გაგიკვირდებათ და ბალახი დედამიწაზე შედარებით გვიან გაჩნდა, იმდენად გვიან, რომ დინოზავრების ეპოქის დიდმა ნაწილმა მის გარეშე ჩაიარა. ბალახოვანი მცენარეების წარმოშობის ზუსტი დათარიღება რთულია, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში 56 მილიონი წლის წინანდელია. შედარებისთვის, მასობრივი გადაშენების გამომწვევი ასტეროიდი პლანეტას 66 მილიონი წლის წინ შეეჯახა.

საინტერესოა ისიც, რომ, ზოგადად, მცენარეებმა ხმელეთზე დაახლოებით 470 მილიონი წლის წინ გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ ბალახი აქედან 414 მილიონ წელში გაჩნდა — ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ მეცნიერებს ზემოხსენებული ნამარხი მტკიცებულებიდან გამომდინარე. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ასეთი მცენარეები უფრო დიდი ხნის წინ გავრცელებულიყო.

მაგალითად, 2005 წელს დინოზავრის ექსკრემენტი აღმოაჩინეს, რომელშიც მინიშნება იყო იმაზე, რომ ეს ცხოველები ბალახს ჭამდნენ. ინდოეთში ნაპოვნი ეს ნიმუშები 65 მილიონი წლის წინანდელია, ანუ ბალახის ევოლუციის ისტორიას 9 მილიონი წლით უკან სწევს. ამ კვლევით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ პერიოდის დინოზავრები სულ მცირე 5 ისეთ ტაქსონში შემავალი ბალახებით იკვებებოდნენ, რომლებიც დღესაც არსებობს.

საინტერესო აღმოჩნდა 2017 წლის კვლევაც, რომლის ფარგლებშიც ჩინელმა პალეონტოლოგებმა ჰადროზავრიდის კბილებზე ბალახის მსგავს ფრაგმენტებს მიაგნეს. ის 113 მილიონი წლის წინანდელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დინოზავრები 245 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, ესე იგი თითქმის 130 მილიონი წელი მათ მაინც უბალახო გარემოში მოუწევდათ ყოფნა.

ასევე, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ თავდაპირველად ბალახი ისეთი გავრცელებული იყო, როგორც ახლაა. ის მხოლოდ მცირე არეალებში, აქა-იქ, იზრდებოდა, რაზეც მეცნიერები თანხმდებიან. ამჟამად ხმელეთის დაახლოებით 40% სწორედ ბალახითაა დაფარული, მაგრამ დინოზავრების ეპოქაში დედამიწა სულ სხვაგვარი იყო და ეს არსებები მწვანე მდელოზე სულაც არ დააბიჯებდნენ.

ეს მათი ცხოვრებისა და მახასიათებლების შესასწავლად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად, ბალახში მინის მსგავსი ნაწილაკებია, რომლებიც კბილების ცვეთას იწვევს. ცხენებს ამისთვის ევოლუციურად კბილები ისე განუვითარდათ, რომ ბალახი არ ვნებთ, მაგრამ პრეისტორიულ ცხოველებში ასეთი ადაპტაცია ჯერ არ იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.