ზღვის ლომი, სახელად რონანი, ადამიანის გარდა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც მუსიკალური ბიტის შენარჩუნება ზუსტად შეუძლია. ეს უნიკალური უნარი ცხოველთა სხვადასხვა სახეობის ბიომუსიკალურობის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს.

ცხოველებში ბიომუსიკალურობის კვლევა იმის დადგენას ცდილობს, თუ რამდენად შეუძლია სხვადასხვა სახეობას მუსიკის გარკვეული ასპექტების ამოცნობა, მათ შორის, რიტმისა და ბიტის. ეს საინტერესო განხრა ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიას აერთიანებს.

რონანი, რომელიც კალიფორნიის სანტა-კრუზის უნივერსიტეტში გაწვრთნილი ზღვის ლომია, საქვეყნოდ ცნობილი თავისი მუსიკალურობის წყალობით გახდა — მას შეუძლია თავი ბიტის შესაბამისად აქნიოს. ახალი კვლევის თანახმად, მისი ეს უნარი იმდენადვე ზუსტია, როგორიც — ადამიანების.

მკვლევრებმა რონანის მუსიკალურობის უნარი უნივერსიტეტის 10 ბაკალავრიატის სტუდენტისას შეადარეს. სტუდენტებს შემდეგი რამ დაავალეს — მათთვის სასურველი ხელი უწყვეტად, პერკუსიული მეტრონომის (მუსიკალური ტემპის სიჩქარის გასაზომი ხელსაწყო) ბიტთან ერთად უნდა ემოძრავებინათ. კვლევამ სამი ტემპი — 112, 120 და 128 ბიტი წუთში — შეამოწმა. აღსანიშნავია, რომ რონანს 112 და 128-ბიტიან ტემპებთან შეხება არ ჰქონია.

ახალი კვლევის მთავარი ავტორის, პიტერ კუკის (კალიფორნიის სანტა-კრუზის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი) თქმით, 120 ბიტი წუთში ტემპისას, რომელზეც რონანი ყველაზე ხშირად იწვრთნებოდა — ის ბიტს საშუალოდ 15 მილიწამით სცდება. რონანის მოძრაობების ბიტიდან ბიტამდე ცვლილებაც დაახლოებით 15 მილიწამია. შედარებისთვის, ადამიანის თვალის დახამხამება დაახლოებით 150 მილიწამს გრძელდება.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ რონანს არაშიმშილებენ და არსჯიან. მისი გაწვრთნის პროცესი მაქსიმალურად ავტონომიურია: ზღვის ლომი თითოეულ სესიას სპეციალურ პლატფორმაზე ასვლით იწყებს. რონანი იქ თავს თავისუფლად გრძნობს და ექსპერიმენტის დაწყებას მშვიდად ელოდება. როცა უკვე მზადაა, შესაბამის პოზას იღებს — ამით იგი მზადყოფნაზე მიანიშნებს. თუ რომელიმე ეტაპზე გადაწყვეტს, რომ გაგრძელება აღარ სურს, აუზში დაბრუნების უფლება ყოველთვის აქვს.

რონანის წარმატება არა ზედმეტად ბევრი წვრთნის, არამედ მისი ბუნებრივი ინტელექტის, მოტივაციისა და გამოცდილების დამსახურებაა. ის ცდებში მხოლოდ მაშინ მონაწილეობს, როცა თავად სურს — მისთვის ეს თამაშია, რომელსაც კარგად იცნობს, გამარჯვების შემდეგ კი თევზის სახით ჯილდოც ელის.

კვლევის ავტორები რონანთან ერთად

ფოტო: Colleen Reichmuth; NMFS 23554

რონანი მდედრი ზღვის ლომია, რომელიც 2008 წელს ველურ ბუნებაში დაიბადა. ის ნაპირზე შიმშილის გამო სამჯერ გამოირიყა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მისი ზღვაში დაბრუნება არ შეიძლებოდა.

2010 წელს ის კალიფორნიის სანტა კრუზის უნივერსიტეტმა შეიფარა. რონანი მათი ზღვის ძუძუმწოვრების ლაბორატორიის მუდმივი ბინადარი გახდა. იგი სხვადასხვა კვლევაში მონაწილეობს, მათ შორის ისეთი უნიკალური უნარით გამოირჩევა, როგორიც რიტმის შენარჩუნებაა — თვისება, რომელიც ადრე მხოლოდ ხმოვანი მიბაძვის მქონე სახეობებს მიეწერებოდა, მაგალითად, ადამიანებსა და თუთიყუშებს. მან ბოლო 12 წლის განმავლობაში მონაწილეობა დაახლოებით 2000 მოკლე რიტმულ ექსპერიმენტში მიიღო, რის შედეგადაც წინა თეორიები ეჭვქვეშ დადგა.

რონანის ისტორია არც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ზღვის ლომს ეხება და არც გართობის მიზნით ცხოველებისთვის უჩვეულო ხრიკების სწავლებას. მეცნიერები მსგავსი კვლევებით ცდილობენ უკეთ გაიგონ, თუ როგორ განვითარდა შემეცნება, რამდენად უნივერსალურია გარკვეული კანონზომიერებების ამოცნობის უნარი და როგორ აღიქვამს ტვინი (როგორც ადამიანის, ასევე სხვა ცხოველების) გარემოს.

კვლევა გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.