გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე სამარხში 1 800 წლის წინანდელი ვერცხლის ამულეტი აღმოაჩინეს. არტეფაქტი მამაკაცის ნიკაპთან ახლოს იყო მოთავსებული და სულ რაღაც 3.5 სანტიმეტრის სიგრძისაა, რომელზეც ლათინურად 18 სტრიქონიანი ტექსტი წერია. ამ აღმოჩენამ შესაძლოა რომის იმპერიაში ქრისტიანობის ისტორია მთლიანად გადაწეროს.

ამულეტი და მასზე დაწერილი წარწერა ყველაზე ძველი ქრისტიანული მტკიცებულებაა, რაც კი ალპების ჩრდილოეთით ოდესმე აღმოუჩენიათ.

ყველა სხვა სარწმუნო წყარო, რომელიც ამ რეგიონში რომის ქრისტიანულ ცხოვრებაზე მიუთითებს, ამულეტზე მინიმუმ 50 წლით გვიანდელია და ძირითადად IV საუკუნით თარიღდება. ეს კონკრეტული ნივთი, რომელიც დაახლოებით 230-270 წლებითაა დათარიღებული, უკვე ცნობილი გახდა როგორც "ფრანკფურტის წარწერა". სწორედ ამ წარწერის უკეთ გასაშიფრად გაკეთდა სპეციალური ანალიზები.

ვერცხლის პატარა ფირფიტა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით ვირტუალურად გაშალეს და მასზე მესამე საუკუნით დათარიღებული, 18-სტრიქონიანი ლათინური წარწერა აღმოაჩინეს.

ფოტო: Leibniz Institute for Archaeology in Mainz (LEIZA)

"ეს გამორჩეული აღმოჩენა კვლევის ბევრ სფეროს შეეხება და მეცნიერებას დიდი ხნით დაინტერესებულს დატოვებს. ეს ეხება არქეოლოგიასაც, რელიგიის კვლევასაც, ფილოლოგიასაც და ანთროპოლოგიასაც. ასეთი მნიშვნელოვანი მიგნება აქ, ფრანკფურტში, ნამდვილად იშვიათობაა", — თქვა ფრანკფურტის კულტურისა და მეცნიერების ხელმძღვანელმა ინა ჰარტვიგმა.

ამულეტი 2018 წელს, ფრანკფურტის მახლობლად ჩატარებული გათხრებისას, იმ ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს, რომელიც ძველად რომაული ქალაქი ნიდას სახელით იყო ცნობილი. გათხრებისას მთლიანი რომაული სასაფლაო იპოვეს, მრავალი სამარხით, ხოლო კონკრეტულად ამ ადგილას, რომელიც "სამარხი 134"-ით მოინიშნა, ვერცხლის პატარა ამულეტი აღმოჩნდა ნამარხი ჩონჩხის ნიკაპქვეშ. სავარაუდოდ, იგი მფლობელს კისერზე ეკეთა.

აღმოჩენის შემდეგ ფრანკფურტის არქეოლოგიურმა მუზეუმმა ამულეტი აღადგინა. მასში შედიოდა თხელი, დახვეული ვერცხლის ფირფიტა წარწერით, რომელიც 2019 წელს მიკროსკოპული და რენტგენული ანალიზით გამოიკვლიეს, მაგრამ ფირფიტა იმდენად მყიფე იყო, რომ გაშლა ვერ მოხერხდა.

გასულ წელს კი გარღვევა მოხდა. მაინცში, ლაიბნიცის არქეოლოგიის ცენტრში თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფის გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს ფირფიტის დეტალური სკანირება. დაიწყო ტექსტის აღდგენის პროცესი. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა მარკუს შოლცმა შეძლო 18 სტრიქონის შეკვრა.

ვერცხლის ამულეტი მამაკაცის ნიკაპთან აღმოაჩინეს.

ფოტო: Monument Office of the City of Frankfurt am Main

"ხანდახან კვირები, ან თვეებიც კი მჭირდებოდა ერთი სტრიქონის ამოსაცნობად. დავუკავშირდი თეოლოგიის ისტორიის სპეციალისტებსაც და ნელ-ნელა, ერთობლივად გავშიფრეთ ტექსტი. ზოგი ნაწილი დაზიანების გამო დაიკარგა, ხოლო რამდენიმე სიტყვა დღემდე სადავოა. აღსანიშნავია, რომ წარწერა მთლიანად ლათინურადაა შესრულებული, რაც იშვიათია იმ დროისთვის, რადგან ამულეტები მაშინ უმეტესად ბერძნულად ან ებრაულად იწერებოდა", — განაცხადა მან.

ამულეტს ქრისტიანობის გარდა არც ერთი სხვა რელიგიური მინიშნება არ გააჩნია, რაც კიდევ უფრო იშვიათს ხდის მას ამ ასაკის სხვა არტეფაქტებს შორის. ეს მიუთითებს არამარტო ჩრდილოეთში ქრისტიანობის გავრცელებაზე, არამედ თავად მფლობელის მტკიცე რწმენაზეც. მესამე საუკუნეში ქრისტიანებთან ასოცირება ჯერ კიდევ სახიფათო იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმპერატორი ნერონი მათ სიკვდილით სჯიდა ან კოლოსეუმში სასტიკად აწამებდა.

"ფრანკფურტის წარწერა ნამდვილი სამეცნიერო სენსაციაა. ამ აღმოჩენის გამო, ქრისტიანობის ისტორია ფრანკფურტში და მის ფარგლებს გარეთაც, დაახლოებით 50-100 წლით უკან უნდა გადაიწიოს. პირველი ქრისტიანული მიგნება ალპების ჩრდილოეთით სწორედ ჩვენი ქალაქიდან მოდის", — განაცხადა ფრანკფურტის მერმა მაიკ იოზეფმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.