შესაძლოა, უცხოპლანეტელები უკვე გვესაუბრებიან, მაგრამ ჩვენ მათი "ენა" არ გვესმის

ფოტო: MacGillivray Freeman
1950 წელს ენრიკო ფერმიმ დასვა შეკითხვა, რომელზეც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია: სად არიან უცხოპლანეტელები? ეს შეკითხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც ასტრონომებმა გააცნობიერეს, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაშიც კი მილიარდობით პლანეტაა.
ასევე იხილეთ: ფერმის პარადოქსი: ანუ, თუ სამყაროში მარტო არ ვართ, სად არიან სხვები?
უკვე 75 წელია "ფერმის პარადოქსმა" უამრავი თეორია, ჰიპოთეზა თუ იდეა წარმოშვა. იქნებ "დიდი ფილტრი" ჩვენს შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ: ევკარიოტული უჯრედების განვითარების ალბათობა ხომ ძალიან დაბალია. ან იქნებ უცხოპლანეტელებს უბრალოდ არ ვაინტერესებთ? თუ კარდაშევის სკალის მე-3 დონის ცივილიზაციას წარმოვიდგენთ, რომელიც მთელს გალაქტიკას მართავს, ისიც სავარაუდოა, რომ ასეთ სახეობას საერთოდ არ დავაინტერესებთ — ჩვენ ხომ პირველ დონეზეც კი არ ვართ, ბოლო-ბოლო საკუთარ ატმოსფეროს ვწამლავთ.
ასევე იხილეთ: კარდაშევის სკალა - ცივილიზაციების ტიპები მათი განვითარების მიხედვით
მეორე მხრივ, ხომ შეიძლება, უცხოპლანეტელები უკვე გვესაუბრებიან, მაგრამ ჩვენ ვერ ვიგებთ?
2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ედინბურგის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა არჯუნ ბერერამ განსაზღვრა, რომ კვანტურმა კომუნიკაციამ (კომუნიკაციის ფორმა, რომელიც ჩვენ მიერ გამოყენებული კლასიკური რადიოტალღების ნაცვლად ფოტონის ანუ სინათლის ნაწილაკის კუბიტებს იყენებს) შეიძლება ვარსკვლავთშორის მანძილებზე კოჰერენციის შენარჩუნება შეძლოს. ამ იდეამ ბერერას კოლეგა, ლანთამ ბოილი დააფიქრა: იქნებ უცხოპლანეტელები ისეთ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლებიც არ გვესმის. ეს შეიძლება კვანტური კომუნიკაცია იყოს, ან სულაც რამე სხვა.
"საინტერესოა, რომ ჩვენი გალაქტიკა (და კოსმოსური ფონური გამოსხივება, რომელშიც ირმის ნახტომია "ჩაშენებული") სიხშირის გარკვეულ დიაპაზონებში ვარსკვლავთშორისი კვანტური კომუნიკაციის შესაძლებლობას თითქოს ნამდვილად იძლევა", — განმარტა ბოილმა phys.org-ისთვის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში.
ამ ცნობისმოყვარეობამ საბოლოოდ მას ნაშრომი დააწერინა. ის პრეპრინტების სერვერ arXiv-ზეა ატვირთული სათაურით "ვარსკვლავთშორისი კვანტური კომუნიკაციისა და ფერმის პარადოქსის შესახებ". კვლევაში ბოილი ცდილობს განსაზღვროს, SETI-ს (არამიწიერი ცივილიზაციის ძიება) მსგავს ინსტიტუტს შეუძლია თუ არა კვანტური კომუნიკაციის დეტექცია უცხოპლანეტელების ძიების უკვე არსებულ საშუალებებში ჩართოს. თეორიულად ამ შეკითხვის პასუხი დადებითია, პრაქტიკულად კი — უარყოფითი.
პრობლემა შემდეგშია: ამ კვანტური საუბრის გასაგონად უზარმაზარი ანტენის შექმნა დაგვჭირდებოდა. მაგალითად, ბოილმა გამოთვალა, რომ ვარსკვლავთშორისი კვანტური კომუნიკაცია მინიმუმ 26,5 სანტიმეტრის სიგრძის ტალღებზე უნდა მოხდეს. ეს სიგრძე კვანტური დეპოლარიზაციის თავიდან ასარიდებლადაა საჭირო, რომელსაც, თავის მხრივ, კოსმოსური მიკროტალღური ფონი (CMB) იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ალფა კენტავრთან — ჩვენს უახლოეს ვარსკვლავთან — დიფრაქციულ ზღვრამდე კვანტურად დასაკავშირებლად დაახლოებით 100-კილომეტრიანი დიამეტრის მქონე ტელესკოპი დაგვჭირდება. ეს ლონდონის ფართობსაც კი აღემატება. მარტივად რომ ვთქვათ, SETI-ს ამხელა ბიუჯეტი ნამდვილად არ აქვს.
"ჩვენ ვიხილეთ, რომ გამგზავნმა თითქმის ყველა ფოტონი ჩვენს მიმღებ ტელესკოპზე უნდა მიმართოს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ნიშნების დაფიქსირება მხოლოდ მიზანმიმართულ ტელესკოპს შეეძლება. ეს კომუნიკაციის კლასიკური ფორმებისგან მკაფიოდ განსხვავდება — სტანდარტული კავშირის დროს ფოტონების გავრცელება ფართო დიაპაზონშია შესაძლებელი და ნებისმიერ დამკვირვებელს, რომელიც ამ ფოტონების მცირე ნაწილს დააფიქსირებს, შეუძლია მიიღოს გზავნილი", — ვკითხულობთ ბოილის ნაშრომში.
რასაკვირველია, თუ ასეთი განვითარებული ცივილიზაცია ამ საინჟინრო სირთულეების გადალახვას შეძლებს, იმის ალბათობაც დიდია, რომ ჩვენთვის თვალის შორიდან შევლებითაც კი მიხვდნენ — ჩვენ ამ სიგნალების მიღებისთვის ჯერ მზად არ ვართ.
კომენტარები