პანდემია, აბიტურიენტები და მშობლები — რა ხდებოდა ეროვნული გამოცდების პირველ დღეს
პანდემიის, შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების ფონზე, 6 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დილის 9 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში იყო.
08:00 საათი, რეგისტრაციის დაწყების დრო — მუხიანში, 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ასობით აბიტურიენტი შეიკრიბა ოჯახის წევრებთან ერთად. გამოსაცდელები სოციალური დისტანციის დაცვით ელოდებოდნენ თავიანთ რიგს, შენობაში შესასვლელად.
აბიტურიენტი ია აგლაძე რეგისტრაციამდე გვიყვება, რომ კორონავირუსის პანდემიამ გამოცდებისთვის სრულფასოვნად მომზადებაში ხელი შეუშალა. გრაფიკის გადაწყობა, სწავლის ახალ მეთოდებთან შეგუება მაშინ, როცა გამოცდამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მისთვის იოლი არ იყო.
"მირჩევნია ცოცხალი, ჯანსაღი ურთიერთობებით მეცადინეობა, რა თქმა უნდა. ისეთი ინტენსივობით ვეღარ ვაქტიურობდი, როგორც საჭირო იყო. მასწავლებელთან რომ მიდიხარ, იქ საუბრობ, რაღაც უფრო საღი აზრი იბადება ასეთ დროს. ზუმის მეშვეობით ვეკომნტაქტებოდი რეპეტიტორებს, რაც ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით, ისტორიის მეცადინეობისას. არის საკითხები, რასაც ვერ გაიგებ, მაგალითად, რუკები. ამას მასწავლებლის დახმარება სჭირდება", — ჰყვება ანა.
აბიტურიენტებმა პირველ ეტაპზე დაცვის პოლიციის ბარიერი გაიარეს, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეამოწმეს. შემდეგ ისევ სოციალური დისტანციის დაცვით, ორ რიგად განლაგდნენ და პირბადეებით მივიდნენ შენობამდე, სადაც დეზობარიერის, ხელების ხსნარით დამუშავებისა და ტემპერატურის გაზომვის ეტაპზე გადაინაცვლეს.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, მარიამ მოსიაშვილი იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს. გვიყვება, რომ პანდემიის დროს შეზღუდული არ იყო და მეცადინეობაში მისთვის ხელი არაფერს შეუშლია. მარიამის თქმით, კარანტინის დროს ისეთივე განრიგით სწავლობდა ონლაინრეჟიმში, როგორც მანამდე, პირისპირ მეცადინეობისას.
"პირბადეები რომ მოხსნეს, მაგით ვარ ბედნიერი, არ ვიქნები შებოჭილი. სხვა არ ვიცი, რამდენად მოვერგები შიგნით, როგორი სიტუაცია იქნება".
აბიტურიენტთა დიდი ნაწილი შენობაში შევიდა. რიგში შემორჩენილებიდან, ლიკა დემურაშვილი გვიყვება, რომ ორი თვის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა გამოცდისთვის მზადება, დისტანციურად სწავლა კი გაუჭირდა:
"ძალიან რთული იყო ონლაინრეჟიმში სწავლა. ვერ ვმუშაობდი, ისედაც რთული საგანია მათემატიკა და დამოუკიდებლად, მით უმეტეს".
09:00 საათზე პირველი გამოცდა დაიწყო. ბოლო აბიტურიენტი ადგილზე 13 წუთის დაგვიანებით მივიდა. იგი აცხადებდა, რომ თიანეთიდან ჩამოვიდა და ტრანსპორტმა დააგვიანა. თხოვნის მიუხედავად, გამოცდაზე არ დაუშვეს.
მშობლები ჩრდილში
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის გაფრთხილების მიუხედავად, მშობლები ტრადიციულად, საათობით, ნერვიულად ელოდებოდებოდნენ შვილებს. ზოგი მათგანი ხის ჩრდილს აფარებდა თავს, ზოგიც მზის გულზე, რკინის ჯებირებს იყო ჩაჭიდებული.
მათი ნაწილი იმაზე ნერვიულობდა, რომ შვილს წინა ღამით არ ეძინა, ზოგს ის ეიმედებოდა, რომ საგამოცდო შენობის გვერდით ეკლესია იყო, ზოგს კი ის, თუ რა საკითხი შეხვდებოდათ შვილებს გამოცდაზე.
მშობლების ნაწილი იმაზე წუხს, რომ მარტში და აპრილში, როცა საქართველოში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები იყო დაწესებული, აბიტურიენტები ყველა საგანში დატვირთვით ვერ მეცადინეობდნენ. ამბობენ, რომ დისტანციური სწავლისას კონტროლი ნაკლებია, რაც მოსწავლის მოტივაციაზეც მოქმედებს.
ერთ-ერთი მშობელი იქვე საგამოცდო შენობასთან, შორიახლოს, განმარტოვებით იდგა. მომზადების პერიოდის გახსენებისას ჰყვება, რომ პირისპირ მეცადინეობას უფრო მეტი ეფექტი ჰქონდა, პანდემიის დროს კი კონტროლის ნაკლებობის გამო აბიტურიენტი "უფრო ზერელედ ეკიდებოდა საქმეს".
მარიკა ნერვიულობდა, რომ მისი შვილი პირბადეს ვერ ატარებს, ამბობს რომ სუნთქვის პრობლემა აქვს. დაბრკოლება იყო ონლაინგაკვეთილებიც:
"ისე ვერ მეცადინეობდა, როგორც მანამდე. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მივედით ისევ [რეპეტიტორთან] და აღიდგინა ყველაფერი. ძალიან განიცდიდა ამას".
პირველი დღის დასასრული
გამოცდის მიმდინარეობის დროს აბიტურიენტები ეტაპობრივად ტოვებდნენ შენობას. სანდრო ჭითანავა ერთ-ერთი იყო, ვინც გამოციდან დროზე ადრე გამოვიდა. გამოსვლისას მოგვიყვა ყველა იმ პროცედურაზე, რაც შესვლამდე გაიარა:
"გავიარეთ დეზობარიერი, რითაც ხდება ფეხსაცმლის დეზინფექცია, ავედით ოთახში, სადაც ხელები დაგვიმუშავეს, მერხებთან წინ ფარია, ადგილს დაიკავებ და შეგიძლია პირბადე მოიხსნა".
3 საათისა და 40 წუთის შემდეგ აბიტურიენტების კიდევ უფრო დიდი ნაკადი გამოვიდა გარეთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან, 7 ივლისიდან განახლდება ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ საგანში გამოცდები 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ პირველ დღეს, საქართველოს მასშტაბით, მაღალი ტემპერატურისა და PCR ტესტის არქონის გამო, ორი აბიტურიენტი მოხსნეს გამოცდიდან.
სტატია დაიწერა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები