კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელმაც საკუთარი არსებობა კვლავ შეგვახსენა.

ცნობილი კრატერიდან გასული წლის ბოლოდან მოყოლებული პერიოდულად ლავა იფრქვეოდა. 25 მაისს კი ცეცხლოვანი ნაკადი ცაში დაახლოებით 300 მეტრ სიმაღლეზე აიტყორცნა.

ამ ამოფრქვევის ვიდეო პირდაპირ ეთერში აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გაავრცელა. ეს 2024 წლის დეკემბრის შემდეგ კილაუეას 23-ე ამოფრქვევა იყო და, ამავდროულად, ყველაზე მასშტაბურიც.

საერთო ჯამში, კილაუეას ბოლო ამოფრქვევა დაახლოებით ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჰავაი-ალეუტის დროით 16:15-ზე ვულკანის ჩრდილო ნაწილიდან ლავას გავრცელება დაიწყო. თავდაპირველი პერიოდული ამოფრქვევები მალე სტაბილურ და ინტენსიურ ნაკადად იქცა. ნახევარი საათის შემდეგ ჩრდილოეთის კალთიდან ლავის ჭავლი მკვეთრად გაიზარდა და 300 მეტრ სიმაღლეს მიაღწია. მალევე აქტიური ამოფრქვევა სამხრეთიდანაც დაიწყო.

"ორივე კალთიდან ამოფრქვეულმა ლავამ ჰალემაუმაუს კრატერის ძირის დაახლოებით ნახევარი დაფარა", — ნათქვამია USGS-ის ოფიციალურ ანგარიშში.

იმავე ღამეს, დაახლოებით 22:25-ზე, სიტუაცია დამშვიდდა. საბედნიეროდ, ყველა ამოფრქვევა ჰავაის კუნძულზე მდებარე "ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის" ტერიტორიაზე მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლოს მცხოვრები მოსახლეობა საფრთხის მიღმაა.

25 მაისის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ფერფლის, ვულკანური მინისა და ქანის ღრუბელმა მინიმუმ 1500 მეტრ სიმაღლეზე ააღწია.

ფოტო: USGS/M. Zoeller

USGS-ის მეცნიერების მთავარი შეშფოთების საგანი ვულკანური აირია, რომელიც ქარის მოძრაობის მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს და ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰაერში მისი კონცენტრაცია მაღალ დონეზე იქნება. ამან შეიძლება სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს.

ამ სახის ამოფრქვევები ასევე ვულკანურ მინას წარმოქმნის, რომელსაც პელეს თმას უწოდებენ (ვიზუალურად ის თმას მოგვაგონებს). ის ქართან ერთად გადაადგილდება და კანისა თუ თვალის გაღიზიანება შეუძლია. ამჟამად ვულკანის აქტიურობა დროებით შეჩერებულია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ ფაზაში ყოფნის პერიოდში დაახლოებით კვირაში ერთხელ "გამოიღვიძებს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.