SpaceX-მა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თავის მასიურ რაკეტას, Starship-ს, კიდევ ერთხელ გაუშვებს. ეს კომპანიის დირექტორის, ილონ მასკის, მარსის კოლონიზაციის გრძელვადიანი გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

"Starship-ის მეცხრე საცდელი გაშვება სამშაბათს, 27 მაისს, იგეგმება", — ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე. ეს ტეხასში მდებარე ბაზაზე, ადგილობრივი დროით 6:30 საათზე (თბილისის დროით 28 მაისს, 03:30) მოხდება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი რაკეტის ორი წინა საცდელი ფრენა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორივე სიმაღლეზე აფეთქდა და ნამსხვრევები კარიბის ზღვაში ჩამოიყარა. ორივეჯერ რაკეტის ზედა ნაწილი დაიკარგა, თუმცა ქვედა Super Heavy Booster-ის მექანიკურმა მკლავებმა დაიჭირა. საინჟინრო თვალსაზრისით ესეც დიდი მიღწევაა.

დღემდე Starship-მა რვა საცდელი ფრენა შეასრულა. აქედან ოთხი წარმატებით დასრულდა, ოთხი — აფეთქებით. აშშ-ის ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) ორი წარუმატებელი ფრენის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ყველა ფრენა შეაჩერა. ხუთშაბათს კომპანიას ფრენის გაგრძელების უფლება ისევ მისცა იმ პირობით, რომ რაკეტაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდებოდა. მომავალი ფრენისთვის SpaceX გადარჩენილ Super Heavy Booster-ს ხელახლა გამოიყენებს.

რაკეტა ბაზაზე აღარ დაბრუნდება. მას ფრენის დროს რამდენიმე ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენებენ, რათა მონაცემები შეაგროვონ. ამის შემდეგ ის მექსიკის ყურეში (რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ამერიკის ყურე" უწოდა) დაეშვება.

ფოტო: Space

Starship 123 მეტრი სიმაღლისაა, რაც თავისუფლების ქანდაკებაზე დაახლოებით 31 მეტრით მეტია. მასკს სურს, რომ საცდელი რაკეტა გაუშვან, რათა ხარვეზები სწრაფად გაასწორონ. ეს სტრატეგია ზოგისთვის მისაღებია, თუმცა არიან კრიტიკოსებიც.

2023 წელს გარემოსდაცვითმა რამდენიმე ჯგუფმა FAA-ს იმ მიზეზით უჩივლა, რომ სააგენტომ ამ საცდელი ფრენების გარემოზე გავლენა სრულად არ შეაფასა. მიუხედავად კრიტიკისა, FAA-მ 2025 წლის მაისის დასაწყისში SpaceX-ის ტეხასის ბაზაზე Starship-ის წლიური გაშვების რაოდენობა 5-დან 25-მდე გაზარდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.