ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის, ბესტსელერ წიგნში ფორთოხლის გოგონა მძიმე სენისგან გარდაცვლილი მამა საკუთარ შვილს, გეორგს, წერილს სწერს — ოღონდ მომავალში. ვრცელი ტექსტიდან, რომელსაც მოზარდი გეორგი მამის სიკვდილიდან წლების შემდეგ იღებს, იგი მისი მშობლების ცხოვრებაზე და სიყვარულზე იტყობს. თუმცა წერილის ბოლოს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელიც გეორგის მამას სიცოცხლის ბოლომდე არ ასვენებდა.

აბზაცი შეიცავს სპოილერს წიგნიდან

მიუხედავად იმისა, რომ გეორგის მამას, იან ოლავს, უბედური ცხოვრებით არ უცხოვრია და მის ერთადერთ სიყვარულსაც ერთობ მომხიბვლელად აღგვიწერს, მას მაინც გაუჩნდა კითხვა, რომლის დასმაც ჩვილი გეორგისთვის, არ შეეძლო, დრო კი არ იცდიდა — სიკვდილამდე ძალიან ცოტა რჩებოდა. საბოლოოდ, იგი შვილისთვის მომავალში გზავნის წერილს, რომელზე პასუხსაც ვეღარასდროს მიიღებს:

"წარმოიდგინე, რომ ამ ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო, დაიბადო თუ არა ერთ რომელიღაც მომენტში ამ პლანეტაზე. არ იცი, როდის დაიბადები, რამდენ ხანს იცოცხლებ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლე დიდხანს არ გაგრძელდება. მხოლოდ ის იცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას ერთ რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს" (მთარგმნელი: დათო აკრიანი) — ეს არის კითხვა, რომელიც იან ოლავს სიკვდილის წინ აწუხებდა. მისდა საბედნიეროდ, გეორგისგან დადებით პასუხს იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, კითხვაზე, სურდათ თუ არა დაბადება, ყველა თანახმა არ იქნებოდა.

გასულ წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამბავს, რომლის ცნობითაც 27 წლის ინდოელი რაფაელ სამუელი საკუთარ მშობლებს უნებართვოდ გაჩენისთვის სასამართლოში უჩიოდა. გამოხმაურება, რასაკვირველია, მეტწილად ცინიკური იყო. მოთხოვნის საფუძველზე დაუფიქრებლად ინტერნეტსივრცეში სამუელი გააკრიტიკეს და მის შეხედულებას დასცინეს.

რეალურად, რაფაელი ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს. ფეისბუქზე არაერთი გვერდი და ჯგუფი არსებობს, რომლის პროფილის ფოტოზე უძველესს სიმბოლს — ურობოროსს — და მასში გაყრილ მახვილს ვხვდებით. ურობოროსის სიმბოლო, რომელზეც საკუთარი კუდის მჭამელი გველია გამოსახული, გამოიყენებოდა უძველეს ბერძნულ და ეგვიპტურ ცივილიზაციებში, მოგვიანებით კი გნოსტიკურ მოძღვრებაშიც. იგი განასახიერებს სიცოცხლის მარადიულ წრეს: დაბადებას და სიკვდილს.

ამ წრეში გაყრილი მახვილი ანტინატალისტურ ფილოსოფიას ყველაზე უკეთ გამოხატავს — უწყვეტის წყვეტილად ქცევა და სიცოცხლის დასრულება. ერთი შეხედვით, ეს საზრისი ბევრისთვის მიუღებლად შეიძლება ჩანდეს, მით უმეტეს, ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც დალოცვაც კი გამრავლებას უკავშირდება და ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად შთამომავლობის დატოვება მიიჩნევა, მათ კი, ვინც საკუთარი სურვილით ამბობს უარს შვილის ყოლაზე, არასრულფასოვან პიროვნებებად მიიჩნევენ. თუმცა ანტინატალისტური ფილოსოფიის სამიზნე მხოლოდ საკუთრივ ინდივიდი არაა. ამ მოძღვრების მიმდევრებს სურთ, რომ ადამიანთა მოდგმამ გამრავლება შეწყვიტოს და დედამიწაზე ადამიანი გაქრეს.

ფოტო: Miro Denck/The Guardian

მიუხედავად იმისა, რომ ანტინატალისტური ფილოსოფიის მარცვლებს ჩვენ ანტიკურ ტექსტებშიც ვხვდებით, მოძღვრებამ, თუ რატომ არის ადამიანის დაბადება უკიდურესად ცუდი მოვლენა, ჩამოყალიბებული სახე არცთუ დიდი ხნის წინ შეიძინა. შეიძლება, ითქვას, რომ ანტინატალისტური ფილოსოფია მოდერნისტული ხანის ნიჰილისტურ და ეგზისტენციალურ განწყობებს უკავშირდება. იგი გვხდება როგორც თეისტური ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებთან, ასევე ათეისტ ეგზისტენციალისტებთან. ნიცშეს ზარათუსტრა კაცის არსებობას "სასტიკად" და "აზრს მოკლებულად" მიიჩნევს, დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟი, კირილოვი, მას "ტკივილად და შიშად" ახასიათებს, ადამიანს კი "უბედურად" თვლის.

"არ დაიბადო — აი, რა არის
ყველაზე კარგი და მერე ის, რომ
უკეთუ იშვი, საჩქაროდ ისევ
იქვე დაბრუნდე, საიდანაც მოხვედი.
როცა გაივლის ახალგაზრდობა,
უზრუნველი და ქარიფანტია,
რა ტანჯვა არის, შენ არ გეწვიოს,
რა ჯაფა, შური ანდა ზვაობა,
შუღლი, ბრძოლა და ანდა მკვლელობა?
ბოლოს კი მოდის საძულველი ძალადამცლელი,
მარტოდ მშთენელი და უამური
სიბერე, რატა სიავეთა ყველა სიავე
ერთად აცხოვროს".

ოიდიპოსი კოლონოსში, სოფოკლე (მთარგმნელი: ზურაბ კიკნაძე)

თუმცა განცალკევებული სახით, როგორც აღვნიშნეთ, ანტინატალისტური ნარატივი გვიანდელ პერიოდში შეიქმნა. იგი ეგზისტენციალურ საკითხებთან მიმართებაში უფრო მკაფიო აზრს აყალიბებს, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

2006 წელს სამხრეთაფრიკელი ფილოსოფოსის და ლექტორის, დევიდ ბენეტარის, წიგნი — უკეთესი იქნებოდა, არასდროს დავბადებულიყავი: არსებობაში მოსვლისგან მოყენებული ზიანიგამოიცა, რომელიც დღესდღეობით ანტინატალისტების ბიბლიას წარმოადგენს.

შვიდი ნაწილისგან შემდგარ წიგნში ავტორი ეხება თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხს, მათ შორის აბორტს და მოსახლეობის ჭარბ რაოდენობას, ასევე სუიციდს, სიკვდილს და რელიგიურ ხედვებს.

რატომ არის უარყოფითი მოვლენა ადამიანის დაბადება? ანტინატალისტები გამოკვეთილად აღნიშნავენ, რომ იგი დაკავშირებულია დაუსრულებელ და ამაო ტანჯვასთან. როცა აჩენ სიცოცხლეს, აჩენ სიკვდილსაც — ასე აფასებენ დაბადების მოწინააღმდეგეები ადამიანის არსებობას.

ილუსტრაცია სარა პერის წიგნისთვის ყოველი აკვანი საფლავია.

ფოტო: Life Sucks / Tumblr

მიუხედავად იმისა, რომ ანტინატალიზმის ამოსავალი წერილი ადამიანის არსებობის კრიტიკაა, ამ მოძღვრების მომხრეებს განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ სხვადასხვა საკითხზე — ზოგიერთი აბორტს ამართლებს, ზოგიერთისთვის, პირიქით, ეს არაეთიკური და უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

გარდა ყოფიერების ტკივილისა, ანტინალისტების არგუმენტები მოიცავს დედამიწაზე მოსახლეობის უკონტროლო ზრდას და ეკოლოგიურ ფაქტორებს. ბენეტარი წიგნში ამბობს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 20 ათასი ადამიანი იღუპება გამოფიტვისგან, 840 მილიონი ადამიანი კი შიმშილისგან იტანჯება. გარდა ამ რიცხვებისა, მას ასევე სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის სტატისტიკა მოჰყავს, როგორც დაბადების და ნატალისტური აზროვნების შედეგი.

თუმცა, ანტინატალისტების აზრით, ადამიანის დაბადება ყოველთვის მისი მშობლების ნატალისტურ ხედვას არ უკავშირდება. თავად ბენეტარს, რომელმაც წიგნი საკუთარ მშობლებს მიუძღვნა, მიაჩნია, რომ ადამიანების უმეტესობა საკუთარ თავს და სამყაროს ფილოსოფიას არ უღრმავდება, რისი შედეგიც შვილის გაჩენაა.

ფოტო: Petra Stefankova

სტატისტიკაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ ბენეტარის წიგნის და ანტინატალისტური საზრისის კრიტიკა — მისი მოწინააღმდეგეები სწორედ იმ მონაცემს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც, ადამიანების უმეტესობა არდაბადებას დაბადებას არჩევდა. რაფაელის მშობლებსაც აინტერესებთ, როგორ შეეძლოთ მისგან თანხმობის მიღება წინასწარ, თუმცა ანტინატალისტები ფიქრობენ, რომ არდაბადების შემთხვევაში ადამიანი ვერც უბედური იქნება, ვერც ბედნიერი — საერთოდ არ იქნება და ამიტომ თქვენი პოტენციური შვილი ვერ დაგემდურებათ, თუკი მას არ გააჩენთ. ამის საპირწონედ, დაბადების შემთხვევაში არსებობს ალბათობა — მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი — რომ მას ცხოვრება არ ეყვარება და ისურვებს, საერთოდ არ დაბადებულიყო.

"დიდად საეჭვოა, რომ ბევრმა ადამიანმა აღიქვას დაბადებისგან მოყენებული ზიანის ჩემეული გააზრება", — ამბობს ბენეტარი წიგნის დასასრულს, — "კიდევ უფრო საეჭვოა, რომ ადამიანები გამრავლებას შეწყვეტენ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ჩემს დასმულ საზრისებს ყურადღებას არ მიაქცევს. [...] თუმცა ჩემი ხედვა არა ადამიანებისადმი სიძულვილით, არამედ არსებობაში მოსვლისგან მოყენებული ზიანითაა გამოწვეული".

ფოტო: Christopher McKenney

ცხადია, ფილოსოფია არც ზუსტი მეცნიერებაა და არც ხელოვნება, რომ ზუსტ პასუხებს ეძიებდეს. ნებისმიერი ფილოსოფიური მოძღვრება, მით უმეტეს, ისეთი ახალი და პროვოკაციული, როგორიც ანტინატალიზმია, თავის თავშივე გულისხმობს მასზე დავას და აზრების შეპირისპირებას. თუმცაღა ბევრისთვის ანტინატალისტური ხედვა და ადამიანთა მოდგმის გადაშენების პერსპექტივა მოსაწონი არაა, მნიშვნელოვანია, ამ მოძღვრების შემოთავაზებულ საკითხებზე დაფიქრება, რადგან განსხვავებით სხვა არსებებისგან, ადამიანს აზროვნების უნარი აკისრებს მორალურ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე, მათ შორის, გამრავლებაზეც.