სახელმწიფო მიმდინარე კვირიდან რისკჯგუფების უფასო აცრას გეგმავს, თუმცა სხვა ადამიანებისთვის ვაქცინის შემოტანის საკითხში კერძო სექტორის იმედი აქვს და მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 9 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწარმოებლისგან" წელს 135 ათასი დოზა ოთხვალენტიანი ვაქცინა შეიძინეს. აქედან 25 000 დოზა დღეს თბილისსა და რეგიონებში უკვე განაწილდა. რისკჯგუფების აცრა სწორედ ამ ვაქცინით იწყება. მეორე პარტიას, 110 ათას დოზას სახელმწიფო 20-დან 25 ოქტომბრამდე ელოდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, მწარმოებლისგან აქვთ პირობა დამატებით 25 ათას დოზის ნოემბრის შუა რიცხვებში მოწოდების შესახებ. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში კიდევ 100 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდეს.

"მსოფლიო ბაზარზე ძალიან დიდი დეფიციტია დასავლური წარმოების გრიპის ვაქცინების. ამიტომ სახელმწიფო წელს შეიძენს დაახლოებით 250 ათას დოზამდე. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების საშუალებით, რომ იგივე ან სხვა დასავლური წარმოების ვაქცინა დამატებითი მოცულობებით შევიძინოთ. მაგრამ გარანტირებული, გეუბნებით, რომ არის ეს — 135 ათასი, რომლის კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია, ასევე, 25 ათასზე დასტური გვაქვს", — აღნიშნა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, რისკჯგუფებში, რომლებსაც აცრას თავდაპირველად გაუკეთებენ, შედიან:

  • ორსულები;
  • ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები;
  • ბავშვთა სახლის ბინადრები;
  • საბავშვო ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი;
  • აივ ინფიცირებულები;
  • C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები და
  • დიალიზზე მყოფი ადამიანები.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილთაგან რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებიან, სეზონურ გრიპზე აცრა დღეიდან დაიწყება და უფასო იქნება. მათ ამისთვის სახელმწიფო პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინის მეორე პარტია შემოვა, სხვა რისკჯგუფებიც აიცრებიან, მათ შორის:

  • სამედიცინო პერსონალი;
  • დიაბეტიანი ადამიანები;
  • რესპირაციული დაავადებების მქონე ადამიანები;
  • ასთმიანი პაციენტები;
  • 65 წელს ზემოთ სხვა თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანები;
  • გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებიც 65 წელს ზევით არიან.

მისივე თქმით, რადგან დასავლური წარმოშობის ვაქცინების დეფიციტი მთელ მსოფლიოშია, სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფასო აცრა ვაქცინის მარაგზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც რისკჯგუფში არ შედიან, როგორც ამირან გამყრელიძემ On.ge-ს უთხრა, ვაქცინა კერძო კლინიკებში ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. მსურველებმა აცრისთვის სწორედ მათ უნდა მიმართონ. ფასი ჯერჯერობით, უცნობია — ამას კლინიკები თავად ადგენენ.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კერძო სექტორი წელს დაახლოებით 40-50 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანას გეგმავს.

ამირან გამყრელიძე ამბობს იმასაც, რომ გრიპის ვაქცინა სავალდებულო არც ერთ ქვეყანაში არ არის და ის სარეკომენდაციო ხასიათისაა, განსაკუთრებით რისკჯგუფებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, რადგან გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, აცრა მნიშვნელობას იძენს.

"შარშან 100 ათასი გვქონდა და გარკვეული რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ვითომ იყო, პირდაპირ გეტყვით, დაგვრჩა. არ მოვიდა ხალხი ასაცრელად. ამიტომ წელს არის განსაზღვრული ეს რისკჯგუფებისთვის და ამას აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო დანარჩენ ადამიანებს, ვისაც სურს, მათთვის კერძო სექტორს შემოაქვს ეს ვაქცინა და ის განსაზღვრავს ფასსაც", — აღნიშნა გამყრელიძემ.

On.ge პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრთან სცადა დაკავშირება იმის გასარკვევად, მიიღეს თუ არა დღეს გრიპის ვაქცინა. რადგან ტელეფონზე არ გვიპასუხეს, ადგილზე მივედით, სადაც გვითხრეს, რომ ამ დროისთვის გრიპის ვაქცინის მარაგი ამოწურულია და ჯერ არ იციან, როდის მიიღებენ ახალ პარტიას. როგორც ცენტრში გვითხრეს, აცრის მსურველი მოქალაქეები გამუდმებით რეკავენ.

ვაქცინის მარაგები, ფაქტობრივად, ამოწურული აქვს კერძო სექტორსაც. მსურველებს უჭირთ იპოვონ კლინიკა, სადაც სეზონურ გრიპზე აცრას შეძლებენ. ჯერჯერობით, სეზონურ გრიპზე აცრის ერთადერთ გზად ვაქცინის ახალი პარტიის მოლოდინი და კლინიკებში მარაგის პერიოდული გადამოწმება რჩება.