პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სჭირდება იმას, რომ მრევლს სთხოვო ეკლესიის გარეთ იდგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. მისი თქმით, ასე ვყალიბდებით წარმატებულ სახელმწიფოდ. ასე გამოეხმაურა ის ჟურნალისტების კითხვებს დაწესებულ შეზღუდვებსა და ეკლესიის პოზიციაზე.

"მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, შევამჩნიო და ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მამაომ გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ და გარკვეული დისტანცია დაიცვან", — განაცხადა მან.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დღეს, 23 მარტს პირველი საკვირაო წირვა ჩატარდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ეკლესიის ეზოში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მრევლი გარეთ დგას და დისტანციას იცავს.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა, რომ ეს ეხება ყველას და ყველაფერს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქოში განაცხადეს, რომ წირვა-ლოცვა გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რა ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტაძარში ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა და გავრცელდებოდა თუ არა მათზე საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. არჩილ თალაკვაძე ყოველ ჯერზე პასუხობდა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაზე დეკრეტში საუბარი არაა.

მისივე მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ათი ადამიანის შეკრებაზე საუბრისას, მანიფესტაციასა და შეკრებას გულისხმობდა.

საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა

საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დღეიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • აიკრძალება შეკრება და მანიფესტაცია (პრემიერის განმარტებით, შეიზღუდება ათზე მეტი ადამიანის შეკრება და ეს ეხება ეკლესიასაც);
  • სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
  • შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.

საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:

  • აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
  • დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
  • დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
  • დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.

აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 54 პირი, გამოჯანმრთელებულია — 6. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: