საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში 3 თვის შვილის მკვლელობისთვის 24 წლის მამა, ი.ნ. დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ კაცმა ბავშვს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ასევე, დაჭრა ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს — 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს — 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა", — ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ის აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.