ოკეანეების 21% სინათლეს კარგავს — რას ნიშნავს ეს ზღვის ეკოსისტემისთვის?

ფოტო: SciTechDaily
ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ოკეანეების 20%-ზე მეტი, რაც 75 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუქდება. ეს მასშტაბური ცვლილება მეცნიერებს აშფოთებს. ასეთი შედეგი, შესაძლოა, ზღვის ბიომრავალფეროვნებასა და პლანეტის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდეს.
ეს ფენომენი ცნობილია, როგორც ოკეანის დაბნელება. ის მაშინ ხდება, როდესაც წყლის გამჭვირვალობა მცირდება და მზის სინათლით განათებული შრის, ფოტოიკური ზონის, სიღრმე იკლებს. ეს ზონა პლანქტონის, თევზსა და ზღვის სხვა არსებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედამიწის კლიმატის რეგულირებაშიც გადამწყვეტი როლი აქვს.
მეცნიერებმა ამ ცვლილებების გასარკვევად 20 წლიანი სატელიტური მონაცემები და კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს. მათი შედეგები გამოცემაში Global Change Biology გამოქვეყნდა და აჩვენებს, რომ 2004-დან 2022 წლამდე ოკეანის დიდ ნაწილში წყალი უფრო ბნელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის სხივები წყალში უფრო და უფრო ნაკლებად აღწევს.
ოკეანის 9%-ზე მეტის ფოტოიკური ზონის სიღრმე 50 მეტრზე მეტით შემცირდა, ზოგიერთ რეგიონში 100 მეტრით. მიუხედავად ამისა, ყველა ტერიტორიაზე მსგავსი შედეგი არაა, ზოგან განათება და გამჭვირვალობა მომატებულია. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ცვლილებები ზღვის ეკოსისტემაზე დიდ გავლენას მოახდენს.
კვლევა ჩაატარეს პლიმუთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათ ლაბორატორიაში. ისინი ათ წელზე მეტია მსოფლიოს სანაპიროებსა და ოკეანეებზე ღამის ხელოვნური განათების ზემოქმედებას აკვირდებიან. მათი თქმით, ოკეანის დაბნელებას ის ცვლილებები უკავშირდება, რომლებსაც საკვები ნივთიერებების, ორგანული მასალისა და ნალექის სანაპიროებთან მოგროვება იწვევს. თავის მხრივ, ეს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებითა და მეტი წვიმითაა განპირობებული.
"არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ოკეანის ზედაპირის ფერი ბოლო 20 წლის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა. ეს შესაძლოა, პლანქტონის მოსახლეობის ცვლილებებთანაა დაკავშირებული", — განაცხადა დოქტორმა თომას დევისმა, რომელიც პლიმუთის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია — "ჩვენი შედეგები მოწმობს, რომ ასეთ ცვლილებებს ოკეანის დაბნელება იწვევს. ასე ზღვის არსებებისთვის საცხოვრებლად გამოსადეგი ტერიტორია მცირდება. მათ გამრავლებისა და გადარჩენისთვის მზისა და მთვარის სინათლე სჭირდებათ. ჩვენც ოკეანესა და მის ფოტოიკურ ზონებზე დამოკიდებული ვართ — სუნთქვისთვის, თევზჭერისთვის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, პლანეტის ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი აღმოჩენები შეშფოთების რეალურ საფუძველს გვაძლევს".
"ოკეანე ბევრად უფრო ცვალებადია, ვიდრე ხშირად გვგონია. მაგალითად, ვიცით, რომ სინათლის დონეები წყლის სვეტში 24 საათის განმავლობაში იცვლება. ცხოველები ამ პროცესზე დამოკიდებული არიან. თუ ფოტოიკური ზონა 50 მეტრით შემცირდება, ისინი იძულებულები იქნებიან, ზედაპირისკენ წამოვიდნენ. ამან, შესაძლოა, ოკეანეში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს", — აღნიშნავს პროფესორი ტიმ სმითი, პლიმუთის საზღვაო ბიოგეოქიმიის მეცნიერი.
ფოტოიკურ ზონაში ცვლილებების შესაფასებლად მეცნიერებმა NASA-ს Ocean Colour Web-ის მონაცემები გამოიყენეს. მათ ზღვის ზედაპირის ცვლილებები დეტალურად შეისწავლეს. ასევე ფოტოიკური ზონის სიღრმე განსაზღვრეს. მკვლევრებმა მზისა და მთვარის გამოსხივების მოდელები გამოიყენეს. დადგინდა, რომ ღამე ფოტოიკური ზონის სიღრმის ცვლილება დღისაზე შედარებით მცირეა, თუმცა ეკოსისტემისთვის მაინც მნიშვნელოვანია.
ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები გალფსტრიმის დინებაზეა, ასევე პლანეტის არქტიკულ და ანტარქტიკულ მხარეებში.
კომენტარები