელობს კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯმენტს, არამედ პირდაპირაა ჩართული სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში და, ამავე დროს, ამ ჩართულობის წინაპირობაა მისი მოსაზრებები, რომ ბალანსი ცუდია, სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობა ომია კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ და მეორე ძალის სასარგებლოდ.

დოკუმენტის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში არხის პრიორიტეტი იყო მმართველი ძალის დადებითად წარმოჩენა. კერძოდ: "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენის ცერემონიალი სრული დროით გადიოდა ეთერში; პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას გაეროში 13 წუთი დაუთმეს, თეა წულუკიანის 8-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშს — 20 წუთი; ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საინფორმაციო გადაცემაში მიეძღვნა სიუჟეტების სერია, სადაც ჟურნალისტი პოზიტიურ ტონში ყვებოდა კანდიდატის შესახებ. მათი ინფორმაციით, სიუჟეტში მხოლოდ ამ სუბიექტის ან, რიგ შემთხვევებში, მომხრეთა სინქრონები იყო ჩართული. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მონიტორინგში აღნიშნულია, რომ მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესად უცნობი დარჩა მაყურებლისთვის, რიგ შემთხვევაში კი მათ არასწორი ინფორმაციაც კი მიაწოდა ჟურნალისტმა.

ანგარიშის თანახმად, იმედი პირდაპირ ეთერს უთმობს და სრულად აშუქებს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის, ასევე, მთავრობის მიერ სხვადასხვა ობიექტის გახსნის ღონისძიებებს. იგი დადებითად აშუქებს ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებსაც.

მთავარი არხი

მთავარი არხის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე, შაბათის მთავარსა და პოსტ ფაქტუმს. ანგარიშს მიხედვით, ყველაზე მეტი დრო ამ არხის ეთერში ქართულ ოცნებას დაეთმო და მისთვის დათმობილი დროის 70% ნეგატიური იყო. მთავარი არხი ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას აშუქებდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის გაშუქების დადებითმა ტონმა 29% შეადგინა, ენმ-ს დადებითი ტონი კი 19% პოზიტიური იყო. მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით მთავარ არხზე მმართველი პარტიის გაშუქების უარყოფითი ტონი თითქმის არ შეცვლილა, თუმცა 13 %-ით მოიმატა ნაციონალური მოძრაობის დადებითმა ტონმა.

მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მთავარი არხი მკვეთრად უარყოფითად აშუქებს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას. კვლევაში წერია, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა მთავრობისა და ქართული ოცნების პოლიტიკის კრიტიკის, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად პარტიისა და კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ანგარიშის მიხედვით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად ისმის კრიტიკული და ცინიკური ფრაზები, ზოგჯერ უხამსი გამონათქვამები ჟურნალისტებისა და წამყვანების მხრიდან ქართული ოცნებისა და მისი წევრების მიმართ. მათივე განცხადებით, ამასთან, მთავარ არხზე თვალში საცემია ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისადმი მიკერძოება და კეთილგანწყობა. მათ გაცილებით დიდი დრო ეთმობათ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავარი არხი მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა აქტივობას აშუქებს და თითქმის ყოველთვის პოზიტიურად. ეთერში გადაიცემა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი კომენტარები, ლაივ-ჩართვები, მისი გამოსვლები და შეხვედრები სხვა ქვეყნებში.

"სააკაშვილის ფიგურა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. 16 სექტემბრიდან კი დაიწყო კამპანია "დაავალე მიშას", სადაც თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებნი მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნოდ დავალებებს აძლევენ იმის მიხედვით, ვის რა აწუხებს. მთავარი არხი ამას თითქმის ყოველდღიურად აშუქებს და მოსახლეობის გზავნილებს გვამცნობს", — წერია წინასაარჩევნო ანგარიშში.

აღნიშნულია, ისიც, რომ მთავარი არხის ჟურნალისტები მმართველი ძალის მიმართ ცინიკურ, დამცინავ, ხშირად შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებენ.

პალიტრა TV

პალიტრა TV-ს ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 20 საათზე. სამონიტორინგო პერიოდში პალიტრა TV-მ ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაუთმო და ყველაზე პოზიტიურად ქართული ოცნება გააშუქა — დათმობილი დროის 47% დადებითი იყო. ანგარიშს მიხედვით, ყველზე ნეგატიურად არხი ადგილობრივ მთავრობას წარმოაჩენდა 48% უარყოფითი ტონით. მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, პალიტრა TV-ზე ქართული ოცნების დადებითმა ტონმა მოიმატა და 5%-დან 47%-მდე გაიზარდა.

მონიტორინგის მიხედვით გამოიკვეთა, რომ პალიტრა TV-ს მთავარი საინფორმაციო გამოშვება, ძირითადად, მიმდინარე ახალი ამბების კოლაჟის სახით გაშუქებით შემოიფარგლება და არ ცდილობს მაყურებელს სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდოს პარტიების საარჩევნო პროგრამების, იდეოლოგიების და, ასევე, სხვადასხვა პრობლემური საკითხების შესახებ. საინფორმაციო გამოშვებაში არ იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას, ჟურნალისტის ტექსტები, ძირითადად, მშრალია და არ იკვეთება ვინმეს მიმართ მიკერძოება დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით.

ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, არის დაუბალანსებელი ჟურნალისტური პროდუქტის მიწოდება მაყურებლისთვის. კერძოდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსების ან თანამდებობის პირების მხრიდან სხვა პოლიტიკოსების ან თანამდებობის პირების მიმართ ისმის ბრალდებები და არ ჩანს, რომ ჟურნალისტი შეეცადა, მოეპოვებინა ბრალდების ადრესატების პასუხი, ან თავად მოეძიებინა ისეთი ინფორმაცია, რაც ამ ბრალდებებს ან დაადასტურებდა, ან გააქარწყლებდა. მაგალითად, დაუბალანსებელი მასალა გავიდა 8 სექტემბერს, სადაც მამუკა მდინარაძე აფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, აკრიტიკებს მას. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა რა თქვა, ეს მოცემული არ არის. მედიამონიტორინგის ანგარიშში წერია ისიც, რომ დაუბალანსებელი იყო 9 სექტემბერს გასული სიუჟეტი, სადაც სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი უკანონოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს მუნიციპალურ ინსპექციას.

"გარდა იმისა, რომ სიუჟეტი ფაქტებით არ არის გამყარებული, დაუბალანსებელია და, რეალურად, მაყურებელი ვერ იგებს, რას ეხება დავა", — ვკითხულობთ ანგარიშში.

მაესტრო

მაესტროს ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე. მაესტროს ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართული ოცნების გაშუქებას დაეთმო. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დადებითად, მთავრობა წარმოჩნდა — მისთვის დათმობილი დროის 14% პოზიტიური იყო, ყველაზე უარყოფითად — მიხეილ სააკაშვილი, მისთვის დათმობილი დროის 58% ნეგატიური იყო.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე კრიტიკულად მაესტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტივობებს აშუქებს. ამასთან, თუკი სხვა შემთხვევებში არხის ჟურნალისტები არ გამოირჩევიან ირონიული და ცინიკური ფრაზებით, ასე არ ხდება, როცა საქმე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ თემებს ეხება.

გზავნილები უკრაინიდან — 8 სექტემბერს მაესტრომ მოამზადა სიუჟეტი მიხეილ
სააკაშვილის იმ ვიდეომიმართვის შესახებ, რომელშიც ექსპრეზიდენტი დაბრუნებაზე ლაპარაკობს. ანგარიშის მიხედვით, სიუჟეტში ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მასალის ავტორს ამ დეტალზე აქცენტირება სურდა.

"უკრაინიდან, უკრაინული ელემენტების ფონზე, უკრაინის მოქალაქემ საქართველოს მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ მზად არის, პრემიერმინისტრობა ორი წლით იტვირთოს", — ასე დაიწყო სიუჟეტის ტექსტი მისმა ავტორმა.

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ 9-საათიან კურიერს. ანგარიშის მიხედვით, რუსთავი 2-ის ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ქართული ოცნება გაშუქდა — ყველაზე დადებითად 20%. ყველაზე უარყოფითად — მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილისთვის დათმობილი დროის 59% უარყოფითი იყო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, რუსთავი 2-ზე ქართული ოცნების გაშუქების დადებითი ტონი 8%-დან 20%-მდე გაიზარდა, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში გაშუქების უარყოფითი ტონის ზრდა დაფიქსირდა 12% -დან 19%-მდე. მონიტორინგის პირველ პერიოდში რუსთავი 2-ზე ყველაზე უარყოფითად პატრიოტთა ალიანსი გაშუქდა.

ანგარიშის მიხედვით, რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება, ძირითადად, ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს. თუმცა მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, არხზე მმართველი პარტიისა და ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება მეტად გამოიკვეთა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსთავი 2-ზე ტონი ხელისუფლების მიმართ თითქმის არ ისმის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო გამოშვებებში უფრო მეტი დრო ეთმობა მმართველ პარტიას, მის წინასაარჩევნო აქტივობებს. 16 წუთი დაეთმო 10 სექტემბერს კურიერში ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ცერემონიალს. მათი თქმით, რუსთავი 2 პოზიტიურად წარმოაჩენდა ხელისუფლებას კოვიდ 19-ით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.

"ყველა აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შემოტევას ჯანდაცვის სისტემა, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა, ბევრად უფრო მომზადებული ხვდება" — ასეთი იყო წამყვანის ტექსტი სიუჟეტში, რომელიც საქართველოს მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვას (31:30 ) მიეძღვნა.

ანგარიშის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჟურნალისტების ირონიული, ოდნავ ცინიკური ტექსტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დასახელების შემდეგ გახშირდა.

TV პირველი

TV პირველის ეთერში მონიტორები ყოველდღიურ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას პირველებს და ნოდარ მელაძის შაბათს აკვირდებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, ამ არხზე ყველაზე ბევრჯერ ქართული ოცნება გაშუქდა, ყველაზე უარყოფითი გაშუქება კი პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა — 70%. მონიტორინგის წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით ქართული ოცნებისა და ხელისფლების უარყოფით ტონში გაშუქებამ იკლო, ხოლო პატრიოტთა ალიანსის, ენმ-სა (6%-ით) და ევროპული საქართველოს ნეგატიურმა გაშუქებამ (15%-ით) მოიმატა.

მონიტორინგის თანახმად, TV პირველი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხია და მისი საინფორმაციო გამოშვებები ექსკლუზიური, სიღრმისეული რეპორტაჟებით გამოირჩევა. საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად შუქდება თემები თანამდებობის პირთა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ნეპოტიზმის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ძირითადად, უარყოფითადაა წარმოჩენილი. მათი თქმით, ზოგადად, TV პირველს ახასიათებს წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან სუბიექტური ტონი და შეფასებები, რაც ტენდენციურობის შთაბეჭდილებას უქმნის მაყურებელს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ TV პირველის საინფორმაციო გამოშვებაში, ამა თუ იმ თემის გაშუქებისას, ამბების თხრობისას, ავტორები ცდილობენ, ყველაფერი უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოაჩინონ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაცია დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელია. მაგალითად, 8 სექტემბერს ნორიოს ტყეში გარდაცვლილი სამხედროს საქმე — სიუჟეტში ლაპარაკობს გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა, რომელიც ასახელებს მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ სავარაუდო პირებს თავდაცვის სამინისტროდან, თუმცა, მაგალითად, უწყების მხრიდან საპასუხო კომენტარები სიუჟეტში არ ჩანს.

ობიექტივი

ობიექტივის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, — ნამდვილი ამბებს. ანგარიშში წერია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტი დრო დაეთმო პატრიოტთა ალიანსსა და ყველაზე დადებითადაც ეს პარტია გაშუქდა. მისთვის დათმობილი დროის 51% დადებითი იყო. ყველაზე უარყოფითად გაშუქდა ნაციონალური მოძრაობა (97%) და ევროპული საქართველო (87%). კვლევის ავტორები ამას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ობიექტივის დამფუძნებლები პატრიოტთა ალიანსის ლიდერები არიან და, მათი თქმით, ალბათ, ეს განაპირობებს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პარტიისადმი.

მონიტორინგის მიხედვით, ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება ცალსახად მიკერძოებულია პატრიოტთა ალიანსის მიმართ. კვლევაში წერია ისიც, რომ სამონიტორინგო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებაში არ ტოვებენ პარტიის არცერთ აქტივობას და სიუჟეტების ნაწილიც პარტიისთვის აქტუალური თემების მიხედვითააა აგებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ობიექტივზე პატრიოტთა ალიანსს უწოდებენ ქვეყნის მთავარ ოპოზიციური ძალას ან მთავარ ოპოზიცურ პარტიას. საინფორმაციო გამოშვება ნამდვილი ამბები "ოცნების" და პატრიოტთა ალიანსის გარდა, თითქმის არ აშუქებს სხვა პარტიებს და, თუკი აშუქებს, მხოლოდ მკვეთრად უარყოფით კონტექსტში. ევროპულ საქართველოს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას — ამ ორ პარტიას, როგორც წესი, მოიხსენიებენ, როგორც "დესტრუქციულ ძალას და "სააკაშვილ-ბოკერიებს", თვითონ მიხეილ სააკაშვილს და გიგა ბოკერიას კი მწამებლებს უწოდებენ.

კავკასია

კავკასიის ეთერში მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ 20:30-საათიან საინფორმაციო გამოშვებას დღეს. სამონიტორინგო პერიოდში ყველაზე ხშირად შუქდებოდა ქართულ ოცნება, მისთვის დათმობილი დროის 35% ნეგატიური იყო. ადგილობრივი მთავრობის უარყოფითი გაშუქება 29%-ია. მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, ქართული ოცნების უარყოფითი ტონით გაშუქებამ 5%-ით მოიმატა. ასევე 20%-ით მოიმატა ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკულმა გაშუქებამ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კავკასია ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხია. მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს, ძირითადად, ეთიკურად აშუქებს, მაგრამ არხზე არ გადის საკუთარი, სიღრმისეული რეპორტაჟები. დოკუმენტში, აგრეთვე, წერია, რომ კავკასიის გამოხატული პრობლემა ამბების გაშუქების ზედაპირულობაა.

"სამონიტორინგო პერიოდის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საინფორმაციო გადაცემაში დღეს გაშუქებული საკითხების დიდი ნაწილი ეხებოდა პანდემიასთან და არჩევნებთან დაკავშირებულ თემებს, რა დროსაც, შეიძლება ითქვას, რომ მხარეებს შორის ბალანსი, ძირითადად, დაცული იყო, თუმცა რამდენჯერმე გამოვლინდა ბალანსის დარღვევის მაგალითებიც. რიგ შემთხვევებში ბალანსი ფორმალურად იყო დაცული", — ვკითხულობთ ანგარიშში.

ფორმულა

სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები აკვირდებოდნენ TV ფორმულას მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ფორმულა NEWS-ს, შაბათის ფორმულასა და გადაცემა დროებას. ანგარიშის მიხედვით, მთელი პერიოდის განმავლობაში ფორმულაზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და დათმობილი დროის 68% ნეგატიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი ადგილობრივი ხელისუფლება გაშუქდა, რადგან მისთვის დათმობილი დროის 76% უარყოფითი იყო. მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, ქართული ოცნების უარყოფით ტონში გაშუქებამ 23%-ით მოიმატა. ასევე, 25%-ით გაიზარდა ადგილობრივი მთავრობის უარყოფითი გაშუქება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში შუქდებოდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბები. მონიტორინგის პერიოდში აქტიურად შუქდებოდა წინასაარჩევნო საკითხები და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები. განსაკუთრებით კრიტიკულად არხი ბიძინა ივანიშვილს და მმართველი პარტიის საქმიანობას აშუქებს. ფორმულა ნიუსი, ძირითადად, იცავს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს. რაც შეეხება შაბათის ფორმულასა და დროებას, ანგარიშის მიხედვით, ამ გადაცემებში ხშირად მიმართავენ ფაქტებით, კადრებითა და მუსიკით მანიპულირების ხერხებს მაყურებელზე ზეგავლენის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ამ გადაცემაში წამყვანები და ჟურნალისტები არ ერიდებიან ხელისუფლების მიმართ ხშირად დამცინავი, არაკორექტული ლექსიკის გამოყენებას.

POSTV

სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები აკვირდებოდნენ POSTV-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 19 საათზე. ანგარიშში წერია, რომ სამონიტორინგო პერიოდში პარტიებიდან ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და დათმობილი დროის 51% დადებითი იყო. ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 83% — უარყოფითი ტონით. POSTV-ის ეთერში დადებითად გაშუქდა მთავრობაც, მისთვის დათმობილი დროის 41% პოზიტიური იყო. მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით, ქართული ოცნებისა და მთავრობის დადებით ტონში გაშუქებამ მოიმატა, ასევე, გაიზარდა მიხეილ სააკაშვილის უარყოფითი ტონით გაშუქება.

მედიამონიტორინგის მიხედვით, ტელეარხი POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, რადგან მის ეთერში, ფაქტობრივად, არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ქართული ოცნების მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს მმართველ პარტიას და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას. POSTV-ზე ოპოზიციას, ძირითადად, რადიკალებად მოიხსენიებენ. არხი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და პოზიტიურ ჭრილში აშუქებს თემებს სამთავრობო გადაწყვეტილებებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს არხი კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სამთავრობო პროგრამებსა და ინიციატივებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ იგი, აგრეთვე, დიდ დროს უთმობს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებს.

ონლაინ მედია

ანგარიშის თანახმად ტელევიზიებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ონლაინ მედიებში. მედიამონიტორინგის მიხედვით, აქ ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული, საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს შუქდება და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდებიან. რამდენიმე ონლაინ მედიაში შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და სხვა პარტიების დისკრედიტირების ტენდენცია.

დაკვირვება მიმდინარეობდა შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე:

  • Ambebi.ge;
  • Interpressnews.ge;
  • Kvira.ge;
  • Mpn.ge;
  • Netgazeti.ge;
  • NEWS.on.ge;
  • Primetime.ge;
  • Publika.ge;
  • Radiotavisupleba.ge;
  • Reginfo.ge;
  • Sknews.ge;
  • Sputnik-georgia.com;
  • Tabula.ge.

კვლევაში აღნიშნულია, რომ NEWS.On.ge მონიტორინგის მეორე პერიოდში კვლავ სათანადო ყურადღებას უთმობდა არჩევნებში მონაწილე პარტიების მიუკერძოებელ გაშუქებას და წინასაარჩევნო პერიოდში NEWS.On.ge-ზე ობიექტურად შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრები. გამოცემა აუდიტორიას აწვდიდა პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების ხედვებს, შეფასებებს, დაპირებებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უმცირესობების უფლებების დაცვა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ვებგვერდზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფით განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მონიტორინგის მეორე პერიოდში არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა დადებითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კი პატრიოტთა ალიანსის (51%), ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (35%), ქართული ოცნებისა (31%) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (26%) გაშუქებისას გამოვლინდა.

კვლევაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის მეორე პერიოდში NEWS.On.ge-ზე ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა. დაკვირვების შედეგად ასკვნიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში NEWS.On.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ვებგვერდზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები. წარმოდგენილ პერიოდში იმ სუბიექტებზე მომზადებული სარეკლამო მასალები, რომლებიც იყვნენ მონიტორინგის სუბიექტები, მკაფიოდ იყო გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან.

ბეჭდური მედია

ანგარიშის თანახმად, ბეჭდურ მედიაში საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია იკვეთება. ამასთან ერთად, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით. დაკვირვება ხორციელდებოდა 8 გამოცემაზე:

  • რეზონანსი;
  • ახალი თაობა;
  • კვირის პალიტრა;
  • ალია;
  • ასავალ-დასავალი;
  • ქრონიკა+;
  • საქართველო და მსოფლიო;
  • გურია news.

რადიო

მედიამონიტორინგის მიხედვით, რადიო გაშუქების ნეიტრალურობასა და დაბალანსებულობას ინარჩუნებს, თუმცა, აღნიშნულია, რომ მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით. ანგარიშის მიხედვით, უმეტესწილად, რადიო საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ექსკლუზიურ სარედაქციო კონტენტს მსმენელს არ სთავაზობს.

დაკვირვება ხორციელდებოდა 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებზე. ეს რადიოებია:

  • რადიო 1 (საზოგადოებრივი მაუწყებელი);
  • თავისუფლება;
  • იმედი;
  • მაესტრო;
  • პალიტრა;
  • პირველი რადიო;
  • ჰერეთი;
  • მარნეული;
  • ძველი ქალაქი (ქუთაისი);
  • სამხრეთის კარიბჭე (ახალციხე).

სოციალური მედია

ანგარიშის თანახმად, პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე. კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

  • მონიტორინგის მეორე პერიოდშიც Facebook-ის მეშვეობით, ინტერაქციების მიხედვით, ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა;
  • საეთერო მაუწყებლობის მსგავსად, სატელევიზიო არხების Facebook გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშიც შეინიშნება პოლიტიკური პოლარიზაცია;
  • Facebook-ზე არსებულ პოპულარულ გვერდებზე იშვიათად ზიარდება ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც ეხება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას;
  • პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდება განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდება.

როგორ ჩატარდა მედიამონიტორინგი

ანგარიშში 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე შედეგებია წარმოდგენილი. სატელევიზიო მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტებია: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება. გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და, ასევე, მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი).

როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ხდება დათმობილი დროის ტონის შეფასებაც. ყურადღება ექცევა, როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე, სიუჟეტის მთლიან კონტექსტს. თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს, ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის შესახებ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება, ასევე, სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შეესაბამება ერთმანეთს ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები).

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით — საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო. მედიამონიტორინგი მოიცავს 43 მედია საშუალებას — 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო…