მზის სისტემის მიჯნაზე შესაძლო ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს

ფოტო: NASA/JPL-Caltech
მზის სისტემის მიჯნაზე ტრანსნეპტუნური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც, როგორც სახელიც მიანიშნებს, ნეპტუნის მიღმა მოძრაობს. ის მზის გარშემო გადაადგილებას დაახლოებით 25 000 წელს ანდომებს. მის შესახებ ოფიციალური განცხადება საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების მცირე პლანეტათა ცენტრის მიერ 21 მაისს გაკეთდა.
ობიექტის სავარაუდო დიამეტრი დაახლოებით 700 კილომეტრია, ანუ საკმარისად დიდია იმისთვის, რომ პლუტონის მსგავსი ჯუჯა პლანეტა იყოს.
"2017 OF201 თავისი ორბიტული დროის მხოლოდ 1%-ს ატარებს ჩვენთან ისე ახლოს, რომ მისი დაფიქსირება შევძლოთ. ამ ერთი ობიექტის არსებობა ნიშნავს, რომ, შესაძლოა, იმ რეგიონში კიდევ ასობით ასეთი სხეული იყოს, რომელთაც მისი მსგავსი ორბიტა და ზომა ექნება. ისინი უბრალოდ ზედმეტად შორსაა იმისთვის, რომ ახლა აღმოვაჩინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპების განვითარებამ სამყაროს შორეული არეალების შესწავლის საშუალება მოგვცა, მზის სისტემაში რაიმე ახლის აღმოჩენა ჯერ კიდევ გამოწვევებს უკავშირდება", — აცხადებენ მეცნიერები.

მზისგან 2017 OF201-ის დაშორება პლუტონთან და ნეპტუნთან შედარებით.
ფოტო: Jiaxuan Li and Sihao Cheng
ეს 1%-იანი შანსი მიუთითებს, რომ ობიექტი ძალიან დიდ მანძილს გადის, თანაც იმდენად პატარაა, რომ გასაკვირია, როგორ დააფიქსირეს. მის ორბიტაზე მზისგან ყველაზე შორეული წერტილი (აფელიუმი) დედამიწის ორბიტულ დისტანციას 1600-ზე მეტჯერ აჭარბებს, ხოლო ყველაზე ახლო (პერიჰელიუმი) — 44.5-ჯერ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს მიგნება მზის სისტემის ჰიპოთეზური მე-9 პლანეტის აღმოჩენას სირთულეებს შეუქმნის. მიიჩნევა, რომ ის დედამიწაზე დიდია, პლუტონის მიღმაა და სხვა ტრანსნეპტუნური ობიექტების ორბიტებზე ზემოქმედებს. ამის მიუხედავად, 2017 OF201 ამ სპეციფიკურ ორბიტულ მიმართულებას სულაც არ შეესაბამება, რითაც ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი აღნიშნულ რეგიონში მისნაირი ასობით სხეულია.
ამ ობიექტს არქივში არსებული მონაცემების ანალიზისას მიაგნეს, რაც ნიშნავს, რომ უკვე არსებულ და საჯაროდ ხელმისაწვდომ ბაზებში ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ავტორთა არარეფერირებული ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები