გეოფაგია — რატომ ჭამს ზოგიერთი ადამიანი მიწას და რამდენად სასარგებლოა ეს?

ფოტო: J_R Images/Shutterstock.com
გეოფაგია ბერძნული სიტყვაა. "geo" მიწას ნიშნავს, "phagia" კი — ჭამას. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ადამიანებს ეს ჩვევა უხსოვარი დროიდან გვაქვს. ზოგ შემთხვევაში კი ეს არც ისეთი ცუდია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
"მიწაჭამიები" ისტორიის განმავლობაში
"ადამიანებში გეოფაგიის უძველესი მტკიცებულება ზამბიისა და ტანზანიის საზღვარზე, კალამბოს ჩანჩქერთან არსებული პრეისტორიული ადგილებიდან მოდის", — ვკითხულობთ გარემოს გეოქიმიკოს პიტერ აბრაჰამსის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში — "იქ ჰომო ჰაბილისის (ჰომო საპიენსის უშუალო წინამორბედი) ძვლებთან ერთად კალციუმით მდიდარი თეთრი თიხა იპოვეს".
აღნიშნული ჩვევის შესახებ შენიშვნები ძვ.წ. ჰიპოკრატეს მე-4 საუკუნის ნაშრომებში შეგვიძლია ვიპოვოთ. ასევე, დაახლოებით ნახევარი ათასწლეულის შემდეგ, აულუს კორნელიუს ცელსუსის სახელმძღვანელოებში. პლინიუს უფროსი მიიჩნევდა, რომ მიწის ჭამა სასარგებლოც კი იყო.
მეორე მხრივ, ყველა ექიმი როდი იყო ამ ჩვევის მომხრე. მე-11 საუკუნის სპარსეთში ავიცენასთვის რომ გაგენდოთ გეოფაგიის შესახებ, შესაძლოა, მას თქვენი საპყრობილეში გამოკეტვა მოეთხოვა. ამას ავიცენა მიზანშეწონილად ძირითადად გეოფაგიის მქონე კაცებისთვის მიიჩნევდა, ხოლო ორსულების შემთხვევაში ნაკლებად სასტიკ "მკურნალობას" ემხრობოდა.
ამერიკაში მყოფ მონებს, რომლებიც მიწას ჭამდნენ, ხშირად სახეზე ნიღბებს ან პირის "საკეტებს" უკეთებდნენ. თავისუფალ მოქალაქეებს კი იმ ეპოქის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ათავსებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მიწის ჭამა "პრიმიტიულად" მიიჩნეოდა — ეს ხომ აფრიკული ტრადიცია იყო, თანაც, ჯანმრთელობისთვის საშიში. მონათმფლობელები ფიქრობდნენ, რომ ეს მონების შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახებოდა.
ამისდა მიუხედავად, ნებისმიერ ეპოქაში მაინც არსებობდნენ მიწის მჭამელი ადამიანები, რომლებსაც ერთგვარი გამართლება ჰქონდათ. გეოფაგია მისაღებად შიმშილობის ხანებში მიიჩნეოდა. ორსულობის პერიოდში კი ეს მოსალოდნელიც იყო. ამის მიზეზებს ქვემოთ გაეცნობით.
რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს მიწის ჭამა?
"გეოფაგიის ნებისმიერი მკვლევარი ერთ პრობლემას ადრე თუ გვიან აუცილებლად გადააწყდება. მათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ დაუჯერებს. მეორე მხრივ კი, ბევრი ასეთი სკეპტიკოსი ეჭვქვეშაც არ დააყენებს იმ ფაქტს, რომ ველური ცხოველები მიწას გამიზნულად ჭამენ", — წერს აბრაჰამსი — "მაგალითად, ველური ბუნების თემატიკის სატელევიზიო პროგრამებში ნიადაგის მჭამელ ცხოველებს ხშირად ნახავთ. როგორც წესი, წამყვანი განმარტავს ხოლმე, რომ მიწა ძალიან ბევრ სასარგებლო მინერალს შეიცავს. მაშ, რატომ გვიკვირს, რომ ამავე მიზეზით ნიადაგი ადამიანმაც შეიძლება ჭამოს?"
მაგალითად, შიმშილობის დროს მიწის ჭამა შეიძლება როგორც დანაყრების, ასევე მნიშვნელოვანი მინერალების (როგორებიც კალციუმი და თუთიაა) მიღების ერთადერთი საშუალება იყოს. გარდა ამისა, მსოფლიოს ზოგ ნაწილში — მაგალითად, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაში — ადამიანები ნიადაგს შიმშილობის გარეშეც ჭამენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მიწა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს შეიცავს — სწორედ ისე, როგორც საკვები დანამატები.
რაც შეეხება ორსულობას, ამ დროს ქალებს არამხოლოდ მიწის, არამედ უამრავი სხვა უცნაური რამის მიღების სურვილი უჩნდებათ. როგორც შიმშილობის მსხვერპლი ადამიანების შემთხვევაში, სავარაუდოდ, საქმე აქაც საკვები ნივთიერებების დეფიციტთან გვაქვს. როგორც დიეტოლოგი შონა მელბურნი აღნიშნავს, სოციოეკონომიკური ფაქტორების ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო დედები ზოგჯერ სწორად არ იკვებებიან.
გარდა ამისა, ინდოეთსა და აფრიკაში ორსული ქალები წითელ თიხას ჭამენ. მათი აზრით ეს გულისრევის შეგრძნებას ამცირებს — თიხა კუჭს გარშემო ეკვრის და ტოქსინებს იწოვს. ეს ცრურწმენა ოდესღაც ევროპაშიც იყო გავრცელებული.
თიხა ინგრედიენტების გასაწმენდად უამრავ რეცეპტში გამოიყენება. ხოლო კალციუმის კარნობატი (იგივე კირი ან კირქვა) — ანტაციდების უმეტესობაში მთავარი ინგრედიენტია. გააქტიურებული ნახშირი კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული წამლების ჩამონათვალში ყოველთვის ლიდერობს.
რამდენად კარგი აზრია მიწის ჭამა?
გეოფაგია არც იმდენად ცუდია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მაშ, ყველამ უნდა ვჭამოთ მიწა?
მოკლედ რომ გიპასუხოთ: არა.
როგორც აღვნიშნეთ, ნიადაგი ბევრ სასარგებლო მინერალს შეიცავს. მეორე მხრივ, მასში შეიძლება ტყვია, დარიშხანი, ნიკელი და სხვა ტოქსიკური მეტალები იყოს. ექსკრემენტებით დაბინძურებული მიწა კიდევ უფრო საშიშია — ის ნაწლავის ჩხირს, სალმონელასა და პოტენციურად მომაკვდინებელ A ჰეპატიტს შეიძლება შეიცავდეს.
აქედან გამომდინარე, მიწის ჭამა მიზანშეწონილი არავისთვისაა. ჩანასახისთვის ეს იმაზე ბევრად საზიანოა, ვიდრე ზრდასრულისთვის. თუ ოდესმე მიწის ჭამა მოგინდებათ, ეცადეთ, თავი შეიკავოთ. ამ შემთხვევაში აჯობებს ექიმს მიმართოთ და თუ ეს გჭირდებათ, საკვები დანამატები მიიღოთ.
კომენტარები