ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 15 აგვისტომდე სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები

გიგი უგულავას 3 საქმე

მონიტორინგის მიმდინარეობისას, 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი — გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. გამოვლენილია შემდეგი სახის დარღვევები:

  • დაირღვა საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადა;
  • საქმის განმხილველმა ერთ-ერთმა მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ საქმე არ აიცილა, ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე, რადგან მანამდე სასამართლოში საქმის განხილვისას მთავარი ბრალმდებელი (გენერალური პროკურორი) იყო;
  • საკასაციო სასამართლომ 13 დღეში შეისწავლა მრავალტომიანი საქმე და გამოიტანა განაჩენი;
  • საკასაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, როცა მასზე განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა სავარაუდო პოლიტიკური მოტივების გამო;
  • ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეზე, გიორგი უგულავას ნაცვლად მის მიმართ განხორციელებილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა, ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
  • არსებობს შერჩევითი სამართლის სხვა ნიშნები.

ნიკანორ მელიას 2 საქმე

ცენტრის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტში იდენტიფიცირებულია შემდეგი დარღვევები:

  • ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნაც შაბლონური იყო და მასში საკმარისად არ იყო დასაბუთებული, რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა — წინასწარი პატიმრობა;
  • დასაბუთება არ ახლავს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, ხოლო შემდგომ — თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
  • გენერალური პროკურატურის მიერ არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) რამდენიმე საქმე, რომელთა უმრავლესობა არათუ ფაქტობრივი გარემოებებით, არამედ ზოგადი დასაბუთების სტანდარტითაც კი არ მიესადაგება ნიკანორ მელიას საქმეს;
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეზღუდვისას არ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნული არაერთი დასაბუთებული შეფასება. შედეგად, არათანაზომიერად შეიზღუდა ნიკანორ მელიას, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები;
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას, ერთიან კონტექსტში არ განიხილა საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, საერთოდ არ მიიღო მხედველობაში პარლამენტის წევრის იმუნიტეტისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები.

ირაკლი ოქრუაშვილის 2 საქმე

ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ საქმეებში იდენტიფიცირებულია შემდეგი დარღვევები:

  • ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე სავარაუდო პოლიტიკური მოტივით, როგორც გაფრთხილების ნიშანი, დააკავეს მისი პირადი მძღოლი და ოჯახის ახლობელი, კობა კოშაძე;
  • პრობლემურია სასამართლოს მიერ ტერმინ "ძალადობის" განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიზნებისათვის;
  • სასამართლოსეული ნორმის განმარტება, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების მხრიდან მისი, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას აჩენს, რისი მაგალითიც ირაკლი ოქრუაშვილის საქმეა;
  • საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი ასობით დემონსტრანტიდან საქართველოს პროკურატურამ დისკრიმინაციულად მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი შეარჩია იმ პირად, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო;
  • სერიოზული კითხვის ქვეშ დგას გამამტყუნებელ განაჩენში გამოყენებული მტკიცებულებების შინაარსი და მათ საფუძველზე დანაშაულის დასამტკიცებლად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი;
  • გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ 4 პოლიციელის ჩვენება;
  • სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ოქრუაშვილს ახალი ბრალი წარედგინა და მას, როგორც 9-თვიან წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, სასამართლომ ახალი-9 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადის ათვლა, 20-21 ივნისის საქმეზე გამოყენებული წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადისგან დამოუკიდებლად დაიწყო;
  • სახელმწიფო ბრალდებამ ბრალის წარსადგენად სისხლის სამართლის კოდექსის ის რედაქცია გამოიყენა, რომელიც 2004 წლის 11 ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მეტად აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას.

გიორგი რურუას საქმე

ორგანიზაციის მიერ საქმეში იდენტიფიცირებულა შემდეგი პრობლემური საკითხები:

  • ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულისთვის უფლება-მოვალეობები არ განუმარტავთ;
  • სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა გიორგი რურუას როგორც პირადი, ისე ავტომანქანის ჩხრეკაც;
  • პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;
  • საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას;
  • გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე ჩაატარა.

მიმდინარე საქმეები:

  • მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე;
  • ნიკა გვარამიას საქმე;
  • მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე;
  • მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას საქმე;
  • ლაშა ჩხარტიშვილის საქმე;
  • ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე;
  • ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე;
  • ყოფილი სპეცრაზმელების საქმეები;
  • გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმე.

ამ ჩამოთვლილ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ცენტრს, მონიტორინგის მიმდინარეობისას მიღებული ინფორმაციიდან, რჩება შთაბეჭდილება, რომ საპროცესო შეთანხმებების გაფორმება პროკურატურისა და სასამართლოს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რადგან ასეთ შემთხვევაში, პირები აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას და სასამართლოს, შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენები.

როგორც შუალედურ ანგარიშში წერია, საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, კანონიერია თუ არა მოთხოვნილი სასჯელი, არსებობს თუ არა საქმეში უტყუარი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად და ა.შ. ამ სისხლის სამართლის საქმეებში კი, აღნიშნული მოთხოვნები დაცული არ არის.

შერჩევითი სამართალი და სავარაუდო პოლიტიკური მოტივები

ანგარიშში ვკითხულობთ — ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნის არსებული სამართლებრივად ხარვეზიანი პრაქტიკა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საქმეების შესწავლისას იდენტიფიცირებული პრობლემები, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების უგულებელყოფა, ასევე, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევების მიმართ უმოქმედობის შემთხვევები, აჩენს კითხვებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომასა და კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის დევნის მიზანმიმართულად დაწყების თაობაზე, რაც მათი დასჯის სურვილსა და დაპატიმრებაში გამოიხატება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციის თუ ინსტიტუციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავრობის მიერ გაღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების და მისი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განცალკევების მრავალი ძალისხმევის მიუხედავად, სისტემური ხარვეზები მაინც არსებობს, რაც ქმნის მოსამართლეებზე ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზეწოლის პოტენციურ შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე — საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესახებ.

უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესების პარალელურად, სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, გავრცელდა ისეთი განცხადებებიც, რომლებშიც მიანიშნებდნენ ბრალდებული პირის სხვა შესაძლო დანაშაულში მონაწილეობაზე. მსგავსი განცხადებები, ცალკეულ პოლიტიკოსთა მხრიდან, შესაძლებელია, ბრალდებულის დაუსაბუთებლად დემონიზაციის მცდელობად და ამ გზით მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებად შეფასდეს.

გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება

გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის თანახმად, "სასამართლო განხილვის სამართლიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია მისი სწრაფი განხორციელება", რაც სასამართლო პროცედურების ყველა ეტაპს შეეხება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა პრობლემები გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების კუთხით. ზოგიერთი საქმე გადაიდო არაგონივრულად ხანგრძლივი დროით. ზოგ გადადებულ საქმეში ფიგურირებდნენ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები. საქმის განხილვის დაყოვნებას ან განხილვის გადადებას, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ბრალდების მხარის მოქმედებისა თუ უმოქმედობის მიზეზით, ნაწილის სასამართლო განხილვის გადადება ხდებოდა დაცვის მხარის, გამონაკლის შემთხვევაში კი — სასამართლოს ინიციატივით, სხვადასხვა მიზეზზე მითითებით. ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომებიკი პირიქით, დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.

ზემოთ აღწერილი შემთხვევები პოტენციურ ზემოქმედებას ახდენენ სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაზე, რადგან ერთმანეთზე მიყოლებული შეყოვნებები და პროცესის გადატანა ხელს უწყობს მის გაჭიანურებას — ვკითხულობთ კვლევაში.

მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება

მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილების
უფლება ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, აღნიშნულია, რომ "სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი".

მონიტორინგის დროს შესწავლილ სასამართლოს განაჩენებთან, განჩინებებთან, სხვა სახის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გამოვლინდა სამი მთავარი პრობლემა:

  • მტკიცებულებათა არასაკმარისი ან არაადეკვატური შეფასება;
  • სამართლებრივი ანალიზი;
  • სასჯელის შეფარდებისთვის გამოყენებული ფაქტორების შეფასების ნაკლებობა.

დისტანციურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტით, კორონავირუსის პანდემიისგან მომდინარე საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შეიზღუდა მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ასევე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის დროს მართლმსაჯულების უსაფრთხო განხორციელების ხელშეწყობას.

მონიტორინგის მიმდინარეობისას, სასამართლო სხდომების დისტანციურმა ხასიათმა ტექნიკური ხასიათის არაერთი განმეორებადი პრობლემა წარმოშვა. სასამართლო და პენიტენციური სისტემა მსგავსი გამოწვევისთვის მზად არ აღმოჩნდა. ტექნიკური პრობლემების გამო სხდომების დაწყება ზოგჯერ საათობით გვიანდებოდა, რაც არსებითად უშლიდა ხელს სასამართლო პროცესის ჩატარებას, რიგ შემთხვევებში კი პროცესების გადადების საფუძველიც ხდებოდა.

გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ როგორც დისტანციურად, ისე სასამართლო სხდომის დარბაზში დასწრებაც, ხშირად, მხოლოდ მას შემდეგ იყო შესაძლებელი, რაც ოფიციალურად, განცხადებით მიმართავდა ორგანიზაციის სასამართლო მონიტორი საქმის განმხილველ მოსამართლეს და ითხოვდა პროცესზე დასწრებას. საბოლოოდ, დისტანციურ სხდომებზე მონიტორების დასწრებასთან დაკავშირებით უარის მიზეზად, ძირითადად, ასახელებდნენ, რომ მათი ჩართვა ტექნიკურ ხარვეზებს გამოიწვევდა.

ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის პრობლემა

ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევა, როდესაც დისტანციურად მიმდინარე პროცესის დროს ადვოკატმა გამოთქვა სასამართლო სხდომის გადადების სურვილი, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი კლიენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალური კომუნიკაცია.

უმეტესწილად, უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ ბრალდებულისთვის მიცემული რჩევები პროცესის ყველა მონაწილეს ესმოდა. შესაბამისად, ბრალდებულებს პროცესის მსვლელობისას არ ჰქონდათ ადვოკატთან პოზიციის შეჯერების შესაძლებლობა, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეიძლება იქნას მიჩნეული.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, შუალედურ კვლევაში ვკითხულობთ — გამოვლინდა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ქვეშ არსებულ საქმეებში, საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიერ სრულყოფილად არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთან, შერჩევითი სამართლისა და სავარაუდო პოლიტიკური მოტივების არსებობა, საფრთხეს უქმნიდა და უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულ დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად.

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის პროექტი ხორციელდება ადამიანის უფლებათა ცენტრის (Human Rights Center) მიერ შემუშავებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომლის მიზანია, მონიტორინგის ქვეშ არსებული სასამართლო პროცესებისა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობის სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში შესაძლო ხარვეზების, ასევე, ხელისუფლების სავარაუდო პოლიტიკური მოტივების იდენტიფიცირება და ანალიზი.

მონიტორინგის დაწყებიდან, შუალედურ საანგარიშო პერიოდამდე — 12 აგვისტომდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები დააკვირდნენ 80 სასამართლო სხდომას 20 საქმეზე. მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა 4 ანალიტიკური დოკუმენტი, სადაც გაანალიზებულია როგორც უშუალოდ სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგები, ისე სისხლის სამართლის საქმეების შესწავლისას გამოკვეთილი საკითხები.

20 საქმიდან, 3 საქმეზე განაჩენი გამოტანილია, 14 სისხლის სამართლის საქმე რჩება პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად, ხოლო 3 საქმე გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.