17 მაისის მდგომარეობით მსოფლიოში:

  • დადასტურებული შემთხვევა — 4,783,216;
  • გარდაცვლილი — 315,802;
  • გამოჯანმრთელებული — 1,846,808.

საქართველოში:

  • დადასტურებული შემთხვევა — 695;
  • გამოჯანმრთელებული — 425;
  • გარდაცვლილი — 12;
  • კარანტინის რეჟიმში — 3890;
  • სტაციონარში — 357;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

კვირის ფაქტი

კორონავირუსი შეიძლება არასდროს გაქრეს — WHO

ფოტო: REUTERS

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსი შეიძლება არასდროს გაქრეს.

13 მაისის ბრიფინგზე საუბრის დროს, ჯანმოს საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მაიკ რაიანმა აღნიშნა, რომ ვაქცინის აღმოჩენის მიუხედავად ვირუსთან ბრძოლას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

"შესაძლოა ეს ვირუსი ჩვენს საზოგადოებაში კიდევ ერთი ენდემიური ვირუსი გახდეს და არასდროს გაქრეს. აივ ინფექცია არ გამქრალა, მაგრამ მოვახერხეთ მისი კონტროლი. მე არ ვადარებ ერთმანეთს ამ ორ დაავადებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რეალისტები ვიყოთ. არ მგონია, რომ ვინმე შეუძლია იწინასწარმეტყველოს როდის შეიძლება დაავადება გაქრეს".

კვირის ფოტო

ქალი აღებს თავის მაღაზიას ესპანეთში შეზღუდვების შემსუბუქების შედეგ

ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას. 18 მაისს ზოგიერთი სასტუმრო, მაღაზია და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი გაიხსნება. თუმცა გარკვეული წესების, მათ შორის, დისტანციის დაცვის ვალდებულება რჩება.

კვირის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში

იტალია 3 ივნისიდან მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვას მოხსნის

ფოტო: dailyrecord

იტალიის მთავრობამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მოგზაურობაზე შეზღუდვებს 3 ივნისიდან მთლიანად მოხსნის.

შემსუბუქება, ასევე, შეეხება რეგიონებს შორის გადაადგილებასაც, რაც მანამდე მკაცრად იყო შეზღუდული. ეს ქვეყნის 2 თვით ჩაკეტვის შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეკონომიკის გახსნაში.

რა ხდება მსოფლიოში

კორონავირუსი რომ შეიძლება ყველას დაემართოს, ამ კვირაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს Covid-19 აქვს. ვირუსი აღმოაჩნდა რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატსაც.

სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა ამ კვირაშიც აქტუალური იყო. 16 მაისს ლონდონში, საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მინიმუმ 13 პირი დააკავეს.

ფოტო: Kirsty Wigglesworth / AP

ათობით აქციის მონაწილე Hyde Park-ში იყო შეკრებილი, სადაც პოლიციაც იყო მობილიზებული, რათა სიტუაცია გაეკონტროლებინა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის, რომ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "გრცხვენოდეთ", რადგან პოლიციელი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მათ მოთხოვნებს უყენებდა.

განხილვის საგანი გახდა პანდემიის დროს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა და ხალხმრავალი შეკრებები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილსა და რუსეთში. მაგალითად, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმის გაუქმება არ შეეძლო და ჩაატარა კიდეც.

სხვა სიახლეები:

მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლეები

მეცნიერებმა ვირუსული ცილების ურთიერთქმედების, გენომის და რიგი ნიშან-თვისებების ანალიზით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით კორონავირუსის ახალი, უპრეცედენტოდ დეტალური და მეცნიერულად ზუსტი 3D მოდელი შექმნეს.

ფოტო: Visual Science

კორონავირუსული ნაწილაკები პლეიომორფულები არიან, ანუ მათი ზომა და ფორმა ცვალებადია, თუმცა საბოლოოდ კორონავირუსი მეტწილად სფეროსებრი ფორმისაა და ზომაში 50-150 ნანომეტრს არ აღემატება.

3D მოდელში ნაცრისფერი ფერით ვირუსის გენომია გამოხატული, ხოლო სხვადასხვა ცილას ფერადი შეფერილობა მიენიჭა. კორონავირუსს კედელზე სპეციალური გლიკოპროტეინები აქვთ, რომელიც ვირუსს "გვირგვინივით" ეხვევა და მასპინძელ უჯრედთან საგულდაგულოდ ამაგრებს.

COVID-19-ს სტანდარტული სიმპტომების გარდა, უცნაური გამოვლინებაც აქვს, რაც შედარებით თვალსაჩინოდ ბავშვებში გამოიხატება. ბოსტონის პედიატრიული საავადმყოფოს ექიმი ჯეფრი ბერნსი, რომელიც სხვა ექსპერტებთან ერთად COVID-19-ის სიმპტომების აღრიცხვას და შედარებას აკეთებს, ამბობს, რომ ბავშვების კორონავირუსით ინფიცირებისას, ზოგ შემთხვევაში, მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი ვითარდება, რაც პოსტვირუსული მდგომარეობაა.

"უშუალოდ ვირუსი მრავალსისტემურ ანთებით სინდრომს პირდაპირ არ იწვევს",— ამბობს ბერნსი. "წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად ის [სინდრომი] პაციენტის იმუნური პასუხის შედეგად ვითარდება".

ზემოხსენებული სინდრომის სიმპტომებია: მაღალი სიცხე, ანთება და თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითება. ამასთანავე შესაძლოა, რომ ბავშვებს ანთება არტერიებში განუვითარდეთ, თვალებში სისხლი ჩაექცეთ და ტუჩები დაუსკდეთ.

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

რა ხდება საქართველოში

ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა, ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანს თანმდევი მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

წინა კვირებთან შედარებით, ნაკლები იყო ახალი დადასტურებული შემთხვევები და ხშირად, გამოჯანრთელებულთა რაოდენობა უფრო მეტი იყო. ამ დროის მდგომარეობით, ქვეყანაში 258 აქტიური შემთხვევაა, რაც გაცილებით ნაკლებია გამოაჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაზე — 425.

შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპის შესახებ ამ კვირაშიც გახდა ცნობილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ეკონომიკის გახსნა დაჩქარდა და შეზღუდვების ნაწილი ისევ მოიხსნა. კერძოდ, ხვალიდან, 18 მაისიდან:

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა სოფელ ღვანკითშიც.

გარდა ამისა, 14 მაისიდან, სრულად გაიხსნა მოძრაობა რუსთავსა და გარდაბანში. ეს ქალაქები დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად ჩაკეტეს.

14 მაისსვე ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კერძოდ, სოფელ გეტაში 8, სოფელ მუშევანში კი — 7. შედეგად, 15 მაისის დილის 6 საათიდან სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცეა. მთავრობის დადგენილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 18 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.

ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ამის მზაობა თბილისის მერმა გამოთქვა.

ამ კვირაში გავიგეთ ისიც, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტსა და პარლამენტს აღარ მიმართავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. თუმცა პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვების ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად დარჩეს ძალაში. ჯერჯერობით უცნობია, რა შეზღუდვებს დატოვებს მთავრობას და რას გააუქმებს.

ამ კვირის მნიშვნელოვანი თემა იყო ჟურნალისტური გამოძიებაც, რომლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "ნიდერლანდებში დამზადებული" 30 000 სწრაფი ტესტი ჩინეთში წარმოებულია. ფაქტის გახმაურების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ Biozek-ის სწრაფ ტესტებს საქართველო აღარ შეისყიდის, რადგან იმპორტიორმა კომპანიამ მიწოდებისთვის ნაკისრი ვადა ვერ დაიცვა.

რა შეზღუდვები დარჩა და რა შეგვეძლება 18 მაისიდან

სხვა მნიშვნელოვანი ამბები

კვირის დამაიმედებელი ამბავი

კვირის დამაიმედებელ ამბად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ამ დღეების განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური რაოდენობა უმეტესად აღემატებოდა ინფიცირებულთა რაოდენობას. მეტიც, 15 მაისს თქვა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა თქვა, რომ 6-7 დღეა მათთან ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

მარიან ეზუგბაიას თქმით კი, 17 მაისისთვის 24 საათში დადასტურებული 18 ახალი შემთხვევის უმეტესობა ბოლნისიდანაა, "ანუ წყაროს შიგნით ხდება".

კვირის სასარგებლო ინფორმაცია

მიმდინარე პანდემია მანქანური დასწავლის სისტემებს აბნევს

პანდემიისგან გამოწვეულ ქაოსს და გაურკვევლობას საკმაოდ უჩვეულო მსხვერპლი ჰყავს — მანქანური დასწავლის სისტემები, რომელთა მიზანსაც ონლაინ სივრცეში ადამიანთა ქცევის შესწავლა წარმოადგენს.

მაგალითად, ალგორითმებს, რომლებიც Amazon-ზე პროდუქტებს რეკომენდაციებს უწევენ, ჩვენი ცხოვრების ახალი სტილის ინტერპრეტირება საკმაოდ უჭირთ.

ასევე, ერთ-ერთი კომპანიის ალგორითმმა, მებაღეობისთვის საჭირო ხელსაწყოებზე მოთხოვნის უეცარი ზრდის გამო, ჩათვალა, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდა.

ონლაინ საცალო მოვაჭრემ კი აღმოაჩინა, რომ მისი AI ისეთ საქონელს უკვეთავდა, რომელიც დიდი ხანია აღარ იყიდებოდა. ხოლო ფირმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ახალ ამბებზე დაფუძნებული ინვესტიციების რეკომენდაციისთვის იყენებდა, მედიაში არსებული საერთო ნეგატიური ტონის გამო დაიბნა.

ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა

კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში მოქალაქეები უცნაური შემთხვევის მომსწრენი გახდნენ — კარანტინში მყოფმა თხებმა ელექტრული ღობე გაანგრიეს და ტექნოლოგიური ქალაქის ქუჩებში გამოეფინენ.

200-მდე თხის ფარამ ქუჩებში ნამდვილი მარში მოაწყო. ვიდეო ტვიტერზე ადგილობრივმა, ზაკ როლანდსმა გამოაქვეყნა და მას უკვე 4 მილიონამდე ნახვა აქვს.

ამ კვირაში კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი გავიცანით — ჰარლი. მეხიკოში მცხოვრები 3 წლის ძაღლი იმ ექიმებსა და მედდებს ეხმარება, რომლებიც კორონავირუსს წინა ხაზზე ებრძვიან. მისი ოფიციალური სამუშაო პოზიცია "ფსიქოთერაპევტის თანაშემწეა" და ის პატრონთან, ლუსია ლედესმა ტორესთან ერთად მუშაობს, რომელიც ასევე ფსიქოლოგია. ჰარლის მიერ შემოთავაზებულ სერვისებში შედის: ჩახუტება და თამაში. რა თქმა უნდა, მას სპეციალური აღჭურვილობაც აქვს, რადგან უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

ფოტო: BBC

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები