Thames Water 122.7 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს — Ofwat-ის მიერ გაცემული ყველაზე დიდი ჯარიმა

ფოტო: Global Restructuring Review
Thames Water-ს, რომელიც წყალმომარაგებისა და წყლის ნარჩენების გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ბრიტანული კერძო კომპანიაა, 122.7 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. როგორც ამბობენ, ეს იმ კანონდარღვევისთვის, რომელიც საკანალიზაციო ოპერაციებსა და აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდას უკავშირდება.
ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც ბრიტანეთის წყლის მარეგულირებელმა ორგანომ Ofwat-მა ოდესმე გამოწერა. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება "ყველაზე მასშტაბური და რთული გამოძიების" შემდეგ მიიღეს. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ ჯარიმას კომპანია და მისი ინვესტორები გადაიხდიან და არა მომხმარებლები.
"გარემოსთან დაკავშირებით ჩვენს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით", — ამბობენ Thames Water-ის წარმომადგენლები.
წყლის ინდუსტრიის მარეგულირებელმა უწყებამ კომპანიას 104.5 მილიონი გირვანქა საკანალიზაციო ოპერაციებთან დაკავშირებული დარღვევებისთვის დააკისრა. ამას 18.2 მილიონი გირვანქა დაემატა, რომელიც დივიდენდების გაცემას უკავშირდება. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა Ofwat-მა წყლის კომპანია დაუმსახურებელი დივიდენდების გამო დააჯარიმა.
ამ დროისთვის Thames Water "ფინანსური ჩაკეტილობის" რეჟიმშია. კომპანიას დივიდენდების გადახდა Ofwat-ის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია კანალიზაციის გაშვებაში წლების განმავლობაში ბევრჯერ შეამჩნიეს.
Thames Water მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. კომპანიას 20 მილიარდ გირვანქაზე მეტი ვალი აქვს. მიუხედავად ამისა, მარტში უმნიშვნელოვანესი 3 მილიარდის მიღება მოახერხეს და გაკოტრებას გადარჩნენ.
კომპანია გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს ემსახურება, ძირითადად ლონდონსა და სამხრეთ ინგლისის ნაწილებში. ასევე დაახლოებით 8 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. იქამდე, სანამ სესხს აიღებდნენ, აპრილის შუა რიცხვებისთვის თანხა სრულად ეწურებოდათ. მთავრობა მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში Thames Water სპეციალურ ადმინისტრაციაში გადაეყვანა.
"ეს ჯარიმები მომხმარებლისთვის იმედის გაცრუების შედეგია", — ამბობს Ofwat-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბლექი — "ჩვენმა გამოძიებამ კომპანიის მრავალი ჩავარდნა აღმოაჩინა. მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვერ ააშენეს, ვერ შეინარჩუნეს და ვერ მართეს იმისთვის, რომ საკუთარი ვალდებულებები პირნათლად შეესრულებინათ. კომპანიამ ასევე ვერ გვაჩვენა ის სარგებელი, რომელსაც მისი საქმიანობით გარემოს მოუტანდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმა დაგვეკისრებინა".
ეს ჯარიმები იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელმა, კრის უესტონმა, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში გააკეთა. მან თქვა, რომ მსგავსი ჯარიმები Thames Water-ის არსებობას საფრთხეს შეუქმნიდა.
"ჩვენ გარემოზე აღებულ პასუხისმგებლობას სერიოზულად ვუდგებით. უკვე მივიღეთ ზომები, რათა პრობლემები მოვაგვაროთ. ამას Ofwat-იც დაადასტურებს. დივიდენდები კომპანიის იურიდიული და მარეგულირებელი ვალდებულებების გათვალისწინებით გამოცხადდა. ჩვენი გამსესხებლები ლიკვიდურობას აგრძელებენ და კაპიტალის მოზიდვის პროცესიც მიმდინარეობს", — განაცხადა კრის უესტონმა.
კომენტარები