ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების შესახებ აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური მედიის გიგანტმა საქართველოში გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. ამ გვერდებისა თუ ჯგუფების მოქმედების პრინციპებსა და კავშირებზე ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია DFRLab-მა ვრცელი კვლევა მოამზადა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე ფეისბუქმა ასობით გვერდი, ჯგუფი თუ ანგარიში წაშალა, რომლებიც ქართული ოცნებასთან აფილირებულ გამოცემა ესპერსონასთან იყვნენ კავშირში. ყალბი გვერდების მთავარ სამიზნეს ოპოზიციის ლიდერები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტები წარმოადგენდნენ.

ფეისბუქმა ასევე წაშალა ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები, მაგრამ DFRLab-ს მათი შესწავლის საშუალება არ მისცემია.

ანგარიშები, რომლებიც Espersona-სთან იყო დაკავშირებული, თავს ქართული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებად ან პოლიტიკური ოპოზიციის წევრებად წარმოაჩენდნენ, ზოგი მათგანის დანიშნულება აქტივისტებისა და ოპოზიციონერების დისკრედიტაცია გახლდათ. ამ გვერდების ნაწილი არამეინსტრიმულ მედიაგამოცემებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი.

შემოდგომის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, დემონსტრანტები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვდნენ და აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან მათ მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. პროტესტის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერებმა დაიწყეს ახალი საარჩევნო პროცესის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასთან, თუმცა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებისთანავე მოლაპარაკების პროგრესი შეწყდა.

სწორედ ამ პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე წაშალა ფეისბუქმა Espersona-სთან დაკავშირებული 790 ანგარიში. განცხადებაში ნათქვამია:

"ადამიანები, რომლებიც ამ არაავთენტური აქტივობების უკან დგანან, ფეისბუქის ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ — მათი ნაწილი ჩვენმა ავტომატურმა სისტემამ რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა და წაშალა — ისინი იყენებდნენ ოპოზიციის წევრებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების იდენტობას, მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს და კონტენტს იმაზე პოპულარულად წარმოაჩენდნენ, ვიდრე რეალურად იყო. ამ ჯგუფების ნაწილი შეძენილი ჩანს, ისინი დროდადრო იცვლიდნენ სახელსა და ადმინისტრატორებს. ამ ქსელის მიღმა არსებული ადამიანები ასევე მართავენ გვერდებს, რომელთა დიზაინიც გაფიქრებინებთ, რომ ისინი ნამდვილი პიროვნებები არიან, სინამდვილეში კი გამოგონილი სახელები და სურათების საიტებიდან აღებული ფოტოები ჰქონდათ გამოყენებული. ისინი საკუთარ კონტენტის შესანიღბად სხვადასხვა გზას იყენებდნენ, რათა წაშლის რისკი შეემცირებინათ. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები უმეტესად აქვეყნებდნენ სიახლეებს პოლიტიკურ პროცესებზე, არჩევნებზე, მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ამასთან ერთად, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ აქტივისტებს. ბოლო დროს, ეს პროფილები აზიარებდნენ საზიანო დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს COVID-19-ზე, რომლებიც დროულად წავშალეთ, რადგან ჩვენს წესებს ეწინააღმდეგებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ამ ოპერაციის უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი იდენტობის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ Espersona-სთან მიგვიყვანა — ესაა ქართული მედია, რომელიც ჩვენი პლატფორმებიდან დაიბლოკა.

DFRLab-ს წვდომა ჰქონდა Espersona-სთან დაკავშირებულ 488 ონლაინ ანგარიშთან, რომლებიც ფეისბუქმა წაშალა. ამ ანგარიშების მთავარი მიზანი ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტების დისკრედიტაცია იყო.

მსგავსი მასშტაბური ღონისძიება ფეისბუქმა ოთხი თვის წინაც გაატარა, როცა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კერძო მარკეტინგული კომპანია, პანდა გამოააშკარავა და მის მიერ მართული უამრავი გვერდი წაშალა. ეს კავშირები DFRLab-მა გამოიკვლია.

ესპერსონა და კოკა ყანდიაშილი

ფეისბუქმა წაშალა გვერდები, რომლებიც ვებგვერდ ესპერსონას ეკუთვნოდა, ან უბრალოდ მასთან იყო დაკავშირებული. საიტზე არსებული აღწერის მიხედვით, ეს არის მედია პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც პოპულარულ საჯარო ფიგურებზე სიახლეებსა და "ცხელ" ამბებს, ისე პოლიტიკის, ბიზნესისა და საზოგადოების მიმოხილვას. საიტზე ნახავთ განცალკევებულ სეგმენტს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პოპულარულ პოლიტიკოსებზე, ცნობილ ადამიანებზე, სპორტის ვარსკვლავებზე და ა.შ.

Espersona-ს მთავარი და "ჩვენ შესახებ" გვერდები

ფოტო: Espersona / არქივი

ესპერსონას მფლობელი კოკა ყანდიაშვილია. გამოცემისა და პრემიერმინისტრის ოფისის საიტის თანახმად, 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ყანდიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, იგი მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად გადავიდა.

დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ოპერაციების შესწავლისას კოკა ყანდიაშვილის სახელი და გვარი არაერთხელ ამოტივტივებულა. ის დაკავშირებული იყო ქართულ ტროლების ქარხანასთან, რაზეც როგორც ადგილობრივი მედია, ასევე და არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ. თუმცა, ყანდიაშვილი ამ კავშირს გამუდმებით უარყოფდა. სხვა ანგარიშებთან ერთად, ფეისბუქმა ასევე წაშალა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში და მისი ოფიციალური გვერდი, რომელსაც თავად მართავდა.

კოკა ყანდიაშვილის პერსონალური და ოფიციალური ფეისბუქგვერდები, რომელთაგანაც ახლა ორივე წაშლილია

ფოტო: Facebook

ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პირადი ანგარიში. ის 2012 წლიდან 2017 წლამდე მთავრობის კანცელარიის მედიიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, 2017 წელს კი თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად დაინიშნა. ნონა ყანდიაშვილი ასევე პირდაპირაა დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, მის საჯარო ჩანაწერებში ასევე ვხვდებით პარტიისთვის გაღებულ შემოწირულობებს.

ესპერსონას სახელით მინიმუმ რვა გვერდი არსებობდა, რომელთაც სიტყვა ესპერსონას სხვადასხვა ვარიაცია ერქვათ. ამ გვერდების ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა. ზოგი გვერდი აზიარებდა კონტენტს ესპერსონას საიტიდან, თუმცა ზოგიერთს მინიმალური აქტივობები ჰქონდა.

ესპერსონას მინიმუმ რვა ფეისბუქ გვერდი ჰქონდა სახელის სხვადასხვაგვარი ვარიაციებით

ფოტო: Facebook

როგორც DFRLab-მა დაადგინა, ესპერსონას დასახელების გვერდებიდან შვიდი მართავდა ფეისბუქ ჯგუფებს, რომლებიც შესწავლის შეემდეგ ფეისბუქმა წაშალა.

ჯგუფები, რომლებიც ესპერსონას ეკუთვნოდა

ფოტო: Facebook

გვერდები, რომელთა მიზანიც დისკრედიტაცია ან იდენტობის მითვისება იყო

ესპერსონასთან დაკავშირებული გვერდების პოსტები რეგულარულად ზიარდებოდა ჯგუფებში. ამავე გვერდების მიზანი იყო ოპოზიციური ფიგურებისა და აქტივისტების დისკრედიტაცია.

ქართული გვერდები, რომლებიც აქტივისტებისა და ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ

ფოტო: Facebook

წაშლილი გვერდების ნაწილი იყო სხვა გვერდების ასლები, რომლებიც URL-ში ოდნავ ცვლიდნენ სახელს. მაგალითად, გვერდი, სახელად იყავი და გაგეკეთებინა • Ikavi da Gageketebina, 2018 წლის 2 მარტს შეიქმნა. მას ჰქონდა მეორე გვერდიც, სახელად იყავი და გაგეკეთებინა • Ikavi da Gageketebina, რომელიც 2019 წლის 30 ივლისს შეიქმნა. ეს გვერდები იდენტურები ჩანდნენ, თუმცა მათი URL განსხვავდებოდა:

  • https://www.facebook.com/Ikavidagageketebina/
  • https://www.facebook.com/ikavidagageketebinaaa/

განსხვავება მეორე ფეიჯის ბოლოს მრავლობითი "a" ასოა.

წაშლილი გვერდების უმრავლესობა 2018 წელსაა შექმნილი, მათი ასლები კი — 2019 წლის 29-30 ივლისს.

2018 და 2019 წელს შეიქმნა დუბლირებული ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების დისკრედიტაციას ეწეოდნენ. პირველ ხაზზე ხედავთ 2018 წელს შექმნილ გვერდებს, მეორე ხაზზე კი — ამავე სახელისა და ფოტოს მქონე გვერდებს, რომლებიც 2019 წლიდან არსებობს.

ფოტო: Facebook

2018 წელს შექმნილი გვერდების გამომწერების რაოდენობები 11-დან 40 ათასამდე მერყეობდა. თუმცა, 2019 წელს შექმნილ ასლებს, წაშლის პროცესში, მხოლოდ 300-დან 600-მდე მომწონებელი ჰყავდა.

ქსელში არსებული ზოგიერთი გვერდი თავს ოპოზიციონერად ან ექიმად წარმოაჩენდა. ჯანდაცვის სფეროს ავტორიტეტების მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიზარდა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ იმ ექიმებსა და ვირუსოლოგებს, რომლებიც COVID-19-ის განვითარებაზე ცნობებს ყოველდღიურად გადმოსცემდნენ, ნდობა გამოუცხადა. მათი სახელის გამოყენებით ყალბი გვერდების უკან მდგომი ადამიანები დიდი აუდიტორიის მოზიდვას ცდილობდნენ, გვერდს კი მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ. ერთ-ერთი წაშლილი ანგარიში ლევან რატიანის სახელს იყენებდა. ეს პროფილი თავდაპირველად COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობაზე წერდა.

კიდევ ერთი წაშლილი გვერდი ოპოზიციის ლიდერად, ვანო მერაბიშვილად აჩვენებდა თავს. ამ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მერაბიშვილი არ ჩაერთვებოდა შიდა პოლიტიკურ მოქმედებებში — ამ დეზინფორმაციის მიზანი მერაბიშვილის პოლიტიკური აქტივობებისთვის ხელის შეშლა იყო. გვერდი ასევე მოუწოდებდა მიმდევრებს, რომ გამოეწერათ მერაბიშვილის ტვიტერი, თუმცა ბმულზე გადასვლისას ტვიტერის ანგარიში არ იხსნებოდა.

მარცხნივ — გვერდი, რომელიც ოპოზიციის ლიდერის, ვანო მერაბიშვილის სახელით ოპერირებდა. მარჯვნივ — ცნობილი ქართველი ექიმი, რომელიც კორონავირუსის თემაზე ერთ-ერთი სპიკერი იყო.

ფოტო: Facebook

ყალბი გვერდები და მცირე მედიაგამოცემები

DFRLab-მა ის 269 გვერდი გამოიკვლია, რომლებიც მოგვიანებით ფეისბუქმა წაშალა. მათ შორის იყო 14 გვერდი, რომლებიც პატარა მედიაპორტალების საკომუნიკაციო არხებს წარმოადგენდნენ. ამ 14 გვერდს ჯამურად 8 400-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ეს "მედიაგამოცემები" პროსახელისუფლებო სიახლეებს აზიარებდნენ, ოპოზიციის მისამართით კი კრიტიკულ დამოკიდებულებას აჟღერებდნენ. ამ მედიების კონტენტი აქტიურად ზიარდებოდა ჯგუფებში. ფეისბუქმა ეს ჯგუფებიც წაშალა.

კონტენტი წაშლილი გვერდებიდან, რომელთაგანაც ნაწილი პატარა მედიასაშუალებებთან იყო კავშირში. ზედა რიგში ხედავთ ოპოზიციის ლიდერების შესახებ ყალბ ამბებს, ქვემოთ კი — სტატიებს, რომლებიც მთავრობის პოპულარიზაციას ემსახურება

ფოტო: Facebook

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიამ ასევე შეამოწმა ამ გვერდების შექმნის თარიღები. მათი უმრავლესობა 2019 წლის 17 მაისსაა შექმნილი, ზოგი კი მოგვიანებით — ივნისში. DFRLab-მა ასევე შეამოწმა ვებსაიტების დომენების ინფორმაცია და აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობაც ერთ დღეს — 12 მაისს იყო შექმნილი.

წაშლილი გვერდების უმრავლესობა ერთსა და იმავე დღეს იყო შექმნილი. ასევე ერთსა და იმავე დღეს იყო დარეგისტრირებული მათი დომენები

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab / Facebook / Whois.com

ამ გამოცემის საიტები დიზაინით ერთმანეთს ჰგავს. მსგავსება შეინიშნებოდა ასევე "ჩვენ შესახებ" სექციაში. იმ მოსაზრებას, რომ ამ გამოცემების უკან ერთი და იგივე ადამიანები იდგნენ დათარიღებაც ამყარებდა.

ამ წვრილ-წვრილ მედიასაშუალებებს ერთნაირი ინტერფეისი ჰქონდათ და ფეისბუქის გვერდებზე მათი "ჩვენ შესახებ" სექცია საეჭვოდ მსგავსი იყო

ფოტო: Ikitxe.com / არქივი; 7dge.com / არქივი, Facebook

DFRLab-მა ის 90 ფეისბუქ გვერდიც შეისწავლა, რომლებიც საკუთარ თაიმლაინზე არაფერს პოსტავდნენ, თუმცა ჯგუფებში აქტიურობდნენ. ფეისბუქი ჯგუფების ადმინისტრირების საშუალებას გვერდებსაც აძლევს. სავარაუდოდ, ამ ყალბი გვერდების მფლობელებს ერჩივნათ ჯგუფები პროფილების ნაცვლად, გვერდებით ემართათ, რითიც კიდევ უფრო მეტად ცდილობდნენ იდენტობის შენიღბვას.

ჯგუფების სამართავად შექმნილი გვერდების დიდი ნაწილი 2019 წლის მიწურულს შეიქმნა. მათ სახელებში სიტყვა "news" ფიგურირებდა. ფეისბუქმა ამ გვერდების გარდა ის ჯგუფებიც წაშალა, რომლებსაც ისინი მართავდნენ.

ფეისბუქ გვერდები, რომლებიც იმისთვის იყო შექმნილი, რომ ჯგუფები ემართათ. წითელი, მწვანე და ლურჯი ნიშნულებით ნაჩვენებია ამ გვერდების საერთო ჯგუფები

ფოტო: Facebook

ყალბ ანგარიშებს შორის ასევე იყო უამრავი გვერდი, რომლებიც ერთი შეხედვით პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებდნენ. ისინი ფეხბურთთან, გასართობ ინდუსტრიასთან, ურთიერთობებთან დაკავშირებულ პოსტებს ავრცელებდნენ. სხვა გვერდებთან შედარებით, მათი აუდიტორია ბევრად დიდი იყო. ეს გვერდები დიდი რაოდენობის მკითხველის მოზიდვის შემდეგ პოლიტიკური შინაარსის კონტენტის გაზიარებას იწყებდნენ.

ხუმრობები, ბუნების სურათები და სილამაზესთან დაკავშირებული პოსტები იმ გვერდებიდან, რომლებიც ნაკლებად პოლიტიკურ კონტენტს ავრცელებდნენ

ფოტო: Facebook

ყალბი ჯგუფები

ფეისბუქმა წაშალა 99 ჯგუფი, რომლებსაც ამ ქსელში მონაწილე აქტორები მართავდნენ. ამ ჯგუფებში გამოქვეყნებული პოსტების შინაარსი მრავალფეროვანი იყო — აქ შევხდებოდით როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური შინაარსის პოსტებს. მათ შორის კავშირის აღმოჩენა ერთი და იმავე პოსტების გაზიარებაზე დაკვირვებით გახდა შესაძლებელი.

ამ ჯგუფების დიდ ნაწილს უამრავი ადმინისტრატორი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ როგორც რეალური ადამიანები, ისე ყალბი პროფილები და გვერდები. Espersona-ს პროსამთავრობო და ანტიოპოზიციური კონტენტი ამ ჯგუფებში ხშირად ზიარდებოდა. ფეისბუქმა იმ ადამიანების პროფილებიც წაშალა, რომლებიც ესპერსონასთან იყვნენ დაკავშირებულნი და ამ კონტენტს ჯგუფებში აქტიურად ავრცელებდნენ.

სტატიების ნაკრები წაშლილი ფეისბუქ ჯგუფებიდან. ზედა რიგში ხედავთ პროსახელისუფლებო პოსტებს, ქვედა რიგის პოსტები კი ოპოზიციას აგრესიულ ძალად ხატავენ. მწვანე კვადრატები აღნიშნავს ახლა უკვე წაშლილ ანგარიშს, რომელიც ესპერსონას ჟურნალისტი იყო და ახლა გამოცემა მთავარი ამბების რედაქტორია.

ფოტო: Facebook

ციფრული კვლევის ლაბორატორიამ ასევე აღმოაჩინა, რომ ზოგ აწ უკვე წაშლილ ჯგუფში, სიახლეები ორი ისეთი პორტალიდან ზიარდებოდა, რომლებსაც რუსული დომენები ჰქონდათ. მათ შორის იყო Geoposts1.ru და Informaciebia.ru. როცა ფეისბუქის მომხმარებელი ბმულს დააკლიკებდა, ის ავტომატურად ხვდებოდა რუსული გამოცემების საიტებზე debatnews.ru და todaynewss.ru. ორივე საიტი სენსაციური, დამაინტრიგებელი სათაურის ინფორმაციებს აქვეყნებდა ქართულ ენებზე და ორივე მათგანზე გამოქვეყნებული იყო რეკლამები. როგორც ჩანს, კლიკბეითს ფინანსური სარგებელიც მოჰქონდა. ამ ვებგვერდებზე ქართული ოცნების ხელისუფლების საქებარი სტატიები აქტიურად ქვეყნდებოდა.

ზოგიერთი წაშლილი გვერდი ხშირად პოსტავდა სენსაციურ ჰედლაინებს საიტებიდან Geopost1.ru და informaciebia.ru,

ფოტო: Facebook

DFRLab-მა Geoposts1.ru-ზე გუგლ ანალიტიქსის ID შეამოწმა და კიდევ 10 აფილირებული ვებსაიტი აღმოაჩინა, რომლებიც ამავე იდენტიფიკატორს იყენებდნენ.

11 ვებგვერდს ერთი და იმავე ID ჰქონდა გუგლ ანალიტიქსისათვის

ფოტო: @GGigitashvili_/DFRLab / DNSlytics.com

ამ საიტების დიზაინი და ინტერფეისი თითქმის იდენტური იყო. მსგავსი იყო ინფორმაციის შინაარსი, რომელიც მათზე ქვეყნდებოდა. უცნობია, რას ემსახურებოდა ამდენი ერთნაირი საიტის მართვა, მაგრამ ტრაფიკის გაზრდა მსგავსი ინფორმაციის გაზიარებით პოპულარული ტაქტიკაა — რაც უფრო მეტი კლიკია, მეტია შემოსავალიც.

ქართული ოცნების მიმართ კეთილგანწყობილი ინსტაგრამ ანგარიშები

ფეისბუქმა ასევე მინიმუმ 43 ინსტაგრამ ანგარიში წაშალა, რომლებიც ამ ქსელთან იყო დაკავშირებული. წაშლილ აქტივებს შორის იყო პროფილები, რომლებიც არაფერს პოსტავდნენ, ან დახურული ანგარშები ჰქონდათ, ან მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერ მესიჯებს ავრცელებდნენ. თუმცა, პოსტებს შორის იყო კულინარიული და თავის მოვლის ვიდეოებიც.

ინსტაგრამის წაშლილი ანგარიშები: ზოგ შემთხვევაში, კონტენტის გარეშე, ზოგ შემთხვევაში კი — განსხვავებული კონტენტით. ერთ-ერთი ანგარიში ვაკეში ქართული ოცნების აქტივობებს პოსტავდა.

ფოტო: Instagram

დასკვნა

ამ ანგარიშების წაშლა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა — ახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. გვერდები, რომლებიც მედიებად აჩვენებდნენ თავს, მკითხველის ნდობისა და ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, სხვა ანგარიშები კი ოპოზიციური ლიდერებისა და ჯანდაცვის სფეროს ავტორიტეტების როლს ირგებდნენ. მსგავსი ქმედებები ქვეყანაში ონლაინ პოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლიდა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ეს გვერდები და ჯგუფები ანტიოპოზიციურ და პროსახელისუფლებო პროპაგანდას ეწეოდნენ.


ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.