ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა გადაშენების პირას მყოფი სახეობის უპემბას წყლის ირმის (Kobus leche anselli) ფოტო გამოაქვეყნეს.

ფოტო გადაღებულია კამალონდოს ქვაბულის კვლევის დროს. ეს არის მიწის უზარმაზარი ტერიტორია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთში, რომელიც დღემდე უპემბას წყლის ირმის ერთადერთ საცხოვრებელ გარემოდ მიიჩნევა.

"კვლევის მეორე დღეს, მოულოდნელად ანტილოპა გამოჩნდა. რამდენიმე წამით შეჩერდა, რა დროსაც ფოტოს გადაღება მოვასწარი და მაშინვე გაიქცა", — განაცხადა კვლევის ავტორმა მანუელ ვებერმა The Guardian-თან ინტერვიუში.

ვებერის გადაღებული ფოტო, სავარაუდოდ ამ სახეობის ამსახველი პირველი კადრია, მას შემდეგ, რაც იგი 2005 წელს პირველად აღწერეს. გუნდის მიერ ამ სახეობაზე ჩატარებული გამოკვლევა, ასევე პირველია ბოლო 50 წლის განმავლობაში და მისი შედეგები უპემბას წყლის ირმების მომავალზე არაფერს კარგს არ გვეუბნება.

მიუხედავად იმისა, რომ IUCN-ის მონაცემებით ბუნებაში ჯერ კიდევ დაახლოებით 600-დან 1000-მდე ზრდასრული ინდივიდია დარჩენილი, მიმდინარე კვლევამ მხოლოდ 10 ანტილოპის არსებობა დააფიქსირა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რეალური რაოდენობა ასზე ნაკლებია, რისი მიზეზიც უკონტროლო ნადირობაა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, ეს სახეობა საბოლოოდ გაქრება.

"ის ფაქტი, რომ ისინი საერთოდ კიდევ არსებობენ, უკვე საოცრებაა, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ეს სახეობა ნამდვილად გაქრება", — ამბობს ვებერი.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახლად გადაღებული ფოტო ხალხის ყურადღებას მიიქცევს და სახეობის გადარჩენისთვის გადაუდებელი ზომების მიღება დაჩქარდება.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში African Journal of Ecology.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.