თავისუფალი სიტყვისთვის გზა სულ არის — 5 ამბავი საბჭოთა კავშირიდან
თავისუფალი სიტყვა ყოველთვის ხმამაღალია, მაშინაც კი, როცა მის ჩახშობას ცდილობენ. მას აქვს უნარი, გადალახოს ნებისმიერი ბარიერი და უფრო მეტიც — რაც უფრო მტკიცეა წინაღობა, მით უფრო ძლიერია აზრების სხვებისთვის გაზიარების სურვილი.
ქართული კინო, მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა თუ არქიტექტურა არაერთ სახელს ინახავს, რომელთაც სიცოცხლის ფასად თქვეს სიტყვა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში. რეჟიმი კი გააფთრებით ებრძოდა "ანტისახელმწიფოებრივ" ავტორებს.
ბოლშევიკური დიქტატურის დამყარებასთან ერთად მნიშვნელოვან ამოცანად იქცა საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბეთა ნამუშევრების პოპულარიზაცია, ხოლო საფრთხისშემცველად ჩაითვალა ყველა ის ნამუშევარი, რომელიც მითითებული გზიდან ოდნავ მაინც გადაუხვევდა.
ჩვენ ხუთ უნიკალურ შემთხვევაზე გიამბობთ — ხელოვანებზე, რომელთაც საბჭოთა ცენზურის მიუხედავად, მაინც იპოვეს გზა, კვალი დაეტოვებინათ ჩვენს ცნობიერებაზე.
1. კოტე მიქაბერიძის ჩემი ბებია — საბჭოთა სისტემის აკრძალული კარიკატურა
1924 წელს სახკინო შეიქმნა — პირველი ცენტრალიზებული კინო ორგანიზაცია, რომელსაც ფილმების შინაარსის კონტროლი და საბჭოთა კინოს პოპულარიზაცია დაევალა. ამით ყველაზე მძლავრი გამომსახველობითი საშუალება სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოექცა. შესაძლოა, ამ ფაქტმაც მისცა ბიძგი ისეთი ფილმების შექმნას, რომლებიც შეფარული თუ პირდაპირი გზით უპირისპირდებოდნენ საბჭოთა აბსურდულ რეჟიმს.
1929 წელს დამწყებმა რეჟისორმა, კოტე მიქაბერიძემ გიორგი მდივნის, სიკო დოლიძისა და საკუთარი სცენარის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმი ჩემი ბებია ბიუროკრატიის კრიტიკას ეძღვნება. გერმანული ექსპრესიონიზმის გავლენით შთაგონებული სატირა დასცინის სისტემას, რომელიც ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე, იდუმალი ინდივიდის მეშვეობით კონტროლდება.
მიქაბერიძე ფილმის შესახებ მოგონებებში წერდა — "მე, როგორც დამდგმელი რეჟისორი, ვმუშაობდი ისეთი კინოსატირის შესაქმნელად, რომლის მიზანი იქნებოდა ბიუროკრატიის, მეშჩანობისა და პროტექციონიზმის მწვავედ დაცინვა. ამ ჩანაფიქრის განხორციელებისათვის გამალებული ვეძებდი კინემატოგრაფიისათვის დამახასიათებელ ახალ, მწვავე გამომსახველ ფორმას".
ბიუროკრატიული მექანიზმის აბსურდულობის, გასაიდუმლოებული გზებით საქმის კეთების მეთოდების შესახებ გადაღებული კარიკატურა პირდაპირ დაუპირისპირდა საბჭოთა სისტემას, ამიტომ ფილმი, რომელსაც აუდიტორია ხმაურით შეხვდა, კინოგაქირავებიდან ამოიღეს. კოტე მიქაბერიძე სისტემის უსამართლობას არაერთხელ გადააწყდა, რის გამოც მან 1956 წელს ანონიმურად დაიწყო წერილების გამოქვეყნება. საბჭოთა სადამსჯელო სისტემამ დაადგინა, რომ წერილების ავტორი მიქაბერიძე იყო და გადაასახლა. კოტე მიქაბერიძე სამშობლოში ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა.
ისტორია ფილმისა, რომელსაც კინომოყვარულთა ტაში ერთხელ უკვე გამოცდილი ჰქონდა, თაროზე ვერ დასრულდებოდა — ბასრ პოლიტიკურ სურათს, რომელიც საბჭოეთს შიშის წყაროდ ექცა, დღის სინათლე ისევ უნდა ენახა. 1976 წელს, მოსკოვში ფილმის რეტროსპექტივა შედგა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ნამუშევარმა, რომელსაც წლების განმავლობაში მტვერი ედო, თავისუფლებისკენ მიმავალი გზა მაინც იპოვა და ის შედევრადაც კი აღიარეს.
2. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი — ნაგებობა, რომელმაც საბჭოთა არქიტექტურის კლიშეები დაანგრია
მუსიკას უნდა უსმინო, ხელოვნების ნიმუშების სანახავად გალერეაში მიხვიდე, ფილმი უნდა ნახო, მაგრამ არქიტქტურა ისეთი რამაა, რაც შენდაუნებურად თვალში გხვდება — და მით უფრო თვალში გხვდება, რაც უფრო ამოვარდნილია მასობრივი უღიმღამობიდან, პრიმიტიული ფორმებიდან და ხაზებიდან. ასეთ გამონაკლისებს საბჭოთა სისტემა არ წყალობდა. მისთვის საშიში იყო შენობა, რომელიც ამოვარდნილი იყო ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული სიმარტივის, პრაქტიკულობის, თუ დიდებულების იდეიდან.
არქიტექტურული ფორმები და მათი იდეური დატვირთვა საბჭოთა კავშირის კონკრეტული პერიოდის მთავარ მიზნებთან იყო მორგებული. სტალინი დიდებული სახელმწიფოს ხატს ამკვიდრებდა — არქიტექტურული ნიმუშები პომპეზური, მდიდრული ელემენტებით დაიტვირთა, რათა ადამიანებს ყველაზე ძლიერ, დიდებულ სახელმწიფოში ცხოვრების თანმდევი განცდა ჰქონოდათ. ამას ხრუშჩოვის პერიოდი მოჰყვა — პრაქტიკული ადამიანის პრაქტიკულ გარემოში ცხოვრების იდეით. შესაბამისად, არქიტექტურული ფორმებიც ამ მიზნების განსხეულება იყო.
სწორედ ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია, როგორ იპოვეს საბჭოთა ცენზურისგან თავის არიდების გზა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის (ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის) არქიტეტორებმა. ამგვარად, 1975 წელს აშენებული შენობა თავიდანვე იყო მეტი, ვიდრე უბრალო ნაგებობა და ალბათ, მოქალაქეებს სიახლის იქამდე არარსებული განცდითაც ავსებდა.
არქიტექტორების — გიორგი ჩახავასა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტით აგებული პოსტკონსტრუქტივისტული, მოდერნისტული შენობა ერთმანეთის მკვეთი პარალელეპიპედების ერთობაა, რომელიც მთიან ლანდშაფტთან არის შესისხლხორცებული.
ნაგებობა ფორმებით ერთმანეთის მკვეთი გზების ასოციაციას ქმნის, რომელიც მკაცრი, მინიმალისტური ფორმებით ხასიათდება და ამავდროულად ბუნების ხედებთან აცდენაში არ მოდის. თუმცა საბჭოთა კავშირი, რატომღაც, დიდი შიშით არ შეხვედრია სიახლეს, რომელიც ერთი თვალის გადავლებით გამოირჩეოდა ყველა არქიტექტურის ნიმუშისგან.
"დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე" — ასე შეაფასა The New York Times-მა შენობა.
შენობა, რომელმაც დაარღვია კლიშეები და დასავლეთისთვისაც კი მოულოდნელ აღმოჩენად იქცა, საბჭოთა მოქალაქეებისთვის შოკი იქნებოდა. ეს კი საკმარისი ბიძგია იმისთვის, რათა გამოფხიზლდე და მიხვდე, რომ სისტემა, რომელშიც ცხოვრობ, ერთფეროვნების ჭაობშია ჩაძირული, მისგან თავის დაღწევის გზა კი სულ არის.
3. დიმიტრი შევარდნაძე — შემოქმედი, რომელმაც ქართული მხატვრობა სიცოცხლის ფასად იხსნა
კულტურის სფეროში ჩართული ადამიანების ნაწილი კარგად ხვდებოდა, რომ საბჭოთა რეჟიმის პირობებში სიმართლის თქმის სანაცვლოდ სასწორზე მათი სიცოცხლე იდო, თუმცა რისკის მიუხედავად, ისინი უშიშრად ცდილობდნენ ეროვნული საქმის კეთებას.
“მე არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ არაფერში ბრალი არ მიმიძღვის” — ამ სიტყვების ავტორი ქართველი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი შევარდნაძეა, რომელიც 1916 წლიდან 1937 წლამდე, ქართული კულტურის განმსაზღვრელი ფიგურა იყო.
მისი ინიციატივით განხორციელებული პროექტები იმის დასტურია, რომ საუკუნის წინ დაწყებული მუხტი ხელოვნებაში დღემდე შენარჩუნდა. ამ მუხტმა კი შემდგომში ქართული მხატვრობის ხასიათი განსაზღვრა.
დიმიტრი შევარდნაძემ 1916 წელს ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დაარსა. 4 წლის შემდეგ ეროვნული სამხატვრო გალერეა გახსნა, რომელიც 1933 წელს მეტეხის ციხეში გადაიტანა და პირველ ქართულ მუზეუმად აქცია. მის ბაზაზე კი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი დაფუძნდა. მისი აქტიური თანამონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას.
ახალგაზრდა მხატვრებისთვის სტიპენდიის დანიშვნა და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა განათლების მისაღებად შევარდნაძის კიდევ ერთი მიღწევაა. შესაძლოა, ამ ფაქტმა განსაზღვრა კიდეც იმ ახალგაზრდების ბედი, რომლებიც წლების შემდეგ ქართული მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლებად მოგვევლინნენ. ასეთები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე და სხვები.
დიმიტრი შევარდნაძის ძალისხმევის შედეგია საზოგადოებაში ნიკო ფიროსმანის შესახებ დისკუსიის გააქტიურება და მისი ნამუშევრების გადარჩენა. მან, სხვადასხვა დროს, მხატვრის 11 ნახატი შეიძინა და სამხატვრო გალერეას გადასცა. გარდა ამისა, ორგანიზებას უწევდა ფიროსმანის ნახატების გამოფენებს და ამით მის შესახებ ცნობადობის ზრდას უწყობდა ხელს. შევარდნაძეს ფიროსმანი ეროვნული მოტივების, კედლის მხატვრობის ტრადიციის საუკეთესო გამგრძელებლად მიაჩნდა, რაც მისთვის ღირებულ ფაქტს წარმოადგენდა. მისი თაოსნობით შენარჩუნდა განადგურებისთვის განწირული არაერთი ფრესკის ასლი.
ფოტო: Wikiwand
ფოტო: Agenda
დიმიტრი შევარდნაძის მოღვაწეობის 20-წლიანი პერიოდი მრავალ ექსპერიმენტს მოიცავს. ის ყველა კულტურული სიახლის მხარდამჭერი იყო და პირველი ქართული ფილმის — ქრისტინეს გადაღებებში მხატვრად მონაწილეობდა; მანვე შექმნა აბესალომ და ეთერის განახლებული საოპერო დადგმის დეკორაციები და კოსტიუმები. ის, ასევე, პირველი ქართული პანტომიმის — მზეთამზის კოსტიუმების ავტორია.
ჩამოთვლილ ფაქტებზე თვალის გადავლებით შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ანტისაბჭოთა ქმედებების საუკეთესო ილუსტრაციაა. 1937 წელს, ბერიას განკარგულებით, მეტეხის ციხის და მეთორმეტე საუკუნის ტაძრის აფეთქება დაიგეგმა. ამ ფაქტს დიმიტრი შევარდნაძეც აღუდგა წინ. შედეგად, იმავე წლის 10 ივნისს ის დააპატიმრეს და სსრკ-ს სიძლიერის შესუსტებისაკენ მიმართული საქმიანობის ბრალდებით დახვრიტეს, თუმცა ის ძეგლები მაინც გადარჩა, რომელთა განადგურების წინააღმდეგი იყო.
დიმიტრი შევარდნაძის ანტისაბჭოთა შემოქმედებით გზას ქართული მხატვრობა საუკეთესოდ ირეკლავს. ეს გზა კი სიკვდილისთვის მუდმივ მზადყოფნას გულისხმობდა.
2012 წელს ეროვნული გალერეისთვის მისი სახელის მინიჭება აღიარებაა იმ მრავალწლიანი ამაგისა, რასაც დიმიტრი შევარდნაძე, მხატვრობის გადასარჩენად, საბჭოთა გამანადგურებელ მანქანასთან ბრძოლით სწევდა.
4. ანა კალანდაძის აპოლიტიკური ბრძოლა საბჭოთა კავშირთან
"შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა..." — ანა კალანდაძის ეს ლექსიც კი საკმარისია მიხვდე, რომ საბჭოთა ხელისუფლება ხელგაშლით არ შეხვდებოდა პოეტს, თანაც ქალს, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც აპოლიტიკურს. ფაქტი ერთია, მისი პოლიტიკური თუ აპოლიტიკური სიტყვა რეჟიმს მოსვენებას უკარგავდა. პოეტის მიერ არჩეული სინაზის გზა შემდეგი მიზეზით დაიწუნეს — "ფორმალიზმი, უიდეობა, აპოლიტიკურობა ამაზე შორს ვერ წავა".
კალანდაძე შემოქმედებითი ცხოვრების საწყის წერტილად 1945 წელს თვლიდა. 1946 წელს მისი ლექსები გაზეთ ლიტერატურა და ხელოვნებაში დაიბეჭდა. მალევე მწერალთა კავშირმა მისი ლექსების კითხვის საღამო მოაწყო — სწორედ ამ დღიდან გაიგო ანა კალანდაძის სახელი ხალხმა. საბჭოური მანქანაც მალევე გააქტიურდა და ჟურნალ-გაზეთებში შეკვეთილი სტატიები გამოქვეყნდა — ანა კალანდაძე დეკადანტობაში ამხილეს, მისი შემოქმედება მწერალთა მესამე ყრილობაზეც დაგმეს, რადგან სისტემის მითითებებიდან აცდენილი იყო.
ქართველი მეფეები, წმინდანები, ღმერთის სადიდებელი სტრიქონები, ღვინო და თრობა, ყოველდღიურ ამბებს გამიჯნული, საკუთარი ფიქრის არეალში მოქცეული გმირები, საქართველო, განსაკუთრებით — მთის გარემო, ხალხური ზეპირსიტყვიერების აშკარა გავლენა კალანდაძის მთელ შემოქმედებას გასდევს ფონად, რაც ავტომატურად შეუძლებელს ხდის მის აპოლიტიკურობას. ჰიმნების და საგალობლების ფორმაში მოქცეული საფიქრალი თავისი სინაზით სრულიად აცდენილი იყო საბჭოთა პრაქტიკული ადამიანის იდეისგან. მეტიც. აბსოლუტურად უარყოფდა მას და ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა თუ ვაჟას პოეზიაში შემონახული მეოცნებე, ბუნების თანაზიარი ადამიანების ახლებურ გააზრებას სთავაზობდა მკითხველს.
1953 წელს მისი პირველი კრებული გამოვიდა, რომელშიც არაერთი ლექსი ცენზორებისთვის თვალის ახვევის მიზნით მოხვდა. "აპოლიტიკურ" ლექსებსაც ხომ უნდა ენახათ დღის სინათლე. ანა კალანდაძე იხსენებდა — "პირველი კრებული, რომელიც 1953 წელს გამოვიდა, მხოლოდ კომპრომისების შედეგია (და არა მხოლოდ პირველი კრებული!), კომპრომისებისა, რომლებიც დღეს არავითარ განსჯას არ ექვემდებარებიან".
ანა კალანდაძე 2008 წელს გარდაიცვალა. ის იმის მოწმეც გახდა, ქვეყანაში, რომლის სილამაზესაც მთელი ცხოვრება უმღეროდა, მტრად მოსულმა საბჭოთა კავშირმა სამკვიდრო რომ ვერ ნახა. მეტიც, ანას სინაზის ძალა ყველას სახლში შემოიჭრა, ვისაც მისი ლექსებიდან ერთი ნაწყვეტი მაინც სმენია.
5. ქართველი ჯაზის ლეგენდის, გიული ჩოხელის სიზმარივით ცხოვრების გზა
"დეგრადირებული ამერიკული ბურჟუაზიული კულტურის პირმშო" — დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში რომ ჩაგეხედათ, ჯაზის ამგვარ განმარტებას ნახავდით. რეჟიმს ჯაზი აშინებდა. ამის მიზეზი სიახლის ეფექტი იყო, რომელსაც თან სრული თავისუფლება, იმპროვიზაცია, ექსპრესიის დიდი დიაპაზონი ახლდა. არ იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ მუსიკას, რომელიც საბჭოთა ადამიანის გასაზრდელად არ გამოდგებოდა, ამიტომ აკრძალეს, თუმცა სისტემაში ჯაზმა მაინც შემოაღწია.
თავისუფალ მუსიკას თავისუფალი ადამიანი თუ შეასრულებდა — გიული ჩოხელი სწორედ ასეთი აღმოჩნდა. სიზმარივით ცხოვრების და კარიერის გზა გაიარა და ჯაზის ქართველი ლეგენდის წოდება დაიმსახურა.
მუსიკასთან მისი პირველი შეხებაც არასაბჭოური იყო და მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდა. კათოლიკურ ეკლესიაში გუნდის ხმა შემთხვევით გაიგო. იმ დღის შემდეგ ყველა მესას ესწრებოდა და მალე გუნდში სიმღერა შესთავაზეს — ეს "სიზმრის" დასაწყისი იყო.
მისი შემოქმედებითი კარიერის პირველ ნაბიჯებად 1953 წელი ითვლება, თუმცა საბჭოთა კავშირის მასშტაბით აკრძალული მუსიკის გავრცელება 1956 წლიდან იწყება, როდესაც ის მუსიკოს ბორის რიჩკოვზე დაქორწინდა.
გიული ჩოხელს დიდ სცენაზე არ უშვებდნენ, სიმღერის უფლებას მხოლოდ გადასახლებაში აძლევდნენ — უმღერია სახალინზე, მაგადანში — პატიმრებისთვის, არასაბჭოთა ელემენტებისთვის, რომლებიც ჯაზის მოსმენის გარეშეც “დაღუპულები” იყვნენ.
მრავალი შეზღუდვის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯაზი მაინც პოულობდა მსმენელამდე მისასვლელ გზებს. გიული ჩოხელიც ცდილობდა, ყველა ღონე ეხმარა, ემღერა ის, რაც უნდოდა, მაგრამ ისე, რომ ცენზურის ხელი არ მოხვედროდა. მას რამდენიმე ქართული სიმღერის შესრულების უფლებას აძლევდნენ. რეპერტუარის დიდი ნაწილი საესტრადო სიმღერებით უნდა შეევსო, რასაც ისევ ჯაზის ელემენტებით ამდიდრებდა.
მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩაატარა კონცერტები, ყველა ქვეყნის მსმენელს მიაწვდინა ხმა და ამის პარალელურად, საბჭოთა სისტემა მისი კვალის გაქრობას ცდილობდა. მის ფირფიტებს ანადგურებდნენ, წვავდნენ, მისი გამოსვლების დიდი ნაწილის ჩანაწერი არ არსებობს. ფირფიტები შეზღუდული რაოდენობით ვრცელდებოდა, თუმცა მისი შემოქმედების მცირე ნაწილიც კი, რომელიც შემორჩა, წარმოდგენას იძლევა ქალზე, რომელმაც ჯაზის რითმებით სავსე სიზმარი იცხოვრა და დაამტკიცა, რომ თავისუფალი სიტყვისთვის გზა სულ არის.
კომენტარები