ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო გაყინული წყლის ნაწილაკები დააფიქსირა
ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) წყლის ყინულოვანი ნაწილაკები დააფიქსირა. ისინი მტვრიან ნამსხვრევთა რგოლში, რომელიც შორეულ, მზის მსგავს ვარსკვლავს აკრავს, მოძრაობს.
ასტრონომებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ წყალი, განსაკუთრებით გაყინულ მდგომარეობაში, პლანეტური სისტემების ცივ, გარე რეგიონებში ფართოდ შეიძლება გვხვდებოდეს. ეს ეჭვი ჩვენი მზის სისტემის მაგალითებზეა გამყარებული: სატურნის თანამგზავრი ენცელადი, იუპიტერის განიმედე და ევროპა. ასევე სხვა ყინულოვანი მთვარეები დიდი რაოდენობით გაყინულ წყალს შეიცავს. ზოგ მათგანზე შესაძლოა, თხევადი წყლის ოკეანეებიც კი იყოს, რაც მუდმივად აჩენს კითხვებს მათ სიცოცხლისთვის შესაფერის გარემოდ ქცევის შესაძლებლობაზე.
JWST-ის მიერ გასულ კვირას გაკეთებული ოფიციალური დასტურის შემდეგ, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ უკვე შეუძლიათ დაიწყონ კვლევა იმის თაობაზე, როგორ ვრცელდება და გადაადგილდება წყალი სხვა პლანეტურ სისტემებში.
ახალი აღმოჩენა ვარსკვლავს, სახელად HD 181327, ეხება, რომელიც დაახლოებით 155 სინათლის წლით მოშორებით, ტელესკოპის თანავარსკვლავედში, მდებარეობს. HD 181327 მხოლოდ 23 მილიონი წლისაა, რაც ჩვენი მზის 4.6 მილიარდი წლის ასაკთან შედარებით კოსმოსში ძალიან ახალგაზრდად ითვლება. მას ფართო, მტვრიან ნამსხვრევთა დისკო აკრავს გარს, რომელიც პლანეტების ფორმირების საწყისი პატარა ნაწილაკებით მდიდარია.
"HD 181327 ძალიან აქტიური სისტემაა", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითმა მეცნიერმა, კრისტინ ჩენმა NASA-ს განცხადებაში — "ამ დისკოში ყინულოვანი სხეულების ხშირი შეჯახებები წყლის წვრილ ნაწილაკებს მუდმივად აღვიძებს. ისინი ვების ტელესკოპის მიერ მარტივად შეიმჩნევა".
კვლევის შედეგები, რომლებიც 15 მაისს გამოცემაში Nature გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ამ მტვრიანმა ბურთულებმა, შესაძლოა, პლანეტები წყალით უზრუნველყოს. მათი ფორმირების პროცესში, კომეტები და სხვა ყინულოვანი სხეულები შეიძლება, ახალგაზრდა პლანეტებს შეეჯახონ და წყალი დატოვონ. ეს არის პროცესი, რომელმაც დედამიწა წყლით უზრუნველყო და მასზე სიცოცხლე შექმნა.
JWST-ის მონაცემებით, შორეული ვარსკვლავის სისტემის ყინულის უმეტესი ნაწილი დისკოს გარე რეგიონებშია თავმოყრილი. იქ ტემპერატურა საკმარისად დაბალია იმისთვის, რომ ყინული შენარჩუნდეს. ვარსკვლავთან უფრო ახლოს კი ის დნება, რადგან ულტრაიისფერი რადიაცია აორთქლებს.
კვლევის გუნდის განცხადებით, HD 181327-ის გარშემო არსებულ ნამსხვრევთა დისკოს მახასიათებლები კოიპერის სარტყელს ჰგავს.
"ტელესკოპის მიერ კოიპერის სარტყელზე ჩატარებული დაკვირვებების მონაცემები და ახალი მიგნებები ჰგავს. ეს შთამბეჭდავია, რადგან დიდი ალბათობით, მილიარდობით წლის წინ ჩვენი მზის სისტემა ადრეულ ეტაპზე ახალი აღმოჩენის მსგავსად გამოიყურებოდა", — ამბობს ჩენი განცხადებაში.
კომენტარები