საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი ორმა მოქმედმა მოსამართლემ — ირინა იმერლიშვილმა და მერაბ ტურავამ გამოთქვა.

კანონის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს მოქმედი მოსამართლეები პლენუმის სხდომაზე ფარული კენჭისყრით ირჩევენ. იმისთვის, რომ კანდიდატი თავმჯდომარე გახდეს, საჭიროა არანაკლებ 5 მოსამართლის მხარდაჭერა.

როგორც On.ge-ს სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განუმარტა, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმებს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური.

პლენუმის სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, 15 ივლისამდე უნდა ჩატარდეს, რადგან წინა თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა და ახალი მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა აირჩიონ.

გიორგი ლომთაძის თქმით, თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა და ის უფლებამოსილების განხორციელებას არჩევისთანავე შეუდგება.