2016 წლის მთავარი მოვლენები საქართველოში
On.ge გთავაზობთ საქართველოში 2016 წელს მომხდარი იმ ამბების ქრონოლოგიას, რომელმაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ეს სია ყველა მნიშვნელოვან მოვლენას არ მოიცავს. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე მოვლენა გამოგვრჩა და იმსახურებს ამ სიაში ყოფნას, დაწერეთ კომენტარებში.
საპარლამენტო არჩევნები
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურის შედეგად, ქართულმა ოცნებამ 115 დეპუტატით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოაგროვა. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს პარლამენტში კენჭისყრისას საჭირო ხმების მინიმალურ რაოდენობას, ანუ 113 დეპუტატს, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. პარლამენტში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27 მანდატი მოგაროვა ხოლო პატრიოტთა ალიანსმა - 6.
არჩევნები განსაკუთრებით საბედისწერო აღმოჩნდა რამდენიმე პარტიისთვის. არჩევნები შემდეგ საკუთარი პარტია დატოვა პაატა ბურჭულაძემ, ლიდერების გარეშე დარჩნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, ნაციონალურ მოძრაობაში კი დიდი განხეთქილება დაიწყო, რაც, დიდი ალბათობით, პარტიის გაყრით დასრულდება.
განხეთქილება ნაციონალურ მოძრაობაში
პარტიაში, რომელიც 2012 წელს სახელისუფლებო ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ერთიანობას ასე თუ ისე ინარჩუნებდა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ რეალურად დადგა დაშლის საფრთხის წინაშე. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრების მიერ საჯარო განცხადებების გაკეთების შედეგად გამოიკვეთა, რომ გუნდში პირობითად ორი ბანაკი არსებობს, მათ შორის ერთი გიგა ბოკერიას მხარდამჭერია, მეორე კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის.
მათი პოზიციები გაიყო მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ასევე, ისინი ვერ შეთანხმდნენ მიხეილ სააკაშვილის როლზე პარტიაში, თავმჯდომარის არჩევაზე და ბოლოდროინდელი უთანხმოების საკითხი პარტიის ყრილობის ჩატარების წესი გახდა. გარდა ამისა, ორივე მხარე აღიარებს, რომ მათ შორის პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობაა. პარტიის სამომავლო ბედი 2017 წლის იანვარში დაგეგმილ ყრილობაზე გაირკვევა.
ლარის გაუფასურება
2014 წლის შემოდგომაზე დაწყებული გაუფასურების პიკს ლარმა 2016 წლის დეკემბერში მიაღწია. ერთი დოლარის ფასი 2,7831 ლარი გახდა, ერთი ევროს ფასი კი - 2,8902 ლარი.
ლარის გაუფასურებამ უკვე გამოიწვია საწვავზე 20–25 თეთრით ფასის გაზრდა, გარდა ამისა, შეინიშნება ფასების ზრდის ტენდენცია იმპორტირებულ პროდუქციაზე.
სავიზო ლიბერალიზაცია
საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია. 15 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს დაუჭირა მხარი. უვიზო მიმოსვლის დაწყებამდე აუცილებელი წინაპირობა იყო ამ მექანიზმის ამოქმედება. აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბი მიგრაციული ნაკადები შეაჩერონ. წინასწარ დაანონსებული თარიღით, ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს კენჭს იანვარში გამართულ პლენარულ სხდომაზე უყრის.
თსუ-ს მოვლენები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქციები 2016 წლის 7 მარტს დაიწყო. თავდაპირველად, სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, უნივერსიტეტებიდან ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გაქრობასა და სტუდენტური თვითმმართველობისთვის პრივილეგიების მოხსნას ითხოვდა.
23 ნოემბერს, ღამით, აუდიტორია 115-მა თსუ-ის მე-6 კორპუსი დაიკავა და ხელისუფლებას ულტიმატუმები წაუყენა. მათ შორის მეცნიერების დაფინანსების გაზრდასთან, საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივის განხილვასთან დაკავშირებით. მეექვსე კორპუსი ამ დრომდე პიკეტირებულია. სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და დაპირებები არ შეასრულა.
ფარული ჩანაწერები
2016 წელს არაერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. მათ შორის, აუდიო ჩანაწერები და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, სადაც ისმის სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხმა. ისინი თითქოს საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე საუბრობენ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟი" უწოდა. კამპანიაში ეს შენ გეხება შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტი.
აქციები ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით
2016 წელს, არაერთი აქცია გაიმართა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ეს თემა ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მოექცა 22 წლის დემურ სტურუას სუიციდის გამო, რომელმაც თვითმკვლელობამდე დაწერა წერილი, სადაც ზეწოლასა და შევიწროებაში პოლიციელს ადანაშაულებს. საზოგადოების ნაწილი ითხოვს, რომ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაცია მოხდეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პატიმრობა გააუქმა. ადმინისტრაციული წესით პატიმრობა გაუქმდა მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვისაც.
31 დეკემბერს, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აპირებს მარიხუანას დარგვას ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი. ულტიმატუმით გირჩმა ხელისუფლებას 16 ნოემბერს მიმართა. ისინი მოითხოვენ, რომ მარიხუანის კულტივირება და შენახვა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული.
გოგოების წინდაცვეთა
საქართველოში, კერძოდ, ყვარლის რაიონში, გოგოების წინდაცვეთის პრაქტიკა საერთაშორისო ორგანიზაცია "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა.
აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველიც წერს, რომ რამდენიმე სოფელში, მუსლიმ თემში, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა დაადასტურა გოგოების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობა, რომელსაც "ნათლობას" უწოდებენ.
სახალხო დამცველის შეფასებით, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ.
22 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
რომის პაპის ვიზიტი
30 სექტემბერს საქართველოში რომის პაპი ფრანცისკე ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაპი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ილია მეორეს შეხვდა. ვიზიტის მეორე დღეს პაპმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე მესა აღავლინა.
მის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც, რომლებმაც მცხეთაში პაპის ჩასვლისას აქცია მოაწყვეს ლოზუნგით, "ვატიკანი სულიერი აგრესორია".
რიოს ოლიმპიადა
რიო 2016-ზე საქართველო 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც სპორტის 13 სახეობაში ასპარეზობდნენ. ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ამ მაჩვენებლით საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა
19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრ გიგა ოთხოზორიას ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული, მიმალვაში მყოფი რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ. მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ივანიშვილის ხე
2016 წლის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა 40 მეტრი სიმაღლის ასწლოვანი ტიტა, რომელიც შავი ზღვის გავლით, ურეკში, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადარგეს.
ოპერის გახსნა
2016 წლის 30 იანვარს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებულმა თეატრმა აბესალომ და ეთერის პრემიერა წარმოადგინა.
დისკუსია: კიდევ რა მოვლენებს დაუმატებდით ამ სიას?