ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის ბირთვში დიდი ოდენობით ოქროა, რომელიც მანტიის გავლით ქერქისკენ ინაცვლებს. ამაზე ვულკანური ქანი მიანიშნებს, რომელიც ლითოსფეროს ქვედა სიღრმიდანაა ამოსული. მისმა იზოტოპურმა ანალიზმა ცხადყო, რომ პლანეტის ქერქში ძვირფასი ლითონებია, რომლებიც ბირთვიდან "გამოიჟონა" და გრძელი გზა გაიარა ზედაპირამდე, სადაც კონვექციური მაგმის მეშვეობით მოხვდა.

რა თქმა უნდა, ოქრო დედამიწის ქერქში ისედაც ხელმისაწვდომია, მაგრამ ძალიან მწირია იმ საერთო რაოდენობასთან შედარებით, რომლის არსებობაც ნავარაუდებია. კერძოდ, ჩვენი პლანეტის მეტალის ბირთვში იმდენი ოქროა, რომ მთლიან ხმელეთს 50-სანტიმეტრიანი შრით დაფარავდა.

ეს გასაკვირი არაა, რადგან დედამიწის განვითარების ადრეულ ეტაპზე მძიმე ელემენტები სიღრმეში ჩაიძირა და ბირთვში მოიყარა თავი. ამას გეოლოგიაში რკინის კატასტროფას უწოდებენ. მოგვიანებით მეტეორების გავლენით ქერქში უფრო მეტი ოქრო და სხვა ლითონები მოხვდა. შესაბამისად, ჩვენს ციურ სხეულს ძვირფასი ელემენტების ორი წყარო აქვს, მაგრამ რომელი რა ოდენობაზეა პასუხისმგებელი, უცნობი იყო.

ფოტო: James St. John/Flickr/Public Domain

ამის გამოკვლევა იზოტოპების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლებიც ძვირფას მძიმე მეტალ რუთენიუმს ეკუთვნის. ისინი ერთი ელემენტის სხვადასხვა ნეიტრონულ შედგენილობას შეიცავს. შესაბამისად, დედამიწის სიღრმესა და ზედაპირზე რუთენიუმის იზოტოპები მხოლოდ ოდნავ განსხვავდება, რისი დაფიქსირებაც ძალიან ძნელია.

ამისთვის მეცნიერებმა ახალი საანალიზო ტექნიკა შეიმუშავეს და ჰავაის კუნძულის ვულკანურ ქანში არსებული რუთენიუმის იზოტოპები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ იქ რუთენიუმ-100 უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე პლანეტის მანტიაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხსენებული იზოტოპი სწორედ ბირთვიდან მომდინარეობს.

ეს მიუთითებს, რომ რკინის კატასტროფისას ჩაძირული ელემენტები მაღლა ამოდის. მათ შორისაა რუთენიუმიც, ასევე: პალადიუმი, როდიუმი, პლატინა და ოქრო. ზემოთ გადმონაცვლების ტემპი ძალიან ნელია და ამ რესურსის მოსაპოვებლად 2900 კილომეტრსაც ვერ გავთხრით, თუმცა ახალი მიგნება დედამიწაში მიმდინარე პროცესების გამოკვლევაში დაგვეხმარება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.