ტყე გვაფრთხილებს, როდის ამოიფრქვევა ვულკანი? — კვლევა მცენარეთა "სიგნალებზე"

ფოტო: Newsweek
ვულკანური ამოფრქვევების პროგნოზირებით ადამიანთა გადარჩენაა შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია, რაიმე ნიშნის იდენტიფიცირება მოხერხდეს. ახალი კვლევა ასეთ ინდიკატორს გვთავაზობს — ხეების ფოთლების შეცვლილ ფერს.
როცა ამოფრქვევა ახლოვდება, მაგმა ზედაპირისკენ ინაცვლებს და დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფს. ვინაიდან ხეებში ამ ნაერთის მეშვეობით ფოტოსინთეზი მიმდინარეობს, ვულკანის გარშემო არსებულ მცენარეთა ფოთლები უფრო მწვანე ხდება. ამის გასაზომად ნორმალიზებულ-დიფერენციული ვეგეტაციის ინდექსი (NDVI) გამოიყენება და მისი დაფიქსირება კოსმოსიდან, სატელიტების მიერაა, შესაძლებელი.
უკანასკნელი კვლევისას სპეციალისტებმა იტალიაში მდებარე ვულკან ეტნას მახლობლად ნახშირორჟანგის დონე შეისწავლეს. მათ სახმელეთო სენსორების მონაცემები სატელიტებისას შეადარეს. შედეგად დაადგინეს, რომ რაც უფრო ძლიერი იყო ემისია, მით უფრო მწვანე იყო ფოთლები. 2 წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის დონისა და სიმწვანის მკაფიო მატება 16-ჯერ დააფიქსირეს, რაც მიწისქვეშ მაგმის გადაადგილებას შეესაბამებოდა. მსგავსი რამ ვულკანიდან შედარებით მოშორებითაც შენიშნეს.
ახალი კვლევა 2019 წლის ნაშრომს ეფუძნება, რომელშიც აღწერილია, როგორ მოქმედებს კოსტა-რიკის აქტიური ვულკანების ემისია ტროპიკული ხეების ფოთლების შეფერილობაზე. ახლა ეს მეცნიერები, სხვა კოლეგებთან ერთად, NASA-სა და სმითსონის ინსტიტუტის პროექტში მონაწილეობენ, რომლის მიზანიც პანამისა და კოსტა-რიკის ვულკანების ირგვლივ მცენარეთა ფერის ცვლილების ანალიზია.
ამჟამინდელი სატელიტური მეთოდებით მხოლოდ დიდი ამოფრქვევების აღბეჭდვაა შესაძლებელი, ანუ მათ გამოსახულებებში ამოფრქვევის წინმსწრები ნახშირორჟანგის ზომიერი ემისიები არ გამოჩნდება. შესაბამისად, ამ ნაერთის ნაცვლად სხვა რამაა საჭირო, რაც საპროგნოზო ინდიკატორის როლს შეასრულებს.
ჩვენს ხელთ არსებული ასეთი მინიშნებები სეისმური ტალღები და იმ რეგიონში ხმელეთის სიმაღლის ცვლილებაა. ახლა მათ რიცხვს ფოთლების სიმწვანის გამკვეთრებაც შეემატება. ეს გარემოს დაბინძურების შედეგების უკეთ გააზრებაშიც დაგვეხმარება, კერძოდ — რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნახშირორჟანგის მაღალი დონე ყველა ხეზე იმოქმედებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Remote Sensing of Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები