მილიონი ხმა კრემლის პროპაგანდისთვის
თანახმა ხართ თუ არა, რომ ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად, საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არ იქნება არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არ განთავსდება უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზები და არ ჩატარდება სამხედრო წვრთნები უცხო ქვეყნების მონაწილეობით. სამი სავარაუდო პასუხი გვაქვს: "დიახ", "არა" და "არ ვიცი" ან "არ მაქვს გადაწყვეტილი".
ამ კითხვით "იკვლევს" მოსახლეობის განწყობებს ღიად ანტიდასავლური პარტია, რომლის წევრები საქართველოს პარლამენტშიც არიან. პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავენ და არ ენდობიან არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ემხრობა. პატრიოტთა ალიანსის მხრიდან NDI-სა და IRI-ის წინააღმდეგ ერთ-ერთი "არგუმენტი" ისაა, რომ რაოდენობრივი კვლევის სტანდარტით აღიარებული რამდენიმე ასეული ან ათასეული ადამიანის გამოკითხვა საზოგადოებრივ აზრს რეალურად არ ასახავს, თუმცა თავად პარტიის მიერ ჩატარებული მრავალრიცხვოვანი "კვლევა" კრიტიკას ვერ უძლებს.
როგორ ატარებს პარტია კვლევას და რატომ ჰგონია, რომ რაოდენობა = ხარისხს
პარტია, რომელიც ნატოში ინტეგრაციას მიუღწეველ მოვლენად წარმოაჩენს და რუსეთთან მოლაპარაკებას აუცილებლობად მიიჩნევს, ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროატლანტიკურ კურსს არ ემხრობა. პარტიის წევრები ამ რიტორიკას წლების განმავლობაში ინარჩუნებდნენ, თუმცა ორიოდე წლის წინ "არგუმენტების გამყარება" გადაწყვიტეს და დაიწყეს გამოკითხვების ჩატარება, რომლის შედეგებსაც საქართველოს მოსახლეობის აზრად წარმოაჩენდნენ. საწყის ეტაპზე ალიანსის მიერ გამოკითხულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს სცდებოდა, ახლა კი მათი გეგმები უფრო ამბიციურია და პარტია მილიონი ან უფრო მეტი მოქალაქის გამოკითხვას გეგმავს.
პოლიტიკური გუნდი, რომელიც ავტორიტეტულ ორგანიზაციებს პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ მათი შედეგები უფრო ობიექტურია და უნდა გვჯეროდეს, რომ აპოლიტიკურიც, ვიდრე IRI-სა და NDI-ს გამოკითხვები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება სურს.
ამავდროულად, ალიანსი მხოლოდ სიტყვიერი მტკიცებით და ალტერნატიული კვლევებით არ შემოიფარგლება და ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ საპროტეტო აქციებსაც მართავს. მათ შორის აშშ-ს საელჩოსთანაც და ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან "რეაგირებას მოითხოვს ქართული ეროვნული ინტერესების შელახვაზე".
პატრიოტთა ალიანსის მიერ ავტორიტეტული ორგანიზაციების "საპირწონედ" ჩატარებულ უამრავი ხარვეზები აქვს. მათ შორისაა უზუსტობა შერჩევის პრინციპებში, კვლევის ეთიკის დარღვევა, გამოკითხულთა ინტერესების დაუცველობა და რაც მთავარია — ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივი.
იმისთვის, რომ გაგვერკვია, როგორ ტარდება მსგავსი გამოკითხვები და რა საფრთხეებს შეიცავს ალიანსის "მილიონიანი კვლევა", პარტიის წარმომადგენლებს, სოციოლოგებს, სტატისტიკოსს, მკვლევარებსა და პოლიტოლოგებს ვესაუბრეთ.
თავდაპირველად, პატრიოტთა ალიანსი საქართველოს მოქალაქეებს ეკითხებოდა, რას ფიქრობენ სამხედრო მიუმხრობლობაზე, რუსეთთან სამშვიდობო დიალოგსა და "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" დანაშაულებრივად აღიარებაზე. დროთა განმავლობაში მესამე კითხვამ აქტუალობა დაკარგა და შეიცვალა, თუმცა პირველი ორი პრინციპულად უცვლელია. პარტია საკუთარი კვლევის შედეგებს ხალხმრავალ აქციებზე ასაჯაროებდა და ათასობით ფურცლის დასტით ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ მათი სიტყვები სანდოა.
გამოკითხვის შინაარსობრივ და ტექნიკურ დეტალებზე On.ge-ს პარტიის პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე და აპარატის უფროსი, ირაკლი ჩიხრაძე ესაუბრნენ.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის ზუსტი მეთოლოდოგიის გაგება პარტიის ლიდერებთან გასაუბრებისას ვერ შევძელით, თუმცა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გამოკითხვისთვის შერჩეული აქვთ სამი სხვადასხვა პრინციპი: კარდაკარ სიარული, სატელეფონო და აქციებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსისტემოდ გამოკითხვა.
კვლევისთვის არ არის შერჩეული კონკრეტული ასაკობრივი, სქესობრივი ან დემოგრაფიული კატეგორია და ისინი აპირებენ ჰკითხონ "ყველას", ვის ნომერსაც ინტერნეტში განთავსებულ სატელეფონო ნომრების ბაზაში ნახავენ. ბაზების ნაწილი ძველია და მათში ნომრის ძველი მფლობელების სახელები წერია, რომლებიც უკვე სხვაზეა გადაფორმებული. ასევე, ბაზებში არ არის საქართველოს ყველა მოქალაქის ტელეფონის ნომერი, თუმცა არის ბევრის.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა კვლევების შემდეგ, სატელეფონო ნომრების გამოყენების გამო, პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორს მიმართეს. უწყებაში On.ge-ს განუმარტეს, რომ პარტია მონაცემებს სხვადასხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მოიპოვებს, რაც კანონმდებლობით აკრძალული არ არის. თუმცა, ბაზა, რომელსაც ისინი ეყრდნობიან, უწყების გადაწყვეტილებით, კანონის დარღვევით არის განთავსებული (გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა და ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული).
ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, ვინაიდან მოქალაქეები მიუთითებდნენ, რომ გამოკითხვისას ვერ იღებდნენ სათანადო ინფორმაციას მათი პირადი მონაცემების მოპოვების წყაროს შესახებ, სამომავლოდ, მათი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით, პარტიას განესაზღვრა ვადა და მიეცა დავალებები. მათ შორის, დაევალა შეიმუშაოს მონაცემების მოპოვების და მოპოვებული ინფორმაციის (რა მონაცემი იქნა მოპოვებული, როდის, რა გზით, საფუძვლითა და მიზნით) აღრიცხვის წესი, ასევე, იმის განსაზღვრა, რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მოქალაქეებს გამოკითხვის ჩატარებამდე.
კითხვარში, რომლის ბეჭდური ვერსია პარტიამ ბოლო ანტიდასავლურ აქციებზე გაავრცელა, რესპონდენტებს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ მათ პასუხებს გამოიყენებენ და დაამუშავებენ. აქვე მოთხოვნილია პირადი ინფორმაციის ველის შევსება, შემდეგ კი არის სამი ძირითადი კითხვა. (იხ. კითხვარის ფოტო)
თუმცა, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია სატელეფონო გამოკითხვისას. რესპონდენტთა ნაწილი, რომელმაც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, On.ge-სთან ამბობს, რომ მათთვის არ უკითხავთ პირადი ნომერი, თუმცა სახელი და გვარი ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარ იცოდნენ. ასევე, კითხვა, რომელიც ბეჭდურ კითხვარში მოქალაქეს სამხედრო მიუმხრობლობაზე სთხოვს პოზიციას, სატელეფონო საუბარში "სამხედრო ნეიტრალიტეტად" ან "ჯარის დამოუკიდებლობად" იყო წარმოჩენილი. გარდა ამისა, რესპონდენტთა ნაწილს პასუხების მხოლოდ ორ ვარიანტს სთავაზობდნენდა "არ ვიცი" ან "არ მაქვს გადაწყვეტილი" პასუხების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.
კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოკითხვის პროცესი ჩაიწერა და On.ge-ს მიაწოდა. ჩანაწერში ისმის, რომ კითხვების ნაწილი განსხვავებული ფორმულირებითაა დასმული.
მოუსმინეთ ჩანაწერს და ნახეთ, რით განსხვავდება ის ფურცელზე დაბეჭდილი კითხვებისგან.
ჩანაწერში არ არის შესავალი ნაწილი, როდესაც ინტერვიუერს რესპონდენტი პირობებს უთანხმებდა, რადგან რესპონდენტმა ჩამწერი რამდენიმე წამის დაგვიანებით ჩართო.
კვლევის მიზანი და შინაარსი
პოლიტოლოგების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის მიუხედავად, პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი ამტკიცებს, რომ კვლევა სანდოდ და ხარისხიანად ტარდება და მისი მიზანი დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ გალაშქრება ან პრორუსული ნარატივის გატარება არ არის. გოჩა თევდორაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საზოგადოების აზრის გაგება და მათი ინფორმირებაა. ასევე, პარლამენტისთვის "რეალური სურათის" წარდგენა, რომ "სანდო კვლევის შედეგებზე" შესაბამისი რეაგირება მოთხოვონ.
"ჩვენი კვლევით გამოკითხული იქნება საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი, ამიტომ კითხვის დასმაც აღარ იქნება საჭირო, რომელ ველზე ჩატარდა და როგორ მოხდა ამ ველის შერჩევა. როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გამოკითხავ, ასეთ კვლევებს სანდოობის მაღალი ხარისხი აქვს", — აცხადებს თევდორაძე.
კითხვას, რატომ ჰგონია, რომ ბევრი ადამიანის გამოკითხვა სანდოობის პირდაპირპროპორციულია, ის პასუხობს, რომ მთელი მოსახლეობის განწყობის გაგებას შეძლებენ, რაც ცდომილების არსებობას გამორიცხავს. დამაზუსტებელ კითხვაზე, როგორ მოხდება ეს, ამბობს:
"როდესაც 100 ადამიანი არსებობს და გვაინტერესებს ამ 100-ის განწყობა, შეიძლება გამოვკითხოთ 10-15 ადამიანი და შემდეგ განვავრცოთ ეს 100-ზე და ვთქვათ, რომ გვაქვს 1, 2 ან 3%-იანი ცდომილება. მაგრამ როდესაც, 100-ის განწყობა გვაინტერესებს და ასივეს გამოვკითხავთ, ვერ ვიტყვით, რომ არსებობს რაიმე ცდომილება".
თუმცა, ეს მაგალითი პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვას არ შეეფერება, რადგან ისინი საქართველოს ყველა მოქალაქის ან ყველა ამომრჩევლის გამოკითხვას ვერ შეძლებენ იმის გათვალისწინებით, რომ მილიონზე მეტი (დაუზუსტებელია, რამდენით მეტი) ადამიანის გამოკითხვას აპირებენ. ამ არგუმენტზე თევდორაძე გვპასუხობს:
"რამდენი მოდის საქართველოში არჩევნებზე? არასდროს არც ერთ არჩევნებზე მილიონ რვაასი ათასზე მეტი ადამიანი არ მიდის და როცა ვამბობთ, რომ მილიონზე მეტ ადამიანს გამოვკითხავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური სანდოობით საზოგადოების გაწნყობა გვეცოდინება. ესე იგი მინიმუმ 50, 60, 70 პროცენტი იქნება გამოკითხული იმ ადამიანებისა, ვინც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულია და მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც მიდის არჩევნებზე", — ამბობს და დასძენს: "ამიტომ ამის სანდოობაზე ვერ ვილაპარაკებთ".
გაურკვეველია, რა გარანტია აქვთ პარტიაში იმის დასამტკიცებლად, რომ გამოკითხვაში მხოლოდ საარჩევნო ასაკის პირები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან მათი სატელეფონო გამოკითხვა მონიტორინგის მექანიზმს არ ითვალიწინებს. ამ კითხვაზე პარტიაში გვპასუხობენ:
"როცა ვამბობ, რომ სამმილიონიან ქვეყანაში, მილიონზე მეტს გამოვკითხავ, ე.ი. არ გამოვრიცხავ იმას, რომ მილიონნახევარზეც ავალ. როდესაც ტელეფონის ნომრები გვაქვს და შემთხვევითობის პრინციპით მიდის დარეკვა, ფაქტობრივად მთელ ბაზას მოვიცავთ. მართალია, იქ შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაც, როცა ტელეფონი მშობელმა გადასცა არასრულწლოვანს, მაგრამ გინდა მითხრათ ახლა, რომ მილიონ-ნახევარ კაცში მილიონ-ოთხასი არასრულწლოვანი იქნება?
როცა ვამბობთ, რომ მილიონზე მეტი იქნება გამოკითხული, ესე იგი მილიონზე მეტი ან მილიონი მაინც იქნება ისეთი, რომელსაც საარჩევნო უფლება აქვს და რომლის მოსაზრებაც გასათვალისწინებელია", — ამტკიცებს ის.
ტექნიკური მხარეები
ერთ მხარეს: გამოკითხვის ფურცლები პატრიოტთა ალიანსის ოფისში, მეორე მხარეს: დავით თარხან-მოურავის იდეის თანახმად, გამოკითხული საკუთარ ფურცელთან ერთად არის გადაღებული
კორონავირუსის პანდემიამდე ალიანსის ლიდერს, დავით-თარხან მოურავს იდეა ჰქონდა, ყველა კითხვარი დასურათებული ყოფილიყო, რაც, მისი აზრით, სანდოობას გაზრდიდა. თუმცა ფოტოებზე მოხვედრა ყველამ ვერ შეძლო და "სანდოობის" ეს მექანიზმი არ გამოდგა. მისი ინფორმაციით, გამოკითხულების ნაწილი ამბობს, რომ სახელი არასწორად მიუთითა, რადგან არ სურს კვლევაში ღიად ფიგურირება.
კითხვაზე, საიდან აქვს ოპერატორს ტელეფონის ნომრები, პარტიის აპარატის უფროსი ირაკლი ჩიხრაძე პასუხობს, რომ საჯარო ბაზებიდან, რომელიც "ინტერნეტში ყველგან არის". ჩიხრაძე ამტკიცებს, რომ ამ ბაზებში შემთხვევით კრეფენ სხვადასხვა ციფრს და რეკავენ იმ ნომერზე, რომელიც შედეგად გამოჩნდება.
"სატელეფონო ბაზები გვაქვს ინტერნეტიდან, აპლიკაციებიდან და ხელმისაწვდომი საშუალებებიდან. როგორ აკეთებენ იცი? ნებისმიერ შვიდნიშნა კომბინაციას აკრიფავ, ამოგიგდებს იქ მაგალითად, პეტრე პეტროსიძის ნომერს. თუ წარმოვიდგენთ, რომ მე და შენ ვართ გამომკითხველები, მერე წრიულზე წავალ ამ ნომრით. თუ 77 იყო ბოლო ჩემი, მე დავიწყებ 78, 79 და ა.შ. თქვენ წახვალთ ქვევით 76, 75 და ვრეკავთ იმ ნომრებზე", — ამბობს ის.
ჩიხრაძის განმარტების შემდეგ იმავე მეთოდით ნომრების ძიება On.ge-მაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. როცა ამის შესახებ ვაცნობეთ და დავაზუსტებინეთ, როგორ ახერხებდნენ ამას მათი ინტერვიუერები, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ:
"ყოველგვარი ცოდნის გარეშე შეგვყავს ნებისმიერი კომბინაცია და გვიგდებს ნომერს. არაფერი საძებნელი არ არის. როცა ერთი ადამიანია, თქვენ მარტო ხართ და წვალობთ, მაგრამ, როდესაც 10, 15, 20, 30 და 100-ია ჩვენი მხარდამჭერი, იქ არ არის რთული. ან პირიქით, ვიღაც დადგება, სრულ აპლიკაციას გადაიწერს და ჩვენს მხარდამჭერებს დაურიგებს ნომრებს".
On.ge დაუკავშირდა nomrebi.com-ის ადმინისტრაციას, სადაც განმარტავენ, რომ მათ ბაზაზე დაყრდნობით კვლევის ჩატარება არ გამოვა, რადგან მათ მზა ნომრების სია არ აქვთ.
nomrebi.com-ში განგვიცხადეს ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისი ნომრის წაშლა შეუძლია, რაც იმას გამორიცხავს, რომ ბაზა საქართველოში ამომრჩევლის ასაკის მქონე ყველა პირს აერთიანებს.
7 ხარვეზი პატრიოტთა ალიანსის კვლევაში
ფოტო: Shutterstock
იმის დასაზუსტებლად, რა ხარვეზები აქვს პატრიოტთა ალიანსის მიერ შერჩეულ კვლევის მეთოდს და რამდენად შეიძლება ამან გავლენა იქონიოს რეალურ შედეგებზე, სოციოლოგებს დავუკავშირდით. მათი ნაწილი უარს ამბობს, კონკრეტულად ეს გამოკითხვა შეაფასოს, რადგან უცნობია მონაცემთა დამუშავების ზუსტი მეთოდოლოგია, თუმცა საუბრობენ იმაზე, როგორ უნდა ტარდებოდეს გამოკითხვა სწორად. ეს ჩვენს მკითხველს საშუალებას მისცემს, პატრიოტთა ალიანსის კვლევის მეთოდები სწორ მეთოდებს შეადაროს.
პირველი: კვლევა ცდომილების გარეშე ვერ ჩატარდება, თუ ეს საყოველთაო აღწერა არაა
სოციოლოგები განმარტავენ, რომ ცდომილების გარეშე კვლევა ვერ ჩატარდება, თუ ეს საყოველთაო გამოკითხვა ან აღწერა არ არის. გამოკითხულთა რაოდენობის ზრდა კვლევის სანდოობას სულაც არ ზრდის: ყველა პროფესიული სტანდარტის დაცვით ათიათასობით რესპონდენტის გამოკითხვას თვეები სჭირდება.
მეორე: გამოკითხვის დროს მეთოდების აღრევა არ შეიძლება, თუ დაზღვეული არ არის რესპონდენტთა განმეორების ალბათობა
მეორე მთავარ შეცდომად სოციოლოგები კვლევის მეთოდების აღრევას ასახელებენ. მათი თქმით, არ შეიძლება, რომ მაგალითად, სატელეფონო გამოკითხვისა და კარდაკარის მეთოდები დააჯამო და ისე გამოიყვანო შედეგი. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას გამოკითხულთა განმეორების შესაძლებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული.
სოციოლოგ თეონა მატარიძის თქმით, ინფორმაციის მიღების თითოეული მეთოდი მუშაობის განსხვავებულ პრინციპს ემყარება.
"კარდაკარის გამოკითხვის შემთხვევაში ვიყენებთ მრავალსაფეხურიან, კლასტერულ შერჩევას. სხვა პრინციპით ვახდენთ შინამეურნეობის ამორჩევას, შინამეურნეობაში რესპონდენტის შერჩევას. სატელეფონოს შემთხვევაში, შინამეურნობის ერთეული აღარ გაქვს, იქ წვდომის წერტილი რესპონდენტია", — აცხადებს ის.
მესამე: რაოდენობრივ კვლევაში დაცული უნდა იყოს წარმომადგენლობითობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ შეიძლება ის ადამიანები გამოვკითხოთ, ვისი ნომერიც ხელში მოგვხვდება ან ვისაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უსისტემოდ წავაწყდებით
სოციოლოგი თეონა მატარაძე On.ge-სთან განმარტავს, რომ სატელეფონო გამოკითხვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სრულყოფილი ბაზა, შერჩევის მეთოდი და არა მილიონი ადამიანის გამოკითხვა.
"რაოდენობრივი გამოკითხვის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ უნდა იყოს რეპრეზენტატული. რეპრეზენტატულობას განაპირობებს შერჩევა. თუ შერჩევის ბაზა, რომელსაც იყენებენ სატელეფონო გამოკითხვის დროს, არის სრულყოფილი, ანუ მასში შეტანილია ყველა პოტენციური რესპონდენტი, მაგალითად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც არის 18+ და ამ ბაზიდან შერჩევითი მეთოდით დარეკავენ, ეს იქნება რეპრეზენტატული კვლევა. ასეთ შემთხვევაში, არ გჭირდება ძალიან დიდი რაოდენობა და მილიონზე მეტი ადამიანი", — აცხადებს ის.
თუმცა, აქვს კი ელექტორატის ყველა წევრს ტელეფონი? შეიძლება არც ჰქონდეს
სოციოლოგი ნინო დურგლიშვილი კი განმარტავს, რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივ შერჩევად ჩაითვალოს ხალხმრავალ ადგილას ხალხის გამოკითხვა.
"არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ ქუჩაში გამვლელების უსისტემო შეჩერებით შემთხვევითად არჩევენ ადამიანს. ქუჩაში ადამიანების უმრავლესობა, როგორც წესი, შემთხვევითად არ ხვდება. მაგალითად, თუ ცხოვრობ ვაჟა ფშაველაზე და მუშაობ ჭავჭავაძეზე, ხომ არის მეტი ალბათობა, რომ ერთ-ერთ ამ ქუჩაზე გაგაჩერონ, ვიდრე მაგალითად, სოლოლაკში, თუ, იქ როგორც წესი არ ხდებით ხოლმე, რაიმე კანონზომიერი ფაქტორიდან გამომდინარე".
კვლევის ჩატარებისას მნიშვნელოვანია, ნებისმიერ რესპონდენტს შერჩევაში მოხვედრის ერთი და იგივე შანსი ჰქონდეს, რაც პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვის შემთხვევაში დაცული არ არის.
შერჩევების სპეციალისტი და სტატისტიკოსი ივანე კეჭაყმაძე ამბობს, რომ თუ ბაზაში არ არის შეყვანილი ყველას ინფორმაცია, ვისაც ტელეფონი აქვს, შერჩევა არ იქნება სრული.
"ასე მე მივიღებ ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ იმ რესპონდენტებზე, რომელთა ნომრებიც ბაზაში არის შეყვანილი და არა სრულად საქართველოს მოსახლეობაზე", — აცხადებს კეჭაყმაძე.
რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც შერჩევის პრინციპი. როგორც კი ეს პირობა დაირღვევა, განზოგადების საკითხი იხსნება
გარდა ამისა, მისი თქმით, მილიონი ადამიანის გამოკითხვა არ ნიშნავს სრულ და ზუსტ შედეგს, რადგან პასუხებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საჭირო გახდეს სტატისტიკური ანალიზი, რომელიც აბსოლუტურ სიზუსტეს არ იძლევა.
"რომ გამოკითხოთ ერთი მილიონი ადამიანი, მაინც გექნებათ პრობლემა რეიტინგების დადგენის. იმიტომ რომ 40% არ გეუბნება ვის აძლევს ხმას და არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომ ანალიზი ჩაატარო. უკვე სერიოზული პრობლემა გექმნებათ, არ აქვს მნიშვნელობა ათასი გამოკითხეთ თუ მილიონი. ამ დროს საჭიროა ალოკაცია, ანუ შეფასება. კვლევის შედეგად აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული რამდენი იყო უარი და როგორ მოხდა ამ უარის გადანაწილება", — აცხადებს ის.
მეოთხე: კვლევის ეთიკა დაცული არაა, რადგან კვლევის ინსტრუმენტების შესახებ პარტიას ამომწურავი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია
ნინო დურგლიშვილი განმარტავს, რომ გარდა ტექნიკური დეტალების გათვალისწინებისა, მნიშვნელოვანია კვლევის ეთიკის დაცვა, რომელიც შედეგების სანდოობას განაპირობებს.
"კვლევის ეთიკა ითხოვს, რომ თუ საჯაროვდება კვლევის შედეგები, აუცილებლად გასაჯაროებული უნდა იყოს შერჩევის მექანიზმებიც და კვლევის ინსტრუმენტებიც, რათა ადამიანმა შეძლოს ადეკვატური შეფასება. ასევე, გასაჯაროებული უნდა იყოს მონაცემთა ბაზა".
ეთიკის წესების მიხედვით, ცნობილი უნდა იყოს კვლევის დონორიც, რადგან ამაზე შეიძლება გარკვეულწილად დამოკიდებული იყოს კვლევის ჩატარების ინტერესი.
დონორის გასაჯაროება იმ მოტივით არის მოთხოვნილი, რომ შევძლოთ შეფასება, ხომ არ არის მოსალოდნელი ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი
მეხუთე: პატრიოტთა ალიანსის კვლევას კვალიფიციური კადრები არ ატარებენ
სოციოლოგების განმარტებით, კვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს ინტერვიუერის კვალიფიკაცია და კითხვის სწორად დასმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ინტერვიუერები, რომლებიც რესპონდენტებთან მუშაობენ, სპეციალურ ტრენინგებს გადიან. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული რესპონდენტების თქმით, ერთი და იგივე კითხვები სხვადასხვა ფორმულირებით და პასუხების არასრული ვარიანტით დაუსვეს, თევდორაძე ამტკიცებს, რომ მათი ინტერვიუერები წესების დაცვით მუშაობენ.
"კანონის დაცვით ტარდება ეს ყველაფერი. მათ ზუსტად იციან ამოცანა რა არის, რომელ კითხვებზე მოითხოვენ პასუხი და კანონის დაცვის როგორ უნდა მოხდეს ნაბაყოფლობითად ამ პროცესზე მუშაობა: როგორ უნდა იყოს პირველი კითხვა, როგორ უნდა მოიქცენ თუ ინტერვიუერი არ თანხმდება იმაზე, რომ საუბარი იყოს ჩაწერილი და გასაჯაროებული".
პარტიის აპარატის უფროსი ირაკლი ჩიხრაძე განმარტავს, რომ ინტერვიუერები მოხალისეები არიან და ეს არ არის ანაზღაურებადი სამსახური. მისი თქმით, პროცესში ასეულობით მხარდამჭერია ჩართული და დავალება რთული არ არის: ზოგი ტელეფონზე რეკავს, ზოგი ოფისში რესპონდენტებს კითხვარს ავსებინებს (კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებამდე).
მეექვსე: რესპონდენტის არასრულად ინფორმირება
On.ge-სთვის მიწოდებულ სატელეფონო ჩანაწერზე დაყრდნობით, სოციოლოგი ნინო დურგლიშვილი გამოყოფს რამდენიმე დარღვევას, რომელიც რესპონდენტის გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, კვლევის შედეგზე მოქმედებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის დაწყებამდე ინტერვიუერმა მიიღოს რესპონდენტის ინფორმირებული თანხმობა, რისთვისაც საჭიროა მას განუმარტოს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის სავალდებულო, მას აქვს უფლება არ უპასუხოს ყველა კითხვას ან შეწყვიტოს გამოკითხვა სასურველ დროს. მსგავსი საუბარი ჩვენ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში არ ისმის და რესპონდენტი ვერ იხსენებს, ჰკითხეს თუ არა. თუმცა, გამოკითხულთა ნაწილი On.ge-სთან აცხადებს, რომ ამ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ნაწილი ამბობს, რომ არა.
ასევე, დურგლიშვილი ამ გამოკითხვის სუსტ მხარეებად ასახელებს კონფიდენციალობის დაცვისა და ასაკის მონიტორინგის საკითხს. კერძოდ, ის განმარტავს, რომ არ შეიძლება გამოკითხვაში არასრულწლოვნის ჩართვა, მშობლის/პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე და ორგანიზაციას, ვინც ინტერვიუებს აწარმოებს, წინასწარ უნდა ჰქონოდა სრულწლოვანი ადამიანების სია (შერჩევის ჩარჩო). მხოლოდ რესპონდენტის დასტური რომ ის სრულწლოვანია, საკმარისი არ არის, რადგან პირადი ნომრის გარეშე, მათ არ აქვთ ამ პასუხის შემოწმების მექანიზმი.
რაც შეეხება კონფიდენციალობას, სოციოლოგის თქმით, როცა რესპონდენტს ამის გარანტიას არ აძლევ, გულწრფელობის ხარისხი იკლებს.
როცა რეკავს ადამიანი და პირდაპირ გამოკითხვაში გრთავს, გარანტიასაც არ გაძლევს, რომ პასუხი არ გასაჯაროვდება, რატომ იქნები გულწრფელი? საქართველოში ნამდვილად არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური სიტუაცია, რომ პოზიციის დეკლარირების არ მოგერიდოს
მეშვიდე: ორაზროვანი კითხვები
სოციოლოგის განცხადებით, ჩანაწერში ერთ-ერთ კითხვაში ტერმინი სამხედრო ნეიტრალიტეტი არ არის კორექტულად გამოყენებული, რადგან ის სხვადასხვანაირად შეიძლება განიმარტოს. (შეგახსენებთ, რომ ბეჭდურ კითხვარში გამოყენებულია ტერმინი სამხედრო მიუმხრობლობა). მისივე თქმით, კორექტული არ არის ამ შემთხვევაში "დიახ" ან "არა" პასუხებიც და მეტი სიზუსტისთვის, უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო: "თანახმა ვარ", "არ ვარ თანახმა".
"ეს დიდი დარღვევა არ არის, თუმცა, რესპონდენტის პასუხზე მოქმედებს", — დასძენს ის.
სოციოლოგი ამბობს, რომ რესპონდენტისთვის რთულად გასააზრებელია მეორე კითხვაც, რადგან აჩენს დამატებით კითხვას: "პირდაპირი დიალოგი, ეკონომიკური ურთერთობების აღდგენა და სავიზო რეჟიმის აღდგენა ნიშნავს სამშვიდობო პოლიტიკას?"
რესპონდენტი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამ გზით ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მეთოდის მომხრეა.
"სანამ ჩვენ არ გვეცოდინება, რა ინტერპრეტაციას აკეთებენ ამ პასუხით, რთულია ერთმნიშვნელოვანი შეფასება", — აცხადებს ის.
თუმცა ყველაზე დიდ დარღვევას სოციოლოგი ბოლო კითხვის პასუხში ხედავს. ჩანაწერში ისმის, რომ რესპონდენტს არ სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ამბობს: "კონკრეტულად დასახელებისგან თავს შევიკავებ", ინტერვიუერი კი ინიშნავს პასუხს — "არ მაქვს გადაწყვეტილი".
"გადაწყვეტილი მაქვს და თავს ვიკავებ სხვა არის და არ ვიცი, არ მაქვს გადაწყვეტილი — სულ სხვა. ისე გამოვიდა, რომ უკარნახა პასუხი და ამ კარხანის შემდეგ, თავი რომ დაეღწია ამ ინტერვიუსთვის, რესპონდენტი დათანხმდა შეთავაზებული პასუხის ვარიანტს. ეს არასწორია", — ამბობს დურგლიშვილი.
რაში აწყობს რუსეთს ეს კვლევა და რატომაა მისი შედეგები საშიში
ფოტო: Shutterstock
პრორუსული პროპაგანდის მკვლევარები და პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ამ კვლევას არანაირი აკადემიური ღირებულება არ აქვს. მათი თქმით, მთავარი პრობლემა არა კვლევისას დაშვებული შეცდომები, არამედ კრემლის ნარატივის გატარების მცდელობაა. მათივე თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება და სამხედრო მიუმხრობლობა იმ ალტერნატივადაა წარმოჩენილი, რომელიც ხალხმა "ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლად" უნდა ჩათვალოს.
ალტერნატიული საზოგადოებრივი აზრისა და პოზიციის ილუზიის შექმნა კრემლის და საქართველოში კრემლის სატელიტების დაცდილი მეთოდია და ახალი არ არის
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა On.ge-სთან ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსის ეჭვქვეშ დაყენება და ალტერნატიული რეალობის შეთავაზება, რაც კრემლის ინტერესებშია.
"მაგალითად, ისინი ასევე ეჭვქვეშ აყენებენ 2008 წლის რეფერენდუმის ლეგიტიმურობას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს მხოლოდ ნატოსა და სამხედრო მიუმხრობლობის თემას არ ეხება, არამედ ზოგადად, ქვეყნის პროდასავლურ კურსს. მაგალითად, ხშირად გვესმის გზავნილი, რომ სინამდვილეში, მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირი და ევროსტრუქტურები არ უნდა და რეალურად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. თუმცა სანდო კვლევები აბსოლუტურად სხვა სურათს აჩვენებს. პატრიოტთა ალიანსის ახალი გამოკითხვის მიზანი კი NDI-ს და IRI-ის კვლევების საპირწონე კვლევის არსებობაა, ილუზია, თითქოს ალტერნატიული, "უფრო სანდო" კვლევა არსებობს", — ამბობს სოფო გელავა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი, დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ კითხვების ფორმულირება ღიად კრემლის ინტერესებს ატარებს. მისი თქმით, ამ გამოკითხვით პარტია ცდილობს, მოსახლეობაში დანერგოს ეჭვი და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მოახდინოს.
მთლანად არაბლოკური სტატუსის იდეა არის რუსული პროპაგანდის შედეგი და ერთადერთი ძალა, ვისაც ეს შედეგს მისცემს, რუსეთი იქნება
სიხარულიძე განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს ე.წ. სამხედრო მიუმხრობლობა და რატომ სურს რუსეთს საქართველოში ასეთი ვარიანტი.
"საქართველოს უახლესი ისტორია და არამხოლოდ ჩვენი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისაც, ადასტურებს იმას, რომ უბლოკო სტატუსი რუსეთის აგრესიისგან დაცვის გარანტია არ არის. როგორც კი ქვეყანა სამხედრო მოკავშირებიის გარეშე რჩება, მაშინვე ხდება რუსული აგრესიის მსხვერპლი. ასე იყო 1921 წელს, როცა კომუნისტური აგრესია მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი მაგალითია უახლოეს ისტორიაში მოლდოვა, რომელსაც არასდროს გამოუთქვამს სურვილი ყოფილიყო ნატოს წევრი, მაგრამ გახდა თავდასხმის მსხვერპლი რუსეთისგან".
რაც შეეხება კითხვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სიხარულიძე ამბობს, რომ ის სრულად მანიპულაციურია, რადგან საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს მკაფიოდ გაცხადებული, რომ პრობლემებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით აგვარებს. მისი თქმით, ამ კითხვის მიზანია ეჭვის გაჩენა, რომ საქართველომ სცადა ძალის გამოყენებით მოეგვარებინა რუსეთთან პრობლემური საკითხები.
"საქართველოსადმი განხორციელებული ყველა აგრესია იწყებოდა და მოდიოდა რუსეთისგან. საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთ განზრახვა და არც განუხორციელებია მსგავსი რამ. ისეთი კითხვაა, ბუნებრივია ყველა იტყვის დადებით პასუხს, რადგან მშვიდობას ეხება და შემდეგ მცდელობა ექნებათ, მანიპულაცია მოახდინონ. სავიზო რეჟიმი რუსეთმა დააწესა საქართველოს წინააღმდეგ და არა ჩვენ. ამაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ? რუსეთთან დიალოგი ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ერთ საკითხზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის თემაზე", — განმარტავს ის.
პატრიოთა ალიანსში მიიჩნევენ, რომ კრიტიკა მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი აზრით, უბლოკო სტატუსი იმიტომაა საჭირო, რომ "ნატოს კარი ღიაა, მაგრამ არ არის ღია" და არ უნდათ, მოსახლეობამ "ტყუილი მოლოდინებით" იცხოვროს. ამავდროულად, ისინი არ იზიარებენ კრიტიკაზე იმაზე, რომ ეს განცხადებაც პრორუსულ ნარატივს ატარებს.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს, პარტია ამბობს, რომ შედეგები დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, როგორ გადანაწილდება შედეგები კვლევაში, რომელიც დარღვევებით ტარდება, თუმცა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მილიონ ხმას" კრემლის პროპაგანდის მანქანა არჩევნების წინ სათავისოდ და ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები