ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ თვე-ნახევრის შემდეგ კორონავირუსის ეპიდემია ქვევით წავა. მისი პროგნოზით, ქვეყანაში იქნება "მდორე პიკი", რომელიც 2-3 კვირა გაგრძელდება.

გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ დღეში 20-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირება შიდა გავრცელების სტადიისთვის ძალიან ცოტაა.

"ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე, დღეს თუ 20 შემთხვევაა, ხვალ იქნება 30 ან 40. მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება დღეში 100 შემთხვევაზე მეტი. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას", — აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მესამე ადამიანი გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, გარდაცვლილია 86 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა მათ კლინიკაში ყველაზე მძიმე იყო.

"იგი 2 კვირაზე მეტს ხანს მკურნალობდა ჩვენთან. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. მძიმე პნევმონია. პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 45 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 735 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 383 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: