კაცმა საკუთარ ეზოში გაჭედილი 10 000-ტონიანი სატვირთო გემი იპოვა

ფოტო: Jan Langhaug / NTB / AFP via Getty / Futurism
იოჰან ჰელბერგი ადრე მუზეუმის დირექტორი იყო. იგი ამჟამად პენსიონერია და ცენტრალურ ნორვეგიაში, ტრონდჰაიმის ფიორდის იდილიურ სანაპიროზე ცხოვრობს.
რამდენიმე დღის წინ, ერთ მშვენიერ სამშაბათ დილას კი ახალგაღვიძებულმა ჰელბერგმა 9 990-ტონიანი სატვირთო გემი აღმოაჩინა, რომლის ქიმიც შეჯახების შედეგად მის უკანა ეზოში იყო შეჭრილი.
ხომალდი, სახელად NCL Salten, რომელიც კვიპროსში იყო რეგისტრირებული (ეს გადამზიდი კომპანიებისთვის გავრცელებული სამართლებრივი ტაქტიკაა) ტრონდჰაიმის გავლით გადიოდა. "The New York Times"-ის მიხედვით, ამ დროს კაპიტანს, სავარაუდოდ, ჩაეძინა.
"ღრმად მეძინა, როცა ეს მოხდა. კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. გამიკვირდა, დილის 5:45-ზე ვის უნდა გავხსენებოდი? აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი მეზობელი იყო. ფანჯრიდან რომ გავხედე, გაკვირვებულმა მკითხა, გემის შეჯახების ხმამ როგორ არ გამაღვიძა. გრუხუნის ხმა გავიგე, მაგრამ აფეთქებას ნამდვილად არ ჰგავდა. ეს ყოველივე ნამდვილად სიურრეალური იყო", — უამბო ჰელბერგმა ადგილობრივ პრესას.
საბედნიეროდ, ნაპირზე შევარდნის მომენტში გემი ძალიან ნელა მოძრაობდა. არც ხმელეთზე დაშავებულა არავინ და არც ეკიპაჟის წევრებიდან.
სალტენი ე.წ. ბალტიის "ფიდერია" — სატვირთო გემი, რომელიც იმ ვიწრო წყალსადენებში გადაადგილდება, სადაც უფრო დიდი გემები ვერ შედის. რასაკვირველია, ფიდერებიც კი ნაპირს იშვიათად თუ უახლოვდება. მით უმეტეს, გემი პირდაპირ სახლების ფანჯრებთან არ დგება ხოლმე. ერთ-ერთ უკრაინელ მეზღვაურს ბრალი დაუდევრობაში ედება. ინტენსიურ დაკითხვებზე გემის კაპიტანსაც იბარებენ, როგორც ეჭვმიტანილს.
სალტენი ჯერ კიდევ ნაპირზეა გაჭედილი. როგორც საზღვაო უწყებები აცხადებს, ისინი სამთო ინჟინრებთან ერთად მუშაობენ, რათა გემის ტალახიანი ნაპირიდან გამოყვანის შესაძლებლობა შეაფასონ. ხომალდის შეჯახებამ მეწყრები გამოიწვია. ამის გამო ჰელბერგის სამ მეზობელს ევაკუაციის შეტყობინება გაეგზავნა.
შეჯახება ზღვის მოქცევისას მოხდა. ეს სალტენის გამოყვანას კიდევ უფრო ართულებს. ბუქსირით მისი დაძვრა უკვე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ახლა გემიდან ტვირთის ჩამოტვირთვას განიხილავს. ეს შეიძლება გრძელვადიანი ოპერაციის დასაწყისი გახდეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პენსიონერი მშვენიერ ხასიათზეა. სერიოზულად არავინ და არაფერი დაზიანებულა, ამიტომ ჰელბერგი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარების აბსურდულობა მხოლოდ და მხოლოდ სახალისოა.
კომენტარები