პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
ფოტო: Ko Arimatsu/NAOJ
ასტრონომებმა მზის სისტემაში არსებული ე.წ. ტრანსნეპტუნური ობიექტი შეისწავლეს, რომელიც, როგორც სახელიც მიანიშნებს, ნეპტუნის მიღმა მდებარეობს. ესაა 2002 XV93, ჩვენგან ჯუჯა პლანეტა პლუტონზე მეტად დაშორებული ციური სხეული, რომლის გარშემოც მეცნიერებმა თხელი ატმოსფერო დააფიქსირეს. ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი დაკვირვების შედეგებს ეს კარგად ხსნის.
უკანასკნელი მიგნება იმითაა გამორჩეული, რომ აქამდე აირადი გარსი არ აღმოუჩენიათ ასეთი მცირე ზომის ობიექტის ირგვლივ, რომლის სიგანეც მხოლოდ 470 კილომეტრია. ეს მიანიშნებს, რომ ამგვარი შორეული ციური სხეულები შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი არააქტიური და უცვლელი, როგორიც გვეგონა.
"აქამდე პლუტონი ერთადერთი ტრანსნეპტუნური ობიექტი იყო, რომელსაც ატმოსფერო დადასტურებულად აქვს", — აცხადებენ მეცნიერები.
ისინი 2002 XV93-ს იაპონიაში განლაგებული ტელესკოპების ქსელით დააკვირდნენ. სამ ლოკაციაზე არსებული ასტრონომიული ინსტრუმენტებით 2024 წლის 10 იანვარს დააფიქსირეს, როგორ ჩაიარა მან შორეული ვარსკვლავის ფონზე. ამ პროცესის გაანალიზებით ატმოსფეროს ან რგოლების გამოვლენაა შესაძლებელი, რაც მზის სისტემის სხვა ობიექტების შემთხვევაში ადრეც მომხდარა.
ჩვეულებრივ, ვარსკვლავი ერთბაშად უნდა გაუჩინარებულიყო და შემდეგ ისევ გამოჩენილიყო, რადგან მის სინათლეს 2002 XV93 დაბლოკავდა. ამის მიუხედავად, ასტრონომებმა დაინახეს, როგორ იკლო მნათობის სიკაშკაშემ ეტაპობრივად დაახლოებით 1.5 წამის განმავლობაში. მსგავს სიგნალს სწორედ თხელი ატმოსფერო ხსნის, რომლის წნევაც დედამიწის წნევის დაახლოებით ერთი ათმემილიონედია.
ეს გასაკვირია, რადგან აღნიშნული ობიექტი იმდენად პატარაა, რომ მისი გრავიტაციაც ძალიან სუსტი უნდა იყოს და აირების ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ შეძლოს. მეცნიერთა ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში ატმოსფერო ათასობით წელში უნდა გაქრეს, თუ, რა თქმა უნდა, იქ რაიმე გზით აირების მარაგი არ ივსება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ აირები ბოლო პერიოდში უნდა გამოყოფილიყო — შესაძლოა, კომეტის მსგავს ყინულოვან სხეულთან შეჯახების შედეგად. თუ ასეა, ასტრონომები ობიექტს სწორ დროს დააკვირდნენ. მეორე მოსაზრების თანახმად, იქ აირები ყინულოვანი ვულკანების აქტიურობისას იფრქვევა. ისიც არაა გამორიცხული, რომ საქმე მტვერთან გვქონდეს.
ამის დაზუსტებით გასაგებად და ატმოსფეროს შედგენილობის გასაგებად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო. თუკი აირადი გარსი მომდევნო რამდენიმე წელში გაქრება, ესე იგი ის შეჯახების შედეგადაა ჩამოყალიბებული. შენარჩუნების შემთხვევაში კი ვულკანური აქტიურობა ყველაზე სარწმუნო მიზეზი იქნება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები