მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, რა თქმა უნდა, ცნობილი კინოხელოვანებიც თვითიზოლაციაში არიან და დროის გაყვანას სხვადასხვა გზით ცდილობენ: მაგალითად, საკულტო ესპანელმა რეჟისორმა, პედრო ალმოდოვარმა კარანტინში დღიურების წერა და საჯაროდ გამოქვეყნებაც კი დაიწყო.

როგორც ჩანს, იზოლაციაში მოიწყინა ოსკაროსანმა რეჟისორმა, გილერმო დელ ტორომაც, რომელსაც თავის ახალ ფილმზე Nightmare Alley მუშაობის დროებით შეჩერება არსებული მდგომარეობის გამო მოუწია. სანაცვლოდ კინოხელოვანმა თავისუფალი დრო წიგნების კითხვას და ფილმებისა თუ სერიალების ყურებას დაუთმო.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტებში მან რამდენიმე ფილმი და სერიალი დაასახელა, რომლებიც ბოლოს ნახა. მათ შორის მოხვდა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის Portrait of a Lady on Fire-ის რეჟისორის, სელინ შიამას შედარებით ძველი ნამუშევრები Girlhood და Tomboy.

Pan’s Labyrinth-სა და Shape of Water-ის რეჟისორის თქმით, ბავშვებთან ერთად ისეთ კლასიკურ კინოსურათებსაც უყურა, როგორებიცაა Singin' in the Rain და Rear Window. მისი ყურადღების მიღმა არც სატელევიზიო შოუები დარჩენილა:

"ძალიან მომეწონა Ozark-ის მესამე სეზონი", — წერს ეს სახელოვანი მექსიკელი რეჟისორი.

გილერმო დელ ტოროს ამ ერთგვარ წამოწყებას სოციალურ ქსელში სხვა ცნობილი რეჟისორებიც გამოეხმაურნენ: დარენ არანოვსკის თქმით, მან უკვე 40 დღიან კარანტინში ძმები კოენების Barton Fink, ჟან-პიერ ჟენეს Amélie, აკირა კუროსავას Rashomon და პოლ ვერჰოვენის Total Recall ნახა.

ხოლო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე კინოხელოვანისა და საშინელებათა ჟანრის ფილმების — Hereditary-სა და Midsommar-ის რეჟისორის, არი ასტერის თქმით, ის HBO-ს საკულტო სერილ Sopranos-ს მესამე სეზონს უყურებს ხელახლა.