თუ საბურავების მწარმოებელ იაპონურ კომპანიას, ბრიჯსტოუნს დავუჯერებთ, მანქანის საბურავები ოდესღაც თეთრი იყო. ეს მაშინ შეიცვალა, როცა მწარმოებლებმა მურის გამოყენებაც დაიწყეს — იგი საბურავს უფრო გამძლეს ხდის.

მური 97%-ით ნახშირბადია. ის არასრული წვის პროცესით იქმნება — მაშინ, როცა საკმარისი ჟანგბადი არ მოიპოვება და ნავთობპროდუქტების წვა კონტროლირებულ პირობებში სრულად არ მიმდინარეობს. ამის შედეგად წვის ნორმალური პროდუქტები — წყალი და ნახშირორჟანგი — არ წარმოიქმნება. მური სწორედ ამ პროცესში მიიღება. ის წვრილი შავი ფხვნილის ან პატარა მარცვლების ფორმით გვხვდება. მას რეზინს, პლასტმასას, საბეჭდ მელანს და, რა თქმა უნდა, საბურავებს უმატებენ.

მურის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 8.1 მილიონი ტონა მური იწარმოება. ამ მასალის დამატებით მწარმოებლები საბურავებს სიცხისა და აბრაზიული ცვეთისადმი უფრო მედეგს ხდიან. გარდა ამისა, ეს მასალა საბურავებს ულტრაიისფერი სინათლისა და ოზონისგანაც იცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, მური საბურავს ყველანაირად უფრო გამძლეს ხდის. Goodyear Motors-ის მიხედვით, მურის შემცველობის არმქონე საბურავები, მაღალი ალბათობით, 8000 კმ-საც ვერ გაივლის. ეს ძალიან დისკომფორტულია მძღოლებისთვის — მათ საბურავის შეცვლა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოუწევთ.

მურის დამატება რეზინის ელექტროგამტარობასაც ზრდის. ეს სტატიკურ მუხტს თავის დაღწევის საშუალებას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუხტი შეიძლება დაგროვდეს და ელექტროშოკი გამოიწვიოს. საბურავის წარმოებაში მურის დამატება ესთეტიკური თვალსაზრისითაც ხელსაყრელია — საბურავის გაწმენდა უფრო მარტივია. ან, უფრო გულწრფელად რომ ვთქვათ, ჭუჭყი იმდენად შესამჩნევი აღარაა, როგორიც თეთრი საბურავის შემთხვევაში იქნებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ საბურავებს ყოველთვის რეზინისგან არ ამზადებდნენ. ჟურნალი Road & Track-ის მიხედვით, პირველი საბურავები ხისგან იყო დამზადებული და გარედან რკინის ზოლი ჰქონდა შემოხვეული. ასეთი საბურავები მეცხრამეტე საუკუნის ცხენებშებმული ეტლებისთვის შეიძლება საკმარისი იყო. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის მოტორიზებულ ტრანსპორტს უფრო გამძლე მასალა სჭირდებოდა. ზოგიერთმა ადრეულმა ვერსიამ — როგორიცაა რობერტ ტომპსონის რეზინის მილი, რომელიც ტყავით იყო დაფარული — დიდხანს ვერ გაძლო. მეორე მხრივ კი, ჯონ ბოიდ დანლოპის პნევმატიკური საბურავი, რომელიც 1888 წელს დაპატენტდა, დღემდე სტანდარტად რჩება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.