რა ღირს პროდუქტები საახალწლო სუფრისთვის? - რეპორტაჟი აგრარული ბაზრიდან
ახალი წლის დადგომამდე ოთხი დღით ადრე, თბილისში, სადგურის მოედანთან ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გზები იმდენად გადატვირთულია, რომ ბაზრის შესასვლელთან მანქანით მისვლა თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მოვაჭრეები მაინც მყიდველის სიმცირესა და გაძვირებულ ხორცპროდუქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, წინასაახალწლო დღეებში ფასები ზოგ პროდუქტზე გაიზარდა, ზოგზე კი უცვლელი დარჩა, მაგალითისთვის, ინდაურის შეძენა ბაზარში 55-დან 120 ლარამდეა შესაძლებელი და მისი ფასი დამოკიდებულია პროდუქტის წონაზე.
გოჭის ფასი აგრალურ ბაზარში 80-დან 150 ლარამდე მერყეობს და ესეც მის ზომაზეა დამოკიდებული. გარემოვაჭრეებთან პატარა ზომის გოჭის შეძენა 60 ლარადაც არის შესაძლებელი.
1 კგ ღორის ხორცი თითქმის ყველა დახლთან 10 ლარი ღირს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არაჰიგიენურ პირობებში, ღია დახლებზე დევს.
ასეთივე პირობებში იყიდება თევზი გარემოვაჭრეებთან, სადაც მისი შეძენა ცალობით 4-5 ლარად არის შესაძლებელი.
წინასაახალწლოდ ნიგვზის ფასი 23-დან 35 ლარამდე მერყეობს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ იგი გაცილებით იაფი ღირდა:
"ნიგოზი 1 კვირის წინ 17 ლარი ღირდა, ყოველდღიურად იზრდებოდა ფასი და საახალწლოდ გაძვირდა. შარშან 22 ლარი ღირდა, მაშინაც არ იყო ნიგვზის მოსავალი."
1 კგ ქათმის შეძენა ბაზარში დაახლოებით 7-8 ლარად არის შესაძლებელი. ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, 30 დეკემბრამდე, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს მაშინ, როცა გასულ წელს, საახალწლოდ იგი 6-6,5 ლარი ღირდა.
17-დან 23 ლარამდე მერყეობს რაჭული ლორის ფასი.
1 კგ იმერული ყველი 8 ლარი ღირს, ქარხნული წარმოების კი - 10-12 ლარი.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასებმა განსაკუთრებით იმატა უცხოურ ნაწარმზე, მათი თქმით, 1-დან 3 ლარამდე გაძვირდა ტკბილეული:
"მაგალითად, 10 ლარი რომ ღირდა 1კგ კანფეტი, დღეს 12 ლარად ვყიდით, 5 ლარი რომ ღირდა, ახლა ღირს 6-7 ლარი. გაძვირდა არამხოლოდ უცხოური წარმოების ტკიბილეული, არამედ ქართულიც - ჩვენ მხოლოდ ბარამბო გვაქვს ასეთი და ისიც გაძვირდა 1 ლარით. გაძვირდა ასევე ფქვილიც, მაგალითად, 1 ტომარა ადრე ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 55 ლარი".
ფასების ცვლილება არ შეხებია ჩურჩხელასა და ჩირებს. თხილის ჩურჩხელა ბაზარში 1,5 ლარი ღირს, ნიგვზის კი - 2-2,5 ლარი.
აგრარულ ბაზარში, გოზინაყის უცვლელი ინგრედიენტის, თაფლის ფასი კილოგრამზე 20 ლარს აღწევს.
აღნიშნული ფასები მოიცავს ერთ კონკრეტულ ბაზარში არსებულ ფასებს და ის შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა აგრარულ ბაზრებში, ან სუპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა, ზოგადი ტენდენცია მაინც ერთგვაროვანია.
კომენტარები