მეცნიერებმა აფრიკის ქვეშ გავარვარებული ნაკადის არსებობის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს. ის მაღლა გადაადგილებისას ძლიერ ვულკანურ აქტიურობას იწვევს და კონტინენტს ორად ხლეჩს.

გეოლოგებმა აქამდეც იცოდნენ ამ პროცესის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რიფტის (EARS) სახელით ცნობილ რეგიონში მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მსჯელობის საგანი იყო, თუ რა იწვევს ამას. ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ კონტინენტის ქერქს ცხელი მატერიის ნაკადი ქვემოდან აწვება და ანაწევრებს.

ცენტრალურ კენიაში მდებარე მენგაის გეოთერმული ველის აირები სწორედ მანტიიდან მომდინარეობს — სავარაუდოდ, მისი ფსკერისა და პლანეტის ბირთვის შუა არეალიდან. ის ემთხვევა ჩრდილოეთსა (წითელი ზღვა) და სამხრეთში (მალავის რესპუბლიკა) აღმოჩენილი ვულკანური ქანების ქიმიურ შედგენილობასაც, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მანტიის ერთსა და იმავე ღრმა მასაზეა განლაგებული.

უნდა აღინიშნოს, რომ EARS მთელი დედამიწის მასშტაბით უდიდესი აქტიური კონტინენტური რიფტული სისტემაა. ის დაახლოებით 2500 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და მის მიმდებარედ ლითოსფეროს — ქერქის გარე და მანტიის ზედა კლდოვან შრეს — ბოლო 35 მილიონი წლის განმავლობაში ეტაპობრივად არღვევს. ამის შედეგად კონტინენტის ზედა ნაწილში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკიდან მოზამბიკამდე, ხეობების ერთგვარი ქსელი გააჩინა.

EARS-ის ქვეშ ღრმა მანტიის ნაკადის არსებობაზე მინიშნებებს აქამდე ჩატარებული კვლევების ფარგლებშიც მიაგნეს, კერძოდ ინერტული აირების სახით. ისინი იშვიათია და, როგორც წესი, სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში არ შედის. ამის შედეგად ისინი დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება და ხანგრძლივ გეოლოგიურ პროცესებზე ღირებული ინფორმაციის მოცემა შეუძლია.

ამის მიუხედავად, EARS-ის რეგიონში ასეთი გეოქიმიური ინდიკატორები მწირი იყო. მეცნიერებმა მაღალი სიზუსტის ინსტრუმენტებით კენიის აირებში ნეონის იზოტოპების ძიება დაიწყეს და ღრმამანტიური კვალი დააფიქსირეს. ის ჰავაიზე არსებულ ყველაზე ძველ მსგავს ინდიკატორს ჰგავს, რაც გასაკვირი არაა, რადგან მიიჩნევა, რომ ამ არეალის ქვეშაც გავარვარებული ნაკადია.

მეცნიერებმა ამ შედეგების ავთენტურობაში დასარწმუნებლად მონაცემები რამდენჯერმე ხელახლა გააანალიზეს და მისი სისწორე დაადასტურეს. ვარაუდობენ, რომ აფრიკის ქვეშ მსგავსი ნაკადი 2900 კილომეტრი სიღრმიდან მომდინარეობს. ის "მოტივტივე" ცხელი მატერიაა, რომელმაც EARS-ის დაბლა თავდაპირველად არსებული მანტია ჩაანაცვლა. მაღლა გადაადგილებისას ეს ნაკადი უფრო ცივ ლითოსფეროს ხვდება და მის დასანაწევრებლად საკმარის ენერგიას წარმოქმნის. შედეგად ძლიერ ვულკანურ აქტიურობას ვიღებთ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.