"მესამე თვალი" — რას გვეუბნება მეცნიერება მის არსებობაზე?

ფოტო: EyeMindSpirit
მიუხედავად მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროგრესისა, ბევრი რამ 21-ე საუკუნეშიც კი იდუმალებით მოცული რჩება. ერთ-ერთი ასეთი გამოცანა ტვინია. ეს სულაც არ არის გასაკვირი — ის ხომ ამდენად კომპლექსური ორგანოა. შემეცნების იმ არეალს კი, სადაც ჯერჯერობით საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება არ მოიპოვება, ადამიანები ფსევდომეცნიერებით ავსებენ. ოდესმე თუ გსმენიათ ჯალღუზისებრი სხეულის შესახებ?
რა არის ჯალღუზისებრი სხეული?
ტვინის შუა ნაწილში, კორძიანი სხეულის ქვეშ გირჩას ფორმის პატარა ჯირკვალია, რომელიც მელატონინს (ძილის ჰორმონს) გამოყოფს. ამ ორგანოს ჯალღუზისებრი სხეული ჰქვია. როგორც მეცნიერებისთვის დღესდღეობითაა ცნობილი, ამ ჯირკვლის მთავარი ფუნქცია ორგანიზმის ცირკადული რიტმის — ძილისა და ღვიძილის ციკლის — რეგულირებაა.
როგორც ჩანს, ჯალღუზისებრი სხეული ჰიპოფიზსაც აკონტროლებს — განსაკუთრებით, მენსტრუალურ ციკლს. შესაძლოა, ის ახალი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაზეც ახდენდეს გავლენას. ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჯალღუზისებრი სხეული კალციფიკაციას — მინერალებით დაფარვას — განიცდის. მეორე მხრივ, არავინ იცის ეს რატომ ხდება ან რამდენად მნიშვნელოვანია.
ჯალღუზისებრი სხეულის შესახებ დაზუსტებით სხვა არაფერი ვიცით.
"ჯალღუზისებრი სხეული მთელს ენდოკრინულ სისტემაში ყველაზე იდუმალი ჯირკვალია. უნდა აღინიშნოს, რომ ის ყველაზე გვიან აღმოაჩინეს. მეცნიერებს ეს ორგანო და მელატონინი ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გაგებული, ამიტომ არავინ იცის, როგორ შეიძლება ამ ჯირკვლის სიჯანსაღის შენარჩუნება", — განმარტავს კლივლენდის კლინიკა.
ალბათ მიხვდებოდით, რომ ჯალღუზისებრი სხეული იდუმალებითაა მოცული. ამისდა მიუხედავად, კიდევ არის მის შესახებ რაღაც, რაც დანამდვილებით ვიცით — მას არანაირი ექსტრასენსული თვისება არ აქვს.
ჯალღუზისებრი მითები
ამ ჯირკვლის შესახებ ყველაზე ადრეული ჩანაწერები მე-2 საუკუნის რომაელი ექიმისგან — გალენოსისგან — შემოგვრჩა. იმ დროს ითვლებოდა, რომ ეს ორგანო "ექსტრასენსული პნევმით" იყო სავსე. იდეა იმაში იყო, რომ ჯალღუზისებრი სხეული სულის დინებას მართავდა, სწორედ ისე, როგორც გული — სისხლის დინებას. იმ დროს ეს ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა.
ჯირკვალი სპირიტული რეპუტაციით შუა საუკუნეებშიც სარგებლობდა. მე-17 საუკუნეში მასზე რენე დეკარტმაც დაწერა: "იგი სულის მთავარი სავანეა — ადგილი, სადაც ყველა ჩვენი ფიქრი იბადება".
ამ იდეის უარყოფა დეკარტის შემდეგ მალევე დაიწყო. მე-19 საუკუნისთვის მეცნიერები უკვე ფიქრობდნენ, რომ ჯალღუზისებრი სხეული უმეტესწილად უსარგებლო იყო — ჰიპოთეზური "მესამე თვალის" რუდიმენტული გადმონაშთი. ამ შემთხვევაში ამას პირდაპირი გაგებით ვგულისხმობთ, რადგან ზოგ ცხოველს, მაგალითად, ბაყაყებსა და ქვეწარმავლებს თვალებს შორის ლაქა ნამდვილად აქვთ, რომელიც სინათლეს "ხედავს" და ჯალღუზისებრ სხეულთანაა დაკავშირებული.
ამისდა მიუხედავად, ზოგმა "მესამე თვალს" ზებუნებრივი თვისებები მიაწერა. ელენა ბლავატსკიმ — თეოსოფიის დამფუძნებელმა — ეს ჯირკვალი "შივას თვალად" გამოაცხადა, რომელზეც მისი თქმით "ინდუისტმა მისტიკოსებმა" ბევრი იცოდნენ. ხოლო დისკორდიანიზმის მიმდევრები (მიზანმიმართულად ქაოტური და სატირული რელიგია) ამტკიცებენ, რომ ჯალღუზისებრი სხეულით შეიძლება ერისს — ქაოსის ქალღმერთს — დაუკავშირდე.
ტექნოლოგიის განვითარებამ ჯალღუზისებრ სხეულზე მითები კიდევ უფრო გაავრცელა. 1930-იან წლებში, კარნეგი უილსონ პულენმა ის რადიო-კრისტალს შეადარა, რომელსაც მეოთხე განზომილების აღქმა შეეძლო. ცნობილმა მწერალმა, ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტმა კი წარმოიდგინა, რომ ჯირკვალი დამატებით განზომილებებს გვიჩვენებდა. მან 1920 წელს ზუსტად ამ თემაზე მოთხრობაც კი დაწერა.
მითების კორიანტელი არც 21-ე საუკუნეში შეწყვეტილა. ხალხი ჯალღუზისებრ სხეულს ყველაფერს უკავშირებს: წყალში ფტორიდის შემცველობას, სმარტფონების გამოსხივებას, 5G ტექნოლოგიებსა და რაღა თქმა უნდა, კორონავირუსს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ ყველაფერს სამეცნიერო საფუძველი არ აქვს. ჯალღუზისებრი სხეულის ერთადერთი "მაგიური" უნარი თქვენი სიზმრების სამყაროში გაგზავნაა და არაფერი სხვა.
კომენტარები