ჩაანაცვლეს თუ არა ძაღლებმა ბავშვები იმ ქვეყნებში, სადაც დაბალი შობადობაა? — კვლევა

ფოტო: anna avdeeva/Getty Images/Canva
აშშ-ში კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის დიდ ნაწილში ოჯახების მესამედში ან ნახევარში ერთი ძაღლი მაინც არის. ეს რაოდენობა ნელ-ნელა იმატებს, შობადობის მაჩვენებელი კი იკლებს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამის გამომწვევი კულტურული მიზეზები შეისწავლეს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლები ადამიანების კომპანიონები დიდი ხნის წინ გახდნენ. საუბარია ათასობით წელზე, რომელთა განმავლობაშიც ოთხფეხა მეგობრები გვიცავდნენ და ნადირობაში გვეხმარებოდნენ, ჩვენ კი ვაჭმევდით და თავშესაფარს ვაძლევდით. ფაქტობრივად, ადრეულ პერიოდში ეს სარგებელი ორმხრივი იყო. დღეს სახლში ძაღლი უფრო იმისთვის მოგვყავს, რომ მასზე ვიზრუნოთ და არა იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია დაიცვას. ეს მიუთითებს, რომ ამ ცხოველებთან ურთიერთობა ნაკლებად პრაგმატული გახდა.
ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანები ძაღლებით ბავშვების ჩანაცვლებას სულაც არ ვცდილობთ.
"პოპულარული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი უვლის საკუთარ ძაღლებს ბავშვების მსგავსად. უმეტესწილად, პატრონები ძაღლების ყოლას ზუსტად იმიტომ ირჩევენ, რომ ისინი ბავშვებს არ ჰგვანან და მათი სახეობის საჭიროებებსაც კარგად აცნობიერებენ", — აცხადებენ მკვლევრები.
მათ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული მონაცემები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ ზრუნვისა და სიყვარულის ასეთი სურვილი სახეობის ნიშნით სპეციფიკური არაა. გამოდის, რომ ჩვენს ცხოვრებაში (და გულში) ორივეს ადგილია და არა მხოლოდ ერთის.
აქ საქმე შვილის ყოლის სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებს ეხება თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ბავშვის გაზრდა დიდი ფუფუნებაა, პირდაპირი მნიშვნელობით. სწორედ ამიტომ, ბევრი ზრდასრული ადამიანისთვის ოთხფეხა მეგობრის მოვლა უფრო მარტივია, მათ შორის ფულადი დანახარჯის მხრივ.
"ძაღლები თავიანთ პატრონებზე საკმაოდ არიან დამოკიდებულნი და მიჩვეულნიც, თუმცა მათი ყოლის პასუხისმგებლობა ბევრის თვალში უფრო ნაკლებ სირთულეებს უკავშირდება, ვიდრე ბავშვის მოვლა", — ამბობენ მეცნიერები.
მაგალითისთვის, აშშ-ში ბავშვის გაზრდის ხარჯები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა — თუნდაც მხოლოდ ბოლო ორ წელში 35.7%-იანი მატება დაფიქსირდა. ამას ემატება ის პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც მომავალ თაობებს მოუწევთ. ასევე, შვილის გაჩენის გამო ქალების უმეტესობა კარიერულ წნეხს განიცდის, რაც, ამჟამინდელი ფინანსური საჭიროებების გათვალისწინებით, არავისთვისაა სასურველი. ამ ყველაფრის გამო შვილის ყოლაზე უკვე ბევრი ადამიანი ამბობს უარს.
ეს არ ნიშნავს რომ ძაღლები მათ ადგილს იკავებენ, თანაც ოთხფეხა მეგობრები ბავშვიან ოჯახებშიც ჰყავთ. ავტორთა თქმით, ეს განამტკიცებს იდეას, რომ ადამიანები ევოლუციურად ისე ვართ მოწყობილნი, რომ სხვებზე სახეობის განურჩევლად ვიზრუნოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში European Psychologist გამოქვეყნდა.
კომენტარები