კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა — როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვეზე ნაკლები რჩება. ამ ეტაპზე, ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გიორგი რურუას გათავისუფლება და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაა, რომელიც არჩევნების ახალი მოდელით ჩატარებას და ახალი მოწვევის პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციულით და 30-ის მაჟორიტარული სიით მოხვედრას გულისხმობს.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით მიიღებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ვიხილავთ თუ არა კოალიციებს და საერთო მაჟორიტარებს. პოლიტიკოსები ამაზე ამ დრომდე მსჯელობენ.
თუმცა 18 მაისს შედარებით მეტი დეტალი გახდა ცნობილი და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტიაში ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ არიან. მისი თქმით, კონკრეტულ კანდიდატებზე შეჯერება რთულია, სანამ არ გაირკვევა არჩევნები 120/30-ზე თუ 77/73-ზე სისტემით ჩატარდება, ანუ სანამ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაამტკიცებს.
"უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება ოპოზიციურ პარტიებს შორის სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ არ გაიყოს ოპოზიციური ხმები, არ მოხდეს მათი დაქსაქსვა, მაქსიმალურად მოხდეს ოპოზიციური ხმების კონსოლიდაცია და კონკურენტი კანდიდატები არ ჰყავდეთ ოპოზიციურ პარტიებს. ერთიანი ფრონტი, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის გამარჯვებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში", — აცხადებს ბოკუჩავა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული გვარების გასაჯაროებამდე პროცესი არ მისულა, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს.
"დიახ, კოორდინაცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იქ, სადაც ეს მომგებიანია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, მოხდება. გვარებზე საუბარი არის ნაადრევი. საჯაროდ, რომ რამე ითქვას, მანამდე ჯერ პროცესი არ არის მისული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქაც, არა ყველა ოლქში, არამედ იქ, სადაც საჭიროა, ეს მოხდება", — ამბობს ბოკერია.
ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ კი დღეს თქვა, რომ მაღალი ალბათობით ,მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები ოლქზე და მის პერსონაზე შეთანხმდებიან.
"ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი. ამ შემთხვევაში 30 მაჟორატირი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომისი, რომ დაეტოვებინა 30, მაგრამ მაინც მოვუგებთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად მაგრამ მაინც დავმარცხდებით", — განაცხადა უგულავამ.
მაჟორიტარობის სურვილი აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შავლვა ნათელაშვილსაც. მისი თქმით, მაჟორიტარულ ბლოკზე შეთანხმებული არიან, რომ ეს ერთიანი ფრონტი იქნება. ხოლო პროპორწიულ ნაწილში, ნათელაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი კოალიციას და ბლოკს გააკეთებს.
"ერთმანეთის მაჟორიტარებს დავუჭერთ მხარს და არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ მაჟორიტარების დარჩენილი 30 ადგილით სასუნთქი არხი გაიხსნას. ვიქნები თუ არა მე მაჟორიტარი, მე თუ მკითხავთ, კი. მაგრამ ვნახოთ, შევათანხმებთ კოლეგებთან. თუ მე ვინმეს ხელს შევუშლი, პრობლემა არ იქნება, მხარს დავუჭერ იმ საერთო ინტერესებს და მიზანს რომელიც გვაერთიანებს", — აცხადებს ნათელაშვილი.
თბილისში მაჟორიტარობას აპირებს ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძეც. ამბობს, რომ მის კანდიდატურაზე ოპოზიციურ ერთობაში მოწანააღმდეგე არავინ იცის.
"რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული და ალბათ ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და სავარაუდოდ თბილისში მაჟორიტარობასაც ვაპირებ. პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიქნებით. ახალი საქართველოს გუნდი იქნება გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშიას ფორმატით, სადაც ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიებია. ვფიქრობთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის ის ძალა, რომლის გარშემოც ჩამოყალიბდება ახალი კოალიციური მმართველობა ქვეყანაში", — აცხადებს ვაშაძე.
მაჟორიტარობა სურს გამარჯვებული საქართველოს ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილსაც, თუმცა სად, ამას ჯერ ამბობს. მისი ინფორმაციით, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული.
"დარწმუნებული ვარ, გვექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების სტრატეგია. კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არ არის საუბარი, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსხვავებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის. ყველა უნდა წავიდეს ბრძოლის წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი", — აცხადებს ოქრუაშვილი.
ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პროპორციულ ნაწილში რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ მინიმუმ შეთანხმება შეიძლება.
"მთავარია, საზოგადოებას გავუწიოთ ანგარიში. ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებულნი მაჟორიტარობის კანდიდატებად, რომელთა მიმართ საზოგადოებას აბსოლუტური მხარდაჭერა თუ არა, სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვუკარნახებთ ერთმანეთს ყველა ოლქთან დაკავშირებით, მაგრამ მთელ რიგ ოლქებთან დაკავშირებით, მინიმუმ, შეთანხმება შეიძლება შედგეს", — აცხადებს ბურჯანაძე.
მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კოორდინაციით დაინტერესებულნი არიან რესპუბლიკური პარტიაშიც. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
თუმცა პარტიაში მზაობას გამოთქვამენ როგორც საბლოკო ურთიერთობებისთვის, ისე ცალკე რამდენიმე მანდატის ბრძოლისთვის.
"პარტიების ერთი ნაწილი მიიღებს კოორდინაციაში მონაწილეობას სრულად. შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთი პარტია ან პარტიები, რომლებიც ნაწილობრივ კოორდინაციაში მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ. მთავარი და არსებითი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიებს ერთმანეთთან ექნებათ სათანამშრომლო, არაკონფრონტაციული განწყობა და სხვადასხვა ფლანგით, ბევრი ფრონტით შევუტევთ ხელისუფლებას. რესპუბლიკური პარტიის მოტივაცია ის კი არ იქნება, რომ "1, 2, 3 მანდატს ცალკეც ავიღებთ და ამიტომ ცალკე შეგვიძლია გავიდეთ", მოტივაცია იქნება ის ჯამურად ოპოზიცია, მისი სინერგია როგორ კონფიგურაციაში იქნება უკეთესი", — ამბობს ბერძენიშვილი.
სხვა პარტიებთან კოალიციაში ყოფნა ვერ წარმოუდგენია გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. მისი აზრით, პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ, თუმცა სჯერა, რომ ოპოზიციურ ძალებმა ერთმანეთს მაჟორიტარები არ უნდა დაუყენონ.
"არარეალური მგონია, რომ ყველა ამ პარტიიდან, რომლებიც ვიკრიბებით, კოალიცია გაკეთდეს. მგონია, რომ პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ არჩევნებზე. მე რისიც მჯერა, არის ის, რომ მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ ერთმანეთს. ასევე, არსებითი მგონია ის, რომ შეთანხმება იყოს პრინციპულ საკითხებზე, ანუ, როდესაც ვცვლით ხელისუფლებას, ამის მერე რას ვაკეთებთ ერთად კოალიციურ მთავრობაში. ამ პარტიებს სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ და ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი იქნება ეგ ამბავი. მე მჯერა მაგის, რომ შეთანხმება შეიძლება მოხდეს მაჟორიტარებზე და მეორე, თემებზე", — აცხადებს ჯაფარიძე.
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის ემზადება ლელო საქართველოსთვის. როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, მათ პოლიტიკურ ძალას ყველა საარჩევნო ოლქში თავიანთი კანდიდატი ეყოლება. თუმცა მისი თქმით, სადაც ოპოზიციის საერთო ინტერესი იქნება, იქ ლელო საქართველოსთვის ოპოზიციასთან კოორდინირებისთვის მზადაა.
"ჩვენ, როგორც ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. რაც გულისხმობს არა მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, არამედ მაჟორიტარული ნაწილითაც არჩევნებს. მაგრამ იმისდამიხედვით, როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება, ჩვენ მზად ვართ კოორდინაციისათვის, მაგრამ ეს არ გულისხმობს უცილობლად 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კოორდინაციას", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, არჩევნების ჩატარების თარიღს საფრთხე არ შეექმნება. როგორც უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კორონავირუსის გამო პრევენციულ ზომებს წინასწარ მიიღებენ და საარჩევნო უბნებს შესაბამისად მოამზადებენ.
ოპოზიციასა და ხელიუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ახალ პარლამენტში მაჟორიტარი მხოლოდ 30 დეპუტატი უნდა იყოს, 120 ადამიანი კი საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით შევიდეს. თუმცა ცვლილებები ამ დრომდე მიღებული არ არის და წინა გამოცდილებიდან გამომდინე, როცა ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ცვლილებები ჩააგდო, ოპოზიციის მთავარი განსახილველი თემა ამ ეტაპისთვის სწორედ ამ ცვლილებების დამტკიცებაა.
კომენტარები